საქმე №ას-1532-2019 22 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - გ.ც–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ბ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, პირგასამტეხლოს თანხის შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2014 წლის 4 ოქტომბერს გ.ც–ძეს (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) და ლ.ბ–ძეს (შემდგომში - „მოპასუხე“) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელეს სესხის სახით გადასცა 80 560 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 2,5%-ის დარიცხვით. სესხი გაიცა სამი თვის ვადით, 2015 წლის 04 იანვრამდე. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ძირი თანხის 0,12%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე (ტ.1, ს.ფ. 16-20).
2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ ........ (ტ.1, ს.ფ. 16-20).
3. მოსარჩელემ დაარღვია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
4. 2017 წლის 2 აგვისტოს ნოტარიუსმა ე.შ–მა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 80 560 აშშ დოლარი; 2015 წლის 01 ნოემბრიდან პირგასამტეხლო, ძირი თანხის 0,12%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე (ტ.1, ს.ფ. 21-23).
5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა 2017 წლის 02 აგვისტოს ნოტარიუს ე.შ–ის მიერ გაცემულ №170874323 სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის, ნაცვლად დღეში 0,12%-სა, 0,012%-ით განსაზღვრა 2015 წლის 01 ნოემბრიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
6. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. კერძოდ, დაეთანხმა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას 0,05%-მდე.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ე.შ–ის მიერ 2017 წლის 02 აგვისტოს გაცემულ №170874323 სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0,05%-ის ოდენობით 2015 წლის 01 ნოემბრიდან სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
11. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელშეკრულების საერთო თანხის და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა და განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით და არ არსებობდა პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების საფუძველი.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
17. კასატორი მიიჩნევს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და სასამართლოს უნდა შეემცირებინა იგი 0,012%-მდე.
18. პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 420-ე მუხლი [სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო].
19. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან (იხ. სუსგ საქმე №ას-833-799-2016, 2 ნოემბერი, 2016 წელი).
21. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).
22. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს (იხ. სუსგ საქმე №ას-1686-2019, 8 მაისი, 2020 წელი).
23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია და არ არსებობს სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების საფუძველი.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3 120 ლარის 70% – 2 184 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.ც–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს გ.ც–ძეს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს ე.ჭ–ძის (პ/ნ ......) მიერ 2019 წლის 21 აგვისტოს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3 120 (სამი ათას ას ოცი) ლარის 70% – 2 184 (ორი ათას ას ოთხმოცდაოთხი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე