Facebook Twitter

საქმე №ას-94-2023 29 მაისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ქ.ტ–ი“

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

I აღწერილობითი ნაწილი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ქ.ტ–ის“ მიმართ, ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს - 13018.50 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება მოითხოვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ქ.ტ–ის“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 1900 ლარის ოდენობით.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემსყიდველი) და შპს „ქ.ტ–ის“ (მიმწოდებელი) შორის 2021 წლის 26 აპრილს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №316 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, შემსყიდველისთვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის კრიმინალისტიკური ინვენტარი და სახარჯი მასალები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2021 წლის 10 ივნისისა;

4.2. ხელშეკრულების 9.3. მუხლით, ასევე, შეთანხმდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით;

4.3. მოპასუხემ ვალდებულება ნაწილ-ნაწილ შეასრულა, კერძოდ, მიმწოდებლმა კრედიტორს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, ნაცვლად 2021 წლის 10 ივნისისა, სრულად მიაწოდა 2021 წლის 13 ივლისს - 33 კალენდარული დღის დაგვიანებით.

5. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას და ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, იმავე კოდექსის 420-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მართალია მიმწოდებელმა ვადის დარღვევით შეასრულა ვალდებულება, რაც ხელშეკრულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 13018.50 ლარი შეუსაბამოდ მაღალი იყო და ვალდებულების დარღვევის ხარისხის და ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის მიყენების მოსალოდნელობის გათვალისწინებით, უნდა შემცირებულიყო 1900 ლარამდე.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა ადმინისტრაციულმა ორგანომ.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება.

10. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე პირგასამტეხლოს დაკისრება ატარებდა ზიანის პრევენციის და არა ზიანის გამოსწორების ფუნქციას, რის გამოც 13018.50 ლარი შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეამცირა ის 1900 ლარამდე.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინება ადმინისტრაციულმა ორგანომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

12. კასატორი აღნიშნავს, რომ, მართალია, კანონი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა სასამართლომ ყველა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. კასატორის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში უსაფუძვლოდ იქნა შემცირებული მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. ხოლო 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით - მიჩნეულ იქნა დასაშვებად; მხარეებს განემარტათ, რომ საჩივარი განიხილებოდა მათი დასწრების გარეშე.

II სამოტივაციო ნაწილი:

14. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხელშეკრულების ჯეროვნად შეუსრულებლობისთვის მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს მიერ შემცირების მართებულობა.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამრიგად, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მხარეებს შეუძლიათ, გაითვალისწინონ პირგასამტეხლო და განსაზღვრონ მისი ოდენობა, თუმცა თუკი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს მინიჭებული აქვს მისი შემცირების უფლებამოსილება. „პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის №ას-186-2021 განჩინება).

17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულება 33 კალენდარული დღის დაგვიანებით შეასრულა, რის გამოც ადმინისტრაციულმა ორგანომ მოითხოვა მოპასუხისთვის 13018.50 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, რომლის ოდენობაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა 1900 ლარამდე შეამცირეს.

18. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების შინაარსზე, სიმძიმეზე, დამდგარ ფაქტობრივ შედეგებზე, თითოეული დარღვევისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენდა, რის გამოც არსებობდა მისი შემცირების წინაპირობა. ამასთან, პირგასამტეხლოს შემცირებისას გასათვალისწინებელია, რომ „სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება და ამ მიზნით მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაში სასამართლოს ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება იმ სუსტი კონტრაჰენტის ინტერესების დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულების იმედით თანხმდება მისთვის თუნდაც მიუღებელ პირგასამტეხლოს განაკვეთს და, მეორე მხრივ, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და ვალდებულების დარღვევის თანამდევად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოსალოდნელ სამართლებრივ და ეკონომიკურ ეფექტს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ნოემბრის №ას-1417-2018 გადაწყვეტილება). ამდენად, „როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის №ას-189-2022 გადაწყვეტილება). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლო არაპროპორციულად შეამცირეს, კერძოდ, მოპასუხის სტატუსის, სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილებისა და დარღვევის რაოდენობის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს თანაზომიერ, საპირწონე და გონივრულ ოდენობად უნდა ჩაითვალოს მისი შემცირება 8000 ლარამდე.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა და საქმეზე, იმავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება - შპს „ქ.თ–ის“ კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 8000 ლარის ოდენობით.

20. რაც შეეხება საპროცესო ხარჯის განაწილებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების 3%-ს; სააპელაციო საჩივრისათვის - 4%-ს; საკასაციო საჩივრისათვის - 5%-ს. ვინაიდან კასატორი (მოსარჩელე) სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის ოდენობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი ჯამში - 960 ლარი.

III სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „ქ.ტ–ის“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 8000 ლარის გადახდა;

5. შპს „ქ.ტ–ის“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში - 960 ლარის გადახდა;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე