საქმე №ა-2273-შ-64-2023 24 ივლისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ბობრუისკის რაიონის ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე – კ.მ–ვი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ბობრუისკის რაიონისა და ქ.ბობრუისკის სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – უძრავი ქონების გადასახადის, საიჯარო ქირისა და პირგასამტელხოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ბობრუისკის რაიონისა და ქ.ბობრუისკის სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ.მ–ვს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა უძრავი ქონების გადასახადის დავალიანების - 19 რუბლისა და 28 კაპიკის, პირგასამტეხლოს - 1 რუბლისა და 62 კაპიკის, მიწის ნაკვეთის სარგებლობისათვის საიჯარო ქირის - 12 რუბლისა და 95 კაპიკის, პირგასამტეხლოს - 65 კაპიკის გადახდა.
ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ბობრუისკის რაიონის ინსპექციამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მოგილევსკის ოლქის ბობრუისკის რაიონისა და ქ.ბობრუისკის სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 4 ოქტომბერს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის განჩინებით ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ბობრუისკის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ბობრუისკის რაიონისა და ქ.ბობრუისკის სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად.
აღნიშნული განჩინება და ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ბობრუისკის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობა თანდართული მასალით ორჯერ გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე კ.მ–ვს საქმეში არსებულ მისამართებზე – საგარეჯო, .........; საგარეჯო, სოფ. ........ და სასამართლოში მობრუნებული კონვერტებით ირკვევა, რომ ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა.
საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მაისის განჩინებისა და ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ბობრუისკის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობის თანდართული მასალით კ.მ–ვისათვის ჩაბარება.
2023 წლის 5 ივლისის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს იორმუღანლოს პოლიციის განყოფილების უფროსის, ლ.ჭ–ძის წერილიდან ირკვევა, რომ გზავნილი კ.მ–ვს ვერ ჩაბარდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით დადგინდა უწყების ჩაბარება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით – საჯარო შეტყობინებით და განთავსდა სასამართლოს ვებგვერდზე: http://ecd.court.ge საჯაროდ გაცნობის მიზნით.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ბობრუისკის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ბობრუისკის რაიონისა და ქ.ბობრუისკის სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ბობრუისკის რაიონისა და ქ.ბობრუისკის სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ.მ–ვს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა უძრავი ქონების გადასახადის დავალიანების - 19 რუბლისა და 28 კაპიკის, პირგასამტეხლოს - 1 რუბლისა და 62 კაპიკის, მიწის ნაკვეთის სარგებლობისათვის საიჯარო ქირის - 12 რუბლისა და 95 კაპიკის, პირგასამტეხლოს - 65 კაპიკის გადახდა.
ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ბობრუისკის რაიონის ინსპექციამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მოგილევსკის ოლქის ბობრუისკის რაიონისა და ქ.ბობრუისკის სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 4 ოქტომბერს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
„მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.
„მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.
ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, ფულადი დავალიანების გადახდის დაკისრებას შეეხება.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ბობრუისკის რაიონისა და ქ.ბობრუისკის სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლით გათვალისწინებული ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველები, შესაბამისად, წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ბობრუისკის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ბობრუისკის რაიონისა და ქ.ბობრუისკის სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც კ.მ–ვს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა უძრავი ქონების გადასახადის დავალიანების - 19 რუბლისა და 28 კაპიკის, პირგასამტეხლოს - 1 რუბლისა და 62 კაპიკის, მიწის ნაკვეთის სარგებლობისათვის საიჯარო ქირის - 12 რუბლისა და 95 კაპიკის, პირგასამტეხლოს - 65 კაპიკის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი