საქმე №ას-627-2023 20 ივლისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,პ–ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - საგარანტიო ვადის უზრუნველსაყოფად დაკავებული თანხის უკან დაბრუნება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,პ–ამ“ (შემდეგ - მოსარჩელე, მენარდე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ - მოპასუხე, შემკვეთი, აპელანტი, კასატორი) წინააღმდეგ და მოითხოვა, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 11 575 ლარის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 11 575 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინებით, აპელანტის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 629.1 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების დავალიანების - 11 575 ლარის გადახდის დაკისრებას, რომლის დაყოვნების (დაკავების) მიზანი შესრულებული სამუშაოს ხარვეზის უზრუნველყოფა იყო.
6. სასამართლოს მითითებით, იმ შემთხვევაში, თუ მენარდე უხარისხოდ შეასრულებდა სამუშაოს, დასახელებული თანხა დაუბრუნდებოდა ხარვეზების აღმოფხვრისა და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით კი, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წლით.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2018 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი 2018 წლის 27 სექტემბერს გაფორმდა. ამდენად, საგარანტიო პერიოდი 27.09.2021წ. ჩათვლით იყო. მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით, პრეტენზია არ გამოუთქვამს, რისი გათვალისწინებითაც, სადავო თანხის დაყოვნების მიზანი (ხარისხის უზრუნველყოფა) ამოწურული იყო მოპასუხისათვის წერილობითი მიმართვისა და მით უფრო სარჩელის აღძვრის დროისათვის.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა მოპასუხის წინაშე ნაკისრი სამუშაოების შესრულების ვალდებულება. ამ თანხის ნაწილი მოსარჩელემ მიიღო შეთანხმებული პირობით, დარჩენილი ნაწილი კი, მოპასუხემ დაუსაბუთებლად არ გადაიხადა. დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით, საგარანტიო ვალდებულების ამოქმედება დამოკიდებული იყო ნეგატიურ მოვლენაზე. თუ მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, საგარანტიო ვადაში, წარმოიქმნებოდა დამატებითი შესრულების საჭიროება და ეს ვალდებულება მოსარჩელის მხრიდან არაჯეროვნად შესრულდებოდა, მოპასუხე უფლებამოსილი იყო, დაეტოვებინა, გარანტიის პირობად დატოვებული თანხა. დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიღების შემდეგ დამატებითი შესრულების მოთხოვნა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგარანტიო ვადაში, არ წარუდგენია, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხესთან მოსარჩელის კუთვნილი თანხის დაკავების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10. კასატორის მითითებით, მხარეთა შორის 2018 წლის 22 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელემ აიღო ქ. თბილისის მასშტაბით სანიაღვრე/სადრენაჟე და საკანალიზაციო ქსელის მოწყობის და აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების ვალდებულება. ხელშეკრულების 4.1 პუნქტით, შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორებიდან 2 წლით, 4.3 პუნქტით კი - სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნებოდა 5%. დაკავებული 5%-დან 2.5% გადაიხდებოდა სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დანარჩენი 2.5% - შესაბამისი ოდენობის სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ. აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, საფინანსო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეს არ შეუსრულებია ხელშეკრულების 4.3 პუნქტით გათვალისწინებული პირობა, სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია წარმოედგინა, მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაებრუნებინა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დაკავებული თანხა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე ეფუძნება სსკ-ის 629-ე მუხლის პირველ ნაწილს (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შეკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური).
16. ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.
17. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას (იხ.სუსგ № ას-1646-2019, 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება).
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ №ას-696-696-2018, 2018 წლის 6 ივლისის განჩინება).
19. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელეს სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 5%-დან 2.5% აუნაზღაურდა. სადავოა დარჩენილი 2.5%-ის მოწინააღმდეგე მხარისათვის ანაზღაურება, რომელიც, კასატორის მტკიცებით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება, რადგან მოწინააღმდეგე მხარის მიერ არშესრულებულა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.3 პუნქტით გათვალისწინებული პირობა და არ წარმოდგენილა სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია.
20. საკასაციო პალატა კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მხარეებს შორის, 2018 წლის 22 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 02.01/30/401 ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წლით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტის აღმოჩენის) შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეული იყო უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებული იყო, აღმოეფხვრა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით. იმავე ხელშეკრულების 4.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნებოდა 5%. დაკავებული 5%-დან 2.5% გადაიხდებოდა სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო, დარჩენილი 2.5% - შესაბამისი ოდენობის სავალდებულო, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ. აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, საფინანსო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნული ვალუტით - ლარით, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების საგარანტიო ვადას. მიმწოდებელს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნდებოდა აღნიშნული საბანკო გარანტია ხარვეზის აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ (4.4 პუნქტი). თუ მიმწოდებელი არ შეასრულებდა ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მოთხოვნებს, მაშინ 4.3 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2.5% არ ანაზღაურდებოდა.
21. პალატის მითითებით, დასახელებული სახელშეკრულებო პირობების ანალიზი ცხადყოფს, რომ მიწოდებული სამუშაოს დარჩენილი ღირებულების 2.5%-ის შემკვეთის მიერ დაყოვნების (დაკავების) მიზანი შესრულებული სამუშაოს ხარვეზის უზრუნველყოფა იყო და აღნიშნული ემსახურებოდა შემკვეთის ინტერესების ქმედით დაცვას, რომ ან წინასწარ წარმოდგენილი საბანკო გარანტიით, ან გადახდილი თანხის კონკრეტული მოცულობის დაკავებით, ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებულიყო.
22. საკასაციო პალატის განმარტებით, მხარეთა შორის 2018 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულების ფარგლებში მიღება-ჩაბარების აქტი 2018 წლის 27 სექტემბერს გაფორმდა და, ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა 2021 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით იყო. უდავოა, რომ შემკვეთს (კასატორს) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების დღიდან საგარანტიო ვადის განმავლობაში და არც მას შემდგომ, მენარდისათვის შესრულებული სამუშაოების მიმართ (უხარისხო ან არაჯეროვანი შესრულებისათვის) რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებია, რისი გათვალისწინებითაც, პალატის მითითებით, საბანკო გარანტიის წარუდგენლობა არ შეიძლება, დაკავებული თანხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს, მით უფრო მაშინ, როდესაც შესრულების ხარისხი, ვადა და სხვა გარემოებები სადავო არ არის (იხ. მოცემულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრქატიკა საქმე №ას-453-2022, 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება; საქმე №ას-968-2021წ, 2021 წლის 17 დეკემბრია განჩინება).
23. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიუთითებს, რომ გადასახდელად დარჩენილი თანხის 2.5%-ის ანაზღაურებაზე უარი უსაფუძვლოა როგორც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიზნიდან, ასევე - საბანკო გარანტიის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე (სსკ-ის 879 მუხლი), რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა და გადაიხდება, როგორც კომპენსაცია, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას. შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთ-ერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც შესრულებულ სამუშაოში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული (იხ. საქმე №ას-344-2019, 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, რადგან უდავოა მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, რაც არ გამხდარა მოპასუხის მხრიდან სადავო, წარმოშობს ნარდობის ფასის სრულად გადახდის ვალდებულებას, შესაბამისად, მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნოს ხარისხის უზრუნველსაყოფად დაკავებული 2,5% - 11 575 ლარი.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ვალდებულებათა შესრულებისას, სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგები და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს (იხ. სუსგ №ას-1252-2020, 29.09.2021წ).
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
26. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-344-2019, 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება; №ას-362-344-2015, 2015 წლის 31 ივლისის განჩინება; საქმე №ას-453-2022, 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება; საქმე №ას-968-2021წ, 2021 წლის 17 დეკემბრია განჩინება).
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
31. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
რევაზ ნადარაია
თეა ძიმისტარაშვილი