Facebook Twitter

საქმე №ას-563-2023 20 ივლისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.ლ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე.ო–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.ო–მა (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ლ–ძის (შემდგომ – მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 10 000 ევროს ეკვივალენტი ლარის დაკისრება.

2. მოპასუხემ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 10 000 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით, მოპასუხეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინებით, მოპასუხის (აპელანტის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განჩინება.

6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 230-ე, 215-ე, 233-ე და 241-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დანიშნული იყო 2021 წლის 10 ივნისს, 14:00 საათზე, რომელზეც არ გამოცხადდა მოპასუხე, ხოლო მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა 2021 წლის 19 ივლისს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა საჩივარი იმავე წლის 10 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, სადაც სხდომაზე გამოუცხადებლობის ერთ-ერთ გარემოებად ავადმყოფობას უთითებდა, წნევასა და გულსისხლძარღვთა დაავადებას, რაც მისი მოსაზრებით, ბათუმიდან თბილისში მგზავრობას ხელს უშლიდა და განმარტავდა, რომ ექიმის შესაბამის ცნობას სასამართლოში წარმოადგენდა.

8. სასამართლოს განმარტებით, 2022 წლის 27 ივნისს, ერთი წლის შემდეგ, საჩივრის ავტორმა განცხადებას დაურთო, მისივე განმარტებით, სამედიცინო კონსულტაციის შემდგომ გაცემული საექიმო დასკვნის ასლი, რაც სადავო გარემოების დასადგენად არარელევანტური მტკიცებულებაა, ვინაიდან არ არის წარდგენილი დედნის სახით, ამასთან, შინაარსიდან გამომდინარე, საერთოდ არ უკავშირდება მხარის მიერ საჩივარში მითითებულ ჯანმრთელობის საკითხს - წნევასა და გულსისხლძარღვთა დაავადებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიუთითა, რომ მხარემ ვერ დაადასტურა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობა, ისევე, როგორც - სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობის სსსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საპატიო მიზეზი, შესაბამიად, არ არსებობს აპელანტის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული გაჩინების გაუქმების მოთხოვნით.

10. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 215-ე მუხლი და არაკანონიერად არ მიიჩნია მოპასუხის ავადმყოფობის შესახებ პირადი მკურნალი ექიმის მიერ გაცემული ცნობა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, რომლის თანახმად, მოპასუხეს აქვს მძიმე პოსტოპერაციული მოვლენები, ძლიერი, შეტევითი ტკივილი მუცლის არეში, რის გამოც დაენიშნა წამლები და წოლითი რეჟიმი დაკვირვების კონტროლით.

11. კასატორის მითითებით, კასატორმა შეიტანა შესაგებელი და ყველა პროცესუალური საშუალებით ცდილობდა სარჩელისგან თავის დაცვას, სასამართლომ კი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით მას წაართვა შესაძლებლობა, უშუალოდ საქმის განხილვის დროს დაეცვა საკუთარი უფლებები.

12. კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, მან სასამართლოს სხდომის დისტანციურად გამართვის შესახებ მიმართა (დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის განხილვისას), რადგანაც მოპასუხე ვერ ახერხებდა ბათუმიდან თბილისში ჩასვლას, თუმცა, მან ბათუმში ოფისში მისვლაც ვერ შეძლო, რათა სხდომაში მონაწილეობა მიეღო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო პალატის შეფასების საგანია სსსკ-ის 230.1 მუხლის (სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა) შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება, ანუ რამდენად მართებულად შეაფასა თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობები და არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ით გათვალისწინებული საფუძვლები.

16. საკასაციო სასამართლოს აზრით, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება), საქმეზე დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

18. თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლო სხდომა 2021 წლის 10 ივნისს, 14:00 საათზე დანიშნა, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობათ მხარეებს.

19. 2021 წლის 10 ივნისს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, ხოლო მოსარჩელემ, სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ იშუამდგომლა.

20. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა.

21. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის იმ პრეტენზიაზე, რომელიც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოობას შეეხება და განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს სსსკ-ის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ. სუსგ №ას-152-148-2016, 2016 წლის 3 ივნისის განჩინება), თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნისა ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (შდრ. სუსგ №ას-1468-1388-2017, 2018 წლის 11 მაისის განჩინება).

23. ამასთან, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, ხომ არ ვლინდება შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა სსსკ-ის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი. ამასთან, არ იკვეთებოდა ხსენებული მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განმაპირობებელი გარემოება. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქმეზე სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი არცერთი გარემოება არ დადგენილა.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი და მიზეზის სასამართლოსათვის შეუტყობინებლობაც. დასახელებული გარემოება, თავის მხრივ, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილების მიზეზი გახდა.

26. კასატორის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით, ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა.

27. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

28. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მიიჩნიოს საპატიოდ, თუკი ავადმყოფობით არის განპირობებული. ამასთან, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

29. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ საქმე №ას-1270-2018, 2018 წლის 2 ნოემბერის განჩინება). ამრიგად, საქმის განხილვაზე გამოუცხადებელმა მხარემ იმ გარემოებასთან ერთად, რომ სხდომის დღეს ობიექტურად ვერ შეძლებდა სასამართლოში გამოცხადებას, უტყუარად უნდა დაადასტუროს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობის ფაქტი.

30. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სსსკ-ის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სსსკ-ის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.

31. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის პრეტენზიებზე სადავო საკითხთან მიმართებით და განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად არ დასტურდება კასატორის (მოპასუხის) სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა.

32. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2021 წლის 10 ივნისს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ წინასწარ სასამართლოსთვის არ უცნობებია. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ საჩივრით იმ გარემოებაზე მითითებით გახადა სადავოდ, რომ წნევისა და გულსისხლძარღვთა დაავადების გამო ბათუმიდან თბილისში მგზავრობა და სასამართლო სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო. ამასთან, საჩივარში მიუთითებდა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებას წარადგენდა სასამართლოში, თუმცა საჩივარში მოყვანილი გარემოების შეფასების სანდოობისა და სარწმუნოობის თვალსაზრისით, მას რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია.

33. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარემ საჩივრის წარდგენიდან მხოლო ერთი წლის შემდეგ წარადგინა სასამართლოში 2021 წლის 9 ივნისით დათარიღებული ექიმის (გინეკოლოგის) კონსულტაციის ასლი, რომელიც საჩივარში მითითებული გარემოებებს არ უკავშირდება, კერძოდ, მასში, პაციენტის (მოპასუხის) სულ სხვა ჯანმრთელობის პრობლებია აღწერილი (ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, შეტევითი ხასიათის), რაც თავის დროზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში მითითებული არ ყოფილა.

34. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საჩივრის წარდგენიდან ერთი წლის შემდეგ განცხადებით წარმოდგენილი ექიმის კონსულტაციის ასლი, რომლის შესახებაც საჩივარში არ ყოფილა მითითებული არ ქმნის კასატორის მიმართ ობიექტური რწმენის შესაძლებლობას სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 215.3 მუხლის მოთხოვნას, კერძოდ, იგი არაა გაცემული სამედიცნო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, მეტიც, მასზე საერთოდ არაა მითითებული, სამედიცინო დაწესებულების დასახელება, რომლის ექიმმაც გასცა აღნიშნული მტკიცებულება.

35. პალატა მიუთითებს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორს არ დაუდასტურებია ის ფაქტიც, რომ მას არ შეეძლო გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსთვის, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, არათუ კასატორის მიერ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მან სხდომამდე წინასწარ აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, არამედ, მას არც საჩივარში/სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ საჩივარში და არც საკასაციო საჩივარში არც კი მიუთითებია იმ გარემოებებზე, რომ მისთვის ობიექტურად შეუძლებელი იყო გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლოს დროული ინფორმირება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით გინეკოლოგმა კონსულტაცია 2021 წლის 9 ივნისს, ანუ სასამართლო სხდომის წინა დღეს გასცა, შესაბამისად, კასატორისათვის შეუძლებელი არ უნდა ყოფილიყო პროცესზე გამოუცხადებლობაზე სასამართლოს გაფრთხილება, თუმცა მას სასამართლოსთვის მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ უცნობებია.

36. საკასაციო პალატა სსსკ-ის 93-ე მუხლზე მითითებით დამატებით განმარტავს, რომ კასატორს 2021 წლის 10 ივნისს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ 2021 წლის 17 მაისს ეცნობა (აღნიშნული დადგენილია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რომლის წინააღმდეგაც კასატორს პრეტენზია არ წარუდგენია). ამდენად, როგორც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანს, მას სასამართლოს სხდომამდე საკმაო დრო ჰქონდა, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველეყო, წარმომადგენლისათვის მინდობილობის გაფორმება (მოპასუხემ მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გასცა მინდობილობა წარმომადგენელზე), რაც მას არ განუხორციელებია.

37. პალატის მითითებით, მოპასუხეს (კასატორს) როგორც აღინიშნა შეეძლო ან წარმომადგენლის მეშვეობით დაეცვა ინტერესები სასამართლო სხდომაზე, ან სასამართლოსთვის მიემართა შუამდგომლობით სხდომის დისტანციურად გამართვასთან დაკავშირებით, რითაც აირიდებდა მის მიმართ უარყოფით სამართლებრივი შედეგს, რაც ამ უკანასკნელს ასევე არ განუხორციელებია.

38. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის განსჯით, კასატორმა ვერ წარუდგინა სასამართლოს, იმგვარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას ობიექტურად არ შეეძლო საქმის განხილვაზე გამოცხადება და სასამართლოს ინფორმირება.

39. საკასაციო პალატის მითითებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.). თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე.

40. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და, თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (შდრ. სუსგ №ას-1158-1113-2016, 2017 წლის 10 თებერვალის განჩინება).

41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-964-929-16, 2017 წლის 6 მარტის განჩინება).

42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

43. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

44. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

46. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-408-2021, 2021 წლის 16 ივნისის განჩინება; №ას-1494-2020, 2021 წლის 31 მაისის განჩინება, №ას-1176-2020, 2021 წლის 25 მარტის განჩინება; №ას-1834-2019, 2020 წლის 27 აპრილის განჩინება).

47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

48. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.ლ–ძეს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ. ა–ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1400 ლარის (საგადასახადო დავალება №7766 / გადახდის თარიღი 12.06.2023), 70% – 980 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

რევაზ ნადარაია

თეა ძიმისტარაშვილი