Facebook Twitter

საქმე №ას-479-2023 24 ივლისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ს–ლი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება და კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ.ს–ლმა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერის 2022 წლის 15 აპრილის №682 ბრძანება ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში ბავშვთა კვების, ჰიგიენის და სკოლამდელი აღზრდა-განვითარების განყოფილების უფროსის პოზიციიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ, მოპასუხეს დაეკისროს კომპენსაციის სახით 50 000 ლარის, ასევე მიყენებული ზიანის (დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძვლით) - 50 000 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 18 ოქტომბრიდან 2022 წლის 19 აპრილამდე მუშაობდა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში ბავშვთა კვების, ჰიგიენისა და სკოლამდელი აღზრდა-განვითარების განყოფილების უფროსის პოზიციაზე. იგი ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და გულისხმიერად ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებებს.

3. 2022 წლის 12 აპრილის ბრძანების საფუძველზე, სააგენტოში დაიწყო რეორგანიზაცია. 2022 წლის 15 აპრილს გორის მერმა დაამტკიცა სააგენტოს ახალი შინაგანაწესი, რომელიც ითვალისწინებდა სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ბავშვთა კვების, ჰიგიენის და სკოლამდელი აღზრდა-განვითრების განყოფილების გაუქმებას. ამავე დღეს გამოიცა №682 ბრძანება, რომლის საფუძველზეც რეორგანიზაციის მიზეზით მოსარჩელე გაათავისუფლეს სამსახურიდან, თუმცა გათავისუფლების შესახებ ეცნობა 2022 წლის 19 აპრილს წერილობით, ხოლო უშუალოდ გათავისუფლების შესახებ ბრძანება 2022 წლის 6 მაისის წერილის პასუხად გადაეცა.

4. მოსარჩელის მითითებით, რეორგანიზაცია სააგენტოში ატარებდა ფორმალურ ხასიათს და რეორგანიზაციის შედეგად ზოგიერთი პოზიცია გაიყო, ზოგი გაერთიანდა, ზოგ პოზიციას კი სახელწოდება შეეცვალა. გაუქმებული ა(ა)იპ გორის მუნიციპტიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ბავშვთა კვების, ჰიგიენის და სკოლამდელი აღზრდა-განვითარების განყოფილების ყველა თანამშრომელი, გარდა მოსარჩელისა, აღდგენილია სხვა ტოლფას პოზიციაზე.

5. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ სააგენტოში მალევე არაერთი ვაკანტური ადგილი გაჩნდა, სადაც მოსარჩელეს მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, შეეძლო ემუშავა, თუმცა სააგენტოს აშკარად არ სურდა მოსარჩელის სამსახურში დატოვება.

6. მოსარჩელის მითითებით, იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელსაც სიცოცხლისათვის ესაჭიროება ძვირადღირებული წამლები, ხოლო, სამსახურიდან გათავისუფლების გამო, აღნიშნული წამლების შეძენაც კი უჭირს და დარჩენილი სიცოცხლის მწირე დროს უფრო მეტად ამძიმებს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

7. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის განყოფილებაში მომუშავე 62 თანამშრომლიდან მხოლოდ ის იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და სამუშაოდან მხოლოდ ის გაათავისუფლეს. შესაბამისად, მის მიმართ განხორცილდა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა, რის გამოც მას მიადგა ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერის 2022 წლის 15 აპრილის № 682 ბრძანება ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ბავშვთა კვების, ჰიგიენის და სკოლამდელი აღზრდის, განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 50 000 ლარისა (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) და ზიანის - 50 000 ლარის ანაზღაურება.

9. ამავე სასამართლოს 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მასალების ანალიზის, ასევე მხარეთა პოზიციების შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გამოიკვლია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი წინაპირობების არსებობა და სამართლებრივად სწორად შეაფასა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და მისი ძალაში დატოვების წინაპირობები.

12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას სასამართლოს სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.

13. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე: საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარჩელო განცხადება ჩაბარდა 2022 წლის 30 მაისს, მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა, რომელიც ამოიწურა 2022 წლის 9 ივნისს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. სააპელაციო პალატამ აქვე მიუთითა, რომ აპელანტის განმარტებით, სარჩელის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარების ფაქტი სადავო არ არის, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ამ ნაწილში სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაში მოყვანილი შეფასებები.

14. სააპელაციო პალატის მითითებით, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ემყარება იმ არგუმენტაციას, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რაც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. აპელანტის განმარტებით, სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზების შემდეგ იურიდიულ სამსახურში მუშაობს ორი ადამიანი: სამსახურის უფროსი ნ.კ–ი და სპეციალისტი ნ.ყ–ი, რომლებიც უფლებამოსილნი იყვნენ, მოემზადებინათ სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტაცია და წარედგინათ სასამართლოსათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო უფროსი სპეციალისტის საშტატო პოზიცია ვაკანტურია. 2022 წლის 30 მაისიდან 2022 წლის 15 ივნისის ჩათვლით იურიდიული სამსახურის უფროსი ნ.კ–ი მოკლებული იყო სამსახურის მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას ვირუსული ინფექციისა და თანმხლები ინტოკსიკაციის გამო და გადიოდა ამბულატორიულ მკურნალობას ბინაზე, რასაც ადასტურებს ოჯახის ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა და ფორმა №100. სამსახურის სპეციალისტი ნ.ყ–ი ასევე ვერ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას 2022 წლის 28 მაისიდან, რადგან სახლში ჰყავდა სიმსივნით დაავადებული დედა და ყოველდღიურად უწევდა მეთვალყურეობას, რომელიც 2022 წლის 19 ივნისს გარდაიცვალა. ნ.ყ–ი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2022 წლის 4 ივლისს. აღნიშნულს ადასტურებს თავად ნ.ყ–ის ახსნა-განმარტება და სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობა დედის მძიმე ავადმყოფობის თაობაზე.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია, თუ რამდენად არსებობს ის საპატიო მიზეზი, რამაც ხელი შეუშალა მოპასუხეს შესაგებლის ვადაში წარდგენაში და რაც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდება.

16. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 240-ე მუხლით, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, 102-ე და 105-ე მუხლებით და განმარტა, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ობიექტური მიზეზის გამო. ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი.

17. სააპელაციო პალატამ მიუთითა საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ როდესაც მოპასუხე იურიდიული პირია, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურა გააჩნია და შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, უფლებამოსილი პირების მეშვეობით ახორციელებს საკუთარ მოვალეობებს, ორგანიზაციის საქმიანობის შიდა სტრუქტურული ხარვეზები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საპროცესო უფლების განუხორციელებლობის საპატიო მიზეზს არ წარმოადგენს და მსგავსი არგუმენტები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევა.

18. ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სწორედ აპელანტს ეკისრებოდა ისეთი საპატიო მიზეზის არსებობის დადასტურება, რომელიც შესაგებლის ვადაში წარდგენას შეუძლებელს გახდიდა. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ აპელანტი წარმოადგენს იურიდიულ პირს, შესაბამისი ორგანიზაციული მოწყობით, მის მიმართ სასამართლოს პრაქტიკით მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტია დადგენილი. განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინების შეფასებები სრულად გაიზიარა.

19. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საჩივრის ავტორის მითითებით სამსახურის იურისტი - ნ.ყ–ი სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ვერ ასრულებდა 2022 წლის 28 მაისიდან 19 ივნისამდე პერიოდში, დედის მოვლის გამო. სამსახურის იურისტი - ნ.კ–ი სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ვერ ასრულებდა 2022 წლის 30 მაისიდან 15 ივნისამდე, ბინაზე ამბულატორიული მკურნალობის გამო.

20. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის 281/ნ ბრძანებით დამტკიცებულია „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი,“ რომლის თანახმად, მოხელის დროებითი შრომისუუნარობა დგინდება საავადმყოფო ფურცლით, რომელიც სხვა საფუძვლებთან ერთად, გაიცემა დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის გამო, აგრეთვე ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო.

21. სააპელაციო პალატის მითითებით, საჩივრის ავტორს არ წარუდგენია ნ.ყ–ის მიმართ, დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი ოჯახის წევრის მოვლის გამო, გაცემული საავადმყოფო ფურცელი, ხოლო ნ.კ–ის მიმართ - საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფო ფურცელი.

22. სააპელაციო პალატამ აქვე მიუთითა სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და მიიჩნია, რომ საავადმყოფო ფურცელს, როგორც მტკიცებულებას, აპელანტის მიერ წარდგენილი ცნობები ვერ ჩაანაცვლებს. საჩივარზე დართული სამედიცინო დოკუმენტაცია არ არის დამაჯერებელი, მათი შექმნის ფორმის, შინაარსისა და გაცემის თარიღების გათვალისწინებით.

23. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით მისი შევსების დადგენილ სტანდარტს, ამასთანავე, არ ადასტურებს სტაციონალური მკურნალობის დანიშვნას. საქმეზე არ წარდგენილა სამსახურის იურისტების მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. პირიქით, საჩივრის ავტორის განცხადებით არც ერთი მათგანის მიმართ გამოცემული არ ყოფილა შრომისუუნარობის გამო სამსახურეობრივ უფლებამოსილებათა შეჩერების შესახებ ბრძანება. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას ვერ გააქარწყლებს საჩივრის ავტორის მითითება, რომ სამსახურის უფროსს გააჩნია უფლებამოსილება, საპატიოდ ჩაუთვალოს თანამშრომელს სამსახურში გამოუცხადებლობა, ამასთან, ამგვარი უფლებამოსილების გამოყენება საქმის მასალებით არ დგინდება. დამატებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამსახურის უფროსის ზემოხსენებული უფლებამოსილება შესაბამის რისკებს წარმოშობს შემდგომ მტკიცების ტვირთის რეალიზების პროცესში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამსახურის უფროსს ზეპირსიტყვიერად საპატიოდ ჰქონდა მიჩნეული დასაქმებულთა გამოუცხადებლობა და შეჩერებული ჰქონდა შრომითი ურთიერთობა, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს წარმოდგენილი არ აქვს. მხოლოდ ხსენებული უფლებამოსილების არსებობა და მხარის ზეპირი ახსნა-განმარტება სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისთვის საკმარისად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ამ მოცემულობით სამსახურის ორივე იურისტი უფლებამოსილი იყო, შესაგებელი წარედგინა. გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საჩივრის ავტორის მითითებაზე, რომ იგი სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2022 წლის 16 ივნისს, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია 17 ივნისს. ამ მოცემულობით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეს გააჩნდა შესაძლებლობა (ფაქტობრივად 10 დღეზე მეტი ვადა), მოეთხოვა შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელება ან მარტივი შესაგებლის წარდგენა და მისი შემდგომ დაზუსტება, რაც არ განხორციელებულა.

24. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ასევე მნიშვნელოვანია იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილება, რომ გარდა ნ.ყ–ისა და ნ.კ–ისა, აპელანტის წარმომადგენლობის უფლებამოსილებით აღჭურვილი იყო სამსახურის მენეჯერი - გ.შ–ი, რომელიც ნ.კ–თან ერთად აწერდა ხელს მოპასუხის შესაგებელს. აღსანიშნავია, რომ გ.შ–ის შემთხვევაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის თაობაზე აპელანტი არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივარში არ უთითებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს ნ.ყ–ისა და ნ.კ–ის შემთხვევაში საპატიო მიზეზის არსებობის ფაქტი რომც გაეზიარებინა, აპელანტს კვლავ რჩებოდა მინიმუმ ერთი თანამშრომელი, რომელიც უფლებამოსილი იყო, თუნდაც შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსთვის, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

25. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს. საჩივარში აღნიშნული გარემოებები არ ქმნის შესაგებლის წარუდგენლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველს. საჩივრის ავტორს ეკისრებოდა ფაქტობრივი გარემოებების მითითების, აგრეთვე შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რაც მან ვერ განახორციელა. მოპასუხე მხარეს მიეცა გონივრული შესაძლებლობა, გასცნობოდა და საკუთარი მოსაზრება წარედგინა სარჩელის თაობაზე. შესაგებლის წარუდგენლობით მოპასუხემ უარი თქვა შეთავაზებული უფლების რეალიზაციაზე - სასამართლოს წინაშე წარედგინა სარჩელის საწინააღმდეგო მოსაზრებები.

26. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის იურიდიული გამართულობის კუთხით აპელანტს შედავება არ განუხორციელებია, შესაბამისად, ვინაიდან შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა არ დადგინდა, მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

27. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

28. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ შესაგებლის წარდგენა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა სააგენტოს იურისტების ავადმყოფობის გამო, რაც დადასტურდა კვალიფიციური ექიმების მიერ გაცემული სამედიცინო ცნობებით. რაც შეეხება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოპასუხე დაწესებულებას არ გამოუცია ბრძანება ორი თანამშრომლის მიმართ შრომითი ურთიერთობის შეჩერების თაობაზე, კასატორმა მიუთითა სააგენტოს შრომითი შინაგანაწესის მე-6 მუხლზე, რომლის მიხედვით სააგენტოს მენეჯერს უფლება აქვს, ზეპირი ფორმით, ყოველგვარი ბრძანების გამოცემის გარეშე, საჭიროებიდან გამომდინარე, საპატიოდ ჩაუთვალოს ამა თუ იმ პირს გაცდენა, თუ ამის ობიექტური საფუძველი გააჩნია.

29. კასატორმა მიუთითა სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისი მტკიცებულებები და იურიდიულად არასაკმარისად დაასაბუთა განჩინება.

30. კასატორმა დაადასტურა, რომ მოპასუხე სააგენტოს საქმის მწარმოებელს ჩაბარდა მოსარჩელის სამოქალაქო სარჩელი საქართველოს ფოსტის კურიერის მეშვეობით. სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზების შემდეგ იურიდიულ სამსახურში მუშაობს ორი ადამიანი: სამსახურის უფროსი - ნ.კ–ი და სპეციალისტი ნ.ყ–ი, რომლებიც არიან უფლებამოსილი, მოამზადონ სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტაცია და წარუდგინონ სასამართლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. რაც შეეხება უფროსი სპეციალისტის საშტატო პოზიციას, იგი ვაკანტურია. 2022 წლის 30 მაისიდან 2022 წლის 15 ივნისის ჩათვლით იურიდიული სამსახურის უფროსი - ნ.კ–ი მოკლებული იყო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას ვირუსული ინფექციის და თანმხლები ინტოკსიკაციის გამო და გადიოდა ამბულატორიულ მკურნალობას ბინაზე, რასაც ადასტურებს ოჯახის ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა და ფორმა №100. აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, რომ ნ.კ–ს არ შეეძლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. სამსახურის სპეციალისტი ნ.ყ–ი ასევე ვერ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას 2022 წლის 28 მაისიდან, რადგან უვლიდა სიმსივნით დაავადებულ დედას, რომელიც საჭიროებდა ყოველდღიურ მეთვალყურეობას და 2022 წლის 19 ივნისს გარდაიცვალა. ნ.ყ–ი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2022 წლის 4 ივლისს. აღნიშნულს ადასტურებს თავად ნ.ყ–ის ახსნა - განმარტება და სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობა დედის მძიმე ავადმყოფობის თაობაზე.

31. ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ შესაგებლის მომზადებაზე უფლებამოსილი პირისათვის სარჩელის შემოტანის თაობაზე ცნობილი გახდა 2022 წლის 17 ივნისს, რის გამოც ვერ მოხდა სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის და ვადის გადავადების თაობაზე. იმ გარემოებას, რომ სააგენტოს ჰქონდა შესაგებლის წარმოდგენის იურიდიული ინტერესი, ადასტურებს ის ფაქტი, რომ ნამდვილად მომზადდა შესაგებელი და გაგზავნა სასამართლოში და მოსარჩელე მხარესთან, რაც დადასტურებულია საქართველოს ფოსტის დასტურებით. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს არ ექნებოდა შესაგებლის წარმოდგენის ინტერესი, შესაგებელს საერთოდ არ მოამზადებდა.

32. სსსკ-ის 241-ე მუხლის საფუძველზე კასატორმა განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები, სააგენტოს საშტატო ნუსხა, სარჩელის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლი, შრომითი ხელშეკრულების ასლები და წერილობითი ახსნა-განმარტება კუმულაციურად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

33. ამავდროულად, კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას არ უმსჯელია, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით დაადგინა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის განხორციელება. აღნიშნულ საკითხზე სააპელაციო პალატამ, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია ისე, რომ არ შეუფასებია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია დაკისრებული 100 000 ლარის შემცირების თაობაზე, აღნიშნული თანხის გადახდა მძიმე ტვირთად დააწვება სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს აღსაზრდელებს კვების პროდუქტებით, ტრანსპორტითა და სხვა მატერიალური საშუალებებით. სააპელაციო პალატამ საქმეს არ დაურთო საჩივართან ერთად წარდგენილი მნიშვნელოვანი მტკიცებულებანი, რომლებიც დაადასტურებდა, რომ სააგენტოს მენეჯერს უფლება აქვს, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ზეპირსიტყვიერად გაათავისუფლოს მისი თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და საერთოდ არ იმსჯელა აღნიშნულ მტკიცებულებაზე.

34. კასატორმა ყურადღება გაამახვილა სააპელაციო პალატის მითითებაზე, რომ შესაგებელს ხელს აწერს სააგენტოს მენეჯერი, თუმცა ფაქტობრივად აღნიშნულ პირს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები გადაეცა დაგვიანებით, შესაბამისად, იგი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელს ვერანაირად ვერ წარადგენდა.

35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 ივნისის განჩინებით დადგინდა, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა მოხდებოდა მხარეთა დასწრებით 2023 წლის 20 ივნისს 14 საათზე მე-7 სხდომათა დარბაზში.

37. 2023 წლის 20 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე საკასაციო სასამართლომ მხარეებს შესთავაზა დავის მორიგებით დასრულება და განუმარტა, რომ მხარეებს შეეძლოთ წარმოედგინათ მორიგების აქტი 2023 წლის 20 ივლისამდე, ხოლო თუ ამ ვადაში მხარეები ვერ მორიგდებოდნენ, მაშინ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებდა ზეპირი მოსმენის გარეშე. (იხ. 2023 წლის 20 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 15.01.33 წთ).

38. 2023 წლის 18 ივლისს მხარეებმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინეს განცხადებები, სადაც მიუთითეს, რომ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას დავის მორიგებით დასრულების შესახებ. (იხ. 2023 წლის 18 ივლისის განცხადებები)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

39. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

40. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1. მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი].

41. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 თებერვლის განჩინების კანონიერება, რომლითაც ძალალში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

42. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე, მხარეები სამოქალაქო პროცესში სარგებლობენ თანასწორი საპროცესო უფლებებით, კერძოდ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს სარჩელით დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად, ხოლო იმ პირს კი, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია სარჩელი, შეუძლია თავი დაიცვას ამ სარჩელისაგან. ამასთან ერთად, სარჩელის აღძვრა და ამ სარჩელისაგან თავის დაცვა მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული წესითა და საშუალებების გამოყენებით.

43. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. მოპასუხის შესაგებელი წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით. ერთმანეთისაგან განასხვავებენ პროცესუალურ-სამართლებრივ და მატერიალურ-სამართლებრივ შესაგებელს. პროცესუალურ-სამართლებრივი შესაგებელი - ესაა მოპასუხის მიერ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, რომლებსაც სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმები უკავშირებენ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას, საქმის წარმოების შეწყვეტას, სარჩელის განუხილველად დატოვებას ან საქმის წარმოების შეჩერებას. მატერიალურ-სამართლებრივი შესაგებელი - ესაა სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის საშუალება ისეთ ფაქტებზე მითითებით, რომლებსაც მატერიალური სამართალი უკავშირებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმას.

44. მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით ( იხილეთ Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997, § 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98, § 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III. „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს ( იხ. Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში ( იხილეთ Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274).

45. აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესხებ ( იხ. Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014, § 77). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები მხარეს არ ჩაბარდა, მაშინ მას შეიძლება ხელი შეეშალოს სამართალწარმოების პროცესში საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში (იხ. Ozgur-Karaduman v Germany, no. 4769/02, 26/06/2007; Weber v Germany, no. 30203/03, 02/10/2007; Zavodnik v Slovenia, no.53723/13, 21/05.2015, § 70).

46. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით.( იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.) თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე.

47. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები ითვალისწინებს სამართალწარმოების განხორციელებას მხოლოდ მხარეთა პროცესუალური აქტიურობის საფუძველზე. ამ პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოდგენის სავალდებულობა. სანქცია ამ პროცესუალური ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, მდგომარეობს მოპასუხე მხარის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაში.

48. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტს საფუძველი ჩაეყარა 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, სახელდობრ, კოდექსს დაემატა 2321 მუხლი, რომლის პირველი წინადადების თანახმად, „მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება“. ამდენად, კოდექსში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდეგ მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ დგება არასასურველი საპროცესო-სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, საქმის განმხილველ მოსამართლეს, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ (იხ.დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თეორია და პრატიკა, თბ., 2022, გვ.58.).

49. ამასთან, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთ წინაპირობად მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობას, როგორც ეს გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველ ნაწილში, კანონმდებელი არ ითვალისწინებს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, სახეზე უნდა იყოს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა.

50. პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას, მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს (სსსკ-ის 2321 მუხლი) შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას იმგვარად, რომ სასამართლო არათუ ვალდებული, უფლებამოსილიც არაა შეამოწმოს და შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის, საპროცესო ხარჯების საკითხზე. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. გ) თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას.

51. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

52. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა 2022 წლის 30 მაისს, რასაც ადასტურებს საქმისმწარმოებლის ხელმოწერა (იხ: ტომი 1, ს.ფ 42). მოპასუხე მხარე გაფრთხილებულ იქნა, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით დადგენილ 10-დღიან ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ სსსკ-ის XXVI თავის თანახმად, გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა, რომელიც ამოიწურა 2022 წლის 9 ივნისს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია.

53. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, თუმცა მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არასაპატიო მიზეზით არ წარუდგენია, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელის დაკამყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი წინაპირობები.

54. სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა ერთგვარ პრეზუმციას ეფუძნება, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობისას არსებობს ვარაუდი, რომ მოპასუხემ აღიარა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთ დროს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ზეპირი მოსმენის გარეშე არ ეწინააღმდეგება შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს, რადგან მოპასუხეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა თანდართული მასალებით სარჩელის ჩაბარებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაგებლით გაექარწყლებინა მოსარჩელის მიერ მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები. მოპასუხეს ასევე შეეძლო მოეთხოვა დამატებით გონივრული ვადა, შესაგებლისა და მტკიცებულებათა წარდგენისათვის საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში. ( შდრ: სუსგ-ები: №ას-1454-2021, 30 ივლისი, 2021; №ას-103-2020, 29 ივნისი, 2021 წ; №ას-1179-2020, 11 ივნისი, 2021წ; №ას-554-2019, 31 მარტი, 2021 წ.).

55. საკასაციო პალატამ განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა ან შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საპატიო გარემოებათა სამართლებრივ წრეს კი, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, კერძოდ, ასეთად მიიჩნევა მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. სსსკ-ის 240-11 მუხლის თანახმად, თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამ კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ პასუხის ( შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მოპასუხეს აღუდგენს პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას. (შდრ: სუსგ №ას-928-2021, 28 თებერვალი, 2022 წ.).

56. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების ან შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობაზე. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი.

57. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შეუძლებლობის მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შეუძლებლობის საპატიო მიზეზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის მიერ მითითებული საფუძველი სასამართლოს უფლებამოსილებაა. (შდრ. სუსგ საქმე №ას-1270-2018, 02 ნოემბერი, 2018).

58. საჩივარში მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მას კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, მისთვის აგრეთვე ცნობილი იყო ის სამართლებრივი შედეგები, რომელიც დადგებოდა შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, თუმცა საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იქნა საპატიო მიზეზით, კერძოდ: მოპასუხე სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზების შემდეგ იურიდიულ სამსახურში მუშაობს ორი ადამიანი: სამსახურის უფროსი - ნ.კ–ი და სპეციალისტი ნ.ყ–ი, რომლებიც არიან უფლებამოსილი, მოამზადონ სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტაცია და წარუდგინონ სასამართლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. რაც შეეხება უფროსი სპეციალისტის საშტატო პოზიციას, იგი ვაკანტურია. 2022 წლის 30 მაისიდან 2022 წლის 15 ივნისის ჩათვლით იურიდიული სამსახურის უფროსი - ნ.კ–ი მოკლებული იყო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას ვირუსული ინფექციის და თანმხლები ინტოქსიკაციის გამო და გადიოდა ამბულატორიულ მკურნალობას ბინაზე, რასაც ადასტურებს ოჯახის ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა და ფორმა №100. აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, რომ ნ.კ–ს არ შეეძლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. სამსახურის სპეციალისტი ნ.ყ–ი ასევე ვერ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას 2022 წლის 28 მაისიდან, რადგან უვლიდა სიმსივნით დაავადებულ დედას, რომელიც საჭიროებდა ყოველდღიურ მეთვალყურეობას და 2022 წლის 19 ივნისს გარდაიცვალა. ნ.ყ–ი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2022 წლის 4 ივლისს. აღნიშნულს ადასტურებს თავად ნ.ყ–ის ახსნა - განმარტება და სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობა დედის მძიმე ავადმყოფობის თაობაზე. ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ შესაგებლის მომზადებაზე უფლებამოსილი პირისათვის სარჩელის შემოტანის თაობაზე ცნობილი გახდა 2022 წლის 17 ივნისს, რის გამოც ვერ მოხდა სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის და ვადის გადავადების თაობაზე. იმ გარემოებას, რომ სააგენტოს ჰქონდა შესაგებლის წარმოდგენის იურიდიული ინტერესი, ადასტურებს ის ფაქტი, რომ ნამდვილად მომზადდა შესაგებელი და გაგზავნა სასამართლოში და მოსარჩელე მხარესთან, რაც დადასტურებულია საქართველოს ფოსტის დასტურებით. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს არ ექნებოდა შესაგებლის წარმოდგენის ინტერესი, შესაგებელს საერთოდ არ მოამზადებდა. ( იხ. საკასაციო საჩივარი, წინამდებარე განჩინების პ.31).

59. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იქნა საპატიო მიზეზით შემდეგ გარემოებათა გამო:

60. საკასაციო პალატა განმარტავს, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას (შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა) ან/და შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას.. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით.

61. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით.

62. საჩივრის ავტორის მითითებით სამსახურის იურისტი (სპეციალისტი) - ნ.ყ–ი სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ვერ ასრულებდა 2022 წლის 28 მაისიდან 19 ივნისამდე პერიოდში, დედის მოვლის გამო. სამსახურის იურისტი (სამსახურის უფროსი) - ნ.კ–ი სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ვერ ასრულებდა 2022 წლის 30 მაისიდან 15 ივნისამდე, ბინაზე ამბულატორიული მკურნალობის გამო.

63. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში განთავსებულ მტკიცებულებებზე, კერძოდ 08.07.2022 წლის სამედიცინო ცნობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აღნიშნულია, რომ ნ.კ–მა გორის რაიონი, ..... ამბულატორიას მიმართა 2022 წლის 30 მაისს, დიაგნოზი მწვავე ვირუსული ინფექცია; მწვავე კვებითი ინტოქსიკაცია. 2022 წლის 15 ივნისს პაციენტი გაწერილია ამბულატორიული მეთვალყურეობიდან გამოჯანმრთელებით (იხ. ტ.1.ს.ფ.203). 08.07.2022 წლის სამედიცინო ცნობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აღნიშნულია, რომ ნ.ყ–მა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 08.07.2022, დიაგნოზი მეოთხე სტადიის სიმსივნე (იხ. ტ.1.ს.ფ.206), ასევე წარმოდგენილია ნ.ყ–ის გარდაცვალების ცნობა, რომელიც დათარიღებულია 19.06.2022წ. (იხ. ტ.1.ს.ფ.204).

64. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებით დამტკიცებულია „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი,“ რომლის თანახმად, მოხელის დროებითი შრომისუუნარობა დგინდება საავადმყოფო ფურცლით, რომელიც სხვა საფუძვლებთან ერთად, გაიცემა დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის გამო, აგრეთვე ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო. სააპელაციო პალატის მითითებით, საჩივრის ავტორს არ წარუდგენია ნ.ყ–ის მიმართ, დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი ოჯახის წევრის მოვლის გამო, გაცემული საავადმყოფო ფურცელი, ხოლო ნ.კ–ის მიმართ - საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საავადმყოფო ფურცელი. სააპელაციო პალატამ აქვე მიუთითა სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და მიიჩნია, რომ საავადმყოფო ფურცელს, როგორც მტკიცებულებას, აპელანტის მიერ წარდგენილი ცნობები ვერ ჩაანაცვლებს. საჩივარზე დართული სამედიცინო დოკუმენტაცია არ არის დამაჯერებელი, მათი შექმნის ფორმის, შინაარსისა და გაცემის თარიღების გათვალისწინებით.

65. გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით მისი შევსების დადგენილ სტანდარტს, ამასთანავე, არ ადასტურებს სტაციონალური მკურნალობის დანიშვნას. საქმეზე არ წარდგენილა სამსახურის იურისტების მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. პირიქით, საჩივრის ავტორის განცხადებით არც ერთი მათგანის მიმართ გამოცემული არ ყოფილა შრომისუუნარობის გამო სამსახურეობრივ უფლებამოსილებათა შეჩერების შესახებ ბრძანება. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას ვერ გააქარწყლებს საჩივრის ავტორის მითითება, რომ სამსახურის უფროსს გააჩნია უფლებამოსილება, საპატიოდ ჩაუთვალოს თანამშრომელს სამსახურში გამოუცხადებლობა, ამასთან, ამგვარი უფლებამოსილების გამოყენება საქმის მასალებით არ დგინდება. დამატებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამსახურის უფროსის ზემოხსენებული უფლებამოსილება შესაბამის რისკებს წარმოშობს შემდგომ მტკიცების ტვირთის რეალიზების პროცესში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამსახურის უფროსს ზეპირსიტყვიერად საპატიოდ ჰქონდა მიჩნეული დასაქმებულთა გამოუცხადებლობა და შეჩერებული ჰქონდა შრომითი ურთიერთობა, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს წარმოდგენილი არ აქვს. მხოლოდ ხსენებული უფლებამოსილების არსებობა და მხარის ზეპირი ახსნა-განმარტება სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისთვის საკმარისად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ამ მოცემულობით სამსახურის ორივე იურისტი უფლებამოსილი იყო, შესაგებელი წარედგინა. გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საჩივრის ავტორის მითითებაზე, რომ იგი სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2022 წლის 16 ივნისს, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია 17 ივნისს. ამ მოცემულობით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარეს გააჩნდა შესაძლებლობა მოეთხოვა შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელება ან მარტივი შესაგებლის წარდგენა და მისი შემდგომ დაზუსტება, რაც არ განხორციელებულა.

66. საკასაციო პალატა მიუთითებს მყარად დაგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომ იურიდიული პირის წარმომადგენლის გამოუცხადებლობისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა შემთხვევაში გაუქმება დაუშვებელია, რადგანაც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა (მოცემულ შემთხვევაში, იურიდიული სამსახურის მუშაობა), რომ ამა თუ იმ თანამშრომლის მივლინებაში ან შვებულებაში ყოფნამ/ავადმყოფობამ არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება. (იხ. სუსგ-ები: №ას-331-2021, 15 თებერვალი, 2022 წ; №ას-274-2021, 07 ივლისი, 2021 წ; №ას-780-780-2018, 22 ოქტომბერი, 2019 წელი;№ას-152-148-2016, 3 ივნისი, 2016 წელი; №ას-345-330-2016, 6 ივნისი, 2016 წელი; №ას-269-257-2015, 20 ივლისი, 2015 წელი).

67. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილშიც, რომ მოპასუხეებს შეეძლოთ ეცნობებინათ სასამართლოსათვის კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით წერილობითი შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით და ასევე შეეძლოთ ეშუამდგომლებინათ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე და 201-1 მუხლების შესაბამისად. ნიშანდობლივია, რომ შესაგებლის წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციის სასამართლოსათვის მიწოდების შეუძლებლობის თაობაზე, მოპასუხეებს არ მიუთითებიათ და ამგვარი გარემოების არსებობა საქმის მასალებითაც არ დასტურდება. ( შდრ: სუსგ №ას-1154-2021, 23 თებერვალი, 2022 წ.).

68. საკასაციო პალატა მიუთითებს, ასევე მნიშვნელოვანია იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილება, რომ გარდა ნ.ყ–ისა და ნ.კ–ისა, აპელანტის წარმომადგენლობის უფლებამოსილებით აღჭურვილი იყო სამსახურის მენეჯერი - გ.შ–ი, რომელიც ნ.კ–თან ერთად აწერს ხელს მოპასუხის მიერ 2022 წლის 29 ივნისით დათარიღებულ შესაგებელს. აღსანიშნავია, რომ გ.შ–ის შემთხვევაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის თაობაზე კასატორი არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივარში არ უთითებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს ნ.ყ–ისა და ნ.კ–ის შემთხვევაში საპატიო მიზეზის არსებობის ფაქტი რომც გაეზიარებინა, მოპასუხეს კვლავ რჩებოდა მინიმუმ ერთი თანამშრომელი, რომელიც უფლებამოსილი იყო, თუნდაც შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსთვის, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

69. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე განჩინების პ.34-ში მითითებულ კასატორის პრეტენზიაზე, რომლის თანახმადაც, სააგენტოს მენეჯერს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები გადეცა დაგვიანებით, შესაბამისად, იგი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელს ვერანაირად ვერ წარადგენდა.

70. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებას აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას, რადგან მას არ წარმოუდგენია სააგენტოს მენეჯერისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების დაგვიანებით გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება.

71. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზიას წარმოადგენს, რომ შესაგებლის მომზადებაზე უფლებემოსილი პირისათვის სარჩელის შემოტანის თაობაზე ცნობილი გახდა 2022 წლის 17 ივნისს, რის გამოც ვერ მოხერხდა სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვა შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის და ვადის გაგრძელების თაობაზე. იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს ჰქონდა შესაგებლის წარდგენის იურიდიული ინტერესი, ადასტურებს ის ფაქტიც, რომ შესაგებელი მომზადდა და გაეგზავნა როგორს სასამართლოს, ისე მოსარჩელეს, რაც დადასტურებულია საფოსტო დასტურებით. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეს არ ექნებოდა შესაგებლის წარდგენის ინტერესი, შესაგებელს საერთოდ არ მოამზადებდა (იხ. წინამდებარე განჩინების პ.31).

72. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა 2022 წლის 30 მაისს, რასაც ადასტურებს მოპასუხე მხარის საქმისმწარმოებლის ხელმოწერა ( იხ: ტომი 1, ს.ფ 42). მოპასუხე მხარე გაფრთხილებულ იქნა, რომ შესაგებლის დადგენილ 10-დღიან ვადაში არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ სსსკ-ის XXVI თავის თანახმად, გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა, რომელიც ამოიწურა 2022 წლის 9 ივნისს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია.

73. კასატორი მიუთითებს, რომ შესაგებლის მომზადებაზე უფლებემოსილი პირისათვის სარჩელის შემოტანის თაობაზე ცნობილი გახდა 2022 წლის 17 ივნისს, რის გამოც ვერ მოხერხდა სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვა შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის და ვადის გაგრძელების თაობაზე. იმ დადგენილი უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2022 წლის 30 მაისს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სათანადო მენეჯმეტის არქონა, რომ შესაგებლის მომზადებაზე უფლებემოსილი პირისათვის სარჩელის შემოტანის თაობაზე ცნობილი გახდა მხოლოდ 2022 წლის 17 ივნისს, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან (იხ. სუსგ-ები: №ას-152-148-2016, 3 ივნისი, 2016 წელი; №ას-345-330-2016, 6 ივნისი, 2016 წელი; №ას-269-257-2015, 20 ივლისი, 2015 წელი).

74. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკმარისი არ არის მარტოოდენ მითითება დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის შესახებ. მხარემ სასამართლოს უნდა შეუქმნას რწმენა, რომ პასუხისმგებლობით ეკიდება შესაგებლის წარდგენის თუ სხდომაზე მონაწილეობისა და საქმის განხილვის საკითხს, სურს დროულად შეატყობინოს სასამართლოს ობიექტური გარემოება. სწორედ ასეთი გარემოების არსებობისას უნდა ჩაითვალოს შესაგებლის წარუდგენლობა თუ გამოუცხადებლობა საპატიოდ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის საფუძვლით რაიონული სასაამრთლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა 2022 წლის 17 ივნისს ( იხ. ტ.1.ს.ფ. 51-63), ხოლო შესაგებელი კი მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა 2022 წლის 29 ივნისს ( იხ. ტ.1.ს.ფ.64).

75. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა ვერ იქნება მიჩნეული საპატიოდ და ამ მხრივ, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებელია.

76. თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. (შდრ. სუსგ №ას-1468-1388-2017, 11 მაისი, 2018.)

77. მოპასუხე მხარის მიერ არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, სსსკ-ის 2321 მუხლის კონტექსტში დადგენილად მიიჩნევა დავის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც მოსარჩელე მხარე სარჩელში უთითებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს არა მხარის მოსაზრებებს, არამედ, იმ ფაქტებს, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას ქმნიან.რაც შეეხება ამა თუ იმ მოსაზრებას, რომელსაც მხარე ავითარებს, ისინი სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რა დროსაც საქმის განმხილველი მოსამართლე ამოწმებს ამ ფაქტებს მატერიალური სამართლის დანაწესებთან მიმართებით. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების აქტი, მიუხედავად იმისა, იგი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპითაა მიღებული თუ ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის ( ან მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის) შედეგად, ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მატერიალური სამართლის ნორმას. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა ან საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა, თუნდაც ეს არასაპატიო მიზეზით იყოს განპირობებული, სასამართლოს არ ანიჭებს უფლებამოსილებას, გადაწყვეტილებას მხოლოდ სამართლებრივი სანქციის ფუნქცია შესძინოს და იურიდიული შეფასების გარეშე დააკმაყოფილოს მოსარჩელე მხარის ყველა პრეტენზია. სწორედ ამგვარი თვითნებობის თავიდან აცილებას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის როგორც 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე 2321 -ე მუხლის დათქმა სარჩელში მითითებული გარემოებების იურიდიული მართებულობის შესახებ.

78. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016). მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (სუსგ №ას-2-2-2017, 14 ივლისი, 2017წ.), ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად. ( შდრ: სუსგ-ები: №ას-273-2020, 29 იანვარი, 2021 წ.; №ას-1168-2022, 18 იანვარი, 2023 წ.; №ას-1416-2022, 7 თებერვალი, 2023 წ.; №ას-1440-2022, 2 მარტი, 2023 წ.).

79. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია იმას უკავშირდება, რომ სააპელაციო პალატას არ უმსჯელია, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით დაადგინა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის განხორციელება. აღნიშნულ საკითხზე სააპელაციო პალატამ, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია ისე, რომ არ შეუფასებია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია დაკისრებული 100 000 ლარის შემცირების თაობაზე, აღნიშნული თანხის გადახდა მძიმე ტვირთად დააწვება სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს აღსაზრდელებს კვების პროდუქტებით, ტრანსპორტითა და სხვა მატერიალური საშუალებებით. ( იხ. საკასაციო საჩივარი, წინამდებარე განჩინების პ.33).

80. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორს არც ამ ნაწილში აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებათა გამო:

81. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე განჩინების პ.26-ზე, კერძოდ, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის იურიდიული გამართულობის კუთხით აპელანტს შედავება არ განუხორციელებია, შესაბამისად, ვინაიდან შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა არ დადგინდა, მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

82. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხე (კასატორი) იურიდიული პირია, რომელსაც მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება იმ რისკების მაქსიმალურ დონემდე შემცირება, რომლის გაუთვალისწინებლობამაც შესაძლოა, გარკვეული პრობლემების, მათ შორის სამართლებრივად უარყოფითი შედეგის წინაშე დააყენოს (იხ. სუსგ №ას-1318-2020, 25.06.2021წ.) საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და შესაგებლის წარუდგენლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები სშკ-ის 47-ე, 48-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ ერთ-ერთ საფუძველს კი წარმოადგენს სსსკ-ის 2321 მუხლი. ( შდრ: სუსგ №ას -205-2022, 05 მაისი, 2022 წ.).

83. კასატორის პრეტენზია უკავშირდება იმას, რომ სააპელაციო პალატას არ უმსჯელია, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით დაადგინა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის განხორციელება. აღნიშნულ საკითხზე სააპელაციო პალატამ, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია ისე, რომ არ შეუფასებია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

84. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის ან მის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო არ იხედება საქმეში, არ ამოწმებს და არ აფასებს მტკიცებულებებს, ვინაიდან ეს საჭირო არაა, რადგან გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ „იხედება კანონში,“ რათა მისცეს ამ დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს ჩვეულებრივი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ანუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასაარჩელო მოთხოვნას.

85. საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დისკრიმინაციული საფუძვლით მიყენებული ზიანის სახით 50000 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მითითებით, რეორგანიზაცია სააგენტოში ატარებდა ფორმალურ ხასიათს და რეორგანიზაციის შედეგად ზოგიერთი პოზიცია გაიყო, ზოგი გაერთიანდა, ზოგ პოზიციას კი სახელწოდება შეეცვალა. გაუქმებული ა(ა)იპ გორის მუნიციპტიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ბავშვთა კვების, ჰიგიენის და სკოლამდელი აღზრდა-განვითარების განყოფილების ყველა თანამშრომელი, გარდა მოსარჩელისა, აღდგენილია სხვა ტოლფას პოზიციაზე. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ სააგენტოში მალევე არაერთი ვაკანტური ადგილი გაჩნდა, სადაც მოსარჩელეს მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, შეეძლო ემუშავა, თუმცა სააგენტოს აშკარად არ სურდა მოსარჩელის სამსახურში დატოვება. მოსარჩელის მითითებით, იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელსაც სიცოცხლისათვის ესაჭიროება ძვირადღირებული წამლები, ხოლო, სამსახურიდან გათავისუფლების გამო, აღნიშნული წამლების შეძენაც კი უჭირს და დარჩენილი სიცოცხლის მწირე დროს უფრო მეტად ამძიმებს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის განყოფილებაში მომუშავე 62 თანამშრომლიდან მხოლოდ ის იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და სამუშაოდან მხოლოდ ის გაათავისუფლეს. შესაბამისად, მის მიმართ განხორცილდა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა, რის გამოც მას მიადგა ზიანი. მოსარჩელემ მოთხოვნის დაკამყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-2, 5, 6, 27-ე მუხლებზე, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 და მე-4 მუხლებზე, ასევე 7-ე მუხლზე, კერძოდ, დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება, თუ კანდიდატი ან დასაქმებული მიუთითებს იმ ფაქტებზე ან/და გარემოებებზე, რომლებიც ქმნის საფუძველს გონივრული ვარაუდისთვის, რომ დამსაქმებელმა დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ მოთხოვნა დაარღვია. ( იხ. სარჩელი, ტ.1.ს.ფ. 12-15).

86. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-10.1 მუხლები, საქართველოს შრომის კოდექსის 1.1 ლი მუხლი ( ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.), მე-2.3 მუხლი (შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით); მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ( ამ კანონის მიზნებისთვის დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.); 47-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის საფუძვლით); 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი (სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით).

87. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ანალოგიუს მოწესრიგებას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები.

88. საქართველოს შრომის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება, თუ კანდიდატი ან დასაქმებული მიუთითებს იმ ფაქტებზე ან/და გარემოებებზე, რომლებიც ქმნის საფუძველს გონივრული ვარაუდისთვის, რომ დამსაქმებელმა დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ მოთხოვნა დაარღვია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგადაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3634 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყონებლივ ეგზავნება მოპასუხეს და მას შესაგებლის წარსადგენად 10 დღის ვადა ეძლევა.

89. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების მსჯელობებს, რომ მოპასუხის მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელში მითითებული გარემოებები წინამდებარე განჩინების პ.85-ში მითითებული სამართლებრივი საფუძვლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებს მეორე სასარჩელო მოთხოვნასაც. პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყო დავის თაობაზე მოპასუხის ინფორმირებულობა. სასამართლო გზავნილის ჩაბარებით მოპასუხისათვის ცნობილი იყო შესაგებლის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარდგენის სავალდებულობის და მისი წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ. მოპასუხეს სასამართლოს მიერ მიეცა გონივრული ვადა, გასცნობოდა და საკუთარი მოსაზრება წარედგინა სასამართლოსათვის სასარჩელო მოთხოვნების თაობაზე. ( შდრ: ტერნოვსკისი ლატვიის წინააღმდეგ -Ternovskis v.Latvia, №33637/02, 29.04.2014, §65; დილიპაკი და კარკაია თურქეთის წინააღმდეგ -Dilipak and v Turkey, №7942/05, №24838/05, 04.03.2014, §78, 80.).

90. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში. შესაბამისად, უარყოფილი იქნა საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობა და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

91. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

92. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

93. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს სააკსაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს (ს.კ:4.....) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა,“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 04.05.2023წ.-ს საგადახდო მოთხოვნა N08652 გადახდილი 5000 ლარის 70% – 3500 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე