Facebook Twitter

საქმე №ას-1988-2018 15 ივლისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – რ.ბ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ლ–ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - შპს „რ-ტ.ლ.“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ლიზინგის საგნის დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანისა და ლიზინგის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო) სს „თ.ლ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „რ-ტ–ლსა“ (შემდგომში - „მოპასუხე კომპანია“) და რ.ბ–ძეს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) (შემდგომში ერთობლივად - „მოპასუხეები“) მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6 638,91 აშშ დოლარის გადახდა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინება.

4. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2013 წლის 22 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხე კომპანიას შორის გაფორმდა №620-1071-10736 და №620-1071-10737 ლიზინგის ხელშეკრულებები, რომლითაც ლიზინგის მიმღებს გადაეცა ორი ერთული ქონება, უნაგირა საწევარი და მისაბმელი. აღნიშნული ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად, ამავე რიცხვში მოსარჩელესა და ფიზიკურ პირს, მოპასუხეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად ეგო პასუხი მოპასუხე კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 15 ივლისს მოპასუხის ოჯახის წევრმა - დედამ მოსარჩელის სარჩელზე მოპასუხისათვის მეორედ გაგზავნილი გზავნილის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 75-ე მუხლის თანახმად, მოპასუხისათვის სარჩელი ჩაბარებულად ითვლება 2017 წლის 15 ივლისს, საიდანაც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში შესაგებელი წარდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით სსსკ-ის 2321 მუხლის საფუძველზე გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, საპროცესო ნორმების მოთხოვნებს შეესაბამება.

6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 241-ე, 215.3.-ე, 102-ე, 103-ე მუხლებით და საჩივარში დაფიქსირებული მოპასუხის მსჯელობით დაადგინა, რომ შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო მისი სურვილით, ვინაიდან მიაჩნდა, რომ არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა და სასამართლო ვალდებული იყო ეს გარემოება შეეფასებინა და უარი ეთქვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსსკ-ის 2321 მუხლის განმარტებიდან გამომდინარე, არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ამდენად, ამ საპროცესო ეტაპზე არ ხდება მტკიცებულებების შეფასება და სასამართლო მხოლოდ სარჩელში დაფიქსირებული ფაქტების სამართლის ნორმებთან შესაბამისობას ადგენს. ვინაიდან სარჩელში მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხე იყო ძირითადი მოვალის (ლიზინგის მიმღების) თავდები, ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით წარმოშობილი დავალიანების თავდები პირისათვის დაკისრება სრულად გამომდინარეობს სსკ-ის 895-ე მუხლის მოთხოვნებიდან. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თავდები ფიზიკური პირისათვის - მოპასუხისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრება იურიდიულად გამართლებულია, რაც გამორიცხავს მოპასუხის მსჯელობის გაზიარების შესაძლებლობას.

7. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სსსკ-ის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა ისეთ გარემოებებზე, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მოპასუხის საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

13. საკასაციო საჩივრის თანახმად, 2014 წლის 6 ივნისს კასატორმა მოპასუხე კომპანიის 100%-იანი წილი გაასხვისა თურქეთის მოქალაქეზე, რომელიც დღემდე არის ამ კომპანიის მესაკუთრე, ასევე იმავე დღეს იგი გადადგა კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხემ დროულად აცნობა კომპანიის კრედიტ-ოფიცერს, ასევე, შესაბამისი ცვლილებები დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში. გამომდინარე აქედან, იგი არ არის მოპასუხე მოსარჩელის სარჩელზე.

14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაცული იყო შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები [სსსკ-ის 2321 მუხლი: მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით]. ამასთან, არ არსებობს სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები [დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის].

15. განსახილველ შემთხვევაში კასატორი მიიჩნევს, რომ იგი წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, საქმის განმხილველ მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ. სუსგ საქმე №ას-317-302-2015, 17 ივნისი, 2015 წელი).

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხი იმის შესახებ, არის თუ არა მოპასუხე სათანადო მხარე საქმეში, წარმოადგენს არსებითი მსჯელობის ეტაპზე და არა - დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში განსახილველ საკითხს. კასატორს არასათანადო მოპასუხეობის შესახებ შესაგებელში უნდა მიეთითებინა, რაც მას არ განუხორციელებია.

18. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ, ვინაიდან სარჩელის თანახმად, მოპასუხე იყო ძირითადი მოვალის (ლიზინგის მიმღების) თავდები, ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით წარმოშობილი დავალიანების თავდები პირისათვის დაკისრება გამომდინარეობს სსკ-ის 895-ე მუხლის მოთხოვნებიდან და, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თავდები ფიზიკური პირისათვის - მოპასუხისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრება იურიდიულად გამართლებულია.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

20. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 882,50 ლარის 70% – 617,75 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს რ.ბ–ძეს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს მის მიერ №45 საგადახდო დავალებით - წარდგენის თარიღი 2019 წლის 26 იანვარი, მიღების თარიღი 2019 წლის 28 იანვარი, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 882,50 (რვაას ოთხმოცდაორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის 70% – 617,75 (ექვსას ჩვიდმეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე