საქმე №ას-329-2023 24 ივლისი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „მ–სი“
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „მ–სის“ მიმართ, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლოს - 29070 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ 150 ლარის მოთხოვნის ნაწილში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „მ–სს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 150 ლარის გადახდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2020 წლის 4 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №69 ხელშეკრულება. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული, Toyota-ს და Lexus-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება). ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 31 იანვარი; ხელშეკრულებით, აგრეთვე, განისაზღვრა მომსახურების გაწევის ვადები, კერძოდ, ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი) გაწევის ვადა შეადგენდა არაუმეტეს 15 კალენდარულ დღეს; ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით;
4.2. შპს „მ–სმა“ სახელშეკრულებო ვალდებულება 19 დღით ვადაგადაცილებით შეასრულა; კერძოდ, 2020 წლის 9 ივლისის ნაცვლად, შპს „მ–სმა“ სამუშაო შეასრულა 2020 წლის 28 ივლისს. გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 106.64 ლარი;
4.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 5 აგვისტოს წერილით, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, შპს „მ–სს“ განესაზღვრა 30 კალენდარული დღის ვადა პირგასამტეხლოს - 29070 ლარის გადასახდელად, თუმცა მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია.
5. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას და ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, იმავე კოდექსის 420-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მართალია, მიმწოდებელმა ვადის დარღვევით შეასრულა ვალდებულება, რაც ხელშეკრულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს ქმნიდა, თუმცა პირგასამტეხლო უნდა გამოანგარიშებულიყო ვალდებულების მხოლოდ შეუსრულებელი ნაწილის საფასურის შესაბამისად, რის გამოც მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 150 ლარამდე შემცირდა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
9. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება; მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად გამოიანგარიშა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობის შესაბამისად,
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინება ადმინისტრაციულმა ორგანომ საკასაციო წესით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
11. კასატორი აღნიშნავს, რომ შპს „მ–სმა“ დროულად არ შეასრულა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც კომპანიას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. პირგასამტეხლოს ოდენობა კი ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებულების სრული მოცულობიდან უნდა იქნეს გამოთვლილი.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით - მიჩნეულ იქნა დასაშვებად; მხარეებს განემარტათ, რომ საჩივარი განიხილებოდა მათი დასწრების გარეშე.
II სამოტივაციო ნაწილი:
13. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხელშეკრულების ჯეროვნად შეუსრულებლობისთვის მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს მიერ შემცირების მართებულობა.
15. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
16. ამრიგად, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მხარეებს შეუძლიათ, გაითვალისწინონ პირგასამტეხლო და განსაზღვრონ მისი ოდენობა, თუმცა თუკი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს მინიჭებული აქვს მისი შემცირების უფლებამოსილება. „სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის №ას-1199-1127-2015 გადაწყვეტილება).
17. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პირგასამტეხლო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი თუ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან დაანგარიშდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს გამოანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ასეთი წესით დაანგარიშებული პირგასამტეხლოს მოვალისათვის დაკისრება ვერ შეასრულებს თავის ნორმატიულ დანიშნულებას. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ გაზრდის პირგასამტეხლოს მოცულობას, მეორე მხრივ კი, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში დააკისრებს პასუხისმგებლობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის №ას-319-2023 და 2019 წლის 31 ივლისის №ას-581-2019 განჩინებები, 2016 წლის 28 ივლისის №ას-164-160-2016 გადაწყვეტილება).
18. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „მ–სმა“ სახელშეკრულებო ვალდებულება 19 დღის ვადაგადაცილებით შეასრულა. ასევე, დადგენილია, რომ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 106.64 ლარი. ამრიგად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა პოზიცია, რომ პირგასამტეხლო უნდა გამოანგარიშებულიყო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ სწორედ ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობიდან. მაშასადამე, მოვალეს მართებულად დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა მხოლოდ აღიარებულ ნაწილში, 150 ლარის ოდენობით.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი - არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების, პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრების წინაპირობები. ამრიგად, მოცემულ საქმეზე მიღებული, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი და დასაბუთებული და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს. ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად.
III სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე