№ ას-610-2023 16 ივნისი, 2023 წელი
. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ლ.მ–ძე (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი –ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ.მ–ძემ (შემდგომში „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს (შემდგომში „მოპასუხე“ ან „სააგენტო“) მიმართ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის; პირვანდელ პოზიციაზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ლ.მ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 იანვრის სასამართლო სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა აპელანტი, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 2591-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად, იგი ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. პალატამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2023 წლის 20 თებერვალი, ხოლო 30-ე დღე 2023 წლის 2 მარტი.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს ზემოაღნიშნული მოთხოვნით განცხადებით მიმართა 2023 წლის 14 თებერვალს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-14 დღეს. პალატის განცხადებით, მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის გადაწვეტილების გამოცხადებიდან მე-14 დღეს მიმართვა ვერ ჩაითვლება სსსკ-ის 2591-ე მუხლით დადგენილი წესის შესრულებად, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენდა იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაწყებულიყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა) მომდევნო დღიდან.
8. 2023 წლის 16 თებერვალს მოსარჩელეს დასაბუთებული გადაწყვეტილება გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე და მას პირადად ჩაბარდა 2023 წლის 22 მარტს, თუმცა ამის მიუხედავად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო არა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს ანუ სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის პირველი დღე იყო 2023 წლის 3 მარტი, ხოლო ვადის უკანასკნელი დღე 2023 წლის 16 მარტი იყო, სამუშაო დღე- ხუთშაბათი.
9. პალატამ საქმის მასალებით დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი დაგვიანებით, 2023 წლის 5 აპრილს ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინა.
10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ.მ–ძემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:
12. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩასაბარებლად განცხადება წარადგინა 2023 წლის 14 თებერვალს. მხარის განცხადებით, სსსკ-ის 2591-ე მუხლის ნორმა ცალსახად არაფერს ამბობს მხარის მიერ სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვაზე. საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2023 წლის 14 თებერვლიდან, გადაწყვეტილების ფოსტით ჩაბარებამდე მხარე არაერთხელ გამოცხადდა სასამართლოში, უკავშირდებოდა თანაშემწესაც გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. სატელეფონო საუბრებში მოსამართლის თანაშემწემ მხარეს განუცხადა, რომ სასამართლოში მისვლა საჭირო აღარ იყო, რადგან დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ იყო მზად, რის გამოც იგი მხარეს ვერ ჩაბარდებოდა, ხოლო რადგანაც მას განცხადება წარდგენილი ჰქონდა გასაჩივრების ვადა მხარისთვის ფოსტის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარებიდან აითვლებოდა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თავად საქალაქო სასამართლომ მას კანონით დადგენილ ვადაში არ ჩააბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამასთან, 2023 წლის 14 თებერვალს მხარის მიერ წარდგენილი განცხადება მოსამართლემ კანონის დარღვევით შეტანილად მიიჩნია, იმ მოტივით, რომ სსსკ-ის 2591-ე მუხლი განმარტავს სასამართლოში გამოცხადებას და არა მისთვის განცხადებით მიმართვას.
13. ამდენად, მხარე მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, რადგანაც სასამართლომ თავად არ მოამზადა დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც დაუშვებელია სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების დაგვიანებით მომზადება გახდეს მხარის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.მ–ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-14 დღეს, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით მოსარჩელის წარმომადგენელის მიერ სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვა სააპელაციო პალატამ კანონის დარღვევით შეტანილად მიიჩნია.
17. საკასაციო სასამართლო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს და განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის პირობებსა და ვადას ადგენს სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
18. სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
19. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება ან გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
20. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ სსსკ-ის 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია გამონაკლისი შემთხვევები, რომლის თანახმად, სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. შესაბამისად, სასამართლო თავისი ინიციატივით გადაწყვეტილებას უგზავნის სსსკ-ის 46-ე მუხლში მითითებულ ან პატიმრობაში მყოფ პირებს, თუ მათ არ ჰყავთ წარმომადგენელი. ლ.მ–ძე კი, როგორც საქმის მასალებით დგინდება, არ წარმოადგენს ამ ნორმით განსაზღვრულ პირს.
21. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.
22. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მუხლი იმპერატიულია და, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
23. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
24. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოსარჩელე ლ.მ–ძე, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო გამოცხადებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი. დადგენილია ასევე, რომ 2023 წლის 14 თებერვალს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-14 დღეს, მოსარჩელის წარმომადგენელმა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს, თუმცა სააპელაციო პალატამ აღნიშნული მიმართვა არ ჩათვალა სსსკ-ის 2591-ე მუხლით დადგენილი წესის (სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი) შესრულებად, რის გამოც გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან დაიწყო.
25. გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით უშუალოდ სასამართლოში გამოცხადებასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხოლოდ სიტყვიერად განმარტავს, რომ იგი 2023 წლის 14 თებერვლიდან არაერთხელ გამოცხადდა სასამართლოში, ესაუბრა მოსამართლის თანაშემწესაც, რომელიც მხარეს განუმარტავდა, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ მზად არ ჰქონდა. მხარის აღნიშნულ განცხადებას საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს, რადგან მოსარჩელეს გააჩნდა იმის ვალდებულება, რომ მას კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოსთვის მიემართა, თუმცა მას ამ ვალდებულებით არ უსარგებლია.
26. ზემოთხსენებული მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლისას მართებულად იხელმძღვანელა სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით, როდესაც მოსარჩელისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის თარიღად მიიჩნია არა გადაწყვეტილების ჩაბარების დღე, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე, რომელიც დაიწყო 2023 წლის 3 მარტს და ამოიწურა 2023 წლის 16 მარტს. ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2023 წლის 03 აპრილს, შესაბამისად, გასულია გასაჩივრებისათვის განსაზღვრული ვადა.
27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
28. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სასამართლოს დასკვნებს გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძვლიანობას. ამდენად, მხოლოდ მისი სიტყვიერი განმარტება, რომ იგი 2023 წლის 14 თებერვლიდან არაერთხელ გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით, თუმცა იგი სასამართლოს მზად არ ჰქონდა, სრულიად დაუსაბუთებელია და სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის, რის გამოც მას საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე