Facebook Twitter

საქმე №ას-640-2020 28 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ზ.ლ–ი, გ.ე–ი, ნ.ე–ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.შ.კ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით გ.ე–ის (შემდომში - „პირველი მოსარჩელე“), ნ.ე–ის (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) და ზ.ლ–ის (შემდგომში - „მესამე მოსარჩელე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოსარჩელეები“ ან „კასატორები“) სარჩელი დაკმაყოფილდა:

1.1. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ა.შ.კ–იის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „დამსაქმებელი“) დირექტორის 2018 წლის 08 ოქტომბრის №451/1 ბრძანება მოსარჩელეების მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის და სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ;

1.2. დადგინდა, რომ მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ მოპასუხე კომპანიაში განთავისუფლებამდე დაკავებულ (საწყობის გამგის/საწყობის გამგის მოადგილის) თანამდებობაზე, ან უზრუნველყოფილ იქნენ ტოლფასი სამუშაოთი;

1.3. მოპასუხეს 2018 წლის 08 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად, იძულებითი განაცდურის 1653,75 ლარის ანაზღაურება, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - ყოველთვიურად, იძულებითი განაცდურის 1029,6 ლარის ანაზღაურება, მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ - ყოველთვიურად, იძულებითი განაცდურის 1029,6 ლარის ანაზღაურება.

2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელეთა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. მოსარჩელეები დასაქმებულნი იყვნენ მოპასუხე კომპანიაში, კერძოდ, 2018 წლის 30 აპრილს მათთან გაფორმდა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებები 8 თვის ვადით (31.12.2018წ. ჩათვლით);

4.2. №98/1 შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე პირველი მოსარჩელე დასაქმდა მზა პროდუქციის საწყობის გამგის პოზიციაზე და მისი ხელფასი განისაზღვრა 1653,75 ლარით;

4.3. №97/1 შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად მეორე მოსარჩელე დასაქმდა მზა პროდუქციის საწყობის გამგის მოადგილედ და მისი ხელფასი განისაზღვრა 1029,60 ლარით;

4.4. №38/1 შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მესამე მოსარჩელე დასაქმდა მზა პროდუქციის საწყობის გამგის მოადგილის პოზიციაზე და მისი ხელფასი განისაზღვრა 1029,60 ლარით;

4.5. მოპასუხე კომპანიამ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების მოწესრიგების მიზნით, მოსარჩელეებთან ხელშეკრულებების გაფორმების დღეს - 2018 წლის 30 აპრილს გამოსცა ბრძანება N10/1, რომლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ 2018 წლის 1 მაისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, საჭიროებისამებრ, კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად დაექირავებინათ წარმოების პროცესში უშუალოდ ჩართული მუშა-ხელი და მათთან გაფორმებულიყო შრომითი ხელშეკრულებები, რომელთა ვადასაც, ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა გადაეჭარბებინა 2018 წლის 31 დეკემბრისათვის. ამავე ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, დასაქმებული მუშა-ხელის მიერ კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესრულების შემდეგ, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში 2019 წლის 1 იანვრიდან, ამავე ბრძანების საფუძველზე დასაქმებულ მუშა-ხელთან გაფორმებული ყველა შრომითი ხელშეკრულება და მათ საფუძველზე წარმოშობილი შრომითი ურთიერთობები მიიჩნეოდა ავტომატურად შეწყვეტილად, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით;

4.6. მოსარჩელეებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების 1.2 პუნქტის თანახმად, დასაქმებულებს უნდა განეხორციელებინათ საქმიანობა ორგანიზაციაში, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად, დადგენილი თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად;

4.7. ხელშეკრულებების 1.3 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობები წესრიგდება ხელშეკრულებით, დასაქმებულის სამუშაოს ძირითადი აღწერილობით, თანამდებობრივი ინსტრუქციით, დამსაქმებლის მიერ დადგენილი შრომის შინაგანაწესითა და შრომითი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ მიღებული/გამოცემული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაციით/აქტით. ამასთან, მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ, რომ შრომის შინაგანაწესი და შრომითი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის შესახებ მიღებული/გამოცემული ნებისმიერი სხვა დოკუმენტი/აქტი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;

4.8. ხელშეკრულებების 8.2.1. პუნქტით, დასაქმებულთა ვალდებულებად განისაზღვრა კვალიფიციურად შეესრულებინათ სამუშაო, არ განეხორციელებინათ ისეთი ქმედება/უმოქმედობა, რომელიც გამოიწვევდა საწარმოო პროცესის შეფერხებას. ამავე ხელშეკრულების 9.1.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დასაქმებულისათვის დაკისრებული ვალდებულების დასაქმებულის მიერ უხეში დარღვევა. 9.3. პუნქტის თანახმად, ხსენებულ შემთხვევაში დამსაქმებელს მიენიჭა უფლებამოსილება, დაუყოვნებლივ, ყოველგვარი კომპენსაციის გადახდის ან/და დამატებითი ვადის დაწესების გარეშე, წერილობითი შეტყობინებით, ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება;

4.9. მზა პროდუქტების საწყობის უფროსის (გამგის) თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად, გამგეს ევალებოდა გაუფრთხილდეს საწარმოს ქონებას, უზრუნველყოს მასზე ჩაბარებული ქონებისა და დოკუმენტაციის ჯეროვანი წარმოება და დაცვა. ანალოგიურ დათქმას შეიცავს საწყობის უფროსის (გამგის) მოადგილის თანამდებობრივი ინსტრუქცია (ინსტრუქციები დათარიღებული 01.06.2018 წლით);

4.10. მოპასუხე კომპანიაში მოქმედი 2018 წლის 1 მაისის შრომის შინაგანაწესის 8.1. პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია სამუშაოს შესრულებისას გაუფრთხილდეს კომპანიის ქონებას, ექსპლუატაციის წესების სრული დაცვით, დანიშნულებისამებრ გამოიყენოს მისთვის გადაცემული ინვენტარი და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები, დაიცვას მატერიალური ფასეულობები, გამოიყენოს ისინი მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნებისათვის;

4.11. შინაგანაწესის 12.2. პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია დაიცვას და გაუფრთხილდეს კომპანიის ქონებას, მიზნობრივად გამოიყენოს ყველა მატერიალური ფასეულობა, რომელიც გადაეცა სამუშაოს შესასრულებლად. გადაცემული ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ უშუალო ხელმძღვანელს. ხოლო 12.3 პუნქტის შესაბამისად, თუ კომპანიის ქონებას ემუქრება განადგურების, დაზიანების ან არამართლზომიერი ხელყოფის საფრთხე, დასაქმებულმა ამის თაობაზე, პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს. თუ გარემოება მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას, დასაქმებული ვალდებულია თავად მიიღოს აუცილებელი ზომები;

4.12. შრომის შინაგანაწესის 37.1. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლად განისაზღვრა დასაქმებულის მიერ სამსახურეობრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება ან მათდამი დაუდევარი დამოკიდებულება. 38.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ზომად ჩადენილი გადაცდომის სიმძიმიდან და შედეგებიდან გამომდინარე განისაზღვრა სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობა (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა) [შინაგანაწესის 45-ე პუნქტის თანახმად, დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის შერჩევისას, კომპანიის უფლებამოსილი პირი ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომის სიმძიმეს, მიზანს, მოტივს, შედეგს, რომელიც მას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ასევე დისციპლინური გადაცდომის ჩამდენის პიროვნებას, მის საქმიან და მორალურ რეპუტაციას];

4.13. მოპასუხე კომპანიაში 2018 წლის 5 ოქტომბერს გაიმართა დისციპლინური კომისიის სხდომა, რომელზეც კომისიამ იმსჯელა საწარმოში მზა პროდუქციის - თეთრი შაქრის 48.250 ტონა დანაკლისზე (საერთო ღირებულებით 56 693,75 ლარი). დისციპლინური კომისიის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ საწყობთან წვდომა ჰქონდათ და საწყობის გასაღები იყო გამგის და მისი მოადგილეების განკარგულებაში, აღნიშნული პირები ახორციელებდნენ მზა პროდუქციის მიბარებას და მათ რეალიზაციას/გაცემას. კომისიამ დაადგინა, რომ ადგილი აქვს დისციპლინური გადაცდომის ფაქტს, კერძოდ, საწყობის გამგის და მისი მოადგილეების მხრიდან მათზე დაკისრებული პირდაპირი მოვალეობის უხეშ დარღვევას, რამეთუ 965 ტომარა შაქარი ისე დაიკარგა, რომ აღნიშნული შეუმჩნეველი აღმოჩნდა უშუალო პასუხისმგებელი პირებისათვის და კომპანია არ არის დაზღვეული, რომ კიდევ არ გამეორდება მსგავსი შემთხვევა;

4.14. 2018 წლის 8 ოქტომბერს მოპასუხე კომპანიის დირექტორმა გამოსცა ბრძანება N451/1, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის და დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რომლითაც შრომითი ხელშეკრულება შეწყდა მოსარჩელეებთან, დასაქმებულთა მხრიდან ნაკისრი ვალდებულების უხეში დარღვევის საფუძვლით (შრომის კოდექსის 37.1. მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი);

4.15. ბრძანებაში გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია, რომ მოპასუხე კომპანიის საწყობში გამოვლინდა 48.250 ტონა მზა პროდუქციის დანაკლისი, რაც წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების (მზა პროდუქციის საწყობის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციის) და შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული ვალდებულებების დასაქმებულთა მხრიდან უხეშ დარღვევას;

4.16. გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, ასევე დასაქმებულებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 9.1.3. და 9.3 მუხლები (რომლითაც დამსაქმებელს მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება დასაქმებულის მხრიდან ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დასაქმებულისათვის დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, ყოველგვარი კომპენსაციის გადახდის გარეშე ან/და დამატებითი ვადის დაწესების გარეშე, წერილობითი შეტყობინებით ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება); ასევე, შრომის შინაგანაწესის შესაბამისი ნორმები, კერძოდ: 32.1. (ზ) მუხლი (რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დასაქმებულისათვის დაკისრებული ვალდებულების დასაქმებულის მიერ უხეში დარღვევის შემთხვევა); 38.1. მუხლი (რომლის თანახმად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (სახდელი) შეიძლება იყოს ა) არამატერიალური - გაფრთხილება, საყვედური, სამსახურიდან გათავისუფლება (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა); 8.1 მუხლი (რომლის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია: (მ) სამუშაოს შესრულებისას გაუფრთხილდეს კომპანიის ქონებას, ექსპლუატაციის წესების სრული დაცვით, დანიშნულებისამებრ გამოიყენოს მისთვის გადაცემული ინვენტარი და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები, დაიცვას მატერიალური ფასეულობები, გამოიყენოს ისინი მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნებისათვის); 12.2 მუხლი (რომლის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია დაიცვას და გაუფრთხილდეს კომპანიის ქონებას, მიზნობრივად გამოიყენოს ყველა მატერიალური ფასეულობა, რომელიც გადაეცა სამუშაოს შესასრულებლად); ასევე, ბრძანებაში მიეთითა მზა პროდუქციის საწყობის გამგის/მოადგილის თანამდებობრივი ინსტრუქციის ჩანაწერი, რომ მზა პროდუქციის საწყობის უფროსი/მოადგილე, როგორც მოპასუხე კომპანიის თანამშრომელი, ითვალისწინებს რა მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს ორგანიზაციის შინაგანაწესი, ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის ბრძანებები და მითითებები, გაუფრთხილდეს საწარმოს ქონებას, უზრუნველყოს მასზე ჩაბარებული ქონებისა და დოკუმენტაციის ჯეროვანი წარმოება და დაცვა;

4.17. ზემოთ ხსენებულ საქონლის დანაკლისთან მიმართებით, შსს ქარელის რაიონის სამმართველოს აგარის განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N-027021018001 საქმეზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით). გამოძიების ფარგლებში, მოპასუხე 2019 წლის 4 აპრილის დადგენილებით ცნობილია დაზარალებულად.

5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის (სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი) გათვალისწინებით, მართლზომიერად განხორციელდა თუ არა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს: დაარღვია თუ არა დასაქმებულმა ვალდებულება, რამდენად უხეშად დაარღვია დასაქმებულმა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულება და არის თუ არა ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ზომა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გათავისუფლების ბრძანების მართლზომიერების კვლევისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ის წინაპირობა, რაც საფუძვლად დაედო გათავისუფლების ბრძანებას. უდავოა, რომ მოსარჩელეები დასაქმებულნი იყვნენ მოპასუხე კომპანიაში საწყობის გამგისა და გამგის მოადგილის პოზიციაზე. ასევე, უდავო გარემოებაა, რომ მათი მუშაობის პერიოდში საწყობიდან დაიკარგა მნიშვნელოვანი ოდენობის პროდუქცია - 965 ტომარა, ანუ 48.250 ტონა შაქარი, რაც თანხობრივად შეადგენს 56 693,75 ლარის ოდენობით ზიანს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ამჟამად დაუდგენელია, თუ რამ გამოიწვია პროდუქციის დანაკლისი. ამ ვითარებაში დამსაქმებელმა მიიღო გადაწყვეტილება საწყობზე უშუალო ზედამხედველობის განმახორციელებელ პირებთან შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება, რასაც ერთ-ერთ საფუძვლად დაედო დასაქმებულებისადმი ნდობის დაკარგვა და სამომავლოდ მსგავსი დანაკლისისგან თავის დაცვა. პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მტკიცება, რომ მათ უშუალო მოვალეობას არ წარმოადგენდა საწყობის ზედამხედველობა და მასში არსებულ ფასეულობაზე კონტროლი. სასამართლოს მითითებით, საწყობზე ზედამხედველობა სწორედაც რომ მათ მოვალეობას წარმოადგენდა, რაც მოიცავდა მასში განთავსებული ფასეულობებისადმი სათანადო ყურადღების გამოჩენას და, თუ არა აღნიშნული ფუნქცია-მოვალეობა, არც მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების დადების საჭიროება არ იარსებებდა. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ასევე მოსარჩელეთა შედავება, რომ, ვინაიდან გამოძიებით არ დადგენილა მათი ბრალეულობა, გამოძიების დასრულებამდე სამსახურიდან მათი დათხოვნა დაუშვებელი იყო. პალატამ განმარტა, რომ დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადასტურება წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, რასაც სამსახურიდან დათხოვნის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებასთან კავშირი არ აქვს. მოცემულ შემთხვევაში გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სამსახურეობრივი მოვალეობების არასათანადოდ შესრულება, უხეში დარღვევა, რამაც გამოიწვია კომპანიისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, საუბარია 48.250 ტონა შაქრის დანაკლისზე, რომლის საწყობიდან გატანა სათანადო ზედამხედველობის განხორციელების პირობებში შეუძლებელი იქნებოდა. პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასება, რომ ქონების დაცვა ევალებოდა დაცვის კომპანია „ო–ის“ და თითქოს მხოლოდ მათი პასუხისმგებლობა იყო ქონებაზე ზედამხედველობა. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეებს სამსახურეობრივად ევალებოდათ მათზე მიბარებულ ფასეულობაზე ზედამხედველობა და მათვე ეკისრებოდათ ყოველდღიურ რეჟიმში ეკონტროლებინათ საწყობში განთავსებული პროდუქციის მდგომარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ საწყობის გამგემ და მისმა მოადგილეებმა არ შეასრულეს მათი პირდაპირი მოვალეობა - გაფრთხილებოდნენ საწარმოს ქონებას, უზრუნველეყოთ მათზე ჩაბარებული ქონებისა და დოკუმენტაციის ჯეროვანი წარმოება და დაცვა, რაც წარმოადგენს დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური ხელშეკრულებით და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას. ანუ, მოსარჩელეებმა ვერ უზრუნველყვეს სათანადო კონტროლის განხორციელება მიბარებული ქონების შენახვასა და დაცვაზე, რის შედეგადაც 48.250 ტონა შაქარი ისე დაიკარგა საწყობიდან, რომ მოსარჩელეებმა ვერ შეამჩნიეს.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეებს ევალებოდათ სათანადო გულისხმიერება გამოეჩინათ და მეტი პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს. საქმის მასალებით დადგენილია და ყოველგვარი წერილობითი ჩანაწერის გარეშეც ნათელია, რომ საწყობის გამგისა და მისი მოადგილეების მთავარ მოვალეობას სწორედაც საწყობის ზედამხედველობა წარმოადგენდა, რაც გულისხმობდა საწყობში განთავსებულ ფასეულობაზე კონტროლს და ვერანაირად საპატიოდ ვერ განიხილებოდა 48.250 ტონა შაქრის გაურკვეველ ვითარებაში და პერიოდში დაკარგვა. პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მტკიცება, რომ შრომის შინაგანაწესი და თანამდებობრივი ინსტრუქცია მათთვის გაცნობილი არ ყოფილა, რადგანაც უშუალოდ შრომის ხელშეკრულება შეიცავს ისეთ ჩანაწერებს, რომელიც მიუთითებს სწორედ აღნიშნულ დოკუმენტებზე, რაც პალატას უქმნის იმგვარ შინაგან რწმენას, რომ აღნიშნული დოკუმენტების შინაარსი ცნობილი იყო მოსარჩელეებისათვის, შესაბამისად, მათი სავალდებულო ძალა ვრცელდებოდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მოქმედების პერიოდზე. ამდენად, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოვალეობას წარმოადგენდა საწყობში შესანახად მიღებული საქონლის სათანადო აღრიცხვა-დაცვის უზრუნველყოფა და გაცემის სათანადო აღრიცხვა, რომლის სათანადო განუხორციელებლობამ გამოიწვია მნიშვნელოვანი დანაკლისი. ყოველ დანაკლისზე კი პასუხისმგებლები იყვნენ მოსარჩელეები. დამდგარი ზიანის ოდენობის გათვალისწინებით, მოსარჩელეების მიმართ გამოყენებული დისციპლინური ღონისძიება არის სავსებით ადეკვატური და თანაზომიერი.

8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით [გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა შესასრულებელია სეზონური სამუშაო] და ამავე მუხლის 13 ნაწილით [თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში] და აღნიშნა, რომ მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებები დადებული იყო 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 2018 წლის 30 აპრილის შრომის ხელშეკრულებებისა და ამავე თარიღის N10/1 ბრძანებით დგინდება, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია ერთ წელზე ნაკლები ვადით, რადგანაც შესასრულებელი იყო სეზონური ტიპის სამუშაო, თანახმად სშკ-ის მე-6 მუხლის 12 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა. ამასთან, მოსარჩელეებთან მიმართებით პალატამ არ გაავრცელა ზემოთ მოხმობილი შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13 ნაწილი, რამეთუ მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან) დგინდება, რომ 2018 წლის აპრილის ბოლოს კონტრაქტის დადებამდე: პირველ მოსარჩელეს ბოლო ხელფასი მიღებული აქვს 2017 წლის მარტის თვეში, ხოლო აპრილის თვეში მიღებული აქვს საშვებულებო თანხა (ტ.2, ს.ფ. 59); მეორე მოსარჩელეს ბოლო ხელფასი მიღებული აქვს 2017 წლის დეკემბერში (ნოემბრის თვის ხელფასი, ასევე კომპენსაცია და საშვებულებო თანხა) (ტ.2, ს.ფ. 266, 224); მესამე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შრომის წიგნაკის თანახმად (ტ.2, ს.ფ. 21-24) კი, იგი საწარმოში მუშაობდა 2009 წლამდე. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სახეზეა შემდეგი მოცემულობა: 2018 წლის 30 აპრილს დაიდო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის 31 დეკემბრამდე ვადით; 2018 წლის აპრილამდე კი სამივე მოსარჩელეს ჰქონდა 60 დღეზე მეტი ხანგრძლივობის წყვეტა, რის გამოც სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებები უვადოდ დადებულად ვერ ჩაითვლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებული მოთხოვნა იმ საფუძვლითაც, რომ გასულია შრომის ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივრები, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისისა და 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებებით მოსარჩელეთა საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო საჩივრების თანახმად:

14.1. არამართებულია სააპელაციო სასამართლოს პოზიცია, რომ 48.250 ტონა პროდუქციის დანაკლისის არსებობა და ზუსტი დროის ვერდადგენა განპირობებულია საწყობის გამგისა და მისი მოადგილეების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობით, რადგან სწორედ მათი დამსახურებაა, რომ აღნიშნული დანაკლისი გამოვლინდა. ამის შესახებ კასატორებმა მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ერთ-ერთ საწყობში დასაწყობებული 400 ტონამდე შაქრის პარტიის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად, ადამიანის თვალისთვის შესამჩნევი გახდა საწყობში რეალურად არსებულ პროდუქციასა და დოკუმენტაციის მიხედვით არსებულ პროდუქციას შორის სხვაობა. აღნიშნული სხვაობის მყისიერად შემჩნევა შეუძლებელი იყო, ვინაიდან დაახლოებით 400 ტონა შაქარს 48.25 ტონა დააკლდა. ესე იგი, დაახლოებით 9650 ტომარას დააკლდა 965 ტომარა. აღნიშნულის მყისიერად გაგების ერთადერთი საშუალება იყო, თუ ყოველდღიურად თავიდან ბოლომდე მოხდებოდა თითოეული ტომრის გადათვლა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქარხანას გააჩნდა სხვა უფრო დიდი ზომის საწყობებიც, სადაც ბევრად მეტი, დაახლოებით ექვსიდან რვა ათას ტონამდე შაქარი იყო დასაწყობებული. შესაბამისად, როდესაც საწყობის გამგისა და მისი ორი მოადგილის მიერ ხდებოდა მორიგეობის ცვლილება, ისინი იბარებდნენ დაკეტილი საწყობების გასაღებებს და დოკუმენტაციას, მაგრამ შეუძლებელი იყო ათასეულ ათასობით ტომრის ინდივიდუალურად დათვლა და აღწერა. აღნიშნული მათ არც შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ევალებოდათ. არაადეკვატურია ადამიანს ამ მოცულობის სამუშაო დაევალოს. ამასთან, მართალია, გასაღებები მათ ებარათ, თუმცა დაკეტილი საწყობის უნებართვოდ გაღების უფლება თავად გამგეს და მის მოადგილეებსაც არ გააჩნდათ. მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობის საქმის კურსში ჩაყენების შედეგად ხდებოდა დალუქული საწყობის გაღება. კასატორები ინდივიდუალურად ითვლიდნენ ტომრებს, როდესაც მათი დატვირთვა ან/და გადმოტვირთვა ხდებოდა. შესაბამისად, წარმოებდა დოკუმენტაცია. საბოლოო ჯამში, როდესაც კონკრეტული პარტია გაიხარჯებოდა/გაიყიდებოდა, ამის შემდეგ ხდებოდა მიღებული და გაცემული ტომრების ოდენობის შედარება. აღნიშნული პროცედურების თაობაზე ცნობილი იყო დამსაქმებლისთვის. მრავალი წლის განმავლობაში ასე მუშაობდნენ კასატორები და მათ არ მიუღიათ რაიმე მითითება, რომ მათი მუშაობის პროცედურები არ შეესაბამებოდა მათ მიერ ნაკისრ შრომით ვალდებულებებს. ასევე, ცხადი უნდა ყოფილიყო მოპასუხისთვის, რომ ერთი ადამიანი დილით სამსახურში გამოცხადების შემდეგ გადაბარებისას ვერ გადაითვლიდა ასეულ ათასობით ერთეულ შაქრის ტომარას, რათა გაეგო, სხვაობა ხომ არ არსებობდა მის კონტროლს დაქვემდებარებულ საწყობებში არსებულ ტომრებსა და დოკუმენტაციას შორის;

14.2. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი სიდიდე შედარებითია. მოცემულ შემთხვევაშიც 48.25 ტონა შაქარი რაოდენობრივად უნდა შედარდეს, თუ მთლიანის რა ნაწილს წარმოადგენდა იგი. ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე საწყობში ჯამში ექვსი ათასიდან რვა ათას ტონამდე ნედლი შაქარი იყო დასაწყობებული. შესაბამისად, როდესაც ამ რაოდენობის სიდიდეს ეხება საქმე, დასაშვებია, რომ 48.25-ტონიანი დანაკლისი საწყობის გამგის და მისი მოადგილეებისათვის ცნობილი გამხდარიყო რაოდენობის შემცირებისა და ვიზუალური შეფასების შედეგად, თუნდაც 75-დღიან პერიოდში. ასევე, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მესამე მოსარჩელე ძირითადად მუშაობდა მთავარ, დიდ საწყობში, საიდანაც დღეში ათასობით ტონა შაქარი გადიოდა და იქ რაიმე სახის დანაკლისი არასდროს გამოვლენილა. ხოლო, საწყობი, სადაც 48.25 ტონა შაქრის დანაკლისი აღმოჩნდა, მისი სამსახურში ყოფნისას იყო დაკეტილი. შესაბამისად, არ არსებობდა საჭიროება, რომ იგი შესულიყო და ტომრები დაეთვალა, თუმცა, მას არც აქტიურ საწყობში დასაწყობებულ პროდუქციასთან მიმართებით გააჩნდა მსგავსი ყოველდღიური ვალდებულება;

14.3. აღსანიშნავია, რომ 75-დღიან პერიოდში ქარხანას ნაწილობრივ შეჩერებული ჰქონდა ფუნქციონირება, არ ხდებოდა ახალი ნედლეულის წარმოება. საწყობებიდან პროდუქცია გაიცემოდა მხოლოდ 20:00 საათამდე, შემდეგ საწყობი იკეტებოდა მეორე დღემდე;

14.4. სააპელაციო სასამართლომ არამართებულად გაიზიარა დამსაქმებლის პოზიცია, რომ 2018 წლის აპრილამდე მესამე მოსარჩელეს ჰქონდა 60 დღეზე მეტი ხანგრძლივობის წყვეტა. აღნიშნული წყვეტა განპირობებული იყო იმით, რომ თავად ქარხანას ამ პერიოდში შეჩერებული ჰქონდა მუშაობა;

14.5. მოპასუხეს დისციპლინური საქმისწარმოება უნდა ჩაეტარებინა მოსარჩელეთა მონაწილეობით, მინიმუმ უნდა მიეცათ მათთვის ახსნა-განმარტების შესაძლებლობა, რაც სრულად იქნა უგულებელყოფილი;

14.6. მოპასუხეს არ განუხორციელებია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას კვალიფიციური შედავება მოსარჩელის მიერ მითითებულ უვადო შრომითი ხელშეკრულების გარემოებასა და მის დასადასტურებლად წარდგენილ მტკიცებულებაზე. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა არათუ აღნიშნულზე, არამედ არც შეაფასა საქმეში 8 წლის ანგარიშსწორების ამსახველი საბანკო ანგარიშის ამონაწერის არსებობა.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორთა ზემოაღნიშნული პრეტენზიები საყურადღებოა, თუმცა, ამ გარემოებებზე, ასე დაწვრილებით და დეტალურად, მათ არ მიუთითებიათ არც სარჩელსა და არც სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში.

16. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები [სსსკ-ის მე-4 მუხლი].

17. საკასაციო სასამართლო კასატორებს განუმარტავს, რომ მხარეთა მიერ ფაქტების მითითებისა და მტკიცებულებების წარდგენის პროცედურა მკაცრად ფორმალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ფაქტები და მტკიცებულებები სასამართლოს კანონით დადგენილი წესითა და პროცედურის დაცვით წარედგინოს.

18. სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს [სსსკ-ის 178.1. მუხლის „ე“ ქვეპუნქტი]. მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ [სსსკ-ის 201.2. მუხლის „დ“ ქვეპუნქტი]. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს [სსსკ-ის 201.4 მუხლი]. მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული [სსსკ-ის 219.1. მუხლი].

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ დაშვებული შეცდომა ფაქტების მითითების დროს შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ „მათ არ მიუთითეს ყველა იმ ფაქტიურ გარემოებაზე, რომელსაც აქვს მნიშვნელობა საქმისათვის, სწორი გადაწყვეტილების გამოტანისათვის. მხარეთა მიერ დაშვებულ ამ შეცდომას სასამართლო ვერ გამოასწორებს: სასამართლო ვერ „გაამდიდრებს“, ვერ შეავსებს მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, რადგან მხოლოდ მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს“ (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 215).

20. გარდა იმისა, რომ მოსარჩელეებს სარჩელში არ მიუთითებიათ დეტალურად იმ გარემოებებზე, რომლებიც ეხება შაქრის დანაკლისის აღმოჩენას, ასევე უშუალოდ მათი ვალდებულებების აღწერას, მათ ამ გარემოებებზე არც მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საპასუხოდ (მოპასუხე სააპელაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ 48 ტონაზე მეტი შაქრის ერთბაშად დაკარგვის შემთხვევაში ეს დაუყოვნებლივ ცხადი უნდა ხდებოდეს საწყობის გამგისთვის; საწყობის გამგემ და მისმა მოადგილეებმა სულ მცირე ის უნდა მოახერხონ, რომ პირველივე დღეს გაიგონ საწყობის გატეხვის შესახებ; საწყობის ჩაბარება და მისი კონტროლი მის მუდმივ შემოწმებასა და დათვალიერების ვალდებულებასაც ხომ აკისრებს დასაქმებულს?! (იხ. ტ. 3, ს.ფ. 102)) წარდგენილ სააპელაციო შესაგებელში მიუთითებიათ.

21. საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეს, რომ საკასაციო სასამართლო მსჯელობს საპროცესო წესების დაცვით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების შეფასების კანონიერებაზე იმგვარად, რომ თავად ვერც ახალ ფაქტებს დაადგენს და ვერც ახალ განმარტებებს მიიღებს მხარეებისგან [სსსკ-ის 407.1. მუხლი: საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები].

22. ზემოაღნიშნული დასაბუთებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კასატორების პრეტენზიებზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

23. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს, თითოეულს ცალ-ცალკე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ.ლ–ის, გ.ე–ისა და ნ.ე–ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ზ.ლ–ს (პ/ნ: .........) დაუბრუნდეს ზ.რ–ის (პ/ნ: ........) მიერ 2020 წლის 30 იანვარს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. გ.ე–ს (პ/ნ: ........) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 8 აგვისტოს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. ნ.ე–ს (პ/ნ: .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 8 აგვისტოს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი