ბს-201-191(გ-06) 24 მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე,
ნ. ქადაგიძე
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას შორის ჯ., დ., მ. და მა. გ-ების სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 19 მაისს ჯ., დ., მ. და მა. გ-ებმა გორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრეს მოპასუხე ე. გ-ისა და მესამე პირების: გორის მიწის მართვის სამმართველოს, მერეთის საკრებულოსა და გორის ნოტარიუს _ ნ. ს-ის მიმართ და კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის, საჯარო რეესტრში ჩანაწერებისა და მისგან გამომდინარე ყველა სამართლებრივი შედეგის ბათილად ცნობა, მათ მიერ სამკვიდრო ქონების მიღებულად ცნობა და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება მოითხოვეს.
სასარჩელო განცხადებაში მითითებულია, რომ გორის რაიონის სოფ. მერეთში მცხოვრები აწ გარდაცვლილი დ. გ-ი მეუღლესა და შვილებთან ერთად ცალკე კომლად იყვნენ აღრიცხული და იგი კომლის უფროსად ითვლებოდა. დ. და ს. გ-ებს ჰყავდათ ორი შვილი: დ. და ე. გ-ები. დ. გ-ის კომლში ჩაწერილები იყვნენ დ., ჯ., მარ., მან., მა. და მ. გ-ები. ე. გ-ი კი დედის კომლიდან ამოწერილი იყო და ცხინვალის რაიონში ცხოვრობდა. 1999 წელს ე. გ-ი, მოსარჩელეთათვის შეტყობინების გარეშე, კვლავ ჩაეწერა დ. გ-ის კომლში. მოსარჩელეთა სარჩელის საფუძველზე გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ე. გ-ი ამოწერილ იქნა დ. გ-ის კომლიდან. ამავე გადაწყვეტილებით დ. გ-ის მოთხოვნა ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. დ. გ-ი 2003წ. 21 ივნისს გარდაიცვალა, ისე, რომ მის მიერ საერთო კომლიდან წილის გამოყოფა არ მომხდარა. მოსარჩელეთა განმარტებით, დაკრძალვის მთლიანი ხარჯები _ 3000 ლარი მათ გაიღეს. დედის გარდაცვალების შემდეგ, მოპასუხემ შეცდომაში შეიყვანა გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველო, გორის რაიონის ნოტარიუსი და კანონის დარღვევით, მერეთის თემის საკრებულოს ¹128 და ¹129 ცნობების საფუძველზე, ბინის დ. გ-ის სახელზე აღრიცხვა მოახდინა. ე. გ-მა სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობაც მიიღო, მაშინ, როცა მას რეალურად მოსარჩელეები ფლობდნენ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს აწ გარდაცვლილი დ. გ-ის სახელზე უძრავი ქონების საჯარო რეესტრის 2004წ. 24 თებერვლის რეგისტრაციის ჩანაწერის, 2004წ. 18 მარტის სანოტარო აქტის, 2004წ. 29 მარტის საჯარო რეესტრის ჩანაწრის ბათილად ცნობა, დ. გ-ის სამკვიდრო ქონებაზე კანონიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა და მოპასუხისათვის დ. გ-ის დაკრძალვის ხარჯების _ 3000 ლარის დაკისრება.
გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ხსენებული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას გადაეცა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა და ეს იყო სამემკვიდრეო დავა, რომლის განხილვაც სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა მომხდარიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 10 მარტის განჩინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი რამდენიმე მოთხოვნას შეიცავდა: პირველი, საჯარო რეესტრში 2004წ. 24 თებერვალს განხორციელებული ჩანაწერების ბათილად ცნობასა და მერეთის თემის საკრებულოს ¹128 და ¹129 ცნობების უკანონოდ აღიარებას, ხოლო მეორე მოთხოვნა _ სანოტარო აქტის, 2004წ. 29 მარტის საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობას, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობასა და მოპასუხისათვის 3000 ლარის დაკისრებას შეეხებოდა.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრში 2004წ. 24 თებერვალს განხორციელებული ჩანაწერების ბათილად ცნობისა და მერეთის თემის საკრებულოს ¹128 და ¹129 ცნობების უკანონოდ აღიარების შესახებ სარჩელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას წარმოადგენდა და შესაბამის პალატას უნდა გადასცემოდა, ხოლო სანოტარო აქტის, 2004წ. 29 მარტის საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარებისა და მოპასუხისათვის 3000 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნა სსკ-ის მე-11 მუხლიდან გამომდინარეობდა და სამოქალაქო პალატის განსჯადი იყო, მაგრამ ამ ნაწილში მოცემულ დავაზე ადმინისტრაციული წესით საქმის წარმოების დამთავრებამდე, სსკ-ის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, იგი ადმინისტრაციულ საქმეს გამოეყო და შეჩერდა.
ამდენად, 2004წ. 24 თებერვლის საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობისა და მერეთის თემის საკრებულოს ¹128 და ¹129 ცნობების უკანონოდ აღიარების ნაწილში ჯ., დ., მ. და მა. გ-ების სააპელაციო საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობის საკითხის გასარკვევად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას გაეგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ., დ., მ. და მა. გ-ების სააპელაციო საჩივარი 2004წ. 24 თებერვლის საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობისა და მერეთის თემის საკრებულოს ¹128 და ¹129 ცნობების უკანონოდ აღიარების ნაწილში განსჯადობით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას უნდა დაექვემდებაროს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებას: საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ჯ., დ., მ. და მა. გ-ების სასარჩელო მოთხოვნის ერთადერთი მოპასუხე ე. გ-ა, ხოლო გორის მიწის მართვის სამმართველო, სოფ. მერეთის საკრებულო და გორის ნოტარიუსი – ნ. ს-ი საქმეში მესამე პირის სტატუსით მონაწილეობენ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, რომელიც ადმინისტრაციული დავების განსჯადობას განსაზღვრავს, დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის სავალდებულოა შემდეგ პირობათა არსებობა: 1. სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს და 2. სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს უდავოდ ადმინისტრაციული ორგანო უნდა წარმოადგენდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეში ადმინისტრაციული ორგანო (ან კერძო პირი, რომელსაც კანონით ან კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული აქვს საჯარო უფლებამოსილება) არც მოსარჩელისა და არც მოპასუხის სტატუსით არ მონაწილეობს, იგი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსახილველ საქმეს არ განეკუთვნება. ადმინისტრაცული დავისათვის დამახასიათებელია ის, რომმასში ერთ-ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანო უნდა იყოს, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის დადებითად გადაწყვეტისას იკვეთება მეორე პირობა _ სამართალურთიერთობის ადმინისტრაციული (საჯარო) ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან წარმოდგენილ დავაში ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელის ან მოპასუხის სტატუსით არ მონაწილეობს, მისი ადმინისტრაციული სამართლაწარმოების წესით განსახილველ საქმედ მიჩნევა უსაფუძვლოა, ხოლო ის გარემოება, რომ გორის მიწის მართვის სამმართველო, სოფ. მერეთის საკრებულო და გორის ნოტარიუსი საქმეში მესამე პირებად არიან დასახელებული, განსჯადობის საკითხს ვერ შეცვლის, ვინაიდან სარჩელის წარდგენა ხდება არა მესამე პირის, არამედ მოპასუხის მიმართ და სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გადაწყვეტილება მესამე პირის მიმართ გამოიტანოს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან მოცემულ დავაში ადმინისტრაციული ორგანო მხარის (მოსარჩელე ან მოპასუხე) სტატუსით არ მონაწილეობს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26.1 მუხლების შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ., დ., მ. და მა. გ-ების სააპელაციო საჩივარი 2004წ. 24 თებერვლის საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობისა და მერეთის თემის საკრებულოს ¹128 და ¹129 ცნობების უკანონოდ აღიარების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას დაექვემდებაროს განსჯადობით განსახილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.