საქმე №ას-1864-2018 14 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ა(ა)იპ „ს.კ.ფ–ია “, ი.რ–ძე, მ.ყ–ნი, გ.ც–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – გ.მ–ი, გ.შ–ი, გ.ჭ–ძე (მოსარჩელეები)
თავდაპირველი მოპასუხეები – გ.გ–ძე, ლ.ბ–ძე, თ.ც–ი, დ.ჩ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ორგანიზაციის წევრთა საერთო კრებებისა და გამგეობის წევრთა კრების ოქმების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა(ა)იპ „ს.კ.ფ–ია “-ის (ს/ნ ........) (შემდგომში - „მოპასუხე“, „ორგანიზაცია“ ან „მოპასუხე ორგანიზაცია“) წევრთა 2013 წლის 5 აგვისტოს საერთო კრების ოქმში №1 მითითებულია, რომ კრებას ესწრებოდნენ ლ.ბ–ძე, ჯიშიანი ძაღლების კლუბი „ფაუნას“ წარმომადგენელი ნ.მ–ი, გ.გ–ძე, „საქართველოს კინოლოგიური კავშირის“ წარმომადგენელი თ.რ–ი, „საქართველოს ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა გაერთიანებული ქენელ კლუბის“ წარმომადგენელი თ.ო–ძე, „საქართველოს მონადირე ძაღლების მოყვარულთა კლუბის“ წარმომადგენელი მ.ყ–ვა, „ძაღლების მოყვარულთა საქართველოს საზოგადოების“ წარმომადგენელი ე.ა––ვა, „აჭარის კინოლოგიური ფედერაციის“ პრეზიდენტის გ.ც–ძის მინდობილი პირი (წარმომადგენელი) მ.ლ–ძე, კავკასიური და ქართული ნაგაზის აღორძინებისა და განვითარების კავშირის „ბომბორას“ წარმომადგენელი თ.ც–ი, „საქართველოს ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა გაერთიანების“ წარმომადგენელი ა.კ–ი, ქ.ა–ი, ი.რ–ძე, ზ.ო–ი, „საქართველოში იშვიათი ჯიშების მოყვარულთა კლუბის“ წარმომადგენელი ო.კ–ა და „საქართველოს კინოლოგიური კლუბის“ პრეზიდენტი დ.ჩ–ძე (ჯამში, 15 პირი ან მისი წარმომადგენელი). კრების ოქმში მითითებულია, რომ კრებას ესწრებოდა ორგანიზაციის წევრთა 2/3-ზე მეტი და, შესაბამისად, კრება ჩაითვალა გადაწყვეტილებაუნარიანად. ლ.ბ–ძემ კრებას წარუდგინა წინადადება და კრებამ ერთხმად მიიღო შემდეგი სახის გადაწყვეტილება - მოპასუხე ორგანიზაციის სამართლებრივ ფორმად განისაზღვრა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ა(ა)იპ) და დადგინდა საზოგადოების წევრად მიღებისათვის სავალდებულო მოთხოვნები. კრების თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერები შესრულებულია 2013 წლის 6 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (იხ. ტ. I, ს.ფ. 97-100).
2. მოპასუხე ორგანიზაციის წევრთა 2013 წლის 24 სექტემბრის საერთო კრების ოქმში №3 მითითებულია, რომ კრებას ესწრებოდნენ ლ.ბ–ძე, გ.გ–ძე, „საქართველოს ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა გაერთიანებული ქენელ კლუბის“ წარმომადგენელი თ.ო–ძე, „ძაღლების მოყვარულთა საქართველოს საზოგადოების“ წარმომადგენელი თ.რ–ი, „აჭარის კინოლოგიური ფედერაციის“ პრეზიდენტის გ.ც–ძის მინდობილი პირი (წარმომადგენელი) მ.ლ–ძე, ზ.ო–ი, გ.პ–ვი, საქართველოს კინოლოგიური კლუბი „ლორდ-ლამარის“ წარმომადგენელი ქ.თ–ძე, ჯიშიანი ძაღლების კლუბი „ფაუნას“ წარმომადგენელი ნ.მ–ი, „საქართველოს მონადირე ძაღლების მოყვარულთა კლუბის“ წარმომადგენელი მ.ყ–ვა, კავკასიური და ქართული ნაგაზის აღორძინებისა და განვითარების კავშირის „ბომბორას“ წარმომადგენელი თ.ც–ი, კლუბი „ტობე დოგსის“ წარმომადგენელი მ.ყ–ნი, ცენტრალური ქენელ-კლუბის პრეზიდენტი ი.რ–ძე, „საქართველოში იშვიათი ჯიშების მოყვარულთა კლუბის“ წარმომადგენელი ო.კ–ა და ძაღლების მოყვარულთა გაერთიანებული კლუბის „პრესტიჟ-ცენტრის“ წარმომადგენელი ზ.ა–ი (ჯამში, 15 პირი ან მისი წარმომადგენელი). ოქმის თანახმად, კრებას ესწრებოდა ორგანიზაციის წევრთა 2/3-ზე მეტი და, შესაბამისად, კრება ჩაითვალა გადაწყვეტილებაუნარიანად. კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხების განხილვა: ა) მოპასუხე ორგანიზაციის გამგეობის წევრების გამოწვევა და ახალი გამგეობის წევრების არჩევა; ბ) ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევა; გ) ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; დ) ორგანიზაციის წევრების მიღება. კრებაზე გამოცხადებულ პირთა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით ორგანიზაციის წესდებაში შევიდა ცვლილება და ორგანიზაციის გამგეობის წევრთა რაოდენობა გაიზარდა - 5 წევრის ნაცვლად განისაზღვრა 7 წევრით. ასევე კენჭი ეყარა ორგანიზაციის წევრად მიღების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით შეთავაზებულ წინადადებას, კომისიების შექმნის საკითხს და გამგეობის არსებული შემადგენლობიდან წევრთა გამოწვევისა და ახალი წევრების არჩევის საკითხებს. კენჭისყრის შედეგების შესაბამისად, 14 ხმით გადაწყდა გ.ჭ–ძისათვის გამგეობის წევრობის შეწყვეტისა და მისი გამგეობის შემადგენლობიდან გამოწვევის საკითხი, რაც შეეხებათ გ.შ–ს, გ.მ–სა და ი.ბ–ძეს, მათი გამგეობის წევრობის შეწყვეტისა და გამგეობის შემადგენლობიდან გამოწვევა გადაწყდა ერთსულოვანი მხარდაჭერით. ასევე ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აირჩია კრებამ გამგეობის ახალი შემადგენლობა: ლ.ბ–ძე, მ.ყ–ნი, დ.ჩ–ძე, გ.ც–ძე, თ.ც–ი და ი.რ–ძე. გამგეობის წევრობა შეინარჩუნა გ.გ–ძემ. ლ.ბ–ძის წინადადების შესაბამისად, კრებამ ერთსულოვნად გადაწყვიტა, რომ ახალი შემადგენლობის გამგეობის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაეკისროს გ.გ–ძეს. კრების თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერები შესრულებულია 2013 წლის 25 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (იხ. ტ. I, ს.ფ. 132-139);
3. 2013 წლის 3 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოიტანა №B13095607/13 გადაწყვეტილება, დააკმაყოფილა გ.გ–ძის განცხადება და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის გზით დარეგისტრირდა ორგანიზაციის გამგეობის ახალი შემადგენლობა - ლ.ბ–ძე, მ.ყ–ნი, დ.ჩ–ძე, გ.ც––ძე, თ.ც–ი და ი.რ–ძე. გამგეობის წევრობა შეინარჩუნა გ.გ–ძემ (იხ. ტ. I, ს.ფ. 118-191).
4. ორგანიზაციის გამგეობის წევრთა 2013 წლის 14 ნოემბრის კრების ოქმში №4 მითითებულია, რომ გამგეობის ამ კრებას ესწრებოდა ორგანიზაციის წევრთა 2013 წლის 24 სექტემბრის საერთო კრების №3 ოქმით (ამ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით) განახლებული გამგეობის შემადგენლობის ყველა წევრი - ლ.ბ–ძე, მ.ყ–ნი, დ.ჩ–ძე, გ.ც–ძის წარმომადგენელი მ.ლ–ძე, თ.ც–ი, ი.რ–ძე და გ.გ–ძე. გამგეობის ყველა წევრის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოპასუხე ორგანიზაცია (ს/კ .....; რეგისტრაციის თარიღი - 2007 წლის 5 თებერვალი) შეერწყას „საქართველოს კინოლოგიურ ფედერაციას“ (ს/კ .........; რეგისტრაციის თარიღი - 1998 წლის 23 დეკემბერი), რითაც ფუნქციონირებას შეწყვეტს მოპასუხე ორგანიზაცია და საქმიანობას გააგრძელებს „ს.კ.ფ–ია“. წესდება, გამგეობის წევრები და პრეზიდენტი დარჩა უცვლელად ანუ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად დარჩნენ: გ.გ–ძე (გამგეობის წევრი/პრეზიდენტი (თავმჯდომარე)), ლ.ბ–ძე (გამგეობის წევრი), ი.რ–ძე (გამგეობის წევრი), ზ.ო–ი (გამგეობის წევრი) და გ.ც–ძე (გამგეობის წევრი) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 194-197).
5. გ.გ–ძემ მოპასუხე ორგანიზაციის სახელით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინა აღნიშნული ორგანიზაციის გამგეობის წევრთა 2013 წლის 14 ნოემბრის კრების ოქმი №4 და მოითხოვა რეორგანიზაციის პროცესის დაწყების რეგისტრაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ 2013 წლის 20 ნოემბერს მიიღო №B13113919/4 გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ, რომლის თანახმად: ა) მარეგისტრირებელმა ორგანომ საჭიროდ ჩათვალა მ.ლ–ძის უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა; ბ) მიუთითა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციიდან არ დგინდება, მოპასუხე ორგანიზაციას ჰყავს თუ არა კრედიტორები; კრედიტორების არსებობის შემთხვევაში დამატებით წარმოსადგენია ინფორმაცია ორგანიზაციის ყველა ცნობილი კრედიტორისა და მათი დაკმაყოფილების ვადების თაობაზე. ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო 2013 წლის 23 დეკემბერს სააგენტომ მიიღო №B13113919/7 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 199-202, 207).
6. 2014 წლის 8 იანვარს კვლავ შედგა მოპასუხე ორგანიზაციის გამგეობის წევრთა (ლ.ბ–ძე, მ.ყ–ნი, დ.ჩ–ძე, თ.ც–ი, ი.რ–ძე, გ.გ–ძე და გ.ც–ძის მინდობილი პირი მ.ლ–ძე) კრება. კრების №5 ოქმის თანახმად, გამგეობამ მიიღო შემდეგი შინაარსის გადაწყვეტილება: მოპასუხე ორგანიზაცია შეერწყას „საქართველოს კინოლოგიურ ფედერაციას“ (ს/კ .....; რეგისტრაციის თარიღი - 1998 წლის 23 დეკემბერი), რითაც ფუნქციონირებას შეწყვეტს მოპასუხე ორგანიზაცია და საქმიანობას გააგრძელებს „საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია“. წესდება, გამგეობის წევრები და პრეზიდენტი დარჩა უცვლელად ანუ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირები არიან: გ.გ–ძე (გამგეობის წევრი/პრეზიდენტი (თავმჯდომარე)), ლ.ბ–ძე (გამგეობის წევრი), ი.რ–ძე (გამგეობის წევრი), ზ.ო–ი (გამგეობის წევრი) და გ.ც–ძე (გამგეობის წევრი) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 215-219).
7. „საქართველოს კინოლოგიურ ფედერაციას“, რომელთან შერწყმის გადაწყვეტილებაც მიიღო მოპასუხე ორგანიზაციის გამგეობამ, სახელმწიფოს წინაშე აქვს საგადასახადო ვალდებულებები და მისი აქტივების მიმართ გამოყენებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა (იხ. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან - ტ. 1, ს.ფ. 224-226).
8. გ.გ–ძემ კვლავ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოპასუხე ორგანიზაციის გამგეობის წევრთა 2014 წლის 8 იანვრის კრების №5 ოქმის საფუძველზე მოითხოვა მოპასუხე ორგანიზაციის რეორგანიზაციის (შერწყმის) პროცესის დაწყების რეგისტრაცია, რაც მარეგისტრირებელმა ორგანომ დააკმაყოფილა 2014 წლის 10 იანვრის №B13128170/7 გადაწყვეტილებით და 2014 წლის 20 იანვარს გასცა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, სადაც უკვე დაფიქსირებულია, რომ მოპასუხე ორგანიზაციის მიმართ დაწყებულია (მიმდინარეობს) რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 2014 წლის 23 იანვრის განჩინებით შეჩერდა განსახილველი დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 221-223, 233-236).
9. გ.შ–ი, გ.მ–ი და გ.ჭ–ძე (შემდგომში - „მოსარჩელეები“) არიან მოპასუხე ორგანიზაციის წევრები. მათგან გ.შ–ი ი.ბ–ძესთან, ლ.ბ–ძესთან, ნ.ლ–თან და ზ.ო–თან ერთად არის ხსენებული ორგანიზაციის დაფუძნების მიზნით 2006 წლის 11 დეკემბერს ჩატარებული დამფუძნებელთა საერთო კრების, ამ კრების შედეგად გაფორმებული გარიგების - კავშირი „ს.კ.ფ–ია “-ის დამფუძნებელთა საერთო კრების №1 ოქმის (ხელმოწერის ნამდვილობის ნოტარიულად დამოწმების თარიღი 2007 წლის 11 იანვარი, რეესტრში რეგისტრაციის ნომერი - 1-141, ნოტარიუსი ბ.ს–ძე) მონაწილე პირი. ამასთან, გ.შ–ი, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხელს აწერს მარეგისტრირებელ ორგანოში 2007 წლის 5 თებერვლიდან რეგისტრირებული მოპასუხე ორგანიზაციის დამფუძნებელთა 2006 წლის 11 დეკემბრის საერთო კრების საფუძველზე და მისი აღსრულების მიზნით 2007 წლის 23 იანვარს შედგენილ სარეგისტრაციო განაცხადს (რეესტრში რეგისტრაციის №1-350, ნოტარიუსი ბ.ს–ძე). რაც შეეხებათ გ.ჭ–ძესა და გ.მ–ს, ისინი ამ ორგანიზაციის წევრების სტატუსით წევრთა საერთო კრების საქმიანობაში მონაწილეობას იღებდნენ ორგანიზაციის დაფუძნებიდან უკვე რიგით მე-2 კრებაში, ყველა დამფუძნებელ წევრთან ერთად. შესაბამისად, ისინი ჯერ კიდევ 2007 წლის 20 აგვისტოდან არიან ორგანიზაციის წევრები და დღემდე ინარჩუნებენ აღნიშნული ორგანიზაციის წევრობას (იხ. ტ. 1, ს. ფ. 36-66, სასამართლო სხდომის ოქმთა აუდიო ჩანაწერები).
10. მოპასუხე ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრები არიან ი.ბ–ძე, გ.შ–ი, ლ.ბ–ძე, ნ.ლ–ძე და ზ.ო–ი და მათთან ერთად, მათივე ნების შესაბამისად საზოგადოების წევრთა მე-2, 2007 წლის 20 აგვისტოს საერთო კრებაში მონაწილეობას იღებდნენ გ.გ–ძე, გ.ჭ–ძე, ე.ჭ–ძე, გ.პ–ვი, ა.ქ–ი და გ.მ–ი. ამასთან, სადავო არ არის ამ პირთა მოპასუხე საზოგადოების წევრობის ფაქტი. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა პირთა წევრობა არ დადასტურდა, მოპასუხე ორგანიზაცია აერთიანებს მხოლოდ ზემოთჩამოთვლილ ფიზიკურ პირებს - 11 წევრს.
11. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ორგანიზაციის, გ.გ–ძის, ლ.ბ–ძის, მ.ყ–ნის, გ.ც–ძის, თ.ც–ის, ი.რ–ძისა და დ.ჩ–ძის მიმართ და მოითხოვეს ორგანიზაციის წევრთა 2013 წლის 5 აგვისტოს საერთო კრების №1 ოქმისა და 2013 წლის 24 სექტემბრის საერთო კრების №3 ოქმის, ასევე ორგანიზაციის გამგეობის წევრთა 2013 წლის 14 ნოემბრის კრების №4 ოქმისა და 2014 წლის 8 იანვრის კრების №5 ოქმის ბათილად ცნობა.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სადავო კრების ოქმები.
13. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მხარემ იმის სამტკიცებლად, რომ ორგანიზაციის წევრები არიან ცალკეული იურიდიული პირები, წარმოადგინა შემდეგი სახის დოკუმენტები:
13.1. ორგანიზაციასა და „საქართველოს პოინტერ კლუბს“ შორის 2011 წლის 20 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება. მას ორგანიზაციის სახელით ხელს აწერენ პრეზიდენტი გ.გ–ძე და აღმასრულებელი მდივანი ა.ჩ–ა. ამ ხელშეკრულებით „საქართველოს პოინტერ კლუბს“ მიენიჭა ორგანიზაციის წევრის სტატუსი და შემდგომი თანამშრომლობისათვის განისაზღვრა ამ ორი მხარის უფლება-მოვალეობები (იხ. ხელშეკრულების 1 პუნქტი, ტ. 1, ს.ფ. 320-322);
13.2. ორგანიზაციასა და „ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა გაერთიანებულ ქენელ კლუბს“ შორის 2007 წლის 23 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება. მას ორგანიზაციის სახელით ხელს აწერს პრეზიდენტი ი.ბ–ძე. ამ ხელშეკრულებით „ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა გაერთიანებულ ქენელ კლუბს“ მიენიჭა ორგანიზაციის წევრის სტატუსი, თანახმად გამგეობის წევრთა 2007 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებისა, და შემდგომი თანამშრომლობისათვის განისაზღვრა ამ ორი მხარის უფლება-მოვალეობები (იხ. ხელშეკრულების 1 პუნქტი, ტ. 1, ს.ფ. 323-325);
13.3. ორგანიზაციასა და „ძაღლების მოყვარულთა საქართველოს საზოგადოებას“ შორის 2007 წლის 23 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება. მას ორგანიზაციის სახელით ხელს აწერს პრეზიდენტი ი.ბ–ძე. ამ ხელშეკრულებით „ძაღლების მოყვარულთა საქართველოს საზოგადოებას“ მიენიჭა ორგანიზაციის წევრის სტატუსი, თანახმად გამგეობის წევრთა 2007 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებისა, და შემდგომი თანამშრომლობისათვის განისაზღვრა ამ ორი მხარის უფლება-მოვალეობები (იხ. ხელშეკრულების 1 პუნქტი, ტ. 1, ს.ფ. 326-328);
13.4. ორგანიზაციასა და კავშირს, სახელწოდებით „კავკასიური ნაგაზების აღორძინება და განვითარება“, შორის 2007 წლის 23 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება. მას ორგანიზაციის სახელით ხელს აწერს პრეზიდენტი ი.ბ–ძე. ამ ხელშეკრულებით კავშირს მიენიჭა ორგანიზაციის წევრის სტატუსი, თანახმად გამგეობის წევრთა 2007 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებისა, და შემდგომი თანამშრომლობისათვის განისაზღვრა ამ ორი მხარის უფლება-მოვალეობები (იხ. ხელშეკრულების 1 პუნქტი, ტ. 1, ს.ფ. 329-331);
13.5. ორგანიზაციასა და ა(ა)იპ „კლუბი ტობე დოგსს“ შორის 2012 წლის 10 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება. მას ორგანიზაციის სახელით ხელს აწერენ პრეზიდენტი გ.გ–ძე და აღმასრულებელი მდივანი ა.ჩ–ა. ამ ხელშეკრულებით ა(ა)იპ „კლუბი ტობე დოგსს“ მიენიჭა ორგანიზაციის წევრის სტატუსი და შემდგომი თანამშრომლობისათვის განისაზღვრა ამ ორი მხარის უფლება-მოვალეობები (იხ. ხელშეკრულების 1 პუნქტი, ტ. მე-2, ს.ფ. 19-21);
13.6. სს „ს.ბ–ის“ მიერ გაცემული ნაერთი ამონაწერები ორგანიზაციის პირადი ანგარიშიდან, რომლებიც მოიცავენ 2008-2010 და 2012 წლების პერიოდებს. ამ ამონაწერებით დასტურდება, რომ საწევრო შენატანის სახით რეგიონალურ კავშირს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კინოლოგიურ ფედერაციას“, შპს „დ.გ–ის“, „ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა გაერთიანებული ქენელ კლუბს“, „საქართველოს პოინტერ კლუბს“, თ.ც–ს და მ.გ–ას სხვადასხვა დროს ორგანიზაციისათვის გადახდილი აქვთ სხვადასხვა თანხები (იხ. ტ. მე-2, ს.ფ. 22-34).
14. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ყველა ის დოკუმენტი (ე.წ. სარეგისტრაციო განაცხადი ან წესდება), რომელიც ასახავს მოპასუხე ორგანიზაციის, მისი წევრების, მართვისა და ხელმძღვანელ ორგანოთა საქმიანობისა და მოქმედების მარეგლამენტირებელ წესებს, მიუხედავად სხვადასხვა დროს განხორციელებული ცვლილებებისა, ყოველთვის ითვალისწინებდა გამგეობის კომპენტენციას საზოგადოების წევრად პირის მიღების შესახებ (იხ.: ა) სარეგისტრაციო განაცხადის (ხელმოწერის ნამდვილობის ნოტარიულად დამოწმების თარიღი - 2007 წლის 23 იანვარი, ნოტარიუსი ბ.ს–ძე; ტ. 1, ს.ფ. 55-63) თავი სათაურით „კავშირის გამგეობა”, მის მე-3 პუნქტში არსებული ჩამონათვალიდან მე-7 დანაწესი; ბ) სარეგისტრაციო განაცხადის (ხელმოწერის ნამდვილობის ნოტარიულად დამოწმების თარიღი - 2007 წლის 27 აგვისტო, ნოტარიუსი ბესიკ სეხნიაიძე; ტ. 1, ს.ფ. 36-44) თავი სათაურით „კავშირის გამგეობა”, მის მე-3 პუნქტში არსებული ჩამონათვალიდან მე-7 დანაწესი; გ) 2013 წლის 25 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მისი თანამშრომლის თანდასწრებით გია გიორგაძის მიერ ხელმოწერილი წესდების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტის ბოლო წინადადება (ტ. 1, ს.ფ. 119-131); დ) 2013 წლის 30 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მისი თანამშრომლის თანდასწრებით გ.გ–ძის მიერ ხელმოწერილი წესდების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტის ბოლო წინადადება (ტ. 1, ს.ფ. 152-164)). ამდენად, საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში გაწევრიანება შესაძლებელია მხოლოდ გამგეობის შესაბამისი გადაწყვეტილების შედეგად.
15. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მტკიცება, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულებები ან თუნდაც საწევრო შენატანის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან) შეცვლის ან სულაც უტოლდება გამგეობის წევრთა გადაწყვეტილებას. გამგეობა არის საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი კოლეგიური ორგანო, მისი სხდომები მოიწვევა საწესდებო დანაწესით იმპერატიულად გაწერილი წესების დაცვით და, ამასთან, გამგეობის გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით. წარმოდგენილ ხელშეკრულებებში კი გამოვლენილია მხოლოდ საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის (პრეზიდენტის) ნება, რომელიც მხოლოდ ერთი წევრია გამგეობისა. მართალია, იმ ხელშეკრულებებში, სადაც ი.ბ–ძე, როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტი, გვევლინება ორგანიზაციის მხრიდან ხელმომწერად, მითითებულია, რომ ხელშეკრულებით ორგანიზაციის წევრად კონტრაგენტის აღიარება განპირობებულია გამგეობის წევრთა 2007 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, თუმცა ვერცერთმა მოპასუხემ, მათ შორის, თავად მოპასუხე ორგანიზაციამ ვერ უზრუნველყო სასამართლოსათვის გამგეობის ხსენებული გადაწყვეტილების წარდგენა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება და ვერ დაადასტურა, რომ ორგანიზაციის წევრთა 2013 წლის 5 აგვისტოს და 2013 წლის 24 სექტემბრის საერთო კრებებზე წევრების სტატუსით მონაწილე პირებიდან (ჯიშიანი ძაღლების კლუბი „ფაუნა“, „საქართველოს კინოლოგიური კავშირი“, „საქართველოს ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა გაერთიანებული ქენელ კლუბი“, „საქართველოს მონადირე ძაღლების მოყვარულთა კლუბი“, „ძაღლების მოყვარულთა საქართველოს საზოგადოება“, „აჭარის კინოლოგიური ფედერაცია“, კავკასიური და ქართული ნაგაზის აღორძინებისა და განვითარების კავშირი „ბომბორა“, „საქართველოს ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა გაერთიანება“, ქ.ა–ი, ი.რ–ძე, „საქართველოში იშვიათი ჯიშების მოყვარულთა კლუბი“, „საქართველოს კინოლოგიური კლუბი“, საქართველოს კინოლოგიური კლუბი „ლორდ-ლამარი“, კლუბი „ტობე დოგსი“, „ცენტრალური ქენელ-კლუბი“, „საქართველოში იშვიათი ჯიშების მოყვარულთა კლუბი“ და ძაღლების მოყვარულთა გაერთიანებული კლუბი „პრესტიჟ-ცენტრი“) რომელიმე არის მოპასუხე ორგანიზაციის წევრი. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ორგანიზაციის წევრთა 2013 წლის 5 აგვისტოს საერთო კრებას ამ ორგანიზაციის წევრებიდან ესწრებოდნენ მხოლოდ გია გიორგაძე, ლ.ბ–ძე და ზ.ო–ი, ხოლო რაც შეეხება 24 სექტემბრის საერთო კრებას, მას წევრებიდან გ.გ–ძესთან, ლ.ბ–ძესთან და ზ.ო–თან ერთად ესწრებოდა გ.პ–ვი.
16. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ორგანიზაციის დამფუძნებელ წევრთა მიერ ხელმოწერილ სარეგისტრაციო განაცხადზე (ხელმომწერთა ხელმოწერების ნამდვილობის სანოტარო ფორმით დამოწმების თარიღი 2007 წლის 23 იანვარი, სანოტარო მოქმედებათა რეესტრში რეგისტრაციის #1-350, ნოტარიუსი ბ.ს–ძე; ტ. 1, ს.ფ. 55-63) და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტით განსაზღვრულია მოპასუხის ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო კრების მოწვევის, ჩატარებისა და გადაწყვეტილებათა მიღების წესები და ასევე საერთო კრების კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხთა ჩამონათვალი. თავის, რომელიც დასათაურებულია „კავშირის ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო კრება“, პირველი პუნქტი არის შემდეგი შინაარსის: კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა კავშირის წევრთა საერთო კრება, რომელიც კავშირის გამგეობის მიერ მოიწვევა, სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ მაინც, ან როცა ამას კავშირის ინტერესები მოითხოვს. კრება უფლებამოსილია დაიწყოს მუშაობა, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კავშირის წევრთა 2/3. იმ შემთხვევაში, თუ კრება აღმოჩნდა გადაწყვეტილებაუუნარო, მაშინ იგი განმეორებით მოიწვევა 7 დღის შემდეგ იგივე წესითა და იგივე დღის წესრიგით. განმეორებითი კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია წევრთა ნახევარი მაინც. ყველა დამსწრე წევრს აქვს თითო ხმა.
17. საქალაქო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა არის 11, თუმცა ამ ორგანიზაციის წევრთა 2013 წლის 5 აგვისტოს და 24 სექტემბრის საერთო კრებებს, ერთ შემთხვევაში, ესწრებოდა საზოგადოების მხოლოდ 3, ხოლო მეორე შემთხვევაში - მხოლოდ 4 წევრი. შესაბამისად, ორივე კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება მოპასუხის საწესდებო დანაწესით განსაზღვრულ გადაწყვეტილებათა მიღების წესს, საერთო კრების გადაწყვეტილებაუნარიანობისათვის დადგენილ წესს. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 54-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი განაპირობებს საწესდებო დანაწესთა უგულებელყოფით მიღებული გადაწყვეტილებების (გარიგებების) შედეგუუნარობას და ორგანიზაციის წევრთა 2013 წლის 5 აგვისტოს საერთო კრების №1 ოქმისა და 2013 წლის 24 სექტემბრის საერთო კრების №3 ოქმის ბათილად ცნობას.
18. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ორგანიზაციის წევრთა უკანონო, ბათილი გარიგების შედეგად გამოხატული ნების საფუძველზე მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირდა აღნიშნული ორგანიზაციის გამგეობის განახლებული (შეცვლილი) შემადგენლობა. ბათილი, შედეგუუნარო გარიგებების საფუძველზე რეგისტრირებულ გამგეობის შემადგენლობას არ აქვს სამართლებრივი ლეგიტიმაცია. შესაბამისად, ასეთი შემადგენლობის გამგეობის, როგორც არაუფლებამოსილ პირთა ერთიანობით, მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სსკ-ის 61.1. მუხლის თანახმად, არარა, უცილოდ ბათილი გარიგებებია.
19. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციის გამგეობის წევრთა 2013 წლის 14 ნოემბრის კრების №4 ოქმში და 2014 წლის 8 იანვრის კრების №5 ოქმში დაფიქსირებული გადაწყვეტილებების მიღებისას (ორივე შემთხვევაში გამგეობის სადავო გადაწყვეტილებები მიზნად ისახავდა მოპასუხე ორგანიზაციის ააიპ „ს.კ.ფ–თან“ (ს/ნ .......) შერწყმას) გაუთვალისწინებელი დარჩა სსკ-ის 38-ე მუხლის 11 ნაწილის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 144 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების დანაწესები და საზოგადოების მოქმედი წესდების (სარეგისტრაციო განაცხადის) რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის დამდგენი წესი.
20. საქალაქო სასამართლოს მითითებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი საწარმოს რეორგანიზაცია/ლიკვიდაციაზე გადაწყვეტილებების მიღების კომპენტენციას მიაკუთვნებს პარტნიორთა კრებას, რაც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ა(ა)იპ-ის წევრთა საერთო კრებას. იგივეს მოწმობს თავად მოპასუხის წესდებაც - ე.წ. სარეგისტრაციო განაცხადიც (ხელმომწერთა ხელმოწერების ნამდვილობის სანოტარო ფორმით დამოწმების თარიღი 2007 წლის 23 იანვარი, სანოტარო მოქმედებათა რეესტრში რეგისტრაციის #1-350, ნოტარიუსი ბ.ს–ძე; ტ. 1, ს.ფ. 55-63).
21. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლეგიტიმური შემადგენლობის გამგეობის არსებობის შემთხვევაშიც კი, იმის გამო, რომ გამგეობამ პრაქტიკულად მიითვისა წევრთა საერთო კრების კომპეტენციით განპირობებული უფლებამოსილება, სახეზეა კანონის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილებები, რაც მოპასუხე ორგანიზაციის გამგეობის წევრთა 2013 წლის 14 ნოემბრის კრების №4 ოქმში და 2014 წლის 8 იანვრის კრების №5 ოქმში დაფიქსირებულ გადაწყვეტილებებს ბათილ, არარა გარიგებებად აქცევს.
22. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხე ორგანიზაციამ, ი.რ–ძემ, დ.ჩ–ძემ, მ.ყ–ნმა და გ.ც–ძემ.
23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
24. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები, ასევე დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში მითითებული გარემოებები.
25. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ორგანიზაციის წევრთა უკანონო, ბათილი გარიგების შედეგად გამოხატული ნების საფუძველზე მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირდა აღნიშნული ორგანიზაციის გამგეობის განახლებული (შეცვლილი) შემადგენლობა, ხოლო ბათილი, შედეგუუნარო გარიგებების საფუძველზე რეგისტრირებულ გამგეობის შემადგენლობას არ აქვს სამართლებრივი ლეგიტიმაცია.
26. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხე ორგანიზაციამ, გ.ც–ძემ, ი.რ–ძემ და მ.ყ–ნმა (შემდგომში - „კასატორები“) შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრისა და 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებებით კასატორების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
28. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
29. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
30. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
31. კასატორების პრეტენზიის თანახმად, სასამართლომ მხოლოდ ორგანიზაციის 2007 წლის 20 აგვისტოს საერთო კრების ოქმზე დაყრდნობით არასწორად მიიჩნია, რომ ორგანიზაცია შედგება 11 წევრისაგან, სასამართლომ არასწორად ჩათვალა ხელშეკრულებები და საბანკო ამონაწერები საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ, რომლებითაც დასტურდება, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში წლების მანძილზე გაწევრიანებული არიან „საქართველოს პოინტერ კლუბი“, „ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა გაერთიანებული ქენელ კლუბი“, „ძაღლების მოყვარულთა საქართველოს საზოგადოება“, კავშირი „კავკასიური ნაგაზების აღორძინება და განვითარება“, „კლუბი ტობე დოგსი“, საბანკო ამონაწერებით კი დასტურდება მოპასუხე ორგანიზაციის ანგარიშზე მასში შემავალი წევრ-სუბიექტების მიერ წლიური საწევრო გადასახადის გადახდის ფაქტი.
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობებს და კასატორებს განუმარტავს, რომ მოპასუხე ორგანიზაციის ე.წ. სარეგისტრაციო განაცხადებისა და წესდებების თანახმად, ორგანიზაციის გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება საზოგადოების წევრად მიღების უფლებამოსილება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-14 პუნქტი), შესაბამისად, კასატორების მიერ მითითებული ხელშეკრულებები ან საწევრო შენატანის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან) ვერ შეცვლის გამგეობის წევრთა მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებს. აღნიშნული წესის უგულებელყოფით მიღებული გადაწყვეტილებები სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე [ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს] ბათილია.
33. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული პრეტენზია იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების წინააღმდეგ, რომ მოპასუხე ორგანიზაცია შედგება მხოლოდ 11 ფიზიკური პირისაგან, რაც განსახილველი დავის გადასაწყვეტად არსებით საკითხს წარმოადგენს.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
35. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
36. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა(ა)იპ „ს.კ.ფ–ია +“-ის, ი.რ–ძის, მ.ყ–ნის, გ.ც–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორებს ა(ა)იპ „ს.კ.ფ–ია“-ს (ს/კ......), ი.რ–ძეს (პ/ნ .....), მ.ყ–ნს (პ/ნ .....), გ.ც–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეთ ს.კ.ფ–იის (ს/კ .....) მიერ 2018 წლის 26 დეკემბრის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე