საქმე №ას-231-2021 16 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ს–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ „ს.კ–ა“ (მოპასუხე)
თანამოპასუხე – შპს „ე–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 04 სექტემბრის 4/4-709 დადგენილებით დარეგისტრირებული შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „ე–ის“ დამფუძნებელ პარტნიორებს წარმოადგენდნენ: ს.კ.კ–ი, ზ.ა–ძე, მ.ს–ი (შემდგომში - „მოსარჩელე“), დ.ზ–ი, ც.ხ–ი. შპს „ე–ი“ წარმოადგენს 1994 წლის 18 ოქტომბერს №4-08/739 დადგენილებით რეგისტრირებული სავაჭრო ფირმა „ე–ის“ სამართალმემკვიდრეს.
2. შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 90 600 ლარს, საიდანაც შპს „ე–ის“ საწესდებო ფონდში კინემატოგრაფისტთა კავშირის შენატანად განისაზღვრა სავაჭრო-საწარმოო ფირმა „ე–ის“ ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებანი (შენობა და მოწყობილობები) არაფულადი შენატანის სახით, რომელიც იყო შპს „ე–ის“ საწესდებო კაპიტალის 50%. საწარმოს განვითარებისათვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვის, ასევე შპს „ე–ის“ შრომითი კოლექტივის სამეურნეო აქტივობებისა და ინტერესების გაზრდის მიზნით, შპს „ე–ის“ თანადამფუძნებლებად შეყვანილ იქნენ კოლექტივის წარმომადგენელი ფიზიკური პირები საწესდებო კაპიტალში საერთო წილით - 50%.
3. შპს „ე–ის“ 1998 წლის 20 იანვრის №3 კრების ოქმით დადგინდა, რომ შპს „ე–ის“ საწესდებო კაპიტალის ქონებით შევსება მოხდა მხოლოდ ორი ფიზიკური პირის - ზ.ა–ძისა და მ.ს–ის მიერ, რაც დადასტურდა ც. ხ–ისა და დ. ზ–ის მიერ, რის შედეგად საზოგადოების პარტნიორები ც. ხ–ლი და დ. ზ–ლი გავიდნენ საზოგადოებიდან და საწესდებო კაპიტალში (90 600 ლარი) შესაბამისი 13% და 12% გადასცეს მ.ს–სა და ზ.ა–ძეს, თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 02 მაისის დადგენილების თანახმად. აღნიშნულის შემდეგ საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორებზე წილები განაწილდა შემდეგნაირად: ს.კ.კ–ი - საწესდებო კაპიტალის 50% - 45 300 ლარი, ზ.ა–ძე - საწესდებო კაპიტალის 25% - 22 650 ლარი, მ.ს–ი - საწესდებო კაპიტალის 25% - 22 650 ლარი. საზოგადოების დირექტორად დაინიშნა ზ.ა–ძე.
4. ს.კ.კ–ისა და შპს „ე–ის“ კუთვნილი ტერიტორიების გამიჯვნის აქტით (1999 წლის 12 თებერვალი) შპს „ე–ს“ კაპიტალის 50%-ის შევსებისათვის გადაეცა შემდეგი უძრავი ქონება: რესტორნის დარბაზები, სათავსო და ანტრესოლი, სამზარეულო, სარდაფები და თაღედი.
5. სასამართლოს 2001 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრს დაევალა ქ. თბილისში, ........ მდებარე არასაცხოვრებელი ფართის აღრიცხვა შპს „ე–ის“ სახელზე. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტმა ცვლილება შეიტანა საჯარო რეესტრის სააღრიცხვო ბარათში. 2011 წელს საჯარო რეესტრში შპს „ე–ის“ საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ქ.თბილისში ......... №2-ში (ს.კ. ....) მდებარე შენობა-ნაგებობის სარდაფ-სართულზე, პირველ სართულსა და ანტრესოლზე, საერთო ფართით 799,16 კვ.მ.
6. მ.ს–მა 2011 წლის 19 ოქტომბერს შპს „ე–ის“ 25%-იანი წილი გადასცა ს.კ.კ–ს.
7. ზ.ა–ძემ 2011 წლის 24 ოქტომბერს თავისი წილი ასევე გადასცა ს.კ.კ–ს. ამასთან, ზ.ა–ძე გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან და შპს „ე–ის“ დირექტორად დაინიშნა ე.შ–ა.
8. შპს „ე–სა“ და ა(ა)იპ „ს.კ.შ.კ–ს“ შორის 2012 წლის 03 ივლისს დაიდო საზოგადოების კაპიტალში უძრავი ქონების სახით განხორციელებული შენატანის პარტნიორისათვის უკან დაბრუნების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ე–ის“ უძრავი ქონება გადაეცა ა(ა)იპ „ს.კ.შ.კ–ს“.
9. ა(ა)იპ „ს.კ.შ.კ–ის“ 2015 წლის 25 სექტემბრის რიგგარეშე ყრილობის №4 სხდომის ოქმის შესაბამისად, საზოგადოებას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა „ს.კ–ა“ (შემდგომში - „მოპასუხე“).
10. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნას ცნობილი 2011 წლის 19 ოქტომბრის კრების ოქმი/წილის დათმობის ხელშეკრულება და აღდგენილ იქნას პირვანდელი მდგომარეობა (მოსარჩელის შპს „ე–ის“ 25%-იანი წილის მფლობელ პარტნიორად აღდგენა); ბათილად იქნას ცნობილი 2012 წლის 03 ივლისის ხელშეკრულება საზოგადოების კაპიტალში უძრავი ქონების სახით განხორციელებული შენატანის პარტნიორისათვის უკან დაბრუნების შესახებ და აღდგენილ იქნას პირვანდელი მდგომარეობა (შპს „ე–ისათვის“ უძრავი ქონების - ს.კ. ...... დაბრუნება).
11. სარჩელის თანახმად, 2011 წლის ოქტომბერში შპს „ე–ის“ 25%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ზ.ა–ძე, ასევე 25%-იანი წილის მფლობელი მ.ს–ი დაიბარეს იმდროინდელი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) შენობაში, სადაც მათზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა ოჯახის წევრების ფიზიკური ლიკვიდაციის, ორივე პირის დაპატიმრებისა და წამების, ასევე, ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარით. თითოეული პირის დაკითხვა მიმდინარეობდა რამდენიმე დღის განმავლობაში, მათ შეზღუდული ჰქონდათ ადვოკატის დახმარებით სარგებლობის უფლება. მათ განუმარტეს, რომ უნდა დაეთმოთ შპს „ე–ის“ წილები მოპასუხის სასარგებლოდ სრულიად უსასყიდლოდ, რადგან ეს „სახელმწიფო ინტერესს“ წარმოადგენდა, სხვა შემთხვევაში ისინი მუქარას აღასრულებდნენ. აღნიშნულ მოვლენებს წინ უსწრებდა მოსარჩელის უთანხმოება ე.შ–ასთან - კ.შ.კ.თ–ის თავმჯდომარესთან, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამდა შპს „ე–ის“ სახელზე მისი კაპიტალის შესავსებად გადაცემული ქონების რეგისტრაციის თაობაზე, რაც 2011 წლის ივლისში განხორციელდა. დაკითხვისას მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული დაბარება და დაკითხვა ინიცირებული იყო ე.შ–ას მიერ, რომელიც მაშინდელი ხელისუფლების წევრებთან დაახლოებულ პირს წარმოადგენდა და უძრავი ქონების სრულად დასაკუთრების მიზანი ამოძრავებდა. რამდენიმე დღიანი ზეწოლის შემდეგ, ჯერ მოსარჩელემ 2011 წლის 19 ოქტომბერს უსასყიდლოდ გადასცა თავისი 25%-იანი წილი მოპასუხეს, ხოლო შემდგომ ზ.ა–ძემ - 2011 წლის 24 ოქტომბერს დათმო დირექტორის პოზიცია და ასევე უსასყიდლოდ გადასცა მოპასუხეს თავისი 25%-იანი წილი.
12. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მან სხვა გარემოებებთან ერთად, ასევე, მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 19 ოქტომბრის წილის დათმობის ხელშეკრულება და შპს „ე–ის“ 25%-იანი წილი დაუბრუნდა მოსარჩელეს; ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 03 ივლისის ხელშეკრულება შპს „ე–ის“ საწესდებო კაპიტალში შენატანის პარტნიორისათვის უკან დაბრუნების შესახებ და შპს „ე–ს“ დაუბრუნდა ქ. თბილისში, ......... ქ. №2-ში მდებარე უძრავი ქონება (ფართობი - 799 კვ.მ, ს.კ. ......).
14. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 სექემბრის საოქმო განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა შპს „ე–ის“ თანამოპასუხედ ჩაბმის თაობაზე დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგი გავლენას ახდენს შპს „ე–ის“ უფლება-მოვალეობებზე, ვინაიდან ის არის 2012 წლის 03 ივლისის სადავო ხელშეკრულების მონაწილე სუბიექტი, რაც სავალდებულოს ხდის საქმეში მის თანამოპასუხედ ჩაბმას.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწლობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
17. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
18. სააპელაციო სასამართლომ თავდაპირველად ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაკმაყოფილდა შპს „ე–ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა კომპანიის თანამოპასუხედ ჩაბმასთან დაკავშირებით, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, პროცესუალური თვალსაზრისით საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს.
19. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 178.2 მუხლებით და განმარტა, რომ დასახელებული სამართლებრივი ნორმების მიხედვით, მხარე თავად წყვეტს სარჩელის აღძვრის საკითხს და განსაზღვრავს დავის საგანს, შესაბამისად, იგი ვალდებულია დაასახელოს თავის მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირები ანუ მოპასუხეები. მოპასუხეთა წრე უნდა იყოს განსაზღვრული და იდენტიფიცირებადი. მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მოსარჩელე საკუთარი შეხედულებით განსაზღვრავს დავის საგანს და მისი მოთხოვნის ადრესატს, თუმცა აღნიშნული დათქმა არ შეიცავს აბსოლუტურ ხასიათს, რადგან შეზღუდულია საპროცესო სამართლებრივი წინაპირობებით. მოპასუხის პროცესუალურ სტატუსს განსაზღვრავს არა მარტო მოსარჩელის სურვილი, არამედ მოთხოვნის ადრესატის დამოკიდებულება მოსარჩელის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების მიმართ და ის თუ, რამდენად ახდენს გავლენას მოპასუხის ინტერესებზე სასამართლოს გადაწყვეტილება.
20. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ითხოვს: 2011 წლის 19 ოქტომბრის კრების ოქმის/წილის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის გზით, შპს „ე–ის“ 25% წილის მესაკუთრედ ცნობას; ასევე, საზოგადოების კაპიტალში უძრავი ქონების სახით განხორციელებული შენატანის პარტნიორისათვის უკან დაბრუნების შესახებ 2012 წლის 03 ივლისის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და შპს „ე–ისათვის“ უძრავი ქონების (ს.კ. ........) საკუთრებაში დაბრუნებას. საგულისხმოა, რომ 2012 წლის 03 ივლისის ხელშეკრულების მონაწილე სუბიექტი არის შპს „ე–ი“, ამასთან სარჩელით მოსარჩელე ითხოვს ქონების შპს „ე–ის“ საკუთრებაში აღრიცხვას, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელეს ის მოპასუხედ არ მიუთითებია. მოსარჩელემ მოპასუხედ დაასახელა სადავო გარიგების მონაწილე მხოლოდ ერთი მხარე, ხოლო შპს „ე–ი“ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას საქმეში მხარედ არ ყოფილა ჩაბმული, რითაც კომპანიას წაერთვა შესაძლებლობა, განსახილველი დავის ფარგლებში ემოქმედა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და პირველი ინსტანციის სასამართლოში წარედგინა შესაბამისი მოსაზრებანი და მტკიცებულებები.
21. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24.1, 25.4, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 2.1, 44-ე მუხლებზე დაყრდნობით მნიშვნელოვნად მიიჩნია განემარტა შემდეგი: ნებისმიერი, როგორც სამეწარმეო, ისე არასამეწარმეო იურიდიული პირი დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობის მატარებელი სამართალსუბიექტია, რომელიც საკუთარი სახელით მონაწილეობს სამოქალაქო ბრუნვაში და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და ამ გარიგებების საფუძველზე აგებს პასუხს მესამე პირთა წინაშე. იურიდიული პირი არის დამოუკიდებელი წარმონაქმნი, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობს სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ შპს „ე–ის“ ყოფილმა პარტნიორმა, მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა იმავე კომპანიის მოქმედი პარტნიორის, მოპასუხის წინააღმდეგ, აღნიშნული არ ცვლის მოსარჩელის ვალდებულებას მოპასუხედ დაასახელოს შპს „ე–ი“, როგორც სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ საქმეზე დამდგარი შედეგი პირდაპირ გავლენას ახდენს კომპანიის უფლება-მოვალეობებზე.
22. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ შპს „ე–თან“ დაკავშირებული ნებისმიერი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია მისი მონაწილეობა, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სსსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სახეზე იქნება სამომავლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
23. სააპელაციო პალატის მითითებით, შპს „ე–ის“ თანამოპასუხედ ჩაბმისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების სასარგებლოდ მეტყველებს არა მხოლოდ საპროცესო ეკონომიის საფუძვლები, არამედ შემდგომი პროცესების თავიდან აცილება და მოთხოვნის გამორიცხვის რისკის შემცირებაც.
24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
25. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
25.1. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული საპროცესო გარემოებები არ წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ თავად ჩააბა საქმეში მხარედ შპს „ე–ი“ და ამ ეტაპიდან მას ჰქონდა შესაძლებლობა განეხორციელებინა მისი უფლება-მოვალეობები, თუმცა მან უარყო აღნიშნული და დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი იყო ყველა გარემოება, ყველა მტკიცებულება და როგორც მხარეს, არ სჭირდებოდა დამატებითი დრო პროცესში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული დასტურდება საოქმო ჩანაწერებით;
25.2. მოსარჩელე დაეთანხმა შპს „ე–ის“ განცხადებას თანამოპასუხედ ჩართვის თაობაზე (რადგან დავის საგანი ეხება მის უფლება-მოვალეობებს ქონების მიკუთვნების ნაწილში) იმ რისკის თავიდან ასაცილებლად, რომ არ მომხდარიყო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოება გაგრძელებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ შპს „ე–ისათვის“ და ასევე მისი დირექტორისათვის, ე.შ–ასთვის თავიდანვე ცნობილი იყო აღნიშნული დავის თაობაზე, იგი მოწმედაც იყო დაბარებული სასამართლოში და მისცა ჩვენება საქმის გარშემო;
25.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება უკანონოა. სხვა შემთხვევაში აზრს კარგავს სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს „ე–ის“ მხარედ ჩაბმა, რადგან ამ შემთხვევაში მას არ უნდა ჩაება იგი მოპასუხედ და გაეუქმებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ ამ მოტივით. თუმცა, უკვე ჩართულზე საქმე უნდა გაგრძელებულიყო, შეეფასებინა აპელაციის კანონიერება, მიეცა სამართლებრივი შეფასება და გამოეტანა არსებითი გადაწყვეტილება საქმეზე;
25.4. კასატორის მოსაზრებით, პირველ ინსტანციის სასამართლოში საქმის უკან დაბრუნებით სრულიად დაუსაბუთებლად ხდება სასამართლოს მიერ საქმის გაჭიანურება.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
27. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით - 2011 წლის 19 ოქტომბრის წილის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და შპს „ე–ის“ 25%-იანი წილის მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე - გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას; ხოლო, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი.
28. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია თანამოპასუხის ჩაბმის მოტივით წინამდებარე საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების მართლზომიერება.
29. კასატორი დავობს, რომ საქმეში თანამოპასუხის ჩართვა არ წარმოადგენდა საქმის ხელახლა განსახილველად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საფუძველს, ვინაიდან თანამოპასუხისათვის ცნობილი იყო საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ და მან თავად განაცხადა, რომ არ სჭირდებოდა დამატებითი დრო პროცესში მონაწილეობის მისაღებად.
30. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი არსებობს მხოლოდ მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად (სსსკ-ის 2.1 მუხლი). სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ (სსსკ-ის 3.1 მუხლი). მოცემული ნორმა ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულებაა, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპზე დაყრდნობით ყოველი პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება, თავად წყვეტს ამ უფლების სასამართლო წესით დაცვის საკითხს საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმას, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაამყაროს მოთხოვნა.
32. დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებას წარმოადგენს არამარტო მოსარჩელის უფლება, განსაზღვროს დავის საგანი, არამედ გადაწყვიტოს ისიც, თუ ვის მიმართ წარადგინოს მოთხოვნა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარჩელში, სხვა რეკვიზიტებთან ერთად, სავალდებულოა ასევე მოპასუხის სახელის, გვარისა (სახელწოდება) და მისამართის აღნიშვნა.
33. ამდენად, დისპოზიციურობა ასევე გულისხმობს ყოველი პირის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს, ვის მიმართ წარადგინოს პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ (იხ. სუსგ საქმე №ას-1338-1258-2017, 29 ნოემბერი, 2017 წელი). სუბსუმცია, ანუ ფაქტობრივი გარემოებების მიმართ სამართლებრივი ნორმის შეფარდება მოიცავს პროცესს, რომლის ფარგლებში უნდა გაეცეს კითხვებს პასუხი: ვინ ითხოვს? რას? ვისგან? რის საფუძველზე? შესაბამისად, მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმება სწორედ დავის საგნის განსაზღვრითა და მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის დადგენით იწყება. თუ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ არ იქნა წარდგენილი, სარჩელი არ დაკმყოფილდება. (იხ. ქ. მესხიშვილი, ჰაგენლოხი / ალავიძე / ბაქაქური / ბერეკაშვილი / გასიტაშვილი / თოდუა / მესხიშვილი / ქათამაძე / ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 58).
34. ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც სასამართლო მოპასუხეთა წრის შერჩევაში ერევა, სავალდებულო თანამოპასუხეობაა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ: ა) სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება; ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან; გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი. ამასთან, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებული საპროცესო თანამონაწილეობის საფუძველი (სავალდებულო თანამონაწილეობა) არ შეიძლება, განიმარტოს თანამონაწილეობის მატერიალური წინაპირობების გაუთვალისწინებელად. სავალდებულო თანამონაწილეობის შემთხვევაში, პირები ერთმანეთთან მატერიალურსამართლებრივი საფუძვლით იმგვარად არიან დაკავშირებულები, რომ სარჩელის საგანს საერთო უფლება წარმოადგენს, ხოლო, საპროცესოსამართლებრივი კუთხით, ერთ-ერთი მხარის გამოცხადება, გამორიცხავს მასთან სავალდებულოდ დაკავშირებული თანამონაწილის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას.
35. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ თუ სავალდებულო თანამოპასუხის საქმეში ჩართვის საჭიროება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე გამოვლინდა, აღნიშნული გარემოება, როგორც წესი, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნების პროცესუალურ წინაპირობას წარმოადგენს, რათა სავალდებულო თანამოპასუხედ ჩასართავ პირს სამინსტანციური სასამართლო წარმოების შესაძლებლობა არ მოესპოს (იხ. ქ. მესხიშვილი, ჰაგენლოხი / ალავიძე / ბაქაქური / ბერეკაშვილი / გასიტაშვილი / თოდუა / მესხიშვილი / ქათამაძე / ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 60).
36. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ „ს.კ–ის“ მიმართ. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს: 2011 წლის 19 ოქტომბრის სხდომის ოქმის/წილის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა - მოსარჩელის შპს „ე–ის“ 25%-იანი წილის მესაკუთრეც ცნობა; ასევე, საზოგადოების კაპიტალში უძრავი ქონების სახით განხორციელებული შენატანის პარტნიორისათვის უკან დაბრუნების შესახებ ა(ა)იპ „ს.კ.შ.კ–სა“ (ამჟამად - ა(ა)იპ „ს.კ–ა“) და შპს „ე–ს“ შორის 2012 წლის 03 ივლისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა - უძრავი ქონების შპს „ე–ისათვის“ დაბრუნება. ამდენად, მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით სახეზეა სავალდებულო თანამონაწილეობის შემთხვევა, ვინაიდან სადავო ხელშეკრულების მხარეს ა(ა)იპ „ს.კ–ასთან“ ერთად წარმოადგენს შპს „ე–ი“ და აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს მის უფლება-მოვალეობებზე. შესაბამისად, შპს „ე–ის“ მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია მეორე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში წინამდებარე საქმის განხილვა.
37. მიუხედავად აღნიშნულისა, სარჩელში შპს „ე–ი“ მოპასუხედ დასახელებული არ ყოფილა, იგი მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას ჩაერთო საქმეში თანამოპასუხედ. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მას არ ჰქონია შესაძლებლობა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, სრულყოფილად ესარგებლა მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებებით, რაც, ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, მეორე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობას წარმოადგენს.
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსსკ-ის 380-ე მუხლი). ხოლო, საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარდგენა არ დაიშვება (სსსკ-ის 407.1 მუხლი).
39. ამდენად, სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას მხარეს შეზღუდული აქვს მისი მოთხოვნის დასასაბუთებლად თუ მეორე მხარის მოთხოვნის გასაქარწყლებლად საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა.
40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მეორე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები.
41. რაც შეეხება პირველ სასარჩელო მოთხოვნას, სადავოა მ.ს–სა და ა(ა)იპ „ს.კ.შ.კ–ს“ შორის დადებული წილის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელს გადაეცა მოსარჩელის კუთვნილი შპს „ე–ის“ 25%-იანი წილი. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას - შპს „ე–ის“ 25%-იანი წილის მესაკუთრედ ცნობას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო თანამონაწილეობის საფუძველი (სავალდებულო თანამონაწილეობა), შპს „ე–ი“ არ არის სადავო გარიგების მხარე, ხოლო წინამდებარე დავაში თავიდანვე ხელშეკრულების ყველა მხარე იღებდა მონაწილეობას.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით სახეზე არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების წინაპირობა, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართებულობაზე და თავად მიეღო გადაწყვეტილება.
43. შესაბამისად, პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველი.
44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
45. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და პირველი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ვინაიდან საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
46. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
47. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ს–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება 2011 წლის 19 ოქტომბრის წილის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და შპს „ე–ის“ 25%-იანი წილის მ.ს–ისათვის დაბრუნებას - გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი;
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი