Facebook Twitter

საქმე №ას-791-2023 21 ივლისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.შ–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ც.რ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, საქმისწარმოების განახლება; დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალდებულება და უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ც.რ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.შ–ვას (შემდგომ – პირველი მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი), ჯ.ჭ–ას (შემდგომ – მეორე მოპასუხე), თ.ბ–ას (შემდგომ – მესამე მოპასუხე) და ზ.გ–ას (შემდგომ – მეოთხე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა ქმედების დავალდებულება და უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.

2. პირველმა და მეორე მოპასუხეებმა წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, ხოლო მესამე და მეოთხე მოპასუხეებს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენიათ.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს დაეკისრათ ვალდებულება, განახორციელონ მათ საკუთრებაში არსებული წყლის ავზის სრული დემონტაჟი მილებთან ერთად, რომელიც განთავსებულია ხობში, ........, მე-5 სართულზე, სხვენზე, კერძოდ, პირველი და მეოთხე მოპასუხეების წყლის ავზი არის კიბის ზემოთ. მოპასუხეებს დაევალათ აღნიშნული წყლის ავზებისა და მასზე მიერთებული წყალსადენი მილებისგან სხვენის გათავისუფლება. ამისათვის მოპასუხეებს განესაზღვრათ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადა; მოპასუხეებს დაეკისრათ ვალდებულება, არ განათავსონ წყლის ავზი ხობში, ......., მე-5 სართულის სხვენზე მას შემდეგ, რაც უკვე არსებული ავზების დემონტაჟისას ადგილიდან გადაიტანენ; მიღებული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, პირველ მოპასუხეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განჩინებით, პირველი მოპასუხის (აპელანტის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინება; ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე ამ უკანასკნელის შუამდგომლობაც არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 201.1, 2321 მუხლის პირველი ნაწილის, 230-ე, 215-ე, 233-ე და 241-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ აპელანტის მტკიცება, რომ მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა განპირობებული იყო ოჯახის წევრის (დედის) მძიმედ ავადმყოფობით, არ დასტურდება. ამასთან, მის მიერ 2022 წლის 9 დეკემბერს წარდგენილი დ.ტ–ას სახელზე გაცემული კარდიოლოგიური კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტიც (ექოკარდიოგრაფია), სსსკ-ის 215.3 ნაწილის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლოს მითითებით, აპელანტის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო საქმეზე ადვოკატი იცავდა, ხოლო საქმეში არ არის წარმოდგენილი განმარტებები და შესაბამისი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ადვოკატს არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.

7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა ვერ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა და სასამართლოსთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის შეუძლებლობის საპატიო მიზეზი, რაც გამორიცხავდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

8. სააპელაციო სასამარლომ აპელანტის შუამდგომლობა, შეჩერდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულება ამავე საქმეზე საბოლოო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღებამდე უსაფუძვლოდ მიიჩნია და სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ პუნქტისა და 375.2, მე-7 და 57-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ, ვინაიდან აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება ან საბანკო გარანტია, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე მისი მოთხოვნა, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული გაჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით. მან დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაც მოითხოვა.

10. კასატორის განმარტებით, მოპასუხე მხარე რამდენიმე პირია, რომელთაგან ნაწილს სასამართლო სხდომების გამართვის თაობაზე არც კი მიუღია შეტყობინება. აღნიშნულის მიუხედავად, ფოთის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო.

11. კასატორის მითითებით, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ადასტურებს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობას, თუმცა ეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა. ამასთან, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს. მოწინააღმდეგე მხარეს რეალურად ხელს არ უშლის სხვენში განთავსებული სასმელი წყლის ავზი, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სისტემატური წყალმომარაგების არარსებობისას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო პალატის შეფასების საგანია სსსკ-ის 230.1 მუხლის (სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა) შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება, ანუ რამდენად მართებულად შეაფასა თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობები და არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ით გათვალისწინებული საფუძვლები.

15. საკასაციო სასამართლოს აზრით, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება), საქმეზე დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

17. მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ 2021 წლის 24 ნოემბერს დანიშნული სხდომა პირველი მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე 2021 წლის 13 დეკემბერს, 15:00 საათზე გადაიდო, რის შესახებაც მხარეებს კანონის მოთხოვნის შესაბამისად ეცნობათ.

18. 2021 წლის 13 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა პირველი მოპასუხე (ასევე სხვა მოპასუხეები), ხოლო მოსარჩელემ, სხდომაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ იშუამდგომლა.

19. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა.

20. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის იმ პრეტენზიაზე, რომელიც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოობას შეეხება და განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აწესრიგებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნევა, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს სსსკ-ის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ. სუსგ №ას-152-148-2016, 2016 წლის 3 ივნისის განჩინება), თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (შდრ. სუსგ №ას-1468-1388-2017, 2018 წლის 11 მაისის განჩინება).

22. ამასთან, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, ხომ არ ვლინდება შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა სსსკ-ის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი. ამასთან, არ იკვეთებოდა ხსენებული მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განმაპირობებელი გარემოება. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეზე სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი არცერთი გარემოება არ დადგენილა.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი და მიზეზის სასამართლოსათვის შეუტყობინებლობაც. დასახელებული გარემოება, თავის მხრივ, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილების მიზეზი გახდა.

25. კასატორის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით, კერძოდ, ოჯახის წევრის (დედის) ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს ქმნიდა.

26. პალატის მითითებით, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

27. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამასთან, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, როდესაც მხარე სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობას (მოცემულ შემთხვევაში ოჯახის წევრის), გამოუცხადებლობის შეუძლებლობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს. დაუშვებელია სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მხოლოდ ფორმალურად განმარტება. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობის მიმართ საპროცესო კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნები შესაძლებელია სასამართლომ არც კი შეაფასოს კრიტიკულად იმ შემთხვევაში, თუკი თავად ცნობის შინაარსი ქმნის დასკვნის საფუძველს, რომ პირს არ შეუძლია სასამართლოში გამოცხადება, რამდენადაც თავად სამედიცინო ცნობა არაფრით განსხვავდება საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მტკიცებულებებისაგან და მას რაიმე წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ სასამართლომ მტკიცებულებათა კვლევისათვის დადგენილი სტანდარტით უნდა შეამოწმოს (იხ. სუსგ საქმე №ას-955-917-2014, 24.07.2015წ.; №ას-187-179-2016, 6.05.2016წ.; №ას-516-516-2018, 13.07.2018წ.; №ას-1674-2019, 14.09.2020წ.).

29. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ საქმე №ას-1270-2018, 2018 წლის 2 ნოემბერის განჩინება). ამრიგად, საქმის განხილვაზე გამოუცხადებელმა მხარემ იმ გარემოებასთან ერთად, რომ სხდომის დღეს ობიექტურად ვერ შეძლებდა სასამართლოში გამოცხადებას, უტყუარად უნდა დაადასტუროს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობის ფაქტი.

30. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სსსკ-ის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სსსკ-ის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.

31. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის პრეტენზიებზე სადავო საკითხთან მიმართებით და განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად არ დასტურდება კასატორის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა.

32. საკასაციო პალატა ,,კ.მ.ც–ის“ მიერ 2021 წლის 13 დეკემბერს პაციენტ დ.ტ–ას სახელზე გაცემულ ექოკარდიოგრაფიას, მსგავსად ნებისმიერი მტკიცებულებისა, აფასებს სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად პირველი მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის დასადასტურებლად, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 215.3 მუხლის იმ შინაარსობრივ მოთხოვნებს, რომელიც წაეყენება ამგვარ დოკუმენტს. ამასთან, წარმოდგენილი ექოკარდიოგრაფიას შინაარსიდანაც არ ირკვევა კასატორის დედის ჯანმრთელობის ისეთი მდგოამრეობა, რაც მოპასუხის სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ დასკვნის საფუძველს შექმნიდა.

33. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობა ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის დასადასტურებლად. ამასთან, კასატორს არ დაუდასტურებია ის ფაქტიც, რომ მას არ შეეძლო გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსთვის.

34. საკასაციო პალატის მითითებით, გასათვალისწინებელია, რომ პირველ მოპასუხეს თავისი პოზიციის გასამყარებლად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის რაიმე მტკიცებულება არც 2021 წლის 10 იანვარსა და არც 2022 წლის 14 დეკემბერს წარდგენილი საჩივრებისათვის არ დაურთავს, ისევე, როგორც 2022 წლის 30 მაისსა და იმავე წლის 14 ივნისის კერძო საჩივრებისათვის (რომელიც დაუსწრებელი გადაწვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის დაუშვებლობის გამო წარადგინა) და ზემოაღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარუდგენია. ნიშანდობლივია, რომ კასატორის მიერ არცერთ საჩივარში/კერძო საჩივარში არ არის მითითებული დედის ავადმყოფობაზე. ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი შეიცავს ოჯახის წევრის ავადმყოფობის შესახებ მხოლოდ ზოგად მითითებას, თუმცა არსად არ არის დაზუსტებული, ვის გამო და რატომ ვერ გამოცხადდა მოპასუხე სასამართლო სხდომაზე. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ - 2022 წლის 9 დეკემბერს საჩივრის განხილვაზე წარადგინა დედის ექოკარდიოგრაფია, რომლითაც, როგორც უკვე აღინიშნა, სადავო გარემოება ვერ დგინდება.

35. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს იმ გარემოებასაც, რომ 2021 წლის 24 ნოემბრის დანიშნული სასამართლო სხდომაზეც არ გამოცხდდა კასატორი. მან განცხადებით მიმართა სასამართლოს და ავადმყოფობის გამო სხდომის გადადება მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც, მას არ წარუდგენია ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

36. პალატის მითითებით, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მოპასუხის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენელი იცავდა. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც ამ უკანასკნელის გამოუცხადებლობის საპატოობას ან იმ გარემოებას დაადასტურებდა, რომ მასაც არ შეეძლო გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსთვის. ამასთან, კასატორის საჩივარსა და სააპელაციო/საკასაციო საჩივრებში სადავოდ არ გაუხდია წარმომადგენლის მიერ მისი ინტერესების დაცვა, ამასთან, არც იმ საპატიო გარემოებებზე არ მიუთითებია, თუ რატომ ვერ გამოცხადდა წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე.

37. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეუძლებელია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სხდომაზე პირველი მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიოობის მოტივით.

38. დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ იქნება განხილული კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მხარე რამდენიმე პირია, რომელთაგან ნაწილს სასამართლო სხდომების გამართვის თაობაზე არც კი მიუღია შეტყობინება. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული საქმეში არსებულ მასალებით არ დასტურდება. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება სხვა მოპასუხეების მიერ არ გასაჩივრებულა, რაც საფუძველს აცლის საკასაციო პრეტენზიას.

39. პალატის მითითებით დაუსაბუთებელია კასატორის ის არგუმენტიც, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს. მოწინააღმდეგე მხარეს რეალურად ხელს არ უშლის სხვენში განთავსებული სასმელი წყლის ავზი, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სისტემატური წყალმომარაგების არარსებობისას. საკასაციო პალატის განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო მტკიცებულებებს არ იხილავს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დავის საგნის გათვალისწინებით მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 172-ე და 174-ე მუხლების თანახმად, სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა, ვინაიდან ვლინდებოდა ყველა ის წინაპირობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს კასატორის არგუმენტის გაზიარების საფუძველი.

40. რაც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას პალატა მიუთითებს, რომ კასატორს მხოლოდ ფორმალურად აქვს შუამდგომლობა დაყენებული და შესაბამისი პოზიცია და არგუმენტები მითითებული არ აქვს, რაც გამორიცხავს მისი შუამდგომლობის გაზიარების შესაძლებლობას, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსსკ-ის 402-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულია გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების წინაპირობა, რაც უკავშირდება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიის წარდგენას, რაც მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ განუხორციელებია.

41. საკასაციო პალატა სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე ასევე აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენს, ამ ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების გამოთხოვა/მიღება დაუშვებელია, შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე დართული ქ. ხობში, ........ მცხოვრები მოქალაქეების განცხადება (რომლითაც მათ ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსს მიმართეს) უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

42. საკასაციო პალატის მითითებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.), თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე.

43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და, თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (შდრ. სუსგ №ას-1158-1113-2016, 2017 წლის 10 თებერვალის განჩინება).

44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-964-929-16, 2017 წლის 6 მარტის განჩინება).

45. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

46. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

47. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

48. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

49. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-408-2021, 2021 წლის 16 ივნისის განჩინება; №ას-1494-2020, 2021 წლის 31 მაისის განჩინება, №ას-1176-2020, 2021 წლის 25 მარტის განჩინება; №ას-1834-2019, 2020 წლის 27 აპრილის განჩინება).

50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

51. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.შ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.შ–ვას (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება №5175729759 / გადახდის თარიღი 11.05.2023), 70% – 105 ლარი;

3. ნ.შ–ას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული განცხადება;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

რევაზ ნადარაია

თეა ძიმისტარაშვილი