საქმე №ას-375-2023 20 ივლისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ი/მ ბ.ჩ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ „ა.ს–ში“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. „ა.ს–ში“ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა (შემდგომ – სსიპ, მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი/მ ბ.ჩ–ძის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ 10 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან 2018 წლის 20 ნოემბერს გააფორმა „ა.ს–ში“ სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში ახალი ბენეფიციარის თანადაფინანსების თაობაზე“ ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხეს ქალაქ მცხეთაში უნდა განეხორციელებინა მდოგვისა და აჯიკის საწარმოს პროექტი. მოსარჩელემ მოპასუხეს პროგრამის ფარგლებში გადაურიცხა 10 000 ლარი. თანხის გადარიცხვის წინაპირობა იყო მოპასუხის მხრიდან თანამონაწილეობის თანხის გახარჯვა და თანხის გახარჯვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა მოსარჩელისათვის. მოპასუხემ თანამონაწილეობის სახით დახარჯა 3 309.27 ლარი, რაც დასტურდება პროგრამულ უზრუნველყოფაში (ე.წ. სოფტში) ატვირთული დოკუმენტაციით. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ გადარიცხული თანადაფინანსების თანხას, მისი მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც მოპასუხეს ევალებოდა, არ წარუდგენია.
3. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ იყო შესრულებული. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელემ 2019 წლის 22 ნოემბერს გაგზავნილი წერილით მოპასუხეს მოუწოდა, პროექტი ხელშეკრულების შესაბამისად შეესრულებინა და წერილის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში თანადაფინანსებით მიღებული თანხის ხარჯვის დამადასტურებული დოკუმენტაცია წარედგინა ან თანადაფინანსების სახით მიღებული 10 000 ლარი უკან დაებრუნებინა, თუმცა მოპასუხეს არცერთი არ შეუსრულებია. მოპასუხისათვის მიცემული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, 2021 წლის 13 ოქტომბერს, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე და მოსთხოვა თანადაფინანსების თანხის უკან დაბრუნება, თუმცა უშედეგოდ.
მოპასუხის შესაგებელი:
4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა კეთილსინდისიერად და ჯეროვნად. თავდაპირველ პროექტში გაწერილი ხარჯები იყო რეალობას აცდენილი, რომლის შესაბამისად პროექტი პრაქტიკულად ვერ შესრულდებოდა. პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული 10 000 ლარიდან 5 000 ლარი გადაიხადა ქილის ყალიბის დამზადებისთვის, რომლისთვისაც წარმოდგენილი ბიზნესგეგმის თანახმად, გათვალისწინებული იყო 4 000 ლარი, დოზატორის მაგიდის დამზადებაში გადაიხადა 750 ლარი, სამივე სახეობის პროდუქციის ბარკოდის დამზადებაში - 1 350 ლარი, პლასტმასის ქილის დამზადებაში - 750 ლარი, ეტიკეტის დაბეჭდვაში - 150 ლარი, ეტიკეტის ერთჯერადი დანის შესაძენად - 200 ლარი, ლაბორატორიული ანალიზებისთვის - 360 ლარი, ხოლო 1 000 ლარი გადაიხადა ქილის ყალიბზე ე.წ „კოვზის“ დასამატებლად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: შეწყდა მხარეთა შორის 2018 წლის 20 ნოემბერს გაფორმებული №4696662 ხელშეკრულება და მოპასუხეს დაეკისრა თანადაფინანსების სახით გაცემული თანხის - 10 000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მან ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანადაფინანსების თანხა გამოიყენა მიზნობრივად და აამუშავა მდოგვისა და აჯიკის საწარმო, თუმცა ასეთი მტკიცებულებები მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ბენეფიციარი გაფრთხილებული იყო თანხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის თაობაზე, ხოლო მოგვიანებით, მას ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტის შესახებაც. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია 2018 წლის 22 ნოემბრის ხელშეკრულება და არსებობდა მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანადაფინანსების ფარგლებში გადაცემული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის სსკ-ის 352-405-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.
10. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო იყო ამ უკანასკნელს მოპასუხისათვის გაეგზავნა და ჩაებარებინა ხელშეკრულებიდან გასვლის შეტყობინება, როგორც მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია სწორედ ისაა, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სათანადო მტკიცებულების გარეშე მიიჩნია ხელშეკრულებიდან გასვლის შეტყობინება მოპასუხისათვის ჩაბარებულად. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილის ჩაბარებასთან დაკავშირებით მოპასუხეს პრეტენზია გაცხადებული ჰქონდა შესაგებლით. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებით ვერ შეძლო, დაედასტურებინა მოპასუხისათვის შეტყობინებების გაგზავნისა და ჩაბარების ფაქტი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე სათანადო წესით არ გასულა ხელშეკრულებიდან და, შესაბამისად, არ გამხდარა რესტიტუციის კრედიტორი.
11. მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა, ერთი მხრივ, მასა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტას და, მეორე მხრივ, შეწყვეტილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებიდან გასვლა მხარის უფლებამოსილებაა, სასამართლოს უნდა შეეფასებინა, გავიდა თუ არა მხარე ხელშეკრულებიდან და წარმოიშვა თუ არა რესტიტუციის ვალდებულება. ნაცვლად ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლო შეიჭრა მხარეთა უფლებამოსილებებში, საკუთარი გადაწყვეტილებით შეწყვიტა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება და დააკისრა მოპასუხეს თანხის გადახდის ვალდებულება. ზემოაღნიშნული გარემოება შეფასების გარეშე დატოვა სააპელაციო სასამართლომ.
12. სამწუხაროა, რომ იურიდიული განათლებისა და სათანადო გამოცდილების არმქონე მოსარჩელემ ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულებებით იმის დადასტურება, რომ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შეიძინა ის დანადგარები, რომლებიც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქილის ყალიბის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ერთვოდა შესაგებელს. ამასთან, ხელშეკრულების ფარგლებში ქილის ყალიბის შესაძენად 5 000 ლარის გადახდა მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
13. ამდენად, კასატორის ძირითადი პრეტენზია გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმების ნაწილში ემყარება იმ ფაქტებს, რომ, ერთი მხრივ, მოსარჩელე ხელშეკრულებიდან არ გასულა და მოპასუხეს მიღებულის უკან დაბრუნების ვალდებულება არ წარმოშობია, ხოლო, მეორე მხრივ, სასარჩელო მოთხოვნა იყო არასწორად ჩამოყალიბებული და დამოუკიდებლად წარმოადგენდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, თუმცა, თუკი სასამართლო არ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმების ნაწილში, ქილის ყალიბის შესაძენად 5000 ლარის (ან 4000 ლარის ნაწილში, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო, როგორც ქილის ყალიბის შესაძენად გამოყოფილი თანხა) დაკისრების ნაწილში მოთხოვნის უფლება მოსარჩელე მხარეს არ აქვს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
17. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. ხელშეკრულებიდან გასვლისა და მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის თანადაფინანსების ფარგლებში გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 528.1 (მხარეებს შეუძლიათ, დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი შეიძლება იყოს საერთო-სასარგებლოც (შეწირულობა)), 528.3 (თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე) 352.1 მუხლიდან (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება), 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებიდან (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ).
20. განსახილველ დავაზე, როგორც ითქვა, მოსარჩელე მოითხოვს გადაცემული თანხის - 10 000 ლარის უკან დაბრუნებას, რაც სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულების დარღვევისას, 352-405 მუხლების წინაპირობების არსებობისას ხორციელდება. სსკ-ის 352.1 მუხლი განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის (ხელშეკრულებაზე უარის თქმის) სამართლებრივ შედეგს. იგი გამოიხატება მხარეებისათვის მიღებული შესრულებისა და სარგებლის დაბრუნებაში. ამავე კოდექსის 405-ე მუხლი კი, ადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის წესსა და სავალდებულო წინაპირობებს, შესაბამისად, სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლები მხოლოდ ერთობლივად გამოიყენება. მოპასუხისათვის გადაცემული თანხის დაბრუნების თაობაზე მოთხოვნის საფუძვლიანობის გასარკვევად უნდა შემოწმდეს, შესრულებულია თუ არა მითითებული ნორმის წინაპირობები, კერძოდ, არსებობს თუ არა ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი და ხომ არ იკვეთება ხელშეკრულებიდან გასვლის გამომრიცხველი გარემოებები. სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადების მიხედვით, ხელშეკრულებაზე უარი ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარის მიერ დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც კონტრაჰენტი არღვევს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას და დამატებით განსაზღვრულ ვადაშიც არ ასრულებს მას.
21. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, მან ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანადაფინანსების თანხა არ გამოიყენა მიზნობრივად და არ აამუშავა მდოგვისა და აჯიკის საწარმო (როგორც მინიმუმ, არ შეიძინა მდოგვისა და აჯიკის საწარმოსათვის საჭირო ინვენტარი). მოსარჩელემ მოპასუხეს ვალდებულების შესრულებისათვის დამატებით განუსაზღვრა ვადა - 30 კალენდარული დღე, რაც უშედეგოდ გავიდა. მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო მოსარჩელე გავიდა ხელშეკრულებიდან, რის თაობაზეც წერილობით აცნობა მოპასუხეს. პალატა მიუთითებს სსკ-ის 355-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. უდავოა, რომ შემკვეთი არ შესდავებია მენარდეს ხელშეკრულებიდან გასვლის გამო და არც ხელშეკრულებიდან გასვლის გამომრიცხველ გარემოებებზე არ მიუთითებია.
22. არ არის გასაზიარებელი კასატორის პრეტენზია, რომ მას ხელშეკრულების შესრულებასა და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინებები არ ჩაჰბარებია. საქმეში წარმოდგენილია სსიპ-ის მიერ მოპასუხისათვის გაგზავნილი 2019 წლის 22 ნოემბრისა და 2021 წლის 13 ოქტომბრის შეტყობინებები მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაში თავის საკონტაქტო ინფორმაციად მითითებულ მისამართზე. ამასთან, მოპასუხეს წარდგენილ შესაგებელში სათანადო წესით არ გაუხდია სადავოდ შეტყობინებათა გაგზავნა და ჩაბარება, კერძოდ, სარჩელში მითითებული იყო მოპასუხისათვის შეტყობინებათა გაგზავნის შესახებ და სარჩელს თანდართული ჰქონდა ამ შეტყობინებათა ასლები. მოპასუხეს შესაგებელში არ მიუთითებია, რომ შეტყობინებები არ ჩაჰბარებია, მხოლოდ გრაფაში მონიშვნა, სარჩელში მითითებულ გარემოებებს არ ეთანხმება, არ არის საკმარისი სათანადო და კვალიფიციურად შედავებისათვის. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (სსსკ-ის 201.4. მუხლი). საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად მიიჩნევა (იხ. სუსგ №ას-201-2019, 08.05.2019წ.).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის 10 000 ლარის დაბრუნება კანონიერია, ვინაიდან ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი შედეგი რესტიტუციაა. არ არის გასაზიარებელი კასატორის მოსაზრება, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების შესრულების მიზნებისათვის ქილის ყალიბი შეიძინა, რომელში გადახდილი თანხაც დასაბრუნებელ ოდენობას უნდა გამოაკლდეს. პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლისას თავდაპირველი ვალდებულებითი ურთიერთობის ადგილს იკავებს უკუქცევის შედეგად წარმოშობილ შესრულებათა უკან დაბრუნების ურთიერთობა, რაც ხელშეკრულების დადების შემდეგ შესრულებათა გაცვლამდე არსებული ვითარების აღდგენას გულისხმობს, ანუ ხელშეკრულებიდან გასვლით წარმოიშობა ახალი ვალდებულება (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულება). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე, რომელიც რესტიტუციის მოვალეა, ვალდებულია, მოსარჩელეს დაუბრუნოს ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული 10 000 ლარი.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 500 ლარის 70% - 350 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ ბ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ბ.ჩ–ძეს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ.მ–ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 500 ლარის (საგადასახადო დავალება №16717960384, გადახდის თარიღი 12.04.2023), 70% - 350 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
რევაზ ნადარაია
თეა ძიმისტარაშვილი