Facebook Twitter

საქმე №ას-154-2019 30 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.დ–ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.დ–ნი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ამბროლაურის რაიონის სოფელ ........ მდებარე 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობანი საკუთრების უფლებით აღრიცხულია ე.დ–ნისა (შემდგომში -„მოსარჩელე“ ან „კასატორი“) და რ.დ–ნის (შემდგომში - „მოპასუხე“) სახელზე. თითოეულ თანამესაკუთრეს ეკუთვნის ნივთის ½ იდეალური წილი.

2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 სექტემბრის №005407717 დასკვნის შესაბამისად დადასტურებულია, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ორ თანაბარ (1/2 და 1/2) ერთგვაროვან ნაწილად გამიჯვნა, მისი ღირებულების და დანიშნულების შემცირების გარეშე თანამესაკუთრეებს შორის ტექნიკურად შეუძლებელია.

3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ ამბროლაურის რაიონის სოფელ ........ მდებარე უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმების შესახებ. მოსარჩელე მოითხოვს №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებიდან ½ იდეალური წილის კუთვნილი რეალური წილის გამოყოფას.

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ორ თანაბარ (1/2 და 1/2) ერთგვაროვან ნაწილად გამიჯვნა შეუძლებელია.

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 149-ე, 150-ე, 173.1., 953-ე, 961.1., 963-ე მუხლებით, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 სექტემბრის №005407717 დასკვნით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი), აგრეთვე ყურადღება გაამახვილა საქმის სააპელაციო წესით განხილვისას ექსპერტის - გ.რ–ძის მიერ მიცემულ ჩვენებაზე, რომლის განმარტებით, ექსპერტიზის ჩატარებისას გათვალისწინებული იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერში ასახული ინფორმაცია და ასევე, ადგილზე დათვალიერებისას აღმოჩენილი ფაქტობრივი მდგომარეობაც, რის შედეგად არსებობს იმგვარი დასკვნის გაკეთების წინაპირობა, რომ შეუძლებელია ამბროლაურის რაიონის სოფელ ........ მდებარე მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გაყოფა სსკ-ის 963-ე მუხლის დისპოზიციის შესაბამისად. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ექსპერტის მოსაზრება, რომ საზიარო უფლების გაუქმების შედეგად, იმის გათვალისწინებით, რომ უძრავ ქონებას გააჩნია მხოლოდ ერთი შესასვლელი, ერთი კიბე და საერთო სათავსო, რომლის განცალკევებაც შეუძლებელია, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება შესაბამისი რეკონსტრუქციების განხორციელების გარეშე უძრავი ქონების დამოუკიდებელ საცხოვრებელ სახლებად მოწყობა.

10. სააპელაციო პალატამ საექსპერტო დასკვნის, მხარეთა ახსნა-განმარტებისა და ექსპერტის ჩვენების შეჯერების, მათი შესწავლის შედეგად ცალსახად დაადგინა, რომ სადავო საზიარო უფლების გამიჯვნა სსკ-ის 963-ე მუხლით დადგენილი წესების დაცვით შეუძლებელია.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

12. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

12.1. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სააპელაციო საჩივარზე დართული, 2018 წლის 12 იანვრის განმეორებით ჩატარებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვით, საზიარო ქონების გამიჯვნა სრულიად შესაძლებელია;

12.2. სააპელაციო პალატამ იმსჯელა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 19 სექტემბრის არასრულყოფილ დასკვნაზე, რომლის მიხედვით, საზიარო ქონების გაყოფა ტექნიკურად შეუძლებლად იქნა მიჩნეული;

12.3. სააპელაციო სასამართლოზე გამოიკითხა მხოლოდ 2017 წლის 19 სექტემბერს ჩატარებული ექსპერტიზის ექსპერტი, სადავო საკითხთან მიმართებაში სასამართლომ არ მოისმინა განმეორებით ჩატარებული ექსპერტიზის ექსპერტთა აზრი. გამოკითხვისას ექსპერტმა აღიარა, რომ, თუ საზიარო ქონებას გარშემო საავტომობილო გზა აღმოსავლეთითაც უდგებოდა, არ მიუქცევია ყურადღება. ამდენად, მან ექსპერტიზა ჩაატარა და დასკვნა დააფუძნა არასრული გამოკვლევის შედეგებს. მან ასევე არ აღნიშნა სამხრეთის მხარეს არსებული საერთო სარგებლობის გზაც, არ აღწერა მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობები სრულად.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

17. კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო და საერთოდ არ შეაფასა 2018 წლის 12 იანვრის განმეორებით ჩატარებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვით, საზიარო ქონების გამიჯვნა სრულიად შესაძლებელია.

18. განსახილველ საქმეში დავის საგანია მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით.

19. თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება [სსკ-ის 961.1. მუხლი]. საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე [სსკ-ის 963-ე მუხლი].

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1148-1094-2014; 19 მარტი, 2015 წელი).

21. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 სექტემბრის №005407717 დასკვნით, რომლის შესაბამისად დადასტურებულია, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ორ თანაბარ (1/2 და 1/2) ერთგვაროვან ნაწილად გამიჯვნა, მისი ღირებულების და დანიშნულების შემცირების გარეშე თანამესაკუთრეებს შორის ტექნიკურად შეუძლებელია.

22. რაც შეეხება კასატორის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ 2018 წლის 12 იანვრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, აღნიშნული დასკვნის თანახმად, ამბროლაურის რაიონი, სოფელ ........ მდებარე №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 120,17 კვ.მ. შენობა-ნაგებობების და განაშენიანებისაგან თავისუფალი 2436 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამიჯვნა ტექნიკურად, ორ იზოლირებულ ნაწილად შესაძლებელია ისე, როგორც ეს დანართ №5-ზე, №6-ზე, №7-ზე და №8-ზეა აღნიშნული (ორ ვარიანტად). დასკვნის ბოლოს მითითებულია, რომ პირველი და მეორე ვარიანტებით გაყოფის შემთხვევაში საჭიროა მოეწყოს და ამოშენდეს დანართებზე წითელი ფერით აღნიშნული კარის ღიობები, ტიხარი და კიბე. ასევე არარსებობის შემთხვევაში საჭიროა მხარეების მიერ მოწყობილ იქნას სველი წერტილები და სამზარეულო (იხ. ს. ფ. 139-160).

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი უშვებს საზიარო საგნის ნატურით გაყოფას ნივთის ტექნიკურად ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფის შესაძლებლობის შემთხვევაში, თუმცა არ შეიცავს არავითარ დათქმას საზიარო საგნის სათანადო გადაკეთების შედეგად მიღებულ შესაძლებლობებზე. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საზიარო საგნის გაყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი გაყოფის შედეგად არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ და სამომხმარებლო დანიშნულებას, რაშიც იგულისხმება ობიექტის გაყოფამდე არსებული საყოფაცხოვრებო დანიშნულება. ნივთის ღირებულებაში იგულისხმება მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულება და არა მხოლოდ ფულადი ერთეულით გამოხატული ღირებულება (იხ. სუსგ საქმე №ას-1148-1094-2014, 19 მარტი, 2015 წელი).

24. კასატორის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ იძლევა იმ ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ საზიარო საგანი გაყოფის შედეგად არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ და სამომხმარებლო დანიშნულებას.

25. აღნიშნულს ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში ასახული ექსპერტის - გ.რ–ძის მოსაზრებაც, რომ საზიარო უფლების გაუქმების შედეგად, იმის გათვალისწინებით, რომ უძრავ ქონებას გააჩნია მხოლოდ ერთი შესასვლელი, ერთი კიბე და საერთო სათავსო, რომლის განცალკევებაც შეუძლებელია, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება შესაბამისი რეკონსტრუქციების განხორციელების გარეშე უძრავი ქონების დამოუკიდებელ საცხოვრებელ სახლებად მოწყობა.

26. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც სასამართლომ გაიზიარა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 სექტემბრის №005407717 დასკვნა უძრავი ქონების 2 თანაბარ ერთგვაროვან ნაწილად გამიჯვნის შეუძლებლობის თაობაზე.

27. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე.დ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ე.დ–ნს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს გ.დ–ის (პ/ნ ......) მიერ 2019 წლის 28 თებერვლის №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი