Facebook Twitter

საქმე №ას-1474-2019 22 ივლისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – გ.ბ–ი, დ.ვ–ძე, ს.ბ–ი, ა.ლ–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, საშვებულებო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით გ.ბ–ის (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“), დ.ვ–ძის (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“), ს.ბ–ისა (შემდგომში - „მესამე მოსარჩელე“) და ა.ლ–ძის (შემდგომში - „მეოთხე მოსარჩელე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოსარჩელეები“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „მერია“) 2015 წლის 31 დეკემბრის №1746 ბრძანება „გ.ბ–ის გათავისუფლების შესახებ“; პირველ მოსარჩელეს უარი ეთქვა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; მოპასუხეს დაეკისრა პირველი მოსარჩელისათვის კომპენსაციის სახით 22950 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით - დარიცხული) გადახდა;

1.2. ბათილად იქნა ცნობილი მერიის 2015 წლის 31 დეკემბრის №1748 ბრძანება „დ.ვ–ძის გათავისუფლების შესახებ“; მეორე მოსარჩელეს უარი ეთქვა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (მე-8 პუნქტი); მოპასუხეს დაეკისრა მეორე მოსარჩელისათვის კომპენსაციის სახით 22950 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით - დარიცხული) გადახდა (მე-9 პუნქტი);

1.3. ბათილად იქნა ცნობილი მერიის 2015 წლის 31 დეკემბრის №1744 ბრძანება „ს.ბ–ის გათავისუფლების შესახებ“; მესამე მოსარჩელეს უარი ეთქვა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (მე-13 პუნქტი); მოპასუხეს დაეკისრა მესამე მოსარჩელისათვის კომპენსაციის სახით 22950 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით - დარიცხული) გადახდა (მე-14 პუნქტი);

1.4. ბათილად იქნა ცნობილი მერიის 2015 წლის 31 დეკემბრის №1735 ბრძანება „ა.ლ–ძის გათავისუფლების შესახებ“; მეოთხე მოსარჩელეს უარი ეთქვა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (მე-18 პუნქტი); მოპასუხეს დაეკისრა მეოთხე მოსარჩელისათვის კომპენსაციის სახით 22950 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით - დარიცხული) გადახდა (მე-19 პუნქტი).

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეებმა და მერიამ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8, მე-9, მე-13, მე-14, მე-18 და მე-19 პუნქტები:

3.1. მეორე მოსარჩელე აღდგენილ იქნა მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში ქ. თბილისის რაიონული გამგეობების დაცვის განყოფილებაში დაცვად; მერიას დაეკისრა მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 765 ლარის ოდენობით, 2016 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე - 2014 წლის ყოველწლიური კუთვნილი, გამოუყენებელი შვებულება - 765 ლარის ოდენობით და 2015 წლის გამოუყენებელი შვებულების ნაწილი - 510 ლარის ოდენობით;

3.2. მესამე მოსარჩელე აღდგენილ იქნა მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში ქ. თბილისის რაიონული გამგეობების დაცვის განყოფილებაში დაცვად; მერიას დაეკისრა მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 765 ლარის ოდენობით, 2016 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე - 2014 წლის ყოველწლიური კუთვნილი, გამოუყენებელი შვებულება - 765 ლარის ოდენობით და 2015 წლის გამოუყენებელი შვებულების ნაწილი - 535,50 ლარის ოდენობით;

3.3. მეოთხე მოსარჩელე აღდგენილ იქნა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების დაცვის სამსახურში დაცვის (თანამშრომლის) თანამდებობაზე; მერიას დაეკისრა მეოთხე მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 765 ლარის ოდენობით, 2016 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე - 2014 წლის ყოველწლიური კუთვნილი, გამოუყენებელი შვებულება - 765 ლარის ოდენობით და 2015 წლის გამოუყენებელი შვებულება - 765 ლარის ოდენობით;

3.4. გადაწყვეტილება მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეების სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასიდან 3 თვის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. პირველი მოსარჩელე მერიის ადმინისტრაციის უფროსის 2012 წლის 6 დეკემბრის განკარგულებით 2012 წლის 6 დეკემბრიდან 2013 წლის 3 იანვრამდე დაინიშნა მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ქ.თბილისის მერიის ობიექტების დაცვის განყოფილებაში დაცვად, შრომითი ხელშეკრულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად. შრომითი ურთიერთობა გრძელდებოდა განკარგულებებით, 2013 წლის 3 იანვრიდან 2013 წლის 3 აპრილამდე, 2013 წლის 3 აპრილიდან 2013 წლის 3 ივლისამდე, 2013 წლის 3 ივლისიდან 2013 წლის 3 ოქტომბრამდე. 2013 წლის 17 სექტემბრის განკარგულებით, პირველი მოსარჩელე გადაყვანილ იქნა იმავე ვადის განმავლობაში მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ქ.თბილისის მერიის გამგეობის დაცვის განყოფილებაში დაცვად. ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება გაგრძელდა 2013 წლის 3 ოქტომბრიდან 2014 წლის 3 იანვრამდე, 2014 წლის 3 იანვრიდან 2014 წლის 3 აპრილამდე, 2014 წლის 3 აპრილიდან 2014 წლის 3 ივლისამდე, 2014 წლის 3 ივლისიდან 2014 წლის 4 აგვისტომდე, 2014 წლის 4 აგვისტოდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე, 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე, 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა 2015 წლის 31 მარტის ჩათვლით, შემდეგ 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით, 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და ბოლოს, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (იხ. ტომი I, ს.ფ. 41-77);

4.2. მეორე მოსარჩელე მერიის ადმინისტრაციის უფროსის 2012 წლის 26 ოქტომბრის განკარგულებით, 2012 წლის 26 ოქტომბრიდან 2012 წლის 26 ნოემბრამდე დაინიშნა მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ქ.თბილისის მერიის ობიექტების დაცვის განყოფილებაში დაცვად, შრომითი ხელშეკრულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად. შრომითი ურთიერთობა გრძელდებოდა განკარგულებებით, 2012 წლის 26 ნოემბრიდან 2013 წლის 3 იანვრამდე, 2013 წლის 3 იანვრიდან 2013 წლის 3 აპრილამდე, 2013 წლის 3 აპრილიდან 2013 წლის 3 ივლისამდე, 2013 წლის 3 ივლისიდან 2013 წლის 3 ოქტომბრამდე. 2013 წლის 17 სექტემბრის განკარგულებით, მეორე მოსარჩელე გადაყვანილ იქნა იმავე ვადის განმავლობაში მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ქ.თბილისის მერიის გამგეობის დაცვის განყოფილებაში დაცვად. ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება გაგრძელდა 2013 წლის 3 ოქტომბრიდან 2014 წლის 3 იანვრამდე, 2014 წლის 3 იანვრიდან 2014 წლის 3 აპრილამდე, 2014 წლის 3 აპრილიდან 2014 წლის 3 ივლისამდე, 2014 წლის 3 ივლისიდან 2014 წლის 4 აგვისტომდე, 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე, 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა 2015 წლის 31 მარტის ჩათვლით, შემდეგ 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით, 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და ბოლოს, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (იხ. ტომი I, ს.ფ. 151-184);

4.3. მესამე მოსარჩელე მერიის ადმინისტრაციის უფროსის 2012 წლის 6 დეკემბრის განკარგულებით 2012 წლის 6 დეკემბრიდან 2013 წლის 3 იანვრამდე დაინიშნა მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ქ.თბილისის მერიის ობიექტების დაცვის განყოფილებაში დაცვად, შრომითი ხელშეკრულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად. შრომითი ურთიერთობა გრძელდებოდა განკარგულებებით, 2013 წლის 3 იანვრიდან 2013 წლის 3 აპრილამდე, 2013 წლის 3 აპრილიდან 2013 წლის 3 ივლისამდე. 2013 წლის 3 ივლისიდან 2013 წლის 17 სექტემბრის განკარგულებით, მესამე მოსარჩელე გადაყვანილ იქნა იმავე ვადის განმავლობაში მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ქ.თბილისის მერიის გამგეობის დაცვის განყოფილებაში დაცვად. ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება გაგრძელდა 2013 წლის 3 ოქტომბრამდე, 2013 წლის 3 ოქტომბრიდან 2014 წლის 3 იანვრამდე, 2014 წლის 3 იანვრიდან 2014 წლის 3 აპრილამდე, 2014 წლის 3 აპრილიდან 2014 წლის 3 ივლისამდე, 2014 წლის 3 ივლისიდან 2014 წლის 4 აგვისტომდე, 2014 წლის 4 აგვისტოდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე, 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე, 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა 2015 წლის 31 მარტის ჩათვლით, შემდეგ 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით, 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და ბოლოს, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (იხ. ტომი I, ს.ფ. 250-286);

4.4. მეოთხე მოსარჩელე მერიის ადმინისტრაციის უფროსის 2013 წლის 8 მაისის განკარგულებით, 2013 წლის 8 მაისიდან 2013 წლის 3 ივლისამდე დაინიშნა მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების დაცვის განყოფილებაში შტატგარეშე მოსამსახურედ - დაცვად, შრომითი ხელშეკრულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად. შრომითი ურთიერთობა გრძელდებოდა განკარგულებებით. 2013 წლის 13 აგვისტოს განკარგულებით, მეოთხე მოსარჩელე დაინიშნა 2013 წლის 3 ოქტომბრამდე მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბაღების, პარკებისა და სკვერების დაცვის სამსახურში დაცვად. ვადის გასვლის შემდეგ გაგრძელდა 2013 წლის 3 ოქტომბრიდან 2014 წლის 3 იანვრამდე, 2014 წლის 3 იანვრიდან 2014 წლის 3 აპრილამდე, 2014 წლის 3 აპრილიდან 2014 წლის 3 ივლისამდე, 2014 წლის 3 ივლისიდან 2014 წლის 4 აგვისტომდე, 2014 წლის 4 აგვისტოდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე, 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე, 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდა 2015 წლის 31 მარტის ჩათვლით, შემდეგ 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით, 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და ბოლოს, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (ს.ფ. 250-286).

4.5. პირველმა მოსარჩელემ 2015 წლის 1 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით ისარგებლა შვებულების ნაწილით. მეორე მოსარჩელემ - 2015 წლის 11 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით. მესამე მოსარჩელემ - 2013 წლის 11 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით და 2015 წლის 12 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით (ს.ფ. 39; 149; 246-247);

4.6. მერიის ადმინისტრაციის უფროსის 2013 წლის 3 დეკემბრის განკარგულებით, სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებისთვის, დისციპლინური ზომის სახით მეოთხე მოსარჩელეს გამოეცხადა გაფრთხილება (ს.ფ. 365);

4.7. მერის 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანებებით შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მოსარჩელეები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან (ს.ფ. 40; 150; 249; 339).

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - „სშკ“) 37-ე მუხლით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელეთა სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებას ჰქონდა ადგილი.

6. სააპელაციო პალატის მითითებით, 2015 წლის 31 დეკემბრის სადავო ბრძანებებით სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლა) საფუძველზე შეწყდა შრომითი ურთიერთობა. სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის მე-6 მუხლის 12 პუნქტით და აღნიშნა, რომ პირველ და მესამე მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობა წარმოშობიდან, 2012 წლის 6 დეკემბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში შეადგენდა მთლიანობაში 37 თვესა და 14 დღეს, მეორე მოსარჩელესთან - 2012 წლის 26 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე - 37 თვესა და 14 დღეს, მეოთხე მოსარჩელესთან 2013 წლის 8 მაისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე - 31 თვესა და 25 დღეს. ვინაიდან შრომითი ურთიერთობა ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდებოდა 5 წელზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში და შრომის კოდექსში შესული ცვლილებების ამოქმედებიდან 2 წლის შემდგომაც, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა და, შესაბამისად, არ არსებობდა ამ საფუძვლით მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის ეტაპზე გამოიკვლია, თუ რა შესაძლებლობები არსებობდა მუშაკის სამუშაოზე აღდგენისა ან მის ტოლფას თანამდებობაზე დასაქმების თაობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ მერიას თავისუფალი საშტატო ერთეული აქვს. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეების პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა. ხოლო, რაც შეეხება პირველ მოსარჩელეს, მის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის საკითხზე სასამართლომ არ იმსჯელა, ვინაიდან მას სასამართლო გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

13. საკასაციო პრეტენზიის თანახმად:

13.1. სშკ-ის მე-6 მუხლის შენიშვნის პირველი წინადადების მიხედვით, კოდექსის მე-6 მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული ნორმის დისპოზიციის არსებობისათვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება ან/და კოლექტიური ხელშეკრულება დადებული უნდა იყოს „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (12.06.2013 №729) ამოქმედების, კერძოდ, 2013 წლის 12 ივნისის შემდგომ;

13.2. განსახილველ შემთხვევაში პირველ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება დაიდო 2012 წლის 6 დეკემბერს, მეორე მოსარჩელესთან - 2012 წლის 26 ოქტომბერს, მესამე მოსარჩელესთან - 2012 წლის 6 დეკემბერს, ხოლო მეოთხე მოსარჩელესთან - 2013 წლის 8 მაისს. მოცემული ყველა ხელშეკრულება დადებულია 2013 წლის 12 ივნისამდე;

13.3. გამომდინარე აქედან, შრომით ხელშეკრულებებზე არ ვრცელდება სშკ-ის მე-6 მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები და 30 თვეზე მეტი ვადით შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ წარმოადგენდა მისი უვადოდ დადებულად ჩათვლის საფუძველს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზია უსაფუძვლოა და ემყარება კანონის არასწორ განმარტებას.

15. კერძო სამართლის სხვა დარგების მსგავსად, შრომით სამართალშიც მოქმედებს სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის მონაწილე მხარეები თავისუფალნი არიან დადონ (ან არ დადონ) ხელშეკრულებები და განსაზღვრონ მათი შინაარსი, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადა. თუმცა, კერძო სამართლის სუბიექტებს მოქმედების თავისუფლება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში აქვთ, რაც ურთიერთობის ძლიერი მხარის მიერ სუსტის საწინააღმდეგოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას ემსახურება. სწორედ ზემოაღნიშნული მიზნით იყო განპირობებული ქართველი კანონმდებლის მიერ შრომის კოდექსში შრომითი ხელშეკრულების ვადის განსაზღვრის ობიექტური საფუძვლის ცნების შემოღება და ვადიანი შრომის ხელშეკრულების დადების დასაშვებობის ფარგლების განსაზღვრა. საქართველოს შრომის კოდექსი 2013 წლის ცვლილებებამდე არ იცნობდა შრომის ხელშეკრულების ვადის განსაზღვრის ობიექტური საფუძვლის ცნებას, ვინაიდან არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების ვადის განსაზღვრისათვის საფუძვლის არსებობის სავალდებულობას. 2013 წლის 12 ივნისის ცვლილებების ტექსტით კი კანონმდებელმა, დასაქმებულის სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, ვადიანი შრომის ხელშეკრულებები გარკვეულ რეგულაციას დაუქვემდებარა, რაც ასევე ვადის განსაზღვრის კონკრეტული წინაპირობების ფორმულირებასაც მოიცავს (იხ. სუსგ №ას-1251-1191-2014, 12 თებერვალი, 2016 წელი).

16. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში [სშკ-ის მე-6 მუხლის 12 და 13 პუნქტები].

17. ზემოაღნიშნული ნორმების გამოყენებისათვის საქართველოს შრომის კოდექსი შეიცავს შესაბამის დათქმას, რომლის თანახმად, მე-6 მუხლის 1​1–1​3 პუნქტების მოქმედება ვრცელდება ამ კანონის (12.06.2013, №729) ამოქმედების შემდეგ დადებულ ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაზე ან/და კოლექტიურ ხელშეკრულებაზე. მე-6 მუხლის 1​3 პუნქტის პირობების მიუხედავად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე დასაქმებულთან, რომლის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 1​3 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ამ კანონის (12.06.2013, №729) ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ, ხოლო თუ ასეთივე დასაქმებულის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში, მასთან უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 1​3 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ამ კანონის (12.06.2013, №729) ამოქმედებიდან 2 წლის შემდეგ.

18. დადგენილია, რომ პირველ და მესამე მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობა წარმოშობიდან, 2012 წლის 6 დეკემბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში შეადგენდა მთლიანობაში 37 თვესა და 14 დღეს, მეორე მოსარჩელესთან - 2012 წლის 26 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე - 37 თვესა და 14 დღეს, მეოთხე მოსარჩელესთან 2013 წლის 8 მაისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე - 31 თვესა და 25 დღეს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი). ცნობილია ისიც, რომ საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებები ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე ანუ 2013 წლის 4 ივლისს.

19. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობები დაიწყო საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებების ამოქმედებამდე, თუმცა, მათი შრომითი ურთიერთობები გაგრძელდა 5 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში და, მათ შორის, ცვლილებების ამოქმედებიდან 2 წელზე მეტ ხანს, შესაბამისად, მათთან დადებული ვადიანი ხელშეკრულებები მიიჩნევა უვადოდ სწორედ ზემოაღნიშნული დათქმის ბოლო წინადადების თანახმად და მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეებმა საკასაციო შესაგებელში წარმოადგინეს შუამდგომლობა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლოსგარეშე ხარჯების კასატორისათვის დაკისრების თაობაზე. კერძოდ, ისინი მიიჩნევენ, რომ კასატორს თითოეული მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 8000 ლარის გადახდა, იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით, ასევე მათ მოითხოვეს საკასაციო ეტაპზე გაწეული სასამართლოსგარეშე პროცესის სხვა ხარჯების (კერძო საჩივარსა და საკასაციო შესაგებელზე დახარჯული ფურცლების, შესაგებლის აკინძვაზე, საფოსტო კონვერტსა და მომსახურებაზე გაღებული ხარჯების) ანაზღაურება 17 ლარის ოდენობით და სანოტარო ხარჯის (რწმუნებულების, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების, ადვოკატის სახელზე განცხადების შედგენისა და დამოწმებისათვის) - 30 ლარის ოდენობით.

22. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს ზემოაღნიშნულ შუამდგომლობას და მიიჩნევს, რომ იგი იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამართალწარმოების კონკრეტულ ეტაპზე, რომელიც საკასაციო განაცხადის დასაშვებობის შემოწმებას ეხება, რა დროსაც, სასამართლო ვალდებულია, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის წინაპირობების მიხედვით, შეამოწმოს და დაადგინოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები და საქმის არსებითი განხილვა არ ხდება. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე, არც სასამართლოსა და არც მხარეთა მიერ არ ხდება ადამიანური და დროითი რესურსების იმგვარი გამოყენება, როგორც ამას საჭიროებს საქმის არსებითი განხილვა (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-923-889-2016, 3 თებერვალი, 2017 წელი).

24. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად და იმ პირობებში, როდესაც სახეზეა არაქონებრივი დავიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა [სსსკ-ის 53.1. მუხლის ბოლო წინანადადება: იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით], სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო სამართალწარმოების მოცემული ეტაპის - დასაშვებობის პროცესუალური საფუძვლით შემოწმებისას, მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეების შუამდგომლობა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლოსგარეშე ხარჯების კასატორისათვის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მერიას მათ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით თითოეულის მიმართ 50 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. დ.ვ–ძის, ს.ბ–ისა და ა.ლ–ძის შუამდგომლობა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლოსგარეშე ხარჯების კასატორისათვის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/კ: .....) დ.ვ–ძის (პ/ნ: .....), ს.ბ–ისა (პ/ნ: .....) და ა.ლ–ძის (პ/ნ: .....) სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით თითოეულის მიმართ 50 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე