Facebook Twitter

საქმე №ას-1917-2018 14 ივლისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ–ძე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - ლ.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა.მ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 16 თებერვლის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული და წყალტუბო, სოფელი ........ განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: დივანი, ნაჭრის სამეული, ხის ჟურნალების მაგიდა, ხის ოვალური მაგიდა, 4 ცალი ხის სკამი ნაჭრის ზედაპირით, „სიმენსის“ ფირმის სარეცხი მანქანა, ბეკოს ფირმის ორკამერიანი მაცივარი, „ტოშიბას“ ფირმის ლეპტოპი, „ინდეზიტის“ ფირმის გაზქურა, „სამსუნგის“ ფირმის მიკროტალღური ღუმელი (შემდგომში - „სადავო მოძრავი ნივთები“).

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“).

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. 21.07.2011 წელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გასცა №1/511-10 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მსჯავრდებულ ლ.მ–ძეს (შემდგომში - „თავდაპირველი მოპასუხე“) მოპასუხის სასარგებლოდ დარჩენილი 34 628 ლარის გადახდის ვადად დაუდგინდა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებიდან 06 თვე (იხ. ს. ფ. 67- სააღსრულებო ფურცელი);

4.2. კრედიტორმა (მოპასუხემ) №1/511-10 სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად წარუდგინა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს, რომელმაც დაიწყო №A11054066-008/002 სააღსრულებო წარმოება 34 628 ლარის გადახდის მიზნით (იხ. ს. ფ. 64-66 - წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, 23.02.2016 წლის ცნობა №A11054066-014/003, ს. ფ. 19);

4.3. №1/511-10 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 16 თებერვალს ყადაღა დაედო ქ. წყალტუბო, სოფელ .......... არსებულ და 2016 წლის 16 თებერვლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებულ შემდეგ მოძრავ ნივთებს: 1) დივანი (სამეული); 2) ხის ჟურნალების მაგიდა; 3) ხის ოვალური მაგიდა; 4) ხის სკამი ნაჭრის ზედაპირით; 5) „სიმენსის“ ფირმის სარეცხი მანქანა; 6) ბეკოს ფირმის ორკამერიანი მაცივარი; 7) „ტოშიბას“ ფირმის ლეპტოპი; 8) „ინდეზიტის“ ფირმის გაზქურა; 9) „სამსუნგის“ ფირმის მიკროტალღური ღუმელი. დამსწრე პირმა ხ.ჩ-მ–ემ (მოსარჩელის მეუღლე) ამავე ყადაღის აქტში გააკეთა შენიშვნა, რომ „ყადაღის აქტში ჩამოთვლილი ქონება ეკუთვნის ა.მ–ძეს“ (იხ. ს.ფ. 15-16).

4.4. წყალტუბო, სოფელ .......... მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №......, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. მოსარჩელე თავისი ოჯახით (მეუღლე და შვილები) ცხოვრობს ამავე მისამართზე (იხ. ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სარჩელი, ს. ფ. 104, 1-14, 17);

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1. მუხლის თანახმად, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე ცხოვრობს წყალტუბო, სოფელ .......... მდებარე სახლში, რომელიც წარმოადგენს იმ უძრავ ქონებას, სადაც ყადაღა დაედო მოძრავ ნივთებს. სააპელაციო პალატის მითითებით, საქალაქო სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა (პ.ტ–ძე, დ.ფ–ძე - მოსარჩელის მეზობლები) ჩვენებებით დასტურდება, რომ თავდაპირველი მოპასუხე (მოვალე, რომლის ვალების გამოც დაყადაღდა მოძრავი ნივთები) არის მოსარჩელის და, და ცხოვრობს ქ. თბილისში 1987 წლიდან. მათი ინფორმაციით, მოსარჩელე მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს წყალტუბოს რაიონში, სოფელ .......... და აქვს პირველადი მოხმარების ნივთები (იხ. 01.08.2017 წლის სხდომის ოქმი 13:52:32-13:58:02სთ.).

6. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ სადავო მოძრავი ნივთები განთავსებულია იმ უძრავ ქონებაში, რომლის არც მესაკუთრეს და არც ფაქტობრივ მფლობელს მოვალე არ წარმოადგენს. სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ნივთები დაყადაღებულია მოვალის ძმის საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, არ შეიძლება გახდეს მათი მოვალის საკუთრებად მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან მითითებული ნივთები განთავსებულია მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლში და წარმოადგენს მის საკუთვნებელს. ამასთან, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, თავდაპირველი მოპასუხე 1987 წლიდან ცხოვრობს ცალკე.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ დაადასტურა, რომ სადავო ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას. მან ნივთებზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად მოწმეთა ჩვენებები წარადგინა, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო დადასტურებული გარემოებების გაქარწყლება. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონება წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, სადაც ცხოვრობს კიდეც, ივარაუდება, რომ ამ სახლში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელია მოსარჩელე. აღნიშნულის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი იმას აკისრია, ვინც პრეზუმფციის საწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითებს. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ სადავო მოძრავი ნივთები მოვალის საკუთრებაა.

8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოქმედი სსკ-ის 151-ე და 158-ე მუხლებით გათვალისწინებული პრეზუმფციების პირობებში, მოპასუხემ უნდა ამტკიცოს მოსარჩელის არაუფლებამოსილება მის მფლობელობაში არსებულ ნივთებზე და ამ ნივთების მოვალისადმი კუთვნილების ფაქტი. ასეთი მტკიცებულებები კი მოპასუხეს არ წარუდგენია. პალატის მითითებით, დადასტურებულიც არ არის მოვალის მითითებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო საჩივრის თანახმად, თავდაპირველი მოპასუხე რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, სადაც მოსარჩელე ცხოვრობს, ხოლო ინფორმაცია მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ არ არსებობს; მოწმეთა ჩვენებების თანახმად, იგი თბილისში ცხოვრობდა, თუმცა მისამართი უცნობია; მათი ჩვენებები ვერ გახდება მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძველი, რადგან სასამართლოს არ აქვს მტკიცებულება, რომ აღნიშნული ნივთები არ არის თავდაპირველი მოპასუხის საკუთრება; ამასთან, რადგან თავდაპირველ მოპასუხეს რეგისტრაციის ადგილი არ შეუცვლია, მის საცხოვრებელ ადგილად მისი რეგისტრაციის ადგილი ითვლება.

15. საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას [„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40.1. მუხლი: მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში]. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

16. სსკ-ის 158.1. მუხლით [ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე] გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ.

17. საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად [სსკ-ის 151.1. მუხლი]. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. თუ საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია კონკრეტული პირის სახელზე, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელიც აღნიშნული პირია (შედ. იხ. სუსგ №ას-262-253-2012, 25 ივნისი, 2012 წელი).

18. ამასთან, სსკ-ის 158.1. მუხლით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს (იხ. სუსგ საქმე №ას-1202-1144-2014, 6 თებერვალი, 2015 წელი).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ უძრავი ქონება წარმოადგენს რა მოსარჩელის საკუთრებას, სადაც ცხოვრობს კიდეც, ივარაუდება, რომ ამ სახლში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელია მოსარჩელე, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ სადავო მოძრავი ნივთები მოვალის საკუთრებაა. ამასთან, მოსარჩელე არ წარმოადგენს კრედიტორის (მოპასუხის) მოვალეს. შესაბამისად, კასატორის მითითება იმაზე, რომ თავდაპირველი მოპასუხე რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, სადაც მოსარჩელე ცხოვრობს, ვერ გახდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე პასუხისმგებლობის გავრცელების საფუძველი.

20. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

21. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 2.....) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 11 იანვრის №00157 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე