საქმე №ას-234-2023 20 ივლისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ი–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.ი–ძემ (შემდეგ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხისათვის - 5850.34 ლარის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 5850.34 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, აპელანტის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 477-ე და 417-418-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხემ ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის მოტივით (შეტანილი საკვები არ შეესაბამება ტენდერით გათვალისწინებულ პირობებს, შეუსაბამოა გრამაჟი, გემოვნური თვისებები) მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი თანხიდან დაქვითა პირგასამტეხლოს სახით 5850.34 ლარი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მოხსენებით ბარათზე დართული ფოტოსურათებიდან არ ირკვევა, მასზე აღბეჭდილი პროდუქცია, მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის ნაწილია თუ არა. დაუდგენელია სრულად მოხდა თუ არა (მიწოდებული სახით, პროდუქციის ერთიანობის დაურღვევლად) წონის შემოწმება. მიწოდებული პროდუქცია შესაბამისი წესით აიწონა თუ არა. ამდენად, წარმოდგენილი ფოტოსურათები არ ადასტურებს, 2020 წლის 18 მაისისა და იმავე წლის 13 ნოემბრის მოხსენებით ბარათებში ასახულ დარღვევებს, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც შემსყიდველს ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე გაფორმებული აქვს 2020 წლის 31 მაისისა და 2020 წლის 20 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტები.
7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, წარადგინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისა და ამის საფუძველზე მოპასუხე მხარის მიერ შესასრულებელი ვალდებულების წარმოშობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, ხოლო მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში მოპასუხემ ვერ დაადასტურა იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
9. კასატორის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების 14.1 და 14.2 პუნქტების შესაბამისად კლინიკის მთავარმა ექთანმა განახორციელა მიწოდებული საკვების გრამაჟების შემოწმება, რა დროსაც დადგინდა, რომ საკვები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ოდენობას, რის შესახებაც მოწინააღმდეგე მხარეს მიეთითა. პირველ ჯერზე ხარვეზი გასწორდა, ხოლო მეორედ მოხდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა, რასაც სახელშეკრულებო ურთიერთობა ითვალისწინებდა. მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო პირობების დარღვევისათვის, რაც გაიქვითა შემსყიდველის მიერ გადახდილი თანხიდან, რისი გათვალისწინებითაც, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. მოცემულ შემთხვევაში, მიწოდებული პროდუქციის საფასურის სრულად გადახდის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) მუხლს ეფუძნება.
15. მოპასუხე მიწოდებული პროდუქტის ანაზღაურებაზე უარის საფუძვლად არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებს, კერძოდ, მისი მტკიცებით, საკვები ულუფების გრამაჟი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულს (ასევე გემოვნურ თვისებებზე მიუთითა), რის საფუძველზეც, მან მოწინააღმდეგე მხარეს პირგასამტეხლო დააკისრა, რაც ამ უკანასკნელისათვის ასანაზღაურებელ თანხაში სამართლიანად გაქვითა.
16. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და აღნიშნავს, რომ სარჩელის წარმატებულობისათვის სავალდებულოა მოსარჩელე მიუთითებდეს/ამტკიცებდეს მხარეთა შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, მისი მხრიდან საქონლის მიწოდების ვალდებულების შესრულებას, მყიდველის მიერ საზღაურის გადაუხდელობას. ხსენებული წინაპირობების არსებობა სადავო არაა. მოპასუხე მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში მიუთითებს მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე, შესაბამისად, ნაკლიანი შესრულების მტკიცების ტვირთი, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრებოდა მყიდველს, რომელსაც, სარწმუნო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის სადავო გარემოების დასადასტურებლად, უფრო მეტიც, ნაცვლად არაჯეროვანი შესრულების მიღებისას ხელშეკრულებით განსაზღვრული მოქმედებების შესრულებისა (შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი ნაკლის ან დეფექტის შესახებ შემსყიდველი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს მიმწოდებელს წუნდების მიზეზების მითითებით; ხელშეკრულების 14.3 პუნქტი), უდავოა, რომ მან მიიღო შესრულება და მიღება-ჩაბარების ხელმოწერის ეტაპზე არ განუცხადებია პრეტენზია ჩაბარებული საკვების სტანდარტებთან რაიმე სახით შეუსაბამობის თაობაზე, რაც ქმნის მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პრეზუმფციას.
17. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებსა და დასკვნებს და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მთავარი ექთნის 2020 წლის 18 მაისისა და 13 ნოემბრის მოხსენებითი ბარათები ზემოაღნიშნულ გარემოებას ვერ გააქარწყლებს, ვინაიდან, მოხსენებით ბართებზე დართული ფოტოსურათებიდან (ფოტოსურათებზე ასახულია სასწორი, რომელზეც განთავსებულია პროდუქცია) არ ირკვევა, მასზე აღბეჭდილი პროდუქცია, მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის ნაწილია თუ არა. ამასთან, არ დგინდება სრულად მოხდა თუ არა მიწოდებული სახით პროდუქციის ერთიანობის დაურღვევლად წონის შემოწმება და მიწოდებული პროდუქციის შესაბამისი წესით აწონვა. ამასთან, უდავოა, რომ შემოწმება მოხდა ცალმხრივად გამყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე, რისი გათვალისწინებითაც, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით, გამყიდველის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება ვერ დადასტურდება, მით უფრო, მაშინ, როდესაც მოხსენებითი ბარათების შედგენის შემდეგ, შემსყიდველს ყოველგვარი პრეტენზიის გაცხადების გარეშე გაფორმებული აქვს 2020 წლის 31 მაისისა და 2020 წლის 20 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტები.
18. პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებების არასაკმარისობის პირობებში სასამართლომ ვერ დაადგინა სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის მავალდებულებელი ფაქტობრივი გარემოების - არაჯეროვანი შესრულების არსებობა, რის გამოც საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია და შემძენი ვალდებულია, სსსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადაიხადოს მიწოდებული პროდუქციის ღირებულება - 5850.34 ლარი.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
21. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
23. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-257-2019, 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინება; №ას-1420-2022, 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება; 599-574-2016, 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინება).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის საკასაციო საჩივრი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას (ს/ნ 2.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 292.52 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №01308 / გადახდის თარიღი 09.02.2023), 70% – 204.76 ლარი;
3. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას (ს/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 7.48 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №51795 / გადახდის თარიღი 29.03.2023), 70% – 5.24 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
რევაზ ნადარაია
თეა ძიმისტარაშვილი