Facebook Twitter

საქმე №ას-415-2023 20 ივლისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ა.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ქონების უმკვიდროდ ცნობა, უძრავი ნივთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.მ–ძემ (შემდეგ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა, უმკვიდროდ იქნეს ცნობილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების მიხედვით, თბილისში, ..... მდებარე ლ.ფ–ძის სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სადგომი, კერძოდ, 10 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, საერთო ფართით 15.00 კვ.მ და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს მოსარჩელეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განჩინებით, აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლომ ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, ასევე, იმავე კანონის მე-2 მუხლის ,,ქ“ ქვეპუნქტსა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავი ქონების მოსარგებლეა.

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სს „თ–ის“ ინფორმაციითა და ბრუნვის ისტორიით, არ დგინდება თბილისში, ........ (საცხოვრებელი ფართი: 10.00 კვ.მ, საერთო ფართი; 15.00 კვ.მ) არსებულ ბინა №5-ში მოსარჩელის კომუნალური გადასახადების გადამხდელად რეგისტრაციისა და მის მიერ გადასახადების გადახდის ფაქტი. ამასთან, საყურადღებოა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კომუნალური გადასახადის ორი ქვითარი, ერთ ქვითარზე მითითებულია: აბონენტი - 288-9306, გვარი - მ–ძე, მისამართი - ......., მრიცხველის ჩვენება: ახალი - 1952, ძველი - 1745, თარიღი - 02.05.1996წ (იხ. ტომი I, ს.ფ. 25), ხოლო მეორე ქვითარზე: აბონენტი - 288-9306, გვარი - მ–ძე, მისამართი - ....., მრიცხველის ჩვენება - ახალი - 9145, ძველი - 9075, თარიღი - 05.02.1996წ (იხ. ტომი I, ს.ფ. 26). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებულ ქვითრებზე, მართალია, აბონენტის ნომერი და მფლობელი - მერკვილაძე ერთი და იგივეა, თუმცა მისამართი განსხვავებულია. ამასთან, მრიცხველის ჩვენებები თარიღის მიხედვით ერთმანეთს არ ემთხვევა, კერძოდ, თუ 1996 წლის თებერვალში მრიცხველის ახალი ჩვენება იყო 9145, ამავე წლის მაისში უნდა გაზრდილიყო, წარმოდგენილ ქვითარში კი, დაფიქსირებულია 1952.

6. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარდგენილი საინფორმაციო ბარათიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე 14.12.1996 წლიდან რეგისტირებულია არა სადავო, არამედ თბილისში, ........ ბინა №8-ში მდებარე მისამართზე.

7. სასამართლოს განმარტებით, სადავო გარემოებას ვერც საქმეში წარმოდგენილი ფორმა №1 ადასტურებს, ისევე როგორც 1996 წლის 20 იანვრის ხელწერილის ასლი, ვინაიდან მასში არ არის მითითებული ბინის ნომერი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. კასატორის მითითებით, მან 1996 წლის შინაურული ხელწერილის საფუძველზე აწ გარდაცვლილი ლ.ფ–ძისგან შეიძინა საცხოვრებელი სადგომი სულ - 15 კვ.მ, რომელსაც კასატორი 1996 წლიდან დღემდე ფლობს. წარმოდგენილი ქვითრებით, რომლებიც დათარიღებულია 1996 წლით, დგინდება, რომ კასატორი კომუნალურ გადასახადებს ამ თარიღიდან იხდიდა. აღნიშნულს ადასტურებს თ–ის ცნობაც, სადაც მისამართად მითითებულია კერესელიძის №5.

10. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ იგი არ იყო რეგისტრირებული სადავო ბინა №5-ში, მაშინ, როდესაც, საინფორმაციო ბარათი და ფორმა №ა-1, საწინააღმდეგოს ადასტურებს. საქმეში წარმოდგენილია შინაურული ხელწერილიც, რომლითაც დგინდება, რომ მესაკუთრემ გამოხატა ნება საცხოვრებელი სადგომის განკარგვისა და თანხის მიღებისა, რითაც დასტურდება ლ.ფ–ძესა და კასატორს შორის ფორმადაუცველი გარიგების დადება. აღნიშნულ საცხოვრებელ სადგომს დღემდე ფლობს კასატორი, რისი გათვალისწინებითაც, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობა უკანონოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. მოცემულ საქმეში სადავო უძრავი ქონების უმკვიდროდ ცნობისა და მის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის (რომელიც აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ სპეციალურ სამართლებრივ ურთიერთობებს) მე-9 მუხლის პირველი და მე-2 (თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია, მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი); ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება) პუნქტებს.

16. აღნიშნული მოთხოვნა განხორციელებადია შემდეგი წინაპირობების არსებობისას: მოსარჩელე უნდა იყოს საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე; მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებული; არც კანონით და არც ანდერძით მემეკვიდრეები არ უნდა არსებობდნენ.

17. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, ან ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით. კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

18. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელემ სარწმუნო მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარუდგენლობით, ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, კერძოდ, იმის დადასტურება, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეა.

20. პალატის მითითებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ქვითრებით, სს „თ–ის“ ინფორმაციითა და ბრუნვის ისტორიით არ დგინდება სადავო უძრავ ქონებაში კასატორის კომუნალური გადასახადების გადამხდელად რეგისტრაციისა და მის მიერ გადასახადების გადახდის ფაქტი, კერძოდ, სს „თ–ის“ 05.03.2021წ. წერილის თანახმად, მოსარჩელე №2889306 სააბონენტო ბარათზეა აბონენტად რეგისტრირებული მისამართზე: ........ სს „თ–ის“ 1996 წლის ქვითრებიც მოსარჩელის სახელზეა, ხოლო მისამართად აქაც ბინის ნომრის მითითების გარეშე ფიქსირდება ......... ქუჩა №5. მიუხედავად იმისა, რომ სს „თ–ის“ ქვითრებსა და გაცემულ ინფორმაციაში არ ჩანს ბინის ნომერი, ბრუნვის ისტორია, რომელიც იმავე სააბონენტო ბარათზეა გაცემული, აკონკრეტებს, რომ ინფორმაცია ეხება არა სადავო №5 ბინას, არამედ მოსარჩელის კუთვნილ №8 ბინას. სადავო გარემოებას არც კომუნალური გადასახადის ქვითრები არ ადასტურებს, რაზეც ვრცლად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, რომლის წინააღმდეგაც კასატორის არგუმენტირებული საკასაციო პრეტენზია არ წარუდგენია.

21. პალატა მოსარჩელის მითითებას, რომ მან ....... ქუჩა №5-ში, №8 ბინა 1999 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა, შესაბამისად, 1996 წელს კომუნალურ გადასახადებს სადავო მისამართზე იხდიდა, არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საინფორმაციო ბარათის მიხედვით, მოსარჩელე 14.12.1996 წლიდან რეგისტირებულია თბილისში, ....... ქუჩა №5-ის ბინა №8-ში, რისი გათვალისწინებითაც მისი პრეტენზიის გაზიარების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან თუ კასატორმა ბინა №8 შეიძინა 1999 წელს, საინფორმაციო ბარათში მას №8 ბინაში 1996 წლიდან რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს.

22. რაც შეეხება კასატორის სადავო ბინაში რეგისტრაციას, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებაც საქმეში წარმოდგენილი არ არის, კერძოდ, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის მიხედვით, სადავო მისამართზე - ქ. თბილისში, ........ ქუჩა №5-ში კასატორი რეგისტრირებულია არა სადავო ბინა №5-ში, არამედ №8-ში, რომლის წარმოშობის თარიღია 14.12.1996 წელი. აღნიშნულს ვერ აბათილებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფორმა №1, რომელიც პასპორტის გაცემის მიზნით შედგენილი განცხადება-ანკეტაა. აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2010 წელს შევსებულ განცხადება-ანკეტაში რეგისტრაციის მისამართად სწორედ №8 ბინაა მითითებული. პალატა მიუთითებს, რომ სადავო გარემოებას ვერც საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი ვერ ადასტურებს, ვინაიდან, მასში არ არის კონკრეტული მითითება ბინის ნომერთან დაკავშირებით, ამასთან, მხოლოდ ზემოაღნიშნული ვერ გამოდგება სადავო გარემოების დასადასტურებლად, ვინაიდან პირის მოსარგებლედ მიჩნევისათვის მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს სადავო საცხოვრებელი სადგომის ფაქტობრივად ფლობაც, რაც ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაამტკიცა, შესაბამისად, არ დასტურდება ამ უკანასკნელის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოსარგებლის სტატუსი, რისი გათვალისწინებითაც, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობს და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა კანონიერად არ დააკმაყოფილეს.

23. კერძოდ, ამ უკანასკნელმა ვერ დაადასტურა, როგორც უძრავ ქონებაში მისი რეგისტრაციისა და კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტი, ასევე - საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების არსებობის დადასტურება.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

25. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-958-2022, 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინება; №ას-448-2021, 2022 წლის 13 აპრილის განჩინება; №ას-1138-2019, 2020 წლის 30 მარტის განჩინება, №ას-1763-2019, 2020 წლის 21 თებერვლის განჩინება).

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

30. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

რევაზ ნადარაია

თეა ძიმისტარაშვილი