Facebook Twitter

საქმე №ა-2815-შ-77-2023 20 ივლისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რევაზ ნადარაია, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ლ.ტ–ვა (მხარდამჭერი ლ.რ–ი)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საფრანგეთის, სელესტას საინსტანციო სასამართლოს სრულწლოვანთა დაცვის განყოფილების 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება (დედნის №265/219)

დავის საგანი – მხარდაჭერის შენარჩუნება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საფრანგეთის, სელესტას საინსტანციო სასამართლოს სრულწლოვანთა დაცვის განყოფილების 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით (დედნის №265/219), ლ.ფ–ას, ტ–ას ქვრივს შეუნარჩუნდა მეურვეობა (საქართველოს კანონმდებლობით მხარდაჭერა) და მეურვედ (მხარდამჭერად) დატოვებულ იქნა მისი ქალიშვილი ლ.რ–ი, რათა იგი იყოს მისი წარმომადგენელი და მართოს როგორც მისი ქონება, ასევე კორდინირება გაუწიოს მის პიროვნებას. აღნიშნული ზომის ხანგრძლივობად განისაზღვრა 120 თვე.

2. შუამდგომლობის ავტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა საფრანგეთის, სელესტას საინსტანციო სასამართლოს სრულწლოვანთა დაცვის განყოფილების 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების (დედნის №265/219) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. საფრანგეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან წარმოდგენილი ცნობით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

4. საქმის მასალების თანახმად, მხარდამჭერის მიმღები საქართველოს მოქალაქეა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით, შუამდგომლობა საფრანგეთის, სელესტას საინსტანციო სასამართლოს სრულწლოვანთა დაცვის განყოფილების 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების (დედნის №265/219) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საფრანგეთის, სელესტას საინსტანციო სასამართლოს სრულწლოვანთა დაცვის განყოფილების 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით (დედნის №265/219), ლ.ფ–ას, ტ–ას ქვრივს შეუნარჩუნდა მეურვეობა (საქართველოს კანონმდებლობით მხარდაჭერა) და მეურვედ (მხარდამჭერად) დატოვებულ იქნა მისი ქალიშვილი ლ.რ–ი, რათა იგი იყოს დედის წარმომადგენელი და მართოს როგორც მისი ქონება, ასევე კორდინირება გაუწიოს მის პიროვნებას. აღნიშნული ზომის ხანგრძლივობად განისაზღვრა 120 თვე.

8. საქმის მასალების მიხედვით, გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. ამასთან, მხარდამჭერის მიმღები საქართველოს მოქალაქეა.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. ბ.ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბ., 2009.).

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში (იხ. სუსგ №ა-3644-შ-94-2019, 3 ოქტომბერი, 2019 წელი).

12. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საფრანგეთის, სელესტას საინსტანციო სასამართლოს სრულწლოვანთა დაცვის განყოფილების 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება (დედნის №265/219) ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

13. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა განმარტავს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიზანის მისაღწევად საკმარისია უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, ანუ სასამართლო გადაწყვეტილების ცნობით მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის დადგომაც მხარეს სურს. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი არ არსებობს და მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში განმცხადებლის იურიდიული ინტერესი დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შუამდგომლობა საფრანგეთის, სელესტას საინსტანციო სასამართლოს სრულწლოვანთა დაცვის განყოფილების 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების (დედნის №265/219) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდე ნაწილობრივ.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საფრანგეთის, სელესტას საინსტანციო სასამართლოს სრულწლოვანთა დაცვის განყოფილების 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება (დედნის №265/219), რომლითაც ლ.ფ–ას, ტ–ას ქვრივს შეუნარჩუნდა მეურვეობა (საქართველოს კანონმდებლობით მხარდაჭერა) და მეურვედ (მხარდამჭერად) დატოვებულ იქნა მისი ქალიშვილი ლ.რ–ი, რათა იგი იყოს დედის წარმომადგენელი და მართოს როგორც მისი ქონება, ასევე კორდინირება გაუწიოს მის პიროვნებას. აღნიშნული ზომის ხანგრძლივობად განისაზღვრა 120 თვე.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

რევაზ ნადარაია

თეა ძიმისტარაშვილი