საქმე №ას-601-2023 24 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ს–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ს–მა (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინაარმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა მ.ბ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა 31 341,54 ლარის, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ასანაზღაურებლად 7 051.68 ლარის გადახდის დაკისრება.
2. სარჩელის მიხედვით, 2020 წლის 14 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით უნდა ჩაეტარებინა სათანადო სამშენებლო სამუშაოები (ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობამდე მიყვანა) დაბა მ–ში, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 14 მარტი, ხოლო ხელშეკრულების შესრულების ღირებულებად - 98 000 ლარი. სამუშაოს შესრულების კონკრეტული პირობები და ვადები განისაზღვრა ხელშეკრულების დანართით №1 და №2. ხელშეკრულების დანართი №1-ის თანახმად, მოსარჩელეს თანხა უნდა გადაეხადა სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე - 40 000 ლარი, მეორე ეტაპზე - 36 000 ლარი, ხოლო მესამე ეტაპზე - 22 000 ლარი. მხარეთა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე პირველი გადახდა უნდა განხორციელებულიყო სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, ხოლო მეორე და მესამე ეტაპის გადახდა კონკრეტული სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ. სარჩელის შეტანის მომენტისთვის 2021 წლის ივნისისთის მხარეთა შორის 14.10.2020 წელს დადებული შეთანხმება არ არის შესრულებული, მიწის ნაკვეთზე სახლის მშენებლობა არ არის დასრულებული, შეთანხმებული თეთრი კარკასის ნაცვლად აშენებულია მხოლოდ საძირკველი, პირველი სართულის კოლონები და შესრულებულია სართულშორისი ფილის არმირება, ისიც კონსტრუქციული ნახაზის დარღვევით. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულება, ხოლო ის მცირე ნაწილიც სამშენებლო საქმიანობისა, რაც არის ნაწარმოები, არის უხარისხოდ და დარღვევით შესრულებული. მოპასუხეს არაერთხელ განუსაზღვრა დამატებითი ვადა სამშენებლო სამუშაოების განახლების შესახებ. თუმცა, მასთან კომუნიკაცია ვერ შედგა. მოსარჩელეს გადახდილი აქვს ჯამურად 56 000 ლარი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მოპასუხის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამშენებლო საქმიანობის ღირებულებას. გარდა ამისა, მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო, მას მიადგა არსებითი და პირდაპირი სახის ზიანი. მან თანხა მოპასუხის მოთხოვნით გადაიხადა წინასწარ, თუმცა, ვერ მიიღო შესაბამისი მომსახურება. მისი აზრით, ამ ხნის განმავლობაში თანხა რომ ყოფილიყო განთავსებული ბანკში საანაბრე ანგარიშზე შეეძლო მიეღო დამატებითი შემოსავალი ან სხვა მიზით უფრო ეფექტურად განეკარგა. დღეისათვის, ეროვნული ვალუტის გაზრდილი ინფლაციის პირობებში, სახლის მშენებლობის წარმოებისა და დასრულების მიზნით, სამშენებლო მასალების შესყიდვა და ახალ შემსრულებელთან ხელშეკრულების დადება - გაცილებით მეტი თანხების გაღებასთან არის დაკავშირებული.
3. მოპასუხემ შესაგებელი სასამართლოს წარუდგინა ვადის დარღვევით. სასამართლო სხდომაზე გაცხადებული ახსნა-განმარტებით მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის მიერ გადარიცხვები ნამდვილად განხორციელდა. თუმცა, მოპასუხის მხრიდან რაიმე თანხის დაკლებასა და მშენებლობის შეფერხებაზე საუბარი არ ყოფილა. მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე უარყო, თითქოს მოპასუხე სამშენებლო სამუშაოებს ატარებდა უხარისხოდ ან დარღვევით ან პროექტის შეუსაბამოდ. ერთადერთი პრეტენზია, რომელიც მოსარჩელის მიმართ გააჩნდა, ეხებოდა მშენებლობის პროცესებში აქტიურ ჩართულობას. იგი თავად ადიოდა სამშენებლო კონსტრუქციაზე და ზომავდა ფილებს, რასაც შეიძლებოდა მისი გადმოვარდნა და დაზიანება მოჰყოლოდა. რაც შეეხება მშენებლობის შეჩერებას, მოპასუხე ხსნის იმით, რომ მშენებლობის პროცესში მოსარჩელემ მისგან მოითხოვა პროექტიდან გადახვევა და მშენებლობის წარმოება დამატებითი მოცულობებით, რაც წარმოადგენდა მშენებლობის პროექტის დარღვევას და იწვევდა მშენებლობის ფასის ზრდას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხემ მოსარჩელეს მოთხოვა კორექტირებული სამშენებლო პროექტის წარმოდგენა და 2020 წლის 14 ოქტომბერს შედგენილი ხელშეკრულების პირობების კორექტირება გაზრდილი ფასის გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდა, ასევე არ არსებობს მიუღებელი შემოსავლის დაკისრების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
4. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 31 341.54 ლარის გადახდა.
5. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. 2020 წლის 14 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო წერილობითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ აიღო ვალდებულება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე, კერძოდ: უნდა ჩაეტარებინა სათანადო სამშენებლო სამუშაოები (ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობამდე მიყვანა) დაბა მ–ში, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
9. სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 14 მარტი, ხოლო ხელშერულების ჯამურ ღირებულებად 98 000 ლარი. სამუშაოს შესრულების კონკრეტული პირობები და ვადები განისაზღვრა ხელშეკრულების დანართით №1 და №2, კერძოდ, დანართით №1 განისაზღვრა თანხის გადახდის ეტაპები, ხოლო დანართით №2 შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოები.ხელშეკრულების დანართი №1-ის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხისათვის თანხა უნდა გადაეხადა სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე - 40 000 ლარი, მეორე ეტაპზე - 36 000 ლარი, მესამე ეტაპზე - 22 000 ლარი. მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე პირველი გადახდა უნდა განხორციელებულიყო სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, ხოლო მეორე და მესამე ეტაპის გადახდა კონკრეტული სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ. მოსარჩელე მხარის მიერ პირველი გადარიცხვა განხორციელდა 2020 წლის 14 ოქტომბერს - 40 000 ლარის ოდენობით. მეორე გადარიცხვა - 2020 წლის 6 ნოემბერს, 16 000 ლარის ოდენობით. ჯამურად მოსარჩელეს, მოპასუხის ანგარიშზე გადარიცხული აქვს 56 000 ლარი.
10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 29 ივნისის დასკვნის თანახმად: დაბა მ–ში, …. ქუჩაზე №…… საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე განხორციელებული საცხოვრებელი სახლის აშენების ღირებულება ექსპერტის მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი, რა დროსაც დადგინდა შემდეგი: საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესში შესრულებულია შემდეგი სამუშაოები: მიწის სამუშაოები; ბალასტის შეტანის სამუშაოები; წერტილოვანი საძირკვლების ქვეშ ბეტონის მოსამზადებელი ფენის მოწყობის სამუშაოები; წერტილოვანი საძირკვლების მოწყობის სამუშაოები; ცოკოლის კედლების მოწყობის სამუშაოები 0.00 ნიშნულზე რკ/ბეტონის რიგელის, ფილის მოწყობის სამუშაოები; 0.00 ნიშნულიდან +3.00 ნიშნულამდე რკ/ბეტონის კოლონების მოწყობის სამუშაოები; კიბესთან მონოლითური რკ/ბეტონის კედლის მოწყობის სამუშაოები; 0.00 ნიშნულიდან +3.00 ნიშნულზე ასასვლელი კიბის , +3.00 ნიშნულზე რიგელის, გადახურვის ფილის არმატურის, კარკასის მოწყობის სამუშაოები ყალიბის მოწყობის სამუშაოების გათვალისწინებით. ადგილზე ჩატარებული კვლევით მიღებული მონაცემების, ასევე დაბა მ–ში, …. ქუჩაზე №….. საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე განხორციელებული საცხოვრებელი სახლის აშენების საორიენტაციო ღირებულების გაანგარიშება შედგენილი იქნა ,,სამშენებლო ნორმების და წესები“-ს მოთხოვნათა დაცვით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადგინდა: საცხოვრებელი სახლის აშენების ღირებულებამ მასალებზე დღგ-სა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული დანარიცხების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგინა 24 658.46 ლარი.
11. ექსპერტიზის დასკვნაზე დართული შესრულებული სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების გაანგარიშების შესაბამისად დადგენილი იქნა, რომ სახლის აშენების სამუშაოების ღირებულებამ, პირდაპირი დანახარჯებით საორიენტაციოდ შეადგინა 18 118.67 ლარი, ხოლო დარიცხვები, რომელშიც შედის ზედნადები ხარჯები, გეგმიური დაგროვება და დღგ, საორიენტაციოდ შეადგინა (2637.61+2 075.63+1 826.55) = 6 539.79 ლარი.
12. დადგენილია, რომ აღნიშნული გაანგარიშება წარმოადგენს 2021 წლის 29 ივნისს გაცემული №004509721 ექსპერტიზის დასკვნის განუყოფელ ნაწილს.
13. მოპასუხის (აპელანტი) განმარტებით, 2021 წლის 14 ოქტომბრის №1 დანართით არ არის გაწერილი კონკრეტული ვადები, თუ როდის გადახდილიყო ფულადი თანხა სრულად. ამ მოცემულობაში არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მოსარჩელემ თანხა სრულად და დროულად გადაიხდა. მოსარჩელეს შემხვედრი მოთხოვნების წაყენების უფლება არ გააჩნდა, მით უფრო, იმ ფონზე, რომ დაუსაბუთებლად სთხოვდა მოპასუხეს გაზრდილი მოცულობით სამუშაოების შესრულებას. მოსარჩელის მიერ მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა დაფუძნებულია მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებაზე, მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში. მოსარჩელემ დაუკვეთა საექსპერტო დაწესებულებას ჩატარებული სამუშაოების ღირებულების დადგენა, მაგრამ კვლევის საგანი არ გამხდარა მოპასუხის კუთვნილი საზღაური. წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნით რჩება შთაბეჭდილება რომ მოპასუხეს სამუშოები უფასოდ, მხოლოდ სამუშაოთ თვითღირებულების გადახდის პირობებში უნდა მოეხდინა, თუმცა, დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაიდო ჩვეულებრივი კომერციული გარიგება და მოპასუხე არ იყო ვალდებული მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშოები უფასოდ შეესრულებინა. საექსპერტო დასკვნის ფარგლებში წარმოდგენილ გაანგარიშებას უნდა მოეცვა მსგავსი სამუშაოებისათვის ბაზარზე არსებული მომსახურების ფასიც, ხოლო სასამართლოს მიერ 2021 წლის 29 ივნისის საექსპერტო დასკვნაზე დაყრდნობით დასკვნის გაკეთება, რომ ვალდებულება მხოლოდ ამ ფარგლებში შესრულდა, დაუშვებელია. 2021 წლის 1 მარტის წერილით დასტურდება, რომ მოპასუხე სამუშაოების გაგრძელებისათვის ითხოვდა კორექტირებულ პროექტსა და სამშენებლო ნებართვას, მოსარჩელე კი უცხადებდა რომ ამის აუცილებლობა არ იყო და პასუხისმგებლობა მთლიანად დამკვეთზე მოდიოდა. ამასთან, მოსარჩელე წერილში მიუთითებს, რომ სამუშოების ის ნაწილი, რაზედაც მოპასუხე ითხოვს კორექტირებულ პროექტს უკვე შესრულებულია. ამდენად, მოპასუხემ შეასრულა სამუშაოებისის ნაწილი, რომელიც არ იყო გათვალისწინებული პროექტით. აღნიშნული მნიშვნელოვანია საექსპერტო შეფასების კუთხითაც, რადგან დასკვნა დაეყრდნო მხოლოდ წარდგენილ პროექტს და რაიმე სახის სამუშაო, რომელიც პროექტით არ იყო გათვალისწინებული არ შეუფასებია. აღნიშნულით კი დგინდება, რომ სამუშაოს შეჩერება გამოიწვია მოსარჩელის დაუსაბუთებელმა პრეტენზიამ.
14. მოპასუხის (აპელანტი) განმარტებით, მას არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა საექსპერტო დასკვნა, რის გამოც, აპელანტმა მოითხოვა გაუქმდეს 2022 წლის 16 მაისის საოქმო განჩინება მოპასუხის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და აპელანტს უარი ეთქვა მტკიცებულების წარდგენაზე, შემდეგი საფუძვლით:
15. 2022 წლის 12 იანვარს მოპასუხის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სარჩელზე შესაგებელის წარდგენის საპროცესო ვადის აღდგენა.
16. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 09 თებერვლის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
17. ამდენად, მოცემულ საქმეზე მოპასუხემ შესაგებელი სასამართლოს წარუდგინა ვადის დარღვევით (სსსკ-ის მე-4, 102 და 201 მუხ.). სსსკ-ის 380-ე მუხლის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ სასამართლოს მისთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარუდგინა შესაგებელი და შესაბამისად არ წარუდგენია მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულებები. ამასთან, მოპასუხეს დავის განხილვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ შესაბამის ეტაპზე არ უშუამდგომლია მის მიერ დანიშნული ექსპერტიზის მიერ ექსპერტიზის დასკვნის წარსადგენად. შესაბამისად, გაზიარებული იქნა რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის საოქმო განჩინება, რომლითაც აპელანტს უარი ეთქვა მტკიცებულების წარდგენაზე. მოპასუხეს (აპელანტი) განმარტა, რომ სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მან დაკარგა საქმის მოსამზადებელი სტადიის შემდგომ, მტკიცებულებების წარდგენის, ახალ გარემოებებზე მითითებისა და მათზე დაყრდნობით სარჩელისაგან თავდაცვის საპროცესო უფლება.
18. მოცემულ საქმეზე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის თანხა უნდა გადაეხადა სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე 40 000 ლარი, მეორე ეტაპზე 36 000 ლარი, ხოლო მესამე ეტაპზე 22 000 ლარი. მხარეთა შორის ზეპირი - შეთანხმების საფუძველზე პირველი გადახდა უნდა განხორციელებულიყო სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, ხოლო მეორე და მესამე ეტაპის გადახდა კონკრეტული სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ. მოსარჩელე მხარის მიერ პირველი გადარიცხვა განხორციელდა 2020 წლის 14 ოქტომბერს - 40 000 ლარის ოდენობით. მეორე გადარიცხვა 2020 წლის 6 ნოემბერს, 16 000 ლარის ოდენობით. ჯამურად მოსარჩელეს, მოპასუხის ანგარიშზე გადარიცხული აქვს 56 000 ლარი.
19. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 29 ივნისის დასკვნის შესაბამისად დაბა მ–ში, ….. ქუჩაზე №…... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე განხორციელებული საცხოვრებელი სახლის აშენების საორიენტაციო ღირებულების გაანგარიშება შედგენილი იქნა ,,სამშენებლო ნორმების და წესების“ მოთხოვნათა დაცვით და საცხოვრებელი სახლის აშენების ღირებულებამ მასალებზე დღგ-სა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული დანარიცხების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგინა 24 658.46 ლარი. ექსპერტიზის დასკვნაზე დართული შესრულებული სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების გაანგარიშების შესაბამისად დადასტურდა, რომ სახლის აშენების სამუშაოების ღირებულებამ, პირდაპირი დანახარჯებით საორიენტაციოდ შეადგინა 18118.67 ლარი, ხოლო დარიცხვები, რომელშიც შედის ზედნადები ხარჯები, გეგმიური დაგროვება და დღგ, საორიენტაციოდ შეადგინა (2637.61+2 075.63+1 826.55) = 6 539.79 ლარი. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული გაანგარიშება წარმოადგენს 2021 წლის 29 ივნისს გაცემული №004509721 ექსპერტიზის დასკვნის განუყოფელ ნაწილს.
20. ექსპერტიზის დასკვნის გაზიარების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ჩარიცხული თანხის ოდენობა გაცილებით მეტია მოპასუხის მიერ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეუსრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულებაზე. მოსარჩელეს უნდა მიეღო იმ ღირებულების სამუშაო, რისი საფასურიც გადახდილი აქვს მოპასუხისათვის. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, მას შესრულებული სამუშაოს საზღაურად ეკუთვნის 24 658.46 ლარის გადახდა, ნაცვლად გადახდილი 56 000 ლარისა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 31 341.54 ლარი.
21. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 629-ე მუხლის I ნაწილით, სსკ 636-ე მუხლით („შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი) და აღნიშნა რომ ნორმა შემკვეთს ანიჭებს ხელშეკრულების შეწყვეტის თავისუფალ უფლებას, თუმცა იგი ვალდებულია მენარდეს აუნაზღაურის ხელშეკრულების შესრულებული ნაწილი. ამისსაფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ შემკვეთის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 629.1 და 648-ე მუხლების საფუძველზე წარმოშობილია, შემკვეთმა მენარდეს გადაუხადა სულ 56 000 ლარი, ნარდობის ხელშეკრულება მოშლილია, ხოლო მენარდეს შესრულებული სამუშაოს საზღაურად ეკუთვნის 24 658.46 ლარის გადახდა, აღნიშნულიდან გამომდინარე შემკვეთს უნდა დაუბრუნდეს 31 341.54 ლარი.
22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოპასუხემ) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა, შემდეგი საფუძვლებით:
23. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ არის საკმარისი იმ გარემოების დასადგენად, თუ რა მოცულობის სამუშაოები შესრულდა. დასკვნა არ მოიცავს მოცემული მასშტაბის სამუშაოებისათვის ბაზარზე არსებულ მომსახურების მარჟას. სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს შეასრულებინა ის სამუშაოებიც, რაც პროექტით არ იყო გათვალისწინებული. ეს სამუშაოები არაა ასახული ექსპერტიზის დასკვნაში. ამ მოცემულობაში იმისი თქმა, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, დაუსაბუთებელია. ექსპერტიზის დასკვნა არსებული ვითარების სრულ ანალიზს არ შეიცავდა. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული დასკვნა არარელევანტურია სადავო საკითხის გადასაჭრელად. დასკვნაში კვლევის საგანი არ იყო მოპასუხის კუთვნილი საზღაური. რჩება შთაბეჭდილება, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის სამუშაოები თვითღირებლებით, უფასოდ უნდა შეესრულებინა.
24. კასატორი აღნიშნავს, რომ მას არ მიეცა პროცესუალრი შესაძლებლობა სასამართლოში წარედგინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საპირწონე მტკიცებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
26 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
27 საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
28 სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებებისარასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
25. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 14 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო წერილობითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ აიღო ვალდებულება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე, კერძოდ: მოპასუხეს უნდა ჩაეტარებინა სათანადო სამშენებლო სამუშაოები (ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობამდე მიყვანა) დაბა მ–ში, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 14 მარტი, ხოლო ხელშერულების ჯამურ ღირებულებად 98 000 ლარი. სამუშაოს შესრულების კონკრეტული პირობები და ვადები განისაზღვრა ხელშეკრულების დანართით №1 და №2, კერძოდ, დანართით №1 განისაზღვრა თანხის გადახდის ეტაპები, ხოლო დანართით №2 შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოები.ხელშეკრულების დანართი №1-ის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხისათვის თანხა უნდა გადაეხადა სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე - 40 000 ლარი, მეორე ეტაპზე - 36 000 ლარი, მესამე ეტაპზე - 22 000 ლარი. მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე პირველი გადახდა უნდა განხორციელებულიყო სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, ხოლო მეორე და მესამე ეტაპის გადახდა კონკრეტული სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ.
26. დადგენილია, რომ მოსარჩელემ გადარიცხა 2020 წლის 14 ოქტომბერს - 40 000 ლარი; 2020 წლის 6 ნოემბერს- 16 000 ლარი. ჯამში, მოსარჩელემ მოპასუხის ანგარიშზე გადარიცხა 56 000 ლარი.
27. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 29 ივნისის დასკვნა. დასკვნის შესაბამისად დაბა მ–ში, ….. ქუჩაზე №……. საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე განხორციელებული საცხოვრებელი სახლის აშენების საორიენტაციო ღირებულების გაანგარიშება შედგენილი იქნა ,,სამშენებლო ნორმების და წესების“ მოთხოვნათა დაცვით და საცხოვრებელი სახლის აშენების ღირებულებამ მასალებზე დღგ-სა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული დანარიცხების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგინა 24 658.46 ლარი. ექსპერტიზის დასკვნაზე დართული შესრულებული სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების გაანგარიშების შესაბამისად დადასტურდა, რომ სახლის აშენების სამუშაოების ღირებულებამ, პირდაპირი დანახარჯებით საორიენტაციოდ შეადგინა 18118.67 ლარი, ხოლო დარიცხვები, რომელშიც შედის ზედნადები ხარჯები, გეგმიური დაგროვება და დღგ, საორიენტაციოდ შეადგინა (2637.61+2 075.63+1 826.55) = 6 539.79 ლარი. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული გაანგარიშება წარმოადგენს 2021 წლის 29 ივნისს გაცემული №004509721 ექსპერტიზის დასკვნის განუყოფელ ნაწილს.
28. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ შესაგებელი სასამართლოს წარუდგინა ვადის დარღვევით.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62).
31. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 629 I, 636-ე და 648-ე მუხლების საფუძველზე.
32. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაოს შესრულების ტიპის ისეთ ხელშეკრულებას, როგორიცაა ნარდობა. ნარდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის ხელშეკრულების მსგავსად, ერთერთი ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ხელშეკრულებაა სასაქონლო-ფულად ფასეულობათა ბრუნვის სფეროში. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებულისამუშაოს შედეგი (იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება, თბილისი, 2016, გვერდი 26).
34. სსკ-ის 629-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება. (შდრ: სუსგ №ას-240-2023, 21 მარტი, 2023 წ. პ.10).
35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი კი სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას“ (შდრ: სუსგ №ას-1522-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი, პ.34.).
36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა უფლებები, თავისი სამართლებრივი ბუნებით მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა რიცხვს. რელატიური უფლება არის განსაზღვრული პირის მიმართ შესრულების მოთხოვნის უფლებამოსილება. იგი მიმართულია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ განსაზღვრული პირის მიმართ კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად. რელატიური უფლება წარმოიშობა ნამდვილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეთანხმებული სამუშაოს დროულად შესრულება. ზოგადად, სამოქალაქო უფლებების განხორციელება და დაცვა მჭიდროდ არის დაკავშირებული დროის ფაქტორთან. ვადა აწესრიგებს სამოქალაქო ბრუნვას, განაპირობებს ხელშეკრულებათა ჯეროვან შესრულებას. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკა, მისთვის დამახასიათებელი დინამიკურობითა და დროის დეფიციტით, წარმოუდგენელია ვადებთან დაკავშირებული საკითხების სრულყოფილი და სწორი სამართლებრივი მოწესრიგების გარეშე. სამოქალაქო კანონმდებლობა დროის ფაქტორს უკავშირებს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლასა და შეწყვეტას, ასევე იმ მოქმედებათა შესრულებას, რომელიც გათვალისწინებულია კანონით ან ხელშეკრულებით. ვალდებულების დროულად შესრულება ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება იმ მომენტის დადგომა, როდესაც ვალდებულება შესრულებულ უნდა იქნეს.
38. ყველაზე მეტად გავრცელებულია ვალდებულების შესრულების გარიგებით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული ვადები. ამ შემთხვევაში შესრულების დროის შეთანხმება შეიძლება აშკარად გამოხატული ან დუმილით ნაგულისხმევი იყოს. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების დრო შეიძლება იყოს როგორც აბსოლუტური, ისე რელატიური ბუნების. აბსოლუტურია ვადა, როდესაც ვადის გადაცილების შემდეგ შესრულება კარგავს ყოველგვარ ინტერესს.
39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მხარეებმა შეიძლება განსაზღვრონ არა მხოლოდ სამუშაოთა დასრულების ვადები, არამედ სამუშაოთა დაწყებისა და შუალედური ვადებიც. იმ შემთხვევაში, როდესაც შესრულების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაშინ ნარდობის ხელშეკრულებით, შესრულების დრო განისაზღვრება, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობა -time is of the essence. თუ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის სამუშაოს შესრულების ვადა, მაშინ ვადა უნდა განისაზღვროს გონივრულად. “გონივრული ვადა” წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას. ყველა შემთხვევაში მისი ფარგლები მოიაზრება შესრულების თავისებურებებით.
40. თუ ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია შესრულების დრო, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ შემკვეთს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მენარდეს შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე. საეჭვოობა გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როდესაც განსაზღვრული ვადის დაცვა ეჭვის ქვშ დგება მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მოვალის ინტერესების დაცვს. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ერთ-ერთ გავრცელებულ შემთხვევას წარმადგენს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან შემკვეთის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. მენარდის მიერ ვადის გადაცილება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროულ შეუსრულებლობას უკავშირდება. შესრულების დროულობა კი ნარდობის ხელშეკრულებიდან ან კანონიდან შეიძლება გამომდინარეობდეს.
41. შემკვეთი სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ.
42. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესზეც, რომლის მიხედვით: „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი“. მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებლი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები. (შდრ: სუსგ №ას-697-663-2015, 15 დეკემბერი, 2015 წ.;) „სამუშაოს დასრულებამდე შემკვეთის მიერ ნარდობის ხელშეკრულების მოშლა არ ათავისუფლებს შემკვეთს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოვალეობისგან. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება.“ (შდრ: სუსგ-ები: №ას-203-2021, 08 აპრილი, 2021 წ.; №ას-275-2020, 16 ნოემბერი, 2021წ.; №ას-779-2021, 24 დეკემბერი, 2021 წ.). „სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლით კანონმდებელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წანამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს.“ (შდრ: სუსგ-ები: №ას-1634-2019, 04 მარტი, 2019 წ.; №ას-1187-2020, 16 ივნისი, 2021 წ.; №ას-601-2020, 13 აპრილი, 2022 წ.; №ას-925-2022, 30 სექტემბერი, 2022 წ.). „სსკ-ის 636-ე მუხლი სახელშეკრულებო სამართალში ე.წ. საგამონაკლისო დანაწესია, რომელიც შემკვეთს ნებისმიერ დროს, უპირობოდ ანიჭებს უფლებას, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. თუმცა, ამავე ნორმის საფუძველზე, შემკვეთს წარმოეშობა მენარდისათვის შესრულებული სამუშაოსა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (იხ. №ას-901-851-2015, 5 თებერვალი, 2016 წელი; №ას-981-926-2015, 11 მარტი, 2016 წელი).
43. საკასაციო პალატა იზაარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით, სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესის გამოყენების თაობაზე.
44. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე, არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თუმცა, მხარემ უნდა უზრუნველყოს მტკიცების საპროცესო საშუალებათა დროული განკარგვა. სასამართლო კი, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, რაც თანაბრობას დაარღვევს და სამართალწარმოებას მიკერძოებულს გახდის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლო განხილვის პროცედურულ უფლებას. სამართლიანობის მოთხოვნა კი, მიემართება მთლიანად სასამართლო პროცესს; იგი არ არის შემოფარგლული მხარეებს შორის დავის წარმოებით. სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია, თავის თავში მოიცავს სასამართლოს მხრიდან მხარისათვის საკუთარი პოზიციის დაცვის მოსამზადებლად ადეკვატური დროის განსაზღვრას და დაცვის მომზადების შესაძლებლობის მიცემას. საპროცესო მოქმედების განსაზღვრულ დროში შესრულების კონკრეტული მაგალითია ექსპერტის დასკვნის საქმის მომზადების სტადიაზე წარდგენის აუცილებლობაც (სსსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 219-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სათანადოდ განახორციელა, რომლის საპირწონე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
45. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მოპასუხეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ არ მიეცა პროცესუალური შესაძლებლობა, სასამართლოში წარედგინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საპირწონე მტკიცებულება. აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და ყურადღებას გაამახვილებს ამავე განჩინებით დადგენილ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ შესაგებელი სასამართლოს წარუდგინა ვადის დარღვევით. 2022 წლის 12 იანვარს მოპასუხის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სარჩელზე შესაგებელის წარდგენის საპროცესო ვადის აღდგენა. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 თებერვლის განჩინებით განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ., სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება- პ.9, ტ.2. ს.ფ. 79).
46. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
47. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.
48. შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლოსაქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს. 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე, სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ. 4. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები.
49. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.
50. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით.
51. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი, მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016, გვ.3-4). „მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64). შეუძლია თუ არა სასამართლოს თავისი ინიციატივით შეიტანოს მტკიცების საგანში და საფუძვლად დაუდოს გადაწყვეტილებას ფაქტები,რომლებზეც მხარეებიარ მიუთითებენ? იურიდიულ დოქტრინაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, სასამართლოს ეს არ შეუძლია (იხ. დამატებით: თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 87; ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64).
52. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. სასამართლო, ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას, თუ მან არ მოუსმინა ორივე დაპირისპირებულ მხარეს ან არ მისცა მათ შესაძლებლობა გამოიყენონ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და მექანიზმი თავიანთი პოზიციის გასამართლებლად, თავიანთი უფლებების დასაცავად.
53. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე, ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
54. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.
55. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).
56. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“ (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.). კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.
57. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად, მოსამართლე ასე უწვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები.
58. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს.
59. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე, საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე, უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც, ასევე, აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).
60. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ემუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“ (იხ. სუსგ №ას-201-2019, 8 მაისი, 2019 წელი).
61. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ სასამართლოს მისთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარადგინა შესაგებელი და შესაბამისად, არ წარუდგენია მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულებები. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეს დავის განხილვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ შესაბამის ეტაპზე ასევე არ უშუამდგომლია, მის მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის წარსადგენად (იხ., სააპელაციო სასამართლოს განჩინების პ. 9. ტ.2. ს.ფ. 79).
62. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ, მოპასუხემ სათანადოდ არ განგარგა საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული შესაძლებლობები, ხოლო მოსარჩელის მიერ თავისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში წარმოდგენილი მტკიცებულების - ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე კი გასაზიარებელია, რომ მოსარჩელის მიერ ჩარიცხული თანხის ოდენობა გაცილებით მეტია მოპასუხის მიერ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეუსრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულებაზე. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, მას შესრულებული სამუშაოს საზღაურად, მენარდისათვის ეკისრება 24 658.46 ლარის გადახდა, ნაცვლად გადახდილი 56 000 ლარისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება, რომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 31 341.54 ლარი, დასაბუთებულია და კასატორმა ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
64. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივ საკითხებზე, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
65. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
66. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
67. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარზე კასატორმა წარმოადგინა 1567 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 25/05/2023 საგადახდო დავალება №4940 საფუძველზე გადახდილი 1567 ლარის 70% -1096.9 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. მ.ბ–ს (პ.ნ:....) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდიTRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს გ.დ–ას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 25.05.2023წ. საგადასახადო დავალებით N4940 გადახდილი 1567ლარის 70% – 1096.9 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი