Facebook Twitter

საქმე №ას-1883-2018 22 ივლისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ბ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.შ–ი (მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ.შ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მამა“) სარჩელი დაკმაყოფილდა (პირველი პუნქტი); მამას მიეცა უფლება წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი, 2013 წლის 17 აგვისტოს დაბადებული გ.ბ–ძე (შემდგომში - „ბავშვი“ ან „არასრულწლოვანი“), თავის საცხოვრებელ სახლში ყოველი კვირის შაბათ დღეს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე და კვირა დღეს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შემდგომ დედასთან - ნ.ბ–ძესთან (შემდგომში - „მოპასუხე“, „დედა“ ან „კასატორი“) დაბრუნების პირობით (მეორე პუნქტი); არასრულწლოვანის თანხმობის (სურვილის) შემთხვევაში, მოსარჩელეს მიეცა შაბათის ღამეს ბავშვის თავისთან დატოვების უფლებაც. ამ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია კვირას 16:00 საათზე დააბრუნოს ბავშვი დედასთან (მესამე პუნქტი).

2. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელე და მოპასუხე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2012 წლიდან;

2.2. მათ 2013 წლის 17 აგვისტოს შეეძინათ შვილი გ.ბ–ძე;

2.3. მოსარჩელე და მოპასუხე ერთმანეთს ბავშვის დაბადებამდე დასცილდნენ და ამჟამად ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მცირეწლოვანი მოპასუხესთან ცხოვრობს;

2.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილების (შემდგომში - „მესამე პირი“) დასკვნის თანახმად, სააგენტოს განყოფილებაში მოსარჩელე ოთხჯერ შეხვდა შვილს. პირველი შეხვედრის წინ დედამ უთხრა, რომ მიდიოდნენ მამასთან შესახვედრად და ამიტომ ბავშვისთვის მოულოდნელი არ ყოფილა მასთან შეხვედრა, არ იუცხოვა და თავისუფლად მიუახლოვდა მამას, რომელმაც ბავშვი ხელში აიტაცა და დაკოცნა. ბავშვმა სიხარულით მიიღო მამის მიერ მოტანილი ტკბილეული და სათამაშოები, რითიც ბავშვი მამასთან ერთად ხალისიანად ერთობოდა. დედის თხოვნით ბავშვმა რამდენიმე ლექსიც წაიკითხა. ასევე გულთბილად ტარდებოდა ყველა სხვა შეხვედრა, რომლებზეც ბავშვი უფრო მეტად გაიხსნა და იგი მამას უფრო თამამად ესაუბრებოდა და ეთამაშებოდა.

3. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელის სახლში ბავშვის მიმართ არაკეთილმოსურნედ განწყობილი ადამიანები ცხოვრობენ; რომ ბავშვს მოსარჩელის სახლში სათანადო ყურადღებას ვერ მიაქცევენ და ძილის პრობლემა შეექმნება. სასამართლომ არც მოპასუხის ის განმარტება გაიზიარა, რომ ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ამიტომ სხვაგვარი ყურადღების მიქცევა სჭირდება.

4. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტა, რომ ბავშვი პრეტენზიულია, სხვას არ აძლევს მისი დაძინების უფლებას და ამიტომ დედის გარეშე ვერ დაიძინებს (იხ. სასამართლოს 19.10.2017 წლის სხდომის ოქმის აუდიო-ჩანაწერი 17:27:25 სთ), რადგან მოსარჩელის მოთხოვნა ბავშვის ღამე თავისთან დატოვების ნაწილში ჩამოყალიბებულია იმგვარად, რომ მან ეს უფლება მოიპოვოს მხოლოდ თავად ბავშვის თანხმობის და სურვილის შემთხვევაში. ამავდროულად, მოსარჩელემ განმარტა, რომ მათი საცხოვრებელი სახლები ერთმანეთისგან შორი მანძილით არ არის დაშორებული და, თუ ბავშვს დაძინების პრობლემა შეექმნება, იგი მზად არის მაშინვე დააბრუნოს ბავშვი დედასთან. სოციალური სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ბავშვს ამგვარი პრობლემები შეექმნას, რადგან მათი დაკვირვებით მამას და შვილს შორის არის ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობა. მამის მიმართ ბავშვის დამოკიდებულება კარგად დაინახეს სააგენტოში განხორციელებული შეხვედრების დროს, როდესაც ბავშვი მამას მუდმივად ეხვეოდა და ეხუტებოდა. წარმომადგენლის განმარტებით, მამა-შვილს შორის თბილი ურთიერთობით სააგენტოს თანამშრომლებიც გაკვირვებულები იყვნენ (იხ. სასამართლოს 19.10.2017 წლის სხდომის ოქმის აუდიო-ჩანაწერი 17:33:38 სთ).

5. რაიონულმა სასამართლომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის საფუძველზე აღნიშნა, რომ მოსარჩელე სიყვარულს და მზრუნველობას იჩენს შვილის მიმართ და თავის მხრივ, ბავშვიც სიყვარულით და მასთან ურთიერთობის სურვილით პასუხობს. ამავდროულად, დასკვნის მიხედვით, დედა ამ ურთიერთობის წინააღმდეგი არ არის და თავისი მოქმედებით ხელს უწყობს ნორმალურ ურთიერთობას (დედამ წინასწარ უთხრა შვილს, რომ მამასთან შესახვედრად მიდიოდა; დედის თხოვნით, ბავშვმა რამდენიმე ლექსი წაიკითხა). შესაბამისად, მოსარჩელესა და მცირეწლოვანს შორის ურთიერთობებში რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება სახეზე არ არის, მათ შორის ხშირი ურთიერთობა თავად ბავშვის ინტერესს შეესაბამება და არ იკვეთება ისეთი გარემოება, რაც სასამართლოს აფიქრებინებდა, რომ ამგვარი ურთიერთობით რაიმე სახის ზიანი მიადგება ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მამისთვის ბავშვის წაყვანის უფლების მინიჭების საწინააღმდეგო ჩანაწერი არ არის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნაში და არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით დასტურდება ამ მხრივ რაიმე შეზღუდვის დაწესების აუცილებლობა.

6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დადგინდა, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების მესამე პუნქტი ამოქმედდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის შემდეგ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

8. სააპელაციო სასამართლომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნასთან ერთად მიუთითა ფსიქოლოგის დასკვნაზეც, რომლიდანაც ირკვევა, რომ „აუცილებელია მამა-შვილს შორის ურთიერთობის აღდგენა-გაღრმავება (მით უმეტეს, რომ გიორგის აქვს ამის მოთხოვნილება) ეს ბავშვს სჭირდება საკუთარ სქესთან იდენტიფიკაციაში“. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელესა და მცირეწლოვანს შორის ურთიერთობებში რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება სახეზე არ არის, მათ შორის ხშირი ურთიერთობა თავად ბავშვის ინტერესს შეესაბამება და არ იკვეთება ისეთი გარემოება, რაც სასამართლოს აფიქრებინებდა, რომ ამგვარი ურთიერთობით რაიმე სახის ზიანი მიადგება ბავშვის ინტერესებს.

9. სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე მიზანშეწონილად მიიჩნია ბავშვსა და მამას შორის ჯანსაღი, ნორმალური ურთიერთობის დამყარების აუცილებლობა. პალატის მოსაზრებით, სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი ბავშვის საუკეთესო ინტერესების განხორციელება, რაც სახელმძღვანელო პრინციპია არამხოლოდ სასამართლოსათვის ან სხვა დაწესებულებისათვის, არამედ - ოჯახის, უპირველეს ყოვლისა, მშობლებისათვის.

10. რაც შეეხება ნახვის დღეების განსაზღვრას, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი წესი მამის მიერ ბავშვის ნახვის საშუალებებისა და დღეების თაობაზე, თუმცა, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მესამე პუნქტი უნდა ამოქმედდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 6 თვის შემდეგ ბავშვის ასაკიდან და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან მანამდე, ამ ექვსი თვის განმავლობაში მოხდეს მამა-შვილის ერთმანეთთან უფრო მეტად შეგუება, ურთიერთობების ჩამოყალიბება, რათა ღამით მამასთან დარჩენამ დედის გარეშე, ვინაიდან ბავშვი იზრდება დედასთან, ბავშვის ინტერესები არ დააზიანოს.

11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მეორე პუნქტი და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის არასრულწლოვნის თავისთან წაყვანის დღეების რაოდენობისა და საათების ხანგრძლივობის განსაზღვრის ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილება, კერძოდ, მოსარჩელეს მიეცეს შვილის თავის საცხოვრებელ სახლში წაყვანის უფლება ორ კვირაში ერთხელ (ნაცვლად ყოველი კვირისა), შაბათ დღეს 14:30 საათიდან 18:00 საათამდე დროის ხანგრძლივობით (ნაცვლად 11:00 საათიდან 17:00 საათამდე დროისა), ხოლო კვირა დღეს - 14:30 საათიდან 17:00 საათამდე დროის ხანგრძლივობით (ნაცვლად 11:00 საათიდან 16:00 საათამდე დროისა).

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის რაიონული განყოფილების უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

17. საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაცო პალატამ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ყოველი კვირის შაბათ და კვირა დღეს ბავშვი დადის ცეკვის გაკვეთილებზე. თუ მამა მოინდომებს დილის საათებში ბავშვის თავისთან წაყვანას, ბავშვი ვეღარ შეძლებს ცეკვაზე სიარულს, რითაც შეილახება ბავშვის აღზრდისა და განვითარების საუკეთესო ინტერესი; ამასთან, მოსარჩელისთვის ყველა შაბათ-კვირას, დილიდან საღამომდე დროით ბავშვის წაყვანის უფლების მინიჭებით უხეშად ირღვევა მეორე მშობლის - დედის და ასევე ბავშვის უფლებები. დედას არ აქვს შვილთან ყოველდღიური, სრულფასოვანი ურთიერთობა, რადგან ბავშვი დადის საბავშვო ბაღში და დედას ბავშვთან უფრო ხანგრძლივი დროით ყოფნის საშუალება ეძლევა შაბათ-კვირას.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.

19. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.

20. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას [კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი]. მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია [კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი].

21. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.

22. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ. სუსგ საქმე №ას-1112-1047-2015, 04 მარტი, 2016 წელი).

23. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, § 83). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, § 59) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy, § 66).

24. აღნიშნულმა პრინციპმა ასახვა ჰპოვა საქართველოს კანონმდებლობაშიც. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები [სსკ-ის 1202-ე მუხლი]. მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს [სსკ-ის 1199-ე მუხლი].

25. მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ საქმე №ას-458-440-2016, 15 ივლისი, 2016 წელი).

26. როგორც ზემოთ აღინიშნა, ბავშვის დედა სადავოდ ხდის ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მამისათვის განსაზღვრულ ბავშვთან ურთიერთობის წესს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელისთვის ყოველ შაბათ-კვირას ბავშვის წაყვანის უფლების მინიჭებით უხეშად ირღვევა მისი და ბავშვის უფლებები.

27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ერთ-ერთ საქმეზე, რომელშიც სასამართლომ განმარტა, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვთან კონტაქტის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რომელიც ეფექტური და შეძლებისდაგვარად რეგულარული უნდა იყოს. რასაკვირველია, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს, რომელიც ორ ასპექტს გულისხმობს: ერთი მხრივ, ბავშვის ინტერესებშია, რომ იგი განვითარდეს ჯანსაღ გარემოში და მშობელს არ მიეცეს ისეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობასა და განვითარებას; მეორე მხრივ, ცხადია, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენარჩუნდეს მისი კავშირი მამასთან, რათა გაძლიერდეს მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში. შესაბამისად, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, მოსარჩელეს ბავშვის თავისთან დროებით წაყვანის უფლება არ უნდა შეეზღუდოს (იხ. სუსგ საქმე №ას-63-59-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი).

28. საქმეში წარმოდგენილი დასკვნების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელესა და მცირეწლოვანს შორის ურთიერთობებში რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება სახეზე არ არის, მათ შორის ხშირი ურთიერთობა თავად ბავშვის ინტერესს შეესაბამება და არ იკვეთება ისეთი გარემოება, რაც სასამართლოს აფიქრებინებდა, რომ ამგვარი ურთიერთობით რაიმე სახის ზიანი მიადგება ბავშვის ინტერესებს.

29. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველ შაბათ-კვირას ბავშვის მამასთან ურთიერთობა შედის სწორედ ბავშვის ინტერესებში, არასრულწლოვანი შვილის მჭიდრო, რეგულარული ურთიერთობა მამასთან აუცილებელია მისი ნორმალური განვითარებისთვის და ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოსაზრება მისი შეზღუდვის თაობაზე.

30. რაც შეეხება შაბათ-კვირას ნახვის საათების შემცირებას, ვინაიდან, კასატორის განმარტებით, ბავშვი დადის ცეკვის გაკვეთილებზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ცეკვის გაკვეთილებზე ბავშვის წაყვანის უზრუნველყოფა მამასაც შეუძლია და აღნიშნული ვერ გახდება მისი ბავშვთან ურთიერთობის შეზღუდვის საფუძველი. ამასთან, საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ ახალი გარემოებების წარმოშობის ან ვითარების შეცვლის შემთხვევაში, შესაძლოა აღიძრას ახალი სარჩელი ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მიზნით.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ნ.ბ–ძე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე