საქმე №ას-698-2023 24 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე.პ.ჯ–ა“ (მოსარჩელე)
მოპასუხე თავდაპირველ სარჩელში - სს „ს.რ–ა“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – საწესდებო კაპიტალში უძრავი ქონების შეტანის შესახებ ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ე.პ.ჯ–ამ“(შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან კასატორი) და სს „ს.რ–ის“ (შემდეგში - მეორე მოპასუხე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 17.07.2007 წლის №1-3/490 ბრძანების მე-5 და მე-6 პუნქტები, მეორე მოპასუხის საწესდებო კაპიტალში მოსარჩელის კუთვნილი 2894.00 კვ.მ. უძრავი ქონების შეტანის ნაწილში.
2. სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია, რომ 2007 წლის 29 ივნისს სს „ს.გ.ს.ე–თან“ დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა ახალციხეში, ვალეს დასახლების ტერიტორიაზე, სოფელ ..... მიმდებარედ არსებული 6637.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული 110/10 ძაბვის ქვესადგურით და ორი შენობა-ნაგებობით, საერთო ფართით 344.00 კვ.მ., ს.კ: N...........
3. მოსარჩელის მითითებით, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 17.07.2007 წლის №1-3/490 ბრძანების საფუძველზე, მეორე მოპასუხის საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა მოსარჩელის კუთვნილებაში არსებულ შენობა-ნაგებობებსა და ელექტრომოწყობილობებზე დამაგრებული მიწის ფართი, რომლის ჩამონათვალი, მდებარეობა, ფართობი და ღირებულება აღრიცხული და შეფასებულია უდიტის 2007 წლის 28 ივნისის №1/სრ-31 დასკვნით. მათ შორის იყო ახალციხეში ვალეს დასახლების ტერიტორიაზე, სოფელ ..... მიმდებარედ არსებული 2894.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, რომელიც სს „ს.რ–ის“ საკუთრებად დარეგისტრირდა 2007 წლის 27 აგვისტოს და მიენიჭა ს.კ: N ..... სადავო ბრძანებით უკანონოდ განხორციელდა კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა და მისი ასახვა სხვა კერძო სამართლის იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში, შესაბამისად, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მოსარჩელის საკუთრების უფლება.
4. მოსარჩელის კუთვნილი ქონების მეორე მოპასუხისათვის გადაცემის შესახებ მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 აპრილის №882019296868-03 გადაწყვეტილებით და მასზე თანდართული ზედდების ამსახველი სიტუაციური ნახაზით, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად, №882019296868 სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და ს.კ: N ..... რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
5. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტო“ არ იყო უფლებამოსილი განეკარგა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, მას, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს ევალებოდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულფასოვნად გამოეკვლია ფაქტობრივი გარემოებები და დაინტერესებულ პირად განხილვაში ჩაება მოსარჩელე.
6. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელის საკუთრებად დაუზუსტებული ფორმით რეგისტრირებული 6637.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილი (2894.00 კვ.მ.) ს.კ:N ..... წარმოადგენს სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2007 წლის 17 ივლისის №1-3/490 ბრძანების საფუძველზე მეორე მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილს.
7. ამასთან, მეორე მოპასუხე წარმოადგენდა სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. შესაბამისად, პირველ მოპასუხეს მინიჭებული ჰქონდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.
8. შესაგებელში მოპასუხეებმა სადავოდ გახადეს სარჩელის აღძვრის წინაპირობის - სადავო ბრძანების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა. აგრეთვე, მიუთითეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2007 წლის 17 ივლისის N1-3/490 ბრძანების მე-5 და მე-6 პუნქტები მეორე მოპასუხის საწესდებო კაპიტალში მოსარჩელის კუთვნილი 2894 კვ.მ მიწის ნაკვეთის (უძრავი ქონების) შეტანის ნაწილში.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
12. მოსარჩელე საზოგადოება დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში 2006 წლის 31 ივლისს.
13. მეორე მოპასუხე გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად. უდავოა, რომ საზოგადოება დაფუძნდა სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით.
14. 2007 წლის 29 ივნისს ერთი მხრივ, სს „ს.გ.ს.ე“ როგორც „გამყიდველსა“ და მეორეს მხრივ, მოსარჩელე საზოგადოებას, როგორც „მყიდველს„ შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მყიდველს საკუთრებში გადაეცა ახალციხეში, ვალეს დასახლების ტერიტორიაზე არსებული 6637 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა.
15. სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2007 წლის 17 ივლისის N1-3/490 ბრძანების მე-5 პუნქტის თანახმად, მეორე მოპასუხის საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა ქ. თბილისის ტერიტორიაზე და ასევე, საქართველოს 34 რაიონში განთავსებული მიწის ნაკვეთები, რომელთა ღირებულება 28.06.2007 წლის N1/სრ-31 აუდიტორული დასკვნის დანართის შესაბამისად შეადგენს 349 486 514 (სამასორმოცდაცხრა მილიონ ოთხასოთხმოცდაექვსი ათას ხუთასთოთხმეტ) ლარს. მათ შორის, შევიდა ახალციხის რაიონში, ვალეში მდებარე 40934 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი. ამავე ბრძანების მე-6 პუნქტით, აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, 28.06.2007 წლის N1/სრ-31 აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, მეორე მოპასუხის საწესდებო კაპიტალი შეიცვალა და ნაცვლად 599 455 850 ლარისა, განისაზღვრა 952 457 160 ლარით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 18 ივლისის №154 ბრძანებით შესაბამისი ცვლილება განხორციელდა მეორე მოპასუხის სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში: მოსარჩელე საწარმოს საწესდებო კაპიტალი გაიზარდა და ნაცვლად 599 455 850 ლარისა, განისაზღვრა 952 457 160 ლარით. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე საკუთრების უფლების შესაბამისი რეგისტრაცია განხორციელდა საჯარო რეესტრში.
16. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 აპრილის №882019296868-03 გადაწყვეტილებით №882019296868 სარეგისტრაციო განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე ახალციხე, ვალეს დასახლება (ფართი 6637 კვ.მ.), სარეგისტრაციოდ წარდგენილ და ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
17. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 10 თებერვლის N500748820 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ მოსარჩელემ ექსპერტიზის ბიუროს თხოვნით მიმართა, ჩატარებულიყო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვითი ნახაზის იდენტურობის დადგენის მიზნით და მომზადებულიყო საექსპერტო დასკვნა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: მოსარჩელის N882019296868 განცხადების საფუძველზე დაწყებულ სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე მ/წ 24 აპრილს გამოქვეყნდა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N882019296868-03; ასევე, გამოქვეყნდა შესაბამისი სიტუაციური ნახაზი, რომლის თანახმად, ადგილი აქვს ზედდებას რეგისტრირებულ მონაცემებთან, ს.კ:N ..... (მესაკუთრე - სახელმწიფო) და N ..... (მესაკუთრე - მეორე მოპასუხე). ამავე დროს, მოსარჩელის საკუთრებაში დაზუსტებული რეგისტრაციის სახით ირიცხება მიწის ნაკვეთი, რომლის ს.კ:N ....... ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ექსპერტიზის ბიუროს პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, არის თუ არა იდენტური N ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და N882019296868 განცხადების საფუძველზე მომზადებული ზედდების სიტუაციურ ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ქ. ვალეში (ორჯანა) ს.კ N ...... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ამონაწერის და საკადასტრო გეგმის მომზადების თარიღი 29.06.2007წ) სარეგისტრაციო მონაცემები (ადგილმდებარეობა, კოორდინატები) და N882019296868 განცხადების საფუძველზე მომზადებული ზედდების სიტუაციურ ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის მონაცემები (ადგილმდებარეობა, კოორდინატები) იდენტურია (იხ. გამოკვლევა, ფოტოილუსტრაცია, იხ. დანართი N1, იხ. დანართი N2, იხ. დანართი N3, იხ. დანართი N4, იხ. დანართი N5). ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევით ნაწილში ექსპერტი მიუთითებს, რომ მის მიერ ქ. ვალეში (ორჯანა) მოსარჩელის საკუთრებაში (საჯარო რეესტრის მიერ გაცემული 2007 წლის 29 ივნისის ამონაწერის მდგომარეობით - იხ. დანართი N3 და N5) და ფაქტიურ მფლობელობაში არსებული ს.კ:N ........ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ადგილზე იქნა შესწავლილი. მოსარჩელე საზოგადოების თანამშრომლის პ.ბაბოიანის თანდასწრებით და მითითებით მოხდა ტერიტორიის შემომსაზღვრავ ღობეზე საკოორდინატო ანათვლების (წერტილების) აღება სპეციალური ხელსაწყოს GPS Leica GS08-სსაშუალებით. საკოორდინატო ანათვლების გაორიენტირების შემდგომ დადგინდა, რომ N882019296868 განცხადების საფუძველზე მომზადებული ზედდების სიტუაციურ ნახაზზე ასახული (იხ. დანართი N2) სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა ემთხვევა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდგომარეობას, რომელიც არის მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში (იხ. დანართი N1). მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დღეის მდგომარეობით დარეგისტრირებულია ს.კ:N ..... მიწის ნაკვეთი, რომლის მესაკუთრეცაა სახელმწიფო (იხ. დანართი N4). ს.კ:N .....რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა და ს.კ:N..... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთს შორის არსებობს ზედდება. დოკუმენტაციის, კერძოდ, N882019296868 განცხადებით წარდგენილი მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემების და საჯარო რეესტრის ამონაწერის (მომზადების თარიღი 29.06.2007წ.) თანდართული საკადასტრო გეგმის შესწავლის და ადგილზე მდგომარეობის შესწავლით დგინდება, რომ N882019296868 განცხადებით წარდგენილი მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები (იხ. დანართი N2) და საკადასტრო გეგმაზე (მომზადების თარიღი: 29.06.2007წ.) არსებული მონაცემები ემთხვევა ერთმანეთს.
18. ამასთან, საქმის მასალებით, მათ შორის, საქმეზე თანდართული ფოტოსურათებით დგინდება, რომ სადავო ტერიტორიაზე რეალურად განთავსებულია ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და ამისათვის, საჭირო შესაბამისი მოწყობილობები.
19. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთები იდენტურია, რაზეც მიუთითებს თუნდაც საჯარო რეესტრის მიერ დადგენილი ზედდება. ორი მიწის ნაკვეთის იდენტურობის გარეშე მათ შორის ვერ მოხდებოდა ზედდება - გადაფარვა.
20. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის (მოსარჩელე) პოზიცია, რომ სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს’’ 2007 წლის 17 ივლისის N1-3/490 ბრძანებით განიკარგა მის საკუთრებაში არსებული, ახალციხეში, ვალეს დასახლების ტერიტორიაზე, სოფელ ..... მიმდებარედ არსებული 6637.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 2894.00 კვ.მ. ფართი.
21. მოსარჩელეს 2007 წლის 29 ივნისს სს „ს.გ.ს.ე–თან“ დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სხვა ქონებასთან ერთად, საკუთრებაში გადაეცა ახალციხეში, ვალეს დასახლების ტერიტორიაზე, სოფელ ..... მიმდებარედ არსებული 6637,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული 110/10 ძაბვის ქვესადგურით და ორი შენობა ნაგებობით, საერთო ფართით 344,00 კვ.მ, ს.კ:...... აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილია 2894,00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, რომელზეც მეორე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოხდა 27.08.2007წ და მიენიჭა ს.კ:......
22. ..... კოდით მეორე მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემებსა და ე– მიერ წარდგენილ N882019296868 სარეგისტრაციო განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია,დადგენილია ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს’’ 2007 წლის 17 ივლისის N1-3/490 ბრძანებით განიკარგა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ახალციხეში, ვალეს დასახლების ტერიტორიაზე, სოფელ ..... მიმდებარედ არსებული 6637.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 2894.00 კვ.მ. ფართი.
24. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, მოსარჩელის საკუთრებად..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო გეგმა შედგენილია 2007 წლის 29 ივნისს და ზუსტად შეესაბამება იმ დროს მოქმედ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის N800 ბრძანებით დამტკიცებულ, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ ინსტრუქციის 48-ე და 49-ე მუხლების მოთხოვნებს და შესრულებულია გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, ნახაზზე დატანილია საზღვრები შესაბამისი x და y კოორდინატებით. აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ, გამორიცხავს ყოველგვარი ეჭვის საფუძველს მიწის ნაკვეთის მდებარეობასა და იდენტურობასთან მიმართებით.
25. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ" პუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემების ზედდება განმარტებულია, როგორც უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან’’, ანუ, აღნიშნული ნორმის თანახმად, ზედდება უკვე ნიშნავს საკადასტრო მონაცემების იდენტურობას.
26. დადგენილია, რომ მოსარჩელეს, ასევე მეორე მოპასუხის საკუთრებად, უძრავი ქონება რეგისტრირებულია დაუზუსტებული რეგისტრაციის სახით.
27. ამავე დროს, უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში და გაიცა შესაბამისი ამონაწერი, რომლის (მიწის, უძრავი ქონების) ს/კოდია N.....რეგისტრირებულია 2007 წლის 29 ივნისს და მას შემდეგ ფლობს და სარგებლობს ამ ქონებით უწყვეტად.
28. მეორე მოპასუხის საკუთრებად უძრავი ქონება დარეგისტრირდა 24.08.2007 წელს.
29. ამდენად, მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია წინ უსწრებს მეორე მოპასუხის საკუთრების რეგისტრაციას, რაც (სხვა გარემოებებთან ერთად) გამორიცხავს მოპასუხის საკუთრების რეგისტრაციის კანონიერებას.
30. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს, რეესტრთა ჩანაწერთა კონკურენციისას, რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს (იხ. სუსგ №ბს-367-363(კ-12)).
31. ამდენად, დავის საგნათან მიმართებით დადგენილი იქნა, რომ სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტომ’’ მეორე მოპასუხის საწესდებო კაპიტალში შეიტანა ის ქონება, რომელიც რეალურად მისი არ იყო და უფრო მეტიც, ერთი წლით ადრე, ერთხელ უკვე განკარგული იყო იმავე სააგენტოს მიერ და შეტანილი იყო სს „ს.გ.ს.ე–ის“ საწესდებო კაპიტალში. სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს’’ მიერ ორჯერ განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთი და იმავე უძრავი ნივთის განკარგვა, კერძოდ, ახალციხეში, ვალეს დასახლების ტერიტორიაზე, სოფელ ..... მიმდებარედ არსებული 2894,00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი 6637,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული 110/10 ძაბვის ქვესადგურით და ორი შენობა ნაგებობით, საერთო ფართით 344,00 კვ.მ., საკადასტრო კოდით..... თავდაპირველად სააგენტოს 20.07.2006წ. N1-3/498 ბრძანებით შეტანილი იყო სს „ს.გ.ს.ე–ის“ საწესდებო კაპიტალში, რომლისგანაც შეიძინა კიდევაც ეს ქონება მოსარჩელემ 2007 წლის 29 ივნისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სხვა აქტივებთან ერთად. მითითებული ქონება სხვა ქონებასთან ერთად სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტომ’’ 17.07.2007წ. N1-3/490 ბრძანების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა მეორე მოპასუხეს.
32. ამდენად, სააგენტომ განკარგა უკვე სხვის (ე–) საკუთრებაში არსებული ქონება, რისი უფლებაც სააგენტოს არ ჰქონდა. შესაბამისად, იგი ვერ განიხილება უფლებამოსილ სუბიექტად გაესხვისებინა უკვე მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემული ქონება, რის გამოც, 20.07.2006წ. N1-3/498 ბრძანება მითითებულ ნაწილში ვერ მიიჩნევა სამართლებრივი ძალის მქონედ, რამეთუ მისი მეშვეობით განიკარგა სხვის საკუთრებაში არსებული ნივთი.
33. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 50-ე, 54-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საწარმოთა მართვის სააგენტოს ბრძანება, რომლითაც განხორციელდა მეორე მოპასუხისათვის სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემა, წარმოადგენს ბათილ გარიგებას, ვინაიდან აღნიშნული არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს და ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
34. უარყოფილი იქნა მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხე) მოთხოვნის განხორციელების მუდმივად შემაფერხებელ შედავებაზე (ხანდაზმულობა) მითითება, ვინაიდან სს „ე–თვის“ მისი კუთვნილი უძრავი ქონების მეორე მოპასუხისათვის სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 17.07.2007წ. N1-3/490 ბრძანებით გადაცემის შესახებ დადგენილია, რომ ცნობილი გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 აპრილის N882019296868-03 გადაწყვეტილებით. სსკ-ის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და 130-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო სწორედ 2019 წლის 24 აპრილიდან, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ვადა დარღვეული არ ყოფილა.
35. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოპასუხემ) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
36. 17.07.2007 წლის N1-3/490 ბრძანების მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად, მეორე მოპასუხის საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა ქ. თბილისის ტერიტორიაზე და ასევე საქართველოს 34 რაიონში განთავსებული მიწის ნაკვეთები, მათ შორის, ახალციხეში, ვალეს ტერიტორიაზე მდებარე 2894 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, რომელზეც დარეგისტრირდა მეორე მოპასუხის საკუთრების უფლება (ს/კ:.....). მოსარჩელემ 29.06.2007 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სს „ს.გ.ს.ე–ისგან“ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე - ახალციხეში, ვალეს დასახლების ტერიტორიაზე, სოფელ ..... მიმდებარედ არსებული 6637 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული 110/10 ძაბვის ქვესადგურით და ორი შენობა ნაგებობით (ს/კ: .....). სადავო ქონება, სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტომ 20.07.2006 წლის N1-3/498 ბრძანების საფუძველზე სს „ს.გ.ს.ე–ის“ საწესდებო კაპიტალში შეიტან10D0 .
37. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სსიპ „საწარმოთა მართვის“ 2007 წლის 17 ივლისის N1-3/490 ბრძანებით განიკარგა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ახალციხეში, ვალეს დასახლების ტერიტორიაზე, სოფელ ..... მიმდებარედ არსებული 6637 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 2894 კვ.მ ფართი. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ N000901920 ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად: „ქ .ვალეში (ორჯანა) ს/კ:..... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ამონაწერის და საკადასტრო გეგმის მომზადების თარიღი - 29.06.2007) სარეგისტრაციო მონაცემები (ადგილმდებარეობა, კოორდინატები) და N882019296868 განცხადების საფუძველზე მომზადებული ზედდების სიტუაციურ ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის მონაცემები (ადგილმდებარეობა, კოორდინატები) იდენტურია.“ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული წარმოებისას მომზადებული საკადასტრო ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია ნივთის მესაკუთრე და მართლზომიერი მფლობელი და ექსპერტიზის დასკვნით ერთმანეთთან შედარება მოხდა საკადასტრო ნახაზისა და..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო მონაცემების, აღნიშნული არ ადასტურებს, რომ სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ მიერ ორჯერ განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთი და იმავე უძრავი ნივთის განკარგვა. აღნიშნულის დადასტურებისათვის აუცილებელი იყო სასამართლოს შეესწავლა დეტალურად საქმეში არსებული საპრივატიზებო მასალა და შესაბამისი მტკიცებულებით დადასტურებულიყო, რამდენად მოხდა ერთი და იმავე ქონების ორჯერ განკარგვა.
38. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არც აღიარებითი სარჩელის მიმართ არ გააჩნია იურიდიული ინტერესი და ამასთან, უთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
26 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
27 საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
28 საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
39. მოსარჩელე საზოგადოება დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში 2006 წლის 31 ივლისს.
40. მეორე მოპასუხე გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად. უდავოა, რომ საზოგადოება დაფუძნდა სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით.
41. 2007 წლის 29 ივნისს ერთი მხრივ, სს „ს.გ.ს.ე“ როგორც „გამყიდველსა“ და მეორეს მხრივ, მოსარჩელე საზოგადოებას, როგორც „მყიდველს„ შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მყიდველს საკუთრებში გადაეცა ახალციხეში, ვალეს დასახლების ტერიტორიაზე არსებული 6637 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა.
42. სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2007 წლის 17 ივლისის N1-3/490 ბრძანების მე-5 პუნქტის თანახმად, მეორე მოპასუხის საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა ქ. თბილისის ტერიტორიაზე და ასევე, საქართველოს 34 რაიონში განთავსებული მიწის ნაკვეთები, რომელთა ღირებულება 28.06.2007 წლის N1/სრ-31 აუდიტორული დასკვნის დანართის შესაბამისად შეადგენს 349 486 514 (სამასორმოცდაცხრა მილიონ ოთხასოთხმოცდაექვსი ათას ხუთასთოთხმეტ) ლარს. მათ შორის, შევიდა ახალციხის რაიონში, ვალეში მდებარე 40934 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი. ამავე ბრძანების მე-6 პუნქტით, აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, 28.06.2007 წლის N1/სრ-31 აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, მეორე მოპასუხის საწესდებო კაპიტალი შეიცვალა და ნაცვლად 599 455 850 ლარისა, განისაზღვრა 952 457 160 ლარით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 18 ივლისის №154 ბრძანებით შესაბამისი ცვლილება განხორციელდა მეორე მოპასუხის სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში: მოსარჩელე საწარმოს საწესდებო კაპიტალი გაიზარდა და ნაცვლად 599 455 850 ლარისა, განისაზღვრა 952 457 160 ლარით. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე საკუთრების უფლების შესაბამისი რეგისტრაცია განხორციელდა საჯარო რეესტრში.
43. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 აპრილის №882019296868-03 გადაწყვეტილებით №882019296868 სარეგისტრაციო განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე ახალციხე, ვალეს დასახლება (ფართი 6637 კვ.მ.), სარეგისტრაციოდ წარდგენილ და ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
44. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და პროცესუალური ნორმების დარღვევით;
45. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
47. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის საფძველზე.
48. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
49. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამრთლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21; ).
50. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა უძრავი ნივთის - მიწის ნაკვეთის მეორე მოპასუხის საწესდებო კაპიტალში შეტანის კანონიერება. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 54-ე მუხლი ( ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს) და 170-1 მუხლი (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონები (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.).
51. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
52. საკასაციო პალატა პირველ რიგში იმსჯელებს კასატორის პრეტენზიაზე, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი, რომლის მიმართაც მას არ გააჩნია იურიდიული ინტერესი (იხ. საკასაციო საჩივარი, წინამდებარე განჩინების პ.39).
53. საკასაციო სასამართლო, აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ბუნებაზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს მისი ინტერესიდან, რომ ბათილად იქნეს ცნობილი საადვო ბრძანების ის პუნქტები, რომლითაც მეორე მოპასუხის საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება. (იხ. სარჩელი ტ.1.ს.ფ.7-8). ამ მიმართებით ნამდვილი იურიდიული ინტერესის შეფასებისათვის საკასაციო სასამართლო მოიხმობს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე № ას-664-635-2016) ასახულ დებულებებს: „სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ.პალატის გადაწყვეტილების 226-227-ე პუნქტები.). იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. ( შდრ: სუსგ №ას-1257-2022, 26 ივნისი, 2023 წ, პ.10).
54. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (სუსგ 1.07.2015წ. №ას-17-14-2015).
55. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია შემდეგი სახის მოთხოვნით: ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 17.07.2017 წლის №1-3/490 ბრძანების მე-5 და მე-6 პუნქტები, მეორე მოპასუხის საწესდებო კაპიტალში მოსარჩელის კუთვნილი 2894.00 კვ.მ. უძრავი ქონების შეტანის ნაწილში, რაც თავისი შინაარსით წარმოადგენს აღიარებითი სარჩელს. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი გამოკვეთილია. მოსარჩელე საკასაციო შესაგებელში მიუთითებს, რომ პარალელურად შეტანილი აქვს ადმინისტრაციული სარჩელი ახალციხის რაიონულ სასამართლოში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის მოთხოვნით. ასევე, გასაჩივრებულია რეგისტრაციის საფუძვლად არსებული ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქმეში წარმოდგენილია ახალციხის რაიონულ სასამართლოს განჩინება, რომლითაც საქმის განხილვა შეჩერებულია განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, კასატორის არნიშნული პრეტენზიის გაზიარების საფუძველი არ არსებობს.
56. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის გამოკვეთის შემდეგ, შესაბამისად, უნდა შეფასდეს მისი „უფლების დამდგენი“ სარჩელის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა საკასაციო შედავების ფარგლებში.
57. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 54-ე მუხლში კანონის ცნება გაგებული უნდა იქნეს ფართოდ და მასში მოიაზრება კანონი როგორც ფორმალური, ისე მატერიალური გაგები (შდრ. ლადო ჭანტურია, სამოქალქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხლი 54, ველი13.). გარიგების ბათილობა კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგია.
58. საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა აღინიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №ას-664-635-2016) თანახმად, სსკ-ის 54-ე მუხლი დამოუკიდებლად მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად ვერ იქნება მიჩნეული, რადგან „ამ ნორმას ავტონომიური ფუნქცია არ გააჩნია, ის დეფინიციურია და კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ ითვალისწინებს“. შესაბამისად, სადავო ბრძანების გასაჩივრებული პუნქტების ბათილობის თაობაზე, შესამოწმებელია მისი გამოცემის დროს მოქმედი კანონის მოთხოვნა.( სსკ-ის 170 1 მუხლი).
59. სსკ-ის 170 1 მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონები ( ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
60. საკასაციო სასამართლო ამიტომაც მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც განსაზღვრულია საკუთრების უფლების შინაარსი. ფასეულობათა კონსტიტუციური სისტემა დაფუძნებულია ძირითადი უფლებების პრიორიტეტსა და პატივისცემაზე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/423.). „საქართველოს კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ საკუთრება, არამედ მისი შეძენაც და გასხვისებაც. საკუთრების შინაარსა და ფარგლებს განსაზღვრავს არა კანონი, არამედ სამართლებრივი წესრიგი“. (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, გვ.97).
61. „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება არა მარტო ინდივიდის არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას“. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384). ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალქო ბრუნვას“. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/512). „უნდა ითქვას, რომ მეწარმეობის თავისუფლება არ არსებობს თავისუფალი და გარანტირებული საკუთრების უფლების გარეშე. იმდენად მჭიდროა მათი კავშირურთიერთობა, რომ ერთი სამართლებრივი სიკეთის ყოფიერებას განსაზღვრავს მეორე სიკეთე, საკუთრების თავისუფლებაში ასოცირდება მეწარმეობის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუცით დაცვის სუბიექტია კერძო პირთა საკუთრება, როგორი ფუნქციური დატვირთვაც არ უნდა ჰქონდეს მას, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული თუ არასამეწარმეო მიზნებისათვის. საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/411). სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა.
62. „საკუთრების განკარგვის თავისუფლებასთან გვაქვს საქმე, როცა ეს განკარგვა მესაკუთრის თავისუფალი ნების შედეგად ხდება და იგი წარმოადგენს სუვერენული უფლების რეალიზაციის გამოვლინებას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384). “საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მხოლოდ კანონიერი გზით მოპოვებული საკუთრება. საკუთრება კანონიერად მაშინ ჩაითვლება, თუ ის შეძენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/5/309). „საკუთრების კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო ბოჭვის ნებისმიერ შემთხვევაში საკუთრების არსება უნდა შენარჩუნდეს და მისი შინაგანი შინაარსი არ უნდა დაზიანდეს“.(იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, გვ.105).
63. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან მის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაში, კერძოდ, მიმართოს სასამართლოს. „თუმცა, ამ უფლების გარანტირებულობა მხოლოდ სახელმწიფოს წინაშე დაცვის უფლებით არ ამოიწურება, ის ამავდროულად ავალდებულებს სახელმწიფოს დაიცვას ეს უფლება“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384). „საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს სახელმწიფო პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის. სახელმწიფოს გააჩნია დაცვის ვალდებულება, რომელიც მას გარკვეული ქმედების შესრულებას ავალდებულებს.“ (იხ. ფირცხალაიშვილი ა., სახელმწიფოს დაცვის ვალდებულება, მისი ასახვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში, ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“, №1/12 თბ., 2012,49). ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი - ყოველ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება- ასევე მოიცავს მატერიალური ინტერესის არსებობას, როგორც საკუთრების უფლებით დაცვის ობიექტს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის მიერ 1983 წელს საქმეში: Bramelid and Malmström v. Sweden (განაცხადის N. 8588/79, 8589/79; 1983); იხ.აგრეთვე; შპს „J.A.Pye (Oxford) და შპს “J.A. Pye ( Oxford) Land” გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, განაცხადის N. 44302/02, §61, 30 აგვისტო, 2007). „იურიდიული პირის ქონება, იურიდიული პირის, როგორც სამართლის სუბიექტის საკუთრებაა და არა მისი დამფუძნებლების ან მასში მონაწილე პირების“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, გვ.115). „მესაკუთრესა და ნივთს შორის არსებული ურთიერთობა ვერ განხორციელდება, თუ არ არსებობს ამ ურთიერთობისადმი ყველას პატივისცემა. საკუთრების სანივთო უფლების რეალიზაცია შესაძლებელია სუბიექტისა და ობიექტის ურთიერთობის დონეზე. პატივისცემას ექვემდებარება საკუთრების როგორც სუბსტანცია, ისე მისი შინაარსი (იხ. ბ.ზოიძე, სამართლის პრაქტიკული ყოფიერების შემეცნების ცდა უპირატესად ადამიანის უფლებათა ჭრილში, თბილისი, 2013, გვ.224).
64. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი). სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინაამდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
65. განსახილველ შემთხვევაში სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია, რომ 2007 წლის 29 ივნისს სს „ს.გ.ს.ე–თან“ დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა ახალციხეში, ვალეს დასახლების ტერიტორიაზე, სოფელ ..... მიმდებარედ არსებული 6637.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული 110/10 ძაბვის ქვესადგურით და ორი შენობა-ნაგებობით, საერთო ფართით 344.00 კვ.მ., ს.კ: N...... მოსარჩელის მითითებით, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 17.07.2007 წლის №1-3/490 ბრძანების საფუძველზე, მეორე მოპასუხის საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა მოსარჩელის კუთვნილებაში არსებულ შენობა-ნაგებობებსა და ელექტრომოწყობილობებზე დამაგრებული მიწის ფართი, რომლის ჩამონათვალი, მდებარეობა, ფართობი და ღირებულება აღრიცხული და შეფასებულია უდიტის 2007 წლის 28 ივნისის №1/სრ-31 დასკვნით. მათ შორის იყო ახალციხეში ვალეს დასახლების ტერიტორიაზე, სოფელ ..... მიმდებარედ არსებული 2894.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, რომელიც სს „ს.რ–ის“ საკუთრებად დარეგისტრირდა 2007 წლის 27 აგვისტოს და მიენიჭა ს.კ: N...... სადავო ბრძანებით უკანონოდ განხორციელდა კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა და მისი ასახვა სხვა კერძო სამართლის იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში, შესაბამისად, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მოსარჩელის საკუთრების უფლება. მოსარჩელის კუთვნილი ქონების მეორე მოპასუხისათვის გადაცემის შესახებ მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 აპრილის №882019296868-03 გადაწყვეტილებით და მასზე თანდართული ზედდების ამსახველი სიტუაციური ნახაზით, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად, №882019296868 სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და ს.კ: N..... რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. შესაბამისად, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტო“ არ იყო უფლებამოსილი განეკარგა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება.
66. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
67. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. სასამართლო, ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას, თუ მან არ მოუსმინა ორივე დაპირისპირებულ მხარეს ან არ მისცა მათ შესაძლებლობა გამოიყენონ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და მექანიზმი თავიანთი პოზიციის გასამართლებლად, თავიანთი უფლებების დასაცავად. „მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც პირველ რიგში, გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით...“ (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746).
68. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არასრულყოფილ მონაცემებს შეიცავს და არ ადასტურებს, რომ სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ მიერ ორჯერ განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთი და იმავე უძრავი ნივთის განკარგვა( იხ. საკასდაციო საჩივარი).
69. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტი პროცესის მონაწილე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომელიც ახასიათებს ექსპერტიზის ჩატარების პირობებს, კონკრეტულ დროს, ადგილს, ექსპერტიზის საფუძველს და პირებს, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას კვლევაში. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო. ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით, რის შედეგადაც, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. (იხ. დამატებით: ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-122. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
70. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპები სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე, არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თუმცა, მხარემ უნდა უზრუნველყოს მტკიცების საპროცესო საშუალებათა დროული განკარგვა. სასამართლო კი, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, რაც თანაბრობას დაარღვევს და სამართალწარმოებას მიკერძოებულს გახდის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლო განხილვის პროცედურულ უფლებას. სამართლიანობის მოთხოვნა კი, მიემართება მთლიანად სასამართლო პროცესს; იგი არ არის შემოფარგლული მხარეებს შორის დავის წარმოებით. სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია, თავის თავში მოიცავს სასამართლოს მხრიდან მხარისათვის საკუთარი პოზიციის დაცვის მოსამზადებლად ადეკვატური დროის განსაზღვრას და დაცვის მომზადების შესაძლებლობის მიცემას. საპროცესო მოქმედების განსაზღვრულ დროში შესრულების კონკრეტული მაგალითია ექსპერტის დასკვნის საქმის მომზადების სტადიაზე წარდგენის აუცილებლობაც (სსსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 219-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც განსახილველ დავაში განხორციელდა, კერძოდ, სადავო საკითხის გასარკვევად წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელშიც მითითებულია შემდეგი:
71. ქ. ვალეში (ორჯანა) ს.კ:.......... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ამონაწერის და საკადასტრო გეგმის მომზადების თარიღი - 29.06.2007). სარეგისტრაციო მონაცემები (ადგილმდებარეობა, კოორდინატები) და N882019296868 განცხადების საფუძველზე მომზადებული ზედდების სიტუაციურ ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის მონაცემები (ადგილმდებარეობა, კოორდინატები) იდენტურია. ექსპერტის კვლევის საგანს წარმოადგენდა - არის თუ არა იდენტური N .......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი N882019296868 განცხადების საფუძველზე მომზადებული ზედდების სიტუაციურ ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი. ექსპერტი კვლევით ნაწილში უთითებს შემდეგს: ქ. ვალეში (ორჯანა) მოსარჩელის საკუთრებაში (საჯარო რეესტრის მიერ გაცემული 2007 წლის 29 ივნისის ამონაწერის მდგომარეობით - იხ. დანართი N3 და N5) და ფაქტიურ მფლობელობაში არსებული ს.კ: N.......... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ადგილზე იქნა შესწავლილი. მოსარჩელე საზოგადოების თანამშრომელ პ.ბაბოიანის თანდასწრებით და მითითებით მოახდინა ტერიტორიის შემომსაზღვრავ ღობეზე საკოორდინატო ანათვლების (წერტილების) აღება სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით. საკოორდინატო ანათვლების გაორიენტირების შემდგომ, დადგინდა, რომ N882019296868 განცხადების საფუძველზე მომზადებული ზედდების სიტუაციურ ნახაზზე ასახული (იხ. N2) სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა ემთხვევა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას, რომელიც არის მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში (იხ. დანართი N1). მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დღეის მდგომარეობით დარეგისტრირებულია ს/კ N.....მიწის ნაკვეთი, რომლის მესაკუთრეცაა სახელმწიფო (იხ. დანართი N4). ს/კ .....რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა და ს/კ..... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთს შორის არსებობს ზედდება. დოკუმენტაციის, კერძოდ, N882019296868 განცხადებით წარდგენილი მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემების და საჯარო რეესტრის ამონაწერის (მომზადების თარიღი: 29.06.2007წ.) თანდართული საკადასტრო გეგმის შესწავლის და ადგილზე მდგომარეობის შესწავლით დადგინდა, რომ N882019296868 განცხადებით წარდგენილი მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები (იხ. დანართი N2) და საკადასტრო გეგმაზე (მომზადების თარიღი: 29.06.2007წ.). არსებული მონაცემები ემთხვევა ერთმანეთს. კვლევის შედეგად დადგინდა: ქ. ვალეში (ორჯანა) ს/კ:.......... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ამონაწერის და საკადასტრო გეგმის მომზადების თარიღი: 29/06/2007წ.). სარეგისტრაციო მონაცემები (ადგილმდებარეობა, კოორდინატები) და N882019296868 განცხადების საფუძველზე მომზადებული ზედდების სიტუაციურ ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის მონაცემები (ადგილმდებარეობა კოორდინატები) იდენტურია (იხ. ფოტოიულსტრაცია, იხ. დანართი N1, იხ. დანართი N2, დანართი N3, დანართი N4 და იხ. დანართი N5).
72. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ მტკიცების საპროცესო ვალდებულების შესრულების პირობებში, საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარმოდგენის ვალდებულებამ, მოპასუხის მხარეზე გადაინაცვლა. შესაბამისად, დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვისას, მოპასუხეს შეეძლო, საპირისპირო გარემოების დასადასტურებლად და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გასაქარწყლებლად თავადაც წარმოედგინა რელევანტური მტკიცებულება (სხვა საექსპერტო დასკვნა).
73. საკასაციო პალატა აღნიშავს, რომ საპირწონე მტკიცებულებით მოპასუხემ ვერ გააქარწყლა ექსპერტიზის დასკვნის სანდოობა და დასაბუთება, მით უმეტეს, აღსანიშნავია, რომ „ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება, დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. ცხადია, აქ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირსიტყვიერი, ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მოსაზრება არ იგულისხმება. კერძო სამართლებრივ დავებზე წარმატების მისაღწევად კი, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება)“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 117-121. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
74. განსახილველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელემ თავის მტკიცების ტვირთს წარმატებით გაართვა თავი. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა მიჩნეული და ამის საწინააღმდეგოდ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომ საქმის მასალებით, მათ შორის, საქმეზე თანდართული ფოტოსურათებით დგინდება, სადავო ტერიტორიაზე რეალურად განთავსებულია ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და ამისათვის საჭირო შესაბამისი მოწყობილობები (იხ., სააპელაციო სასმართლოს გადაწყვეტილება -ტ.3, გვ.113).
75. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2007 წლის 29 ივნისს სს „ს.გ.ს.ე–თან“ დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სხვა ქონებასთან ერთად, საკუთრებაში გადაეცა ახალციხეში, ვალეს დასახლების ტერიტორიაზე, სოფელ ..... მიმდებარედ არსებული 6637,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული 110/10 ძაბვის ქვესადგურით და ორი შენობა ნაგებობით, საერთო ფართით 344,00 კვ.მ, ს.კ:...... აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილია 2894,00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, რომელზეც მეორე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოხდა 27.08.2007წ და მიენიჭა ს.კ: ...... ..... კოდით მეორე მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემებსა და ე– მიერ წარდგენილ N882019296868 სარეგისტრაციო განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, დადგენილია ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
76. ამდენად, დასტურდება, რომ სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს’’ 2007 წლის 17 ივლისის N1-3/490 ბრძანებით განიკარგა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ახალციხეში, ვალეს დასახლების ტერიტორიაზე, სოფელ ..... მიმდებარედ არსებული 6637.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 2894.00 კვ.მ. ფართი.
77. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკასთან, რომლის მიხედვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურმა ახალი რეგისტრაციის განხორციელებამდე უნდა გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა. საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას (იხ., სუსგ №ბს-367-363(კ-12).
78. როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი, მოსარჩელის საკუთრებად..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო გეგმა შედგენილია 2007 წლის 29 ივნისს და ზუსტად შეესაბამება იმ დროს მოქმედ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის N800 ბრძანებით დამტკიცებულ, ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ ინსტრუქციის 48-ე და 49-ე მუხლების მოთხოვნებს და შესრულებულია გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, ნახაზზე დატანილია საზღვრები შესაბამისი x და y კოორდინატებით. აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გამორიცხავს ყოველგვარი ეჭვის საფუძველს მიწის ნაკვეთის მდებარეობასა და იდენტურობასთან მიმართებით.
79. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში და გაიცა შესაბამისი ამონაწერი, რომლის (მიწის, უძრავი ქონების) საკადასტრო კოდია N..... რეგისტრირებულია 2007 წლის 29 ივნისს და მას შემდეგ იგი ფლობს და სარგებლობს ამ ქონებით უწყვეტად. მეორე მოპასუხის საკუთრებად უძრავი ქონება დარეგისტრირდა 24.08.2007 წელს. ამდენად, მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია წინ უსწრებს მეორე მოპასუხის საკუთრების რეგისტრაციას, რაც (სხვა გარემოებებთან ერთად) გამორიცხავს მეორე მოპასუხის საკუთრების რეგისტრაციის კანონიერებას. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის გათავლისწინებით ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს, რეესტრთა ჩანაწერთა კონკურენციისას, რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს (იხ. სუსგ №ბს-367-363(კ-12)).
80. დადგენილი გარემოებების, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ რომ სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტომ’’ მეორე მოპასუხის საწესდებო კაპიტალში შეიტანა ის ქონება, რომელიც რეალურად მისი არ იყო და უფრო მეტიც, ერთი წლით ადრე, ერთხელ უკვე განკარგული იყო იმავე სააგენტოს მიერ და შეტანილი იყო სს „ს.გ.ს.ე–ის“ საწესდებო კაპიტალში. სააგენტომ განკარგა უკვე სხვის (მოსარჩელე ე) საკუთრებაში არსებული ქონება, რისი უფლებაც სააგენტოს არ ჰქონდა. შესაბამისად, იგი ვერ განიხილება უფლებამოსილ სუბიექტად გაესხვისებინა უკვე მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემული ქონება, რის გამოც, 20.07.2006წ. N1-3/498 ბრძანება, მითითებულ ნაწილში ვერ მიიჩნევა სამართლებრივი ძალის მქონედ.
81. სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ამ საკითხთან მიმართებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას ( იხ. წინამდებარე განჩინების პ.35).
82. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
83. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
84. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
85. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
86. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
87. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინეგასიტაშვილ
მირანდა ერემაძე