Facebook Twitter

საქმე №ას-483-2019 30 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - გ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.შ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით გ.შ–ძის (შემდ...... - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; გ.მ–ს (შემდ...... - „მოპასუხე“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის 6750 ლარის ანაზღაურება.

2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. 2018 წლის 08 აპრილს, დაახლოებით 08:00 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ ...... გამავალ საავტომობილო გზაზე „მერსედესის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით - ....., რომელსაც მართავდა მოპასუხე, შეეჯახა მოსარჩელის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას - „ტოიოტა პრიუსს“, სახელმწიფო ნომრით .....;

4.2. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2018 წლის 08 აპრილს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი - საჯარიმო ქვითარი Nბა000115380, რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით, დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა მოპასუხე;

4.3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის მართვის ქვეშ მყოფმა ავტომანქანამ „ტოიოტა პრიუსმა“, სახელმწიფო ნომრით ......, მიიღო მექანიკური დაზიანებები, კერძოდ, დაზიანდა ძრავის სახურავი, წინა ბამპერი, წინა მარჯვენა და მარცხენა ფრთა, წინა მარჯვენა და მარცხენა მაშუქები, წინა მარცხენა კარები, უკანა მარჯვენა ფრთა;

4.4. ავტოავარიის შედეგად დაზიანებული ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსი“, სახელმწიფო ნომრით ......., მოსარჩელემ გაყიდა 8011,41 ლარად;

4.5. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა, რომლის რეკვიზიტებია: „ტოიოტა პრიუსი“, სახელმწიფო ნომრით ........, ავტოსაგზაო შემთხვევის დროიდან გადაყვანილ იქნა ახალციხეში მოპასუხის მფლობელობაში. აღნიშნული ავტომანქანა მის მფლობელობაში იმყოფებოდა ერთი თვის მანძილზე, თუმცა მოპასუხეს ავტომანქანა არ შეუკეთებია (იხ. 18.07.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

4.6. ავტომანქანა გასხვისდა ახალციხეში მხარეთა შეთანხმებით, ნასყიდობის თანხა მიიღო მოსარჩელემ, ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ავტომანქანის ღირებულების სხვაობის ანაზღაურებაზე. შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმება მოხდა არა ავტომანქანის შეკეთებაზე, არამედ - მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე (იხ. 18.07.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

5. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხე სადავოდ ხდიდა აუდიტორული კომპანია „კ–ის“ მიერ გაცემულ დასკვნაში მითითებული ზიანის ოდენობას და აღნიშნავდა, რომ ავტომანქანის შეფასება მოხდა ისე, რომ ექსპერტს ავტოსატრანსპორტო საშუალება არ უნახავს და მისთვის უცნობი იყო ნივთის ფარული ნაკლის არსებობის თაობაზე.

6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი (ზიანი და მისი ოდენობა, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის) სწორედ მოსარჩელის მხარესაა, რომელთა დადასტურების (დამტკიცების) შემთხვევაში სწორედ მოპასუხეს ევალება მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტების გაქარწყლება, რაც, ბუნებრივია, საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საპირწონე მტკიცებულებებით უნდა განახორციელოს.

7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელე მხარემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში დაამტკიცა მოპასუხის მიერ მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი და ასევე მიყენებული ზიანის ოდენობა. მოპასუხე მხარეს კი, გარდა ინტერნეტ-საიტიდან CARFAX-იდან წარდგენილი მონაცემებისა და ხელოსნის ჩვენებისა, სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნაში მითითებული ზიანის ოდენობის უსწორობას და გააქარწყლებდა მას, სასამართლოში არ წარუდგენია. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხეს არაკვალიფიციური შედავება ჰქონდა წარდგენილი, რადგან მისი პრეტენზიები ძირითადად ეხებოდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, თუმცა, მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის მოწინააღმდეგის მტკიცების გასაქარწყლებლად სამართლებრივად ვარგისი, სარწმუნო და დამაჯერებელი, მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საპირწონე არც ერთი მტკიცებულება. მოპასუხე მხარეს სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობის უარყოფის მიზნით არ მიუთითებია ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე, არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულება, რაც სააპელაციო სასამართლოს მისცემდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სწორად დაადგინა მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა.

8. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის პრეტენზია აუდიტორული კომპანია „კ–ის“ მიერ 2018 წლის 17 აპრილს გაცემული დასკვნის არარელევანტურ მტკიცებულებად მიჩნევასთან დაკავშირებით. მოპასუხე მხარის მიერ ინტერნეტ-საიტიდან CARFAX-იდან წარდგენილი მონაცემები და ხელოსნის ჩვენება პალატამ არ მიიჩნია იმ სახის მტკიცებულებად, რასაც შეეძლო შეემცირებინა ან გაექარწყლებინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტური კომპანია „კ–ის“ მიერ გაცემული დასკვნით დადგენილი მატერიალური ზიანის ოდენობა. პალატის განმარტებით, მოპასუხე ვალდებულია აუდიტის დასკვნა არგუმენტირებულად, სათანადო და დასაშვები მტკიცებულებების მოშველიებით უარყოს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია, რომ მის მიერ ვერ მოხდა ავტომანქანის შეფასება, რადგან ავტომანქანა გაიყიდა 2018 წლის 18 აპრილს, ხოლო სარჩელი კი წარდგენილ იქნა 2018 წლის 21 მაისს, რადგან, როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, ავტომანქანა ავტოსაგზაო შემთხვევის დროიდან გადაყვანილ იქნა ახალციხეში მოპასუხესთან, სადაც იმყოფებოდა გასხვისებამდე ერთი თვე და მოპასუხის მიერ ავტომანქანის არც შეფასება მომხდარა და არც შეკეთება.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო საჩივრის თანახმად, აუდიტორული კომპანია „კ–ის“ დასკვნა ისე გაიცა, რომ აუდიტორს ავტომანქანა არ დაუთვალიერებია, ამასთან, დასკვნის თანახმად, შეფასების ჩატარებისას ნავარაუდები არ არის დაფარული ფიზიკური და სამართლებრივი ფაქტორების არსებობა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს შესაფასებელი ქონების ღირებულებაზე. სასამართლოს სხდომაზე წარდგენილ იქნა ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსის“, სახ. ნომრით ......, აუცილებელი მახასიათებელი, რაც მოსარჩელემ დაუმალა აუდიტს. კერძოდ, ინტერნეტ-საიტი CARFAX-ის მონაცემებით, სადაც მითითებულია ის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომლითაც არის შესაძლებელი კონკრეტული მანქანის ამოცნობა და სხვა ავტომანქანისგან განსხვავება, მოსარჩელის ავტომანქანის (ს/კ .........) საქართველოში შემოყვანისას იგი უკვე იყო ნაავარიები და შეკეთებული. აღნიშნული იმის დასტურია, რომ საქმეზე მტკიცებულებად დართული აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოპასუხის მიმართ დაკისრებული ზიანის ოდენობა არასწორია.

15. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 999.1. [მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი], 408.1. [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება] და 409-ე [თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება] მუხლებიდან გამომდინარეობს.

16. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის დელიქტური ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე სადავო არაა, სადავოა ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა.

17. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს უსაფუძვლობის გამო და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განსაზღვრეს მიყენებული ზიანის ოდენობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტური კომპანია „კ–ის“ 2018 წლის 17 აპრილის დასკვნის საფუძველზე, რომლის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 6750 ლარი.

18. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სსსკ-ის 102.1. მუხლის შესაბამისად [თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს], დაძლია დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე კანონით მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი, რომლის წინააღმდეგაც მოპასუხემ ამავე იურიდიული ძალის მქონე საპირწონე მტკიცებულება ვერ წარადგინა. სამოქალაქო საპროცესო სამართალში მხარეებს მოეთხოვებათ საკუთარი მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რომ თითოეულმა მათგანმა სამართლებრივად ვარგისი, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულება წარადგინოს მისთვის ხელსაყრელ გარემოებებთან დაკავშირებით. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს წარდგენილი აქვს დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულება აუდიტური კომპანია „კ–ის“ დასკვნა, მოპასუხის შედავება, რომელიც ემყარება ძირითადად ინტერნეტ-საიტის მონაცემებს, ვერ ჩაითვლება კვალიფიციურად და ვერ გააბათილებს მას.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

20. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს გ.მ–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 17 ივნისის №20642017 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი