საქმე №ას-665-2023 20 ივლისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.ა–ვი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - გ.ა–ნი, ლ.ა–ნი, ა.ხ–ნი, ი.ხ–ნი, ხ.ხ–ნი, ვ.ჩ–ნი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ა–ვმა (შემდეგ - პირველი მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) და ე.ა–მა (შემდეგ - მეორე მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ.ა–ნის (შემდგომ - პირველი მოპასუხე), ლ.ა–ნის (შემდგომ - მეორე მოპასუხე), ა.ხ–ნის (შემდგომ - მესამე მოპასუხე), ი.ხ–ნის (შემდგომ - მეოთხე მოპასუხე), ხ.ხ–ნის (შემდგომ - მეხუთე მოპასუხე) და ვ.ჩ–ის (შემდგომ - მეექვსე მოპასუხე, ყველა ერთად - მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვეს 2012 წლის 13 ივლისისა და 2014 წლის 15 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
3. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის განჩინებით, მეორე მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილევლად (აღნიშნული კერძო საჩივრით გასაჩივრდა, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება).
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინებით, აპელანტის (პირველი მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, აპელანტის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი არ პასუხობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 180-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს, კერძოდ, აპელანტს არ გააჩნია სადავო გარიგებების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი და არც ის პირი არაა, რომელსაც ამ გარიგებათა ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება შეიძლება ეკუთვნოდეს.
6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 18.01.2012 წლის განაჩენის საფუძველზე სარჩელით მიმართეს სასამართლოს და პირველი მოპასუხისათვის 38 559 აშშ დოლარისა და 11 441 აშშ დოლარის დაკისრება იმ მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვეს, რაც მათ მიადგათ დანაშაულებრივი ქმედებით.
7. სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.08.2013 წლის გადაწყვეტილებით: მეორე მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პირველ მოპასუხეს, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ, 38 559 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. პირველი მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.08.2013 წლის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მის საფუძველზე, 22.01.2014 წელს სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი მეორე მოსარჩელის (კრედიტორის) სასარგებლოდ. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 22.01.2014 წელს გაცემული №2/11152-12 სააღსრულებო ფურცელი.
8. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, კრედიტორია მეორე მოსარჩელე, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის მოპასუხისაგან მიღების/ამოღების უფლება სწორედ მას გააჩნია და არა პირველ მოსარჩელეს, რისი გათვალისწინებითაც, სადავო გარიგებების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი ამ უკანასკნელს არ გააჩნია.
9. სააპელაციო სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში, მიზანშეწონილად არ მიიჩნია სარჩელის განუხილველად დატოვება (სსსკ-ის 372-ე, 385- ე, 393.3-ე, 394.„ე“ და 187.2-ე მუხლებიდან გამომდინარე) და მიუთითა, რომ ასეთი საპროცესო გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ მიიღება, როდესაც იკვეთება მოსარჩელის მიერ მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრისა და დაკმაყოფილების პერსპერქტივა. მოცემულ შემთხვევაში, ასეთი შესაძლებლობა გამორიცხულია, კერძოდ, დასახელებული იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, პირველი მოსარჩელის მიერ მიკუთვნებითი სარჩელის (ბათილი გარიგებების საფუძველზე გასხვისებული ქონების მოპასუხის/მოვალის საკუთრებაში აღრიცხვისა და გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით ამ ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა) აღძვრისა და დაკმაყოფილების არანაირი პერსპერქტივა არ იკვეთება, რადგან, როგორც აღინიშნა, ასეთი სარჩელის წარდგენის უფლება მხოლოდ მეორე მოსარჩელეს გააჩნია.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, აპელანტმა (პირველმა მოსარჩელემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
11. კასატორის მითითებით, სასამართლო მიკერძოებული იყო, რამაც განაპირობა უკანონო განჩინების გამოტანა. აღნიშნულზე მეტყველებს ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ მეორე მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე განზრახ დატოვა განუხილველად და ამით მას სააპელაციო ინსტანციაში საკუთარი უფლებრივი ინტერესების დაცვის საშუალება მოუსპო.
12. კასატორის განმარტებით, საპროცესო ნორმების უხეშ დარღვევად უნდა ჩაითვალოს ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია სააპელაციო საჩივარში დაყენებულ მოთხოვნაზე მეექვსე მოპასუხის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ საოქმო განჩინებებზე, რომელმაც მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ დააკმაყოფილა.
13. კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა თითქოს მას არ გააჩნია იურიდიული ინტერესი მოცემული საქმის მიმართ. კასატორს ძმისგან - მეორე მოსარჩელისგან მიცემული ჰქონდა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული სახლის სრული და აბსოლუტური განკარგვის მინდობილობა და უფლება. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის საცხოვრებელი ბინის აღსრულების წესით რეალიზაციის შემთხვევაში შესაძლებელი იყო, რომ მეორე მოსარჩელეს შეეძინა ახალ საცხოვრებელ ბინა და მფლობელობაში გადაეცა კასატორისათვის, რადგან ისინი და-ძმანი არიან და ამის თაობაზე აქვთ შესაბამისი მოლაპარაკება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მათ შორის, ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა მოჩვენებით, რათა ქონება პირველი მოპასუხის ვალდებულების შესრულების საგანი არ ყოფილიყო.
19. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს კასატორის მოთხოვნას ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სსსკ-ის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სსსკ-ის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ და შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის - იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურსამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, როდესაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებას; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რაც მოსარჩელეს სურს ამგვარი აღიარებით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიექტურად მიღწევადი უნდა იყოს.
21. საკასაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (Apostol v. Georgia; §37); ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე, იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად, შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. ასევე: IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).
22. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელეების მიერ პირველი მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი 18.01.2012 წლის განაჩენის საფუძველზე დანაშაულებრიი ქმედების შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პირველ მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ 38 559 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. პირველი მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მის საფუძველზე 2014 წლის 22 იანვარს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომელიც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია.
23. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს უძრავი ქონების პირველი მოპასუხისათვის საკუთრებაში დაბრუნება წარმოადგენს, რათა უძრავი ქონების რეალიზაციით მოხდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით კასატორის მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, კრედიტორია მეორე მოსარჩელე, კასატორს ვერ ექნება ნამდვილი იურიდიული ინტერესი სადავო ქონების მოვალის საკუთრებაში დაბრუნების მიმართ, რადგან სააღსრულებო წარმოება მის სასარგებლოდ არ მიმდინარეობს და გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის პირველი მოპასუხისაგან ამოღების უფლება მას არ გააჩნია, შესაბამისად, იმ მოქმედებების ბათილად ცნობით, რომელიც სადავო უძრავ ქონებას ეხება, მოსარჩელემ ვერ შეძლო, დაესაბუთებინა აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა.
24. საკასაციო პალატის განმარტებით, მოცემული დავის საგნის იურიდიული ინტერესი მხოლოდ მეორე მოსარჩელეს გააჩნია. ამ უკანასკნელის სააპელაციო საჩივარი კი, სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის განჩინებით, დაუშვებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილევლად (რაც შესულია კანონიერ ძალაში), რისი გათვალისწინებითაც, მისი სააპელაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, სასამართლომ კანონიერად არ შეამოწმა არსებითად გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც სადავო გარიგებები მოსაჩვენებლად დადებულად არ იქნა მიჩნეული.
25. პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები კასატორის იურიდიულ ინტერესად ვერ იქნება მიჩნეული, რადგან, სადავო გარიგებების საგანი მოპასუხის საკუთრებაა და ამ გარიგებების ბათილად ცნობის შემთხვევაში, ქონება ამ უკანასკნელის (და არა პირველი ან მეორე მოსარჩელის) საკუთრებაში აღირიცხება. ამასთან, აბსტრაქტული მითითება, რომ რეალიზაციის დროს მეორე მოსარჩელე შეიძენდა და კასატორს გადასცემდა ქონებას, დაუსაბუთებელია და სარჩელის დაცვის ღირს ინტერესად ვერ შეფასდება.
26. საკასაციო პალატის შეფასებით, აღიარებითი მოთხოვნის წარმატებულობა მოსარჩელის ინტერესის დაკმაყოფილებისათვის არასაკმარისია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სწორად განკარგა პროცესუალურსამართლებრივი შესაძლებლობა, როდესაც არ მიიჩნია მიზანშეწონილად სარჩელის განუხილველად დატოვება.
27. რაც შეეხება კასატორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს შესაძლო მიკერძოებულობის თაობაზე, პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს და მიუთითებს, რომ ამ უკანასკნელის მიერ მოსამართლის (მოსამართლეების) მიკერძოებულობასთან დაკავშირებით მოხმობილი პრეტენზიები მხოლოდ სუბიექტური შეფასებაა, რამდენადაც მოსამართლის აცილების საფუძვლები ამომწურავადაა ჩამოთვლილი საპროცესო კანონმდებლობაში და ჩამონათვალი არ მოიცავს კასატორის მიერ დასახელებულ არცერთ გარემოებას. რაც შეეხება სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც შესაძლოა, სსსკ-ის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით იყოს გათვალისწინებული, არც ასეთი შემთხვევაა გამოვლენილი. მხოლოდ ის გარემოება, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მეორე მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი საპროცესო ვადის დარღვევის გამო განუხილველად დატოვა, არ ადასტურებს სასამართლოს მიკერძოებულობას, მით უფრო, მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერებაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლომაც იმსჯელა და გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს პოზიცია სააპელციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით. ამდენად, პალატის შეფასებით, კასატორმა ვერ მიუთითა იმგვარ მინიმალურ საფუძვლებზეც, რაც მოსამართლის (სასამართლო შემადგენლობის) მხრიდან მიკერძოებულობის გამოვლენას უკავშირდება მოცემული საქმის განხილვის დროს სააპელაციო სასამართლოში.
28. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით არ იზიარებს კასატორის წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტშში მითითებულ პრეტენზიასაც და განმარტავს, რომ მსგავს პრეტენზიას არ შეიცავს სააპელაციო საჩივარი, ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები არ არსებობდა, ვინაიდან დავის საგანი მოპასუხეთა საერთო უფლებას ეხება.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
30. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
33. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-731-2021, 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება; ას-908-2019, 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინება; №ას-1092-2018, 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება, Nას-62-2019, 2019 წლის 17 ივლისის განჩინება, №ას-523-523-2018, 2019 წლის 12 აპრილის განჩინება, № ას-955-2018, 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინება).
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
35. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ა–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
რევაზ ნადარაია
თეა ძიმისტარაშვილი