ბს-20-20(გ-06) 22 თებერვალი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ლ. ხ-ის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობაზე სოხუმის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ხ-ის წარმომადგენელმა ა. ბ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა სოხუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების გულრიფშის რაიონის გამგეობის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა დაბა გულრიფშში, ... ¹6-ში მდებარე ბინის დაუბრკოლებლად ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოსარჩელის, როგორც ზემოხსენებული სახლის მესაკუთრედ რეგისტრაცია.
2005წ. 7 ნოემბრის სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს განჩინებით მოსარჩელე ლ. ხ-ს უარი ეთქვა სასარჩელო განცხადების მიღებაზე, ვინაიდან ხსენებული სარჩელი არ იყო სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს განსჯადი. ამასთან, განჩინებით მოსარჩელეს განემარტა, რომ მას სარჩელით უნდა მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2005წ. 7 ნოემბრის განჩინების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება.
სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატას განსახილველად.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 2 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 15 ნოემბრის განჩინება სასარჩელო განცხადების მოსარჩელისათვის დაბრუნების ნაწილში და საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, დანარჩენ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 2005წ. 13 დეკემბრის განჩინებით არ დაეთანხმა აჭარის ა/რ უმაღლესი საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ლ. ხ-ის სასარჩელო განცხადება საკუთრების რესტიტუციის თაობაზე, განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით გამოუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ლ. ხ-ის წარმომადგენლის ა. ბ-ის სასარჩელო განცხადებისა და ამ განცხადების განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა მოსაზრების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ის სარჩელი წარმოადგენს სოხუმის საქალაქო სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავას, რის გამოც, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გულრიფშის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა სასამართლოთა ყურადღებას მიაქცევს დავის საგანს და აღნიშნავს, რომ სარჩელის საფუძველზე მხარე ითხოვს, დაბა გულრიფშში, ... ¹6-ში მდებარე ბინის დაუბრკოლებელი სარგებლობის უზრუნველყოფას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შესაბამისი ჩანაწერების განხორციელებას. ამდენად, მოცემულ სარჩელზე ძირითად მოპასუხეს, მოსარჩელის მოთხოვნით, წარმოადგენს გულრიფშის რაიონის გამგეობა, ხოლო, რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მითითებული ამ შემთხვევაში სარგებლობს ფაკულტატური თანამონაწილის (მოპასუხის) სტატუსით.
უდავოა, რომ ძირითადი მოპასუხე, გულრიფშის რაიონის გამგეობა, წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ იურიდიულ პირს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 439-ე მუხლი განსაზღვრავს აფხაზეთის ა/რ სასამართლოთა განსჯად დავებს. მითითებული მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის ა\რ საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ა/რ სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, სსკ-ის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუU მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია.
აღნიშნული მუხლისა და დავის საგნის ანალიზი, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, ლ. ხ-ის სარჩელი განსახილველად დაუქვემდებაროს გულრიფშის რაიონულ სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო ასევე ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და თვლის, რომ ეს უკანასკნელი განსჯადობის თაობაზე დავის წამოწყებისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის საფუძველზე არ იყო შეზღუდული აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს განჩინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავა, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, განსჯადობით განსახილვევად უნდა დაექვემდებაროს ქ. სოხუმის საქალაქო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 და 26-ე მუხლებით, სსკ-ის 439-ე და 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ხ-ის წარმომადგენლის - ა. ბ-ის სარჩელი მოპასუხეების – გულრიფშის რაიონის გამგეობისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს გულრიფშის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. განჩინების ასლები გადაეგზავნოთ მხარეებს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.