საქმე №ას-520-2021 09 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ლ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 თებერვლის განჩინება და იმავე სასამართლოს 2021 წლის 08 თებერვლის საოქმო განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – ხელშეკრულების დადებულად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს.ბ–სა“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „ბანკი“) და დ.ლ–იას (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) შორის 2017 წლის 28 ივლისს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ხობი, ........., ს.კ. ......., რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა იმავე მხარეებს შორის 2017 წლის 28 ივლისს დადებული ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ და ამ ხელშეკრულების საფუძველზე დადებული შემადგენელი ან/და სხვა გარიგება, ან/და დოკუმენტი, რომელთა დადება ან/და გაცემა გათვალისწინებული იყო ძირითადი ხელშეკრულებით.
2. მხარეთა შორის 2018 წლის 06 ივლისს კვლავ დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ხობი, სოფელი .........., ს.კ. .......
3. დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოსარჩელეს 2020 წლის იანვრისათვის მოპასუხის მიმართ ერიცხებოდა დავალიანება.
4. მხარეთა შორის 2020 წლის 28 იანვარს დაიდო ხელშეკრულება, რომლის №1 დანართის თანახმად, მოსარჩელემ ბანკს საკუთრების უფლება გადასცა (როგორც მოგირავნეს/იპოთეკარს) აღნიშნული დანართის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე. აღნიშნული დანართის 2.2.1 და 2.2.2 პუნქტების თანახმად, გადაცემულ ქონებას წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე: ხობი, ......., ს.კ. ......, მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 355 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრა 54 150 აშშ დოლარით.
5. ხელშეკრულების №1 დანართის 2.4 პუნქტის თანახმად, ქონებაზე ბანკის უფლების რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა არ საჭიროებს რეესტრში რეგისტრაციას, ქონების ბანკისთვის ფაქტობრივად გადაცემისა და რეესტრში ქონების გირავნობის უფლების გაუქმების შემდგომ, 10 საბანკო დღის ვადაში, ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული მისი ნებისმიერი მოთხოვნის საკუთარი შეხედულებისამებრ დაფარვას/შემცირებას, ქონების წინამდებარე დანართის 2.2.2 ქვეპუნქტით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად.
6. დადგენილია, რომ 2020 წლის 28 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე: ხობი, ......., ს.კ. ........., იმავე თარიღიდან მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა.
7. ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მოპასუხის საკუთრებად რეგისტრაციის შემდეგ, ამ უკანასკნელმა სსიპ შემოსავლების სამსახურის 19.07.2019წ. მიმართვის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ გადაიხადა 7 769,6 ლარი, რითაც უზრუნველყო ქონების საგადასახადო გირავნობისგან განთავისუფლება.
8. დადგენილია, რომ 2020 წლის 29 იანვარს მოპასუხემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაცია მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა.
9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის №1 ორსართულიან შენობა-ნაგებობაზე, მდებარე: ქ. ხობი, ........, ს.კ. ........, იჯარის ხელშეკრულების დადებულად აღიარება 2020 წლის 29 იანვრიდან 2022 წლის 29 ივნისამდე, საიჯარო ქირის საფასურის წინასწარი მიღების ვალდებულებით, თვეში ერთი ლარის, ჯამში 30 ლარის ოდენობით.
10. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
10.1. მოსარჩელემ 2017 წელს მოპასუხესთან გააფორმა იპოთეკის ხელშეკრულება, რათა დაეფარა სხვა ბანკში არსებული იპოთეკური დავალიანება, რომელიც, თავის მხრივ, აღებული ჰქონდა მისი კუთვნილი მაღაზიის გარემონტების მიზნით, მდებარე: ქ. ხობი, ......;
10.2. მოსარჩელე მოპასუხის მიმართ არსებულ ფინანსური ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა, თუმცა 2019 წელს შექმნილი ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, მან ნაკისი ვალდებულებების შესრულება ვეღარ შეძლო;
10.3. 2019 წლის მიწურულს მოსარჩელეს დაუკავშირდა ბანკის წარმომადგენელი და ვინაიდან იგი ვეღარ ახერხებდა საკრედიტო ვალდებულების შესრულებას, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ბანკის სახელზე გადაფორმება შესთავაზა, რის სანაცვლოდაც ბანკი მას იპოთეკით უზრუნველყოფილ ყველა ფინანსურ მოთხოვნას გაუუქმებდა და ასევე მისცემდა საშუალებას, რომ 2,5 წლის განმავლობაში უპრობლემოდ ემუშავა მაღაზიაში. ამასთან, იმავე უძრავ ქონებას ბანკი მოპასუხეს იჯარით გადასცემდა სიმბოლურ 1 ლარად, ანუ ქონების საიჯარო საფასური უნდა განსაზღვრულიყო მხოლოდ 30 ლარით 2,5 წელზე;
10.4. მოსარჩელემ უძრავი ქონება ბანკს გადაუფორმა, თუმცა მალევე ბანკმა მოსარჩელეს 2020 წლის 25 თებერვლამდე მაღაზიის ნებაყოფლობით დაცლა მოსთხოვა;
10.5. მოსარჩელე შიშობს, რომ მოპასუხე მის მიმართ აღძრავს სარჩელს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
11. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
13. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. აპელანტმა ასევე იშუამდგომლა საქმეზე მოწმის სახით, კ.ლ–ას დაკითხვის თაობაზე.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 თებერვლის საოქმო განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის თაობაზე დარჩა განუხილველი.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
16. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
17. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არ არის გამხდარი მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა. ამასთან, უძრავი ქონების ღირებულებით ბანკმა სრულად დაფარა მის წინაშე არსებული მოსარჩელის დავალიანება, ხოლო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ, იპოთეკით დატვირთულ მეორე უძრავ ქონებაზე მოითხოვა მის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის შეწყვეტა. სარჩელის თანახმად, 2020 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების გარდა, მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ, რომ მას შემდეგ რაც უძრავი ქონება მოპასუხის საკუთრებაში გადავიდოდა, მხარეები მასზე იჯარის ხელშეკრულებას გააფორმებდნენ, რასაც მოპასუხე უარყოფს.
18. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102.1, 105-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოს ვერ წარუდგინა იჯარის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულის დასადასტურებლად წარდგენილია მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება. მოპასუხის მიერ განხორციელებული შედავების, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით კი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მხარეთა შორის ზეპირი ფორმით იჯარის ხელშეკრულების დადების ფაქტი მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე მიიჩნიოს დადასტურებულად. მოსარჩელის ახსნა-განმარტება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ამ ფაქტის დადგენისათვის განკუთვნად და სათანადო მტკიცებულებას არ წარმოადგენს.
19. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ივნისის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა კ.ლ–ას მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო საჩივრით არ გასაჩივრებულა, რის გამოც სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეემოწმებინა განჩინების პროცესუალურ-სამართლებრივი კანონიერება.
20. მოწმის დაკითხვის თაობაზე აპელანტის შუამდგომლობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა ამ შემთხვევაშიც მოქმედებს სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების სტანდარტი, რომელიც მოითხოვს იმ საპატიო მიზეზის სარწმუნოდ დადასტურებას, რამაც ხელი შეუშალა მხარეს მტკიცებულების დროულად წარდგენაში. განსახილველ შემთხვევაში აპელანტის შუამდგომლობა იმავე შინაარსისაა, როგორი სახითაც ის პირველი ინსტანციის სასამართლოში იქნა დაყენებული და რომელსაც 2020 წლის 26 ივნისის გაჩინებით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. შესაბამისად, სასამართლომ შუამდგომლობა პროცესუალურად დაუშვებელად მიიჩნია და განუხილველი დატოვა.
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა. კასატორმა ასევე მოითხოვა მოწმის დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 08 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმება.
22. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინებების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
22.1. მოსამართლის მიერ გამოტანილი საოქმო განჩინებით (შენიშვნა: კასატორი საუბრობს პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინებაზე), სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოწმის დაკითხვაზე, თუმცა აღნიშნულის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რადგან მოსამართლემ თავად აღნიშნა, რომ „სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, განსაზღვრული არ არის იჯარის ხელშეკრულების წერილობით დადების აუცილებლობა". აღსანიშნავია, რომ საუბარია მოწმის დაკითხვაზე და არა მისი ჩვენების სავალდებულო გაზიარებაზე, რომელზე უარიც ასევე უნდა დასაბუთებულიყო მოპასუხის მიერ წარსადგენი მტკიცებულებების გამოკვლევით;
22.2. სსსკ-ის მე-4 მუხლით გარანტირებული შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დასახელებული ნორმიდან და სარჩელის მიზნებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რომ მის მიერ დასახელებული მოწმის ჩვენება მიეღო სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელ ერთადერთ მტკიცებულებად. ცხადია, მოსარჩელეს რომ ჰქონოდა რაიმე სხვა მტკიცებულება, მოწმის დაკითხვის აუცილებლობა აღარ იქნებოდა. სსსკ-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა მოსარჩელისთვის მოწმის დაკითხვაზე. სასამართლოს კომპეტენციაში შედის მხოლოდ ჩვენების გაზიარება ან გაზიარებაზე უარის თქმა. თუმცა, გაზიარებაზე უარის თქმაც დასაბუთებული უნდა იყოს. ამდენად, მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ ფაქტის არსებობის დამტკიცება, რომელიც უნდა დადასტურებულიყო მოწმის ჩვენებით და რომელიც, თავის მხრივ, თავად სასამართლომ არ დაუშვა;
22.3. მოპასუხემ განაცხადა, რომ მას გააჩნია ვიდეო-მასალა, რომლითაც დასტურდება, რომ 28.01.2020წ. წერილობითი ხელშეკრულების მიღმა მხარეთა შორის არანაირ ზეპირ შეთანხმებას არ ჰქონია ადგილი, თუმცა მას აღნიშნული ვიდეო-მასალა არც შესაგებელთან ერთად და არც მოსამზადებელ სხდომაზე წარუდგენია. ამასთან, მოპასუხემ ვერ შეძლო პასუხი გაეცა შემდეგ კითხვაზე: თუ მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმება არ დადებულა, რატომ გადაიხადა მან ბიუჯეტის წინაშე არსებული მოსარჩელის დავალიანება და რატომ არ არის ასახული ამ დავალიანების გადახდის ვალდებულება ხელშეკრულებაში?;
22.4. კასატორისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა მოწმის დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების დასაბუთება, მაშინ, როცა პრაქტიკულად მთელი სააპელაციო საჩივარი აგებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი საოქმო განჩინების - მოწმის დაკითხვის თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კანონიერებაზე. ცხადია, პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების საოქმო განჩინებებზე დასაშვები რომ ყოფილიყო კერძო საჩივრის შეტანა, კასატორი მას აუცილებლად წარადგენდა;
22.5. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება უნდა შემოწმდეს სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსსკ-ის მე-4 მუხლთან მიმართებაში და აღნიშნული სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით, ანუ საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა მოწმის დაკითხვას სარჩელის დაკმაყოფილების ჭრილში იგი ნებადართული რომ ყოფილიყო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
24. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 თებერვლის განჩინება, იმავე სასამართლოს 2021 წლის 08 თებერვლის საოქმო განჩინება მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვების თაობაზე და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
25. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იჯარის ხელშეკრულების დადებულად აღიარების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
26. საკასაციო საჩივარი ემყარება იმ გარემოებას, რომ კასატორს არ მიეცა მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა, რომელიც მისი მოთხოვნის დამადასტურებელ ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენდა, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა აღნიშნული მტკიცებულება არ დაუშვეს.
27. საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მას პირველი ინსტანციის სასამართლომ 2020 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინებით დაუსაბუთებლად უთხრა უარი მოწმის დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მისი იგივე შუამდგომლობა ასევე უსაფუძვლოდ დატოვა განუხილველად, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივარი მთლიანად პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების კანონიერებას შეეხებოდა.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მოწმის დაკითხვის თაობაზე აპელანტის შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძვლად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ მას მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინება საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება და იზიარებს კასატორის მითითებას, რომ მისი სააპელაციო საჩივარი მთლიანად სწორედ აღნიშნული განჩინების მართლზომიერებაზე იყო აგებული.
29. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარში მითითებულია შემდეგი:
„მოსამართლის მიერ გამოტანილი საოქმო განჩინებით (13:24:55 საათზე), სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უარი მეთქვა მოწმის დაკითხვაზე, თუმცა ამის მოტივის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია“;
„სასამართლოს არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა ჩემთვის მოწმის დაკითხვაზე ზემოთ მითითებული ნორმის შესაბამისად, რადგან მხოლოდ მე და არა სასამართლო განვსაზღვრავ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად ჩემს მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. სასამართლოს კომპეტენციაში შედის მხოლოდ ჩვენების გაზიარება ან გაზიარებაზე უარის თქმა“;
„ამ ეტაპისთვის საქმის მოკლე შინაარსი შეიძლება გამოიხატოს შემდეგ საპროცედურო რგოლებში: 1. ჩემი სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი ერთადერთი მტკიცებულება - მოწმის ჩვენებაა; 2. სასამართლომ მოწმის დაკითხვაზე უარი განმიცხადა; 3. სასამართლომ უარი მითხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მე ვერ შევძელი იმ ფაქტის არსებობის დამტკიცება, რომელიც უნდა დადასტურებულიყო მოწმის ჩვენებით, რომელიც, თავის მხრივ, თავად სასამართლომ არ დაუშვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება უნდა შემოწმდეს სსსკ-ის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსსკ-ის მე-4 მუხლთან მიმართებაში და ამის სამართლებრივი შედგების თვალსაზრისით, ანუ საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა მოწმის დაკითხვას, იგი ნებადართული რომ ყოფილიყო სასამართლოს მიერ“.
30. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივარში შესაბამის გრაფაში - „სააპელაციო მოთხოვნა“, მითითებული არ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, იმავე სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინების გასაჩივრების შესახებ, საკასაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის შინაარსის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა, აგრეთვე, აღნიშნული საოქმო განჩინების გაუქმება. სააპელაციო საჩივარი სწორედ მოწმის დაკითხვის შუამდგომლობაზე უარის თქმის კანონიერებას ეფუძნება, რაზეც სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
32. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით თავად დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. იმავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
33. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოწმის ჩვენება მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ-ის 4.1 მუხლი).
34. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
35. ამრიგად, შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს (იხ. სუსგ საქმე №ას-794-2020, 24 დეკემბერი, 2020 წელი).
36. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ იჯარის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის კანონით არ არის დადგენილი რაიმე სპეციალური ფორმა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. სადავოობისას აღნიშნული გარიგების წერილობითი ფორმით დადება მხარეს უადვილებს მტკიცების პროცესს, ხოლო გარიგების ზეპირი ფორმით არსებობისას იჯარის ხელშეკრულების დადების ფაქტის დადასტურება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სათანადოდ უზრუნველყოფს მხარე მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზებას და იჯარის ხელშეკრულების დადების ფაქტის დადასტურებას. ამ გარემოების დამტკიცება შესაძლებელია მხარის ხელთ არსებული ნებისმიერი დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით, რომლის მიღებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ (იხ. სუსგ საქმე №ას-1215-2018, 29 მარტი, 2019 წელი).
37. წინამდებარე საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში იშუამდგომლა მოწმის დაკითხვის შესახებ, რომელსაც, სარჩელის თანახმად, უნდა დაედასტურებინა მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან იჯარის ხელშეკრულების დადების დაპირების ფაქტი (იხ. სარჩელი, ტ. 1, ს.ფ. 10). კასატორის მითითებით, მოწმის ჩვენება მისი მოთხოვნის დამადასტურებელ ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, რაც აპელანტმა საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ისე დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად, რომ აღნიშნული საოქმო განჩინების მართლზომიერებაზე არ უმსჯელია. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული ქმედებით აპელანტის მიმართ დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი, რაც დაუშვებელია.
38. მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლი არ ადგენს მოწმედ დაკითხული პირის ახსნა-განმარტების უპირობოდ გაზიარების ვალდებულებას, თუმცა აღნიშნული არ აძლევს სასამართლოს უფლებას, შეჯიბრებითობის პრინციპის გვერდით ავლით, უარი უთხრას მხარეს მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის განხილვაზე (ამ შემთხვევაში მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების მართლზომიერების შემოწმებაზე).
39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
40. როგორც ზემოთ აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინების მართლზომიერებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მთელი სააპელაციო საჩივარი პრაქტიკულად მხოლოდ აღნიშნული განჩინების კანონიერებას შეეხებოდა, შესაბამისად, ზემოთ მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველი.
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ასევე სახეზეა სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 08 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, აღნიშნული განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის თაობაზე დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ, ერთი მხრივ, მოსარჩელეს (აპელანტს) იმავე შინაარსის შუამდგომლობა უკვე წარდგენილი ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომლის დაკმაყოფილებაზეც უარი ეთქვა, ხოლო, მეორე მხრივ, მითითებული განჩინება აპელანტს საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებული არ ჰქონია. შესაბამისად, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველს სწორედ ის გარემოება წარმოადგენს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმჯელია მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინების მართლზომიერებაზე, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასაბუთება საფუძველს მოკლებულია.
42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
43. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებები უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ვინაიდან საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
45. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
46.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ.ლ–იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 08 თებერვლის განჩინება, იმავე სასამართლოს 2021 წლის 08 თებერვლის საოქმო განჩინება მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვების თაობაზე და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი