საქმე №ას-442-2023 24 ივლისი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ა–ი“
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
I აღწერილობითი ნაწილი:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - შპს „ა–ის“ მიმართ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის და 4669.27 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ამასთან, პირგასამტეხლოს შემცირება მოითხოვა.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ა–ს“ დაეკისრა იჯარის საფასურის - 5365 ლარის და პირგასამტეხლოს - 1167.31 ლარის გადახდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (მეიჯარე) და შპს „ა–ს“ (მოიჯარე) შორის 2018 წლის 5 თებერვალს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოიჯარეს სარგებლობაში გადაეცა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიაში მდებარე 9842 მ2 არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (ს/კ ......). ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 5 წელი. უძრავი ქონებით სარგებლობისთვის გადასახდელი ყოველწლიური საიჯარო ქირა 3660 ლარს შეადგენდა (ყოველთვიურად - 305 ლარი), რომელიც უნდა გადახდილიყო ყოველი თვის 5 რიცხვამდე, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.2. მოიჯარემ ხელშეკრულებით ნაკისრი საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ შეასრულა, მიუხედავად მოსარჩელის მიერ დამატებითი ვადის განსაზღვრისა;
4.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 4 ნოემბრის ბრძანებით შეწყდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ა–ს“ შორის 2018 წლის 5 თებერვალს დადებული იჯარის ხელშეკრულება;
4.4. მოიჯარის მიერ საიჯარო ქონებით სარგებლობის პერიოდი შეადგენდა 33 თვეს, 2018 წლის 5 თებერვლიდან 2020 წლის 4 ნოემბრამდე. მითითებულ პერიოდზე, საიჯარო ქირის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა - 10065 ლარს. მოიჯარის მიერ ირღვეოდა საიჯარო ქირის დადგენილ ვადაში გადახდის ვალდებულება.
5. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას და ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, იმავე კოდექსის 420-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მართალია, მოიჯარემ ვადის დარღვევით შეასრულა ვალდებულება, რაც ხელშეკრულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს ქმნიდა, თუმცა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 4669.27 ლარი შეუსაბამოდ მაღალი იყო, რის გამოც მისი ოდენობა 1167.31 ლარამდე შეამცირა.
7. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ადმინისტრაციულმა ორგანომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას პირგასამტეხლოს 1167.31 ლარამდე შემცირების თაობაზე.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება ადმინისტრაციულმა ორგანომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
11. კასატორი აღნიშნავს, რომ, მართალია, კანონი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა სასამართლომ ყველა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. კასატორის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში უსაფუძვლოდ იქნა შემცირებული მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად; მხარეებს განემარტათ, რომ საჩივარი განიხილებოდა მათი დასწრების გარეშე.
II სამოტივაციო ნაწილი:
13. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხელშეკრულების ჯეროვნად შეუსრულებლობისთვის მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს მიერ შემცირების მართებულობა.
15. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამრიგად, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მხარეებს შეუძლიათ, გაითვალისწინონ პირგასამტეხლო და განსაზღვრონ მისი ოდენობა, თუმცა თუკი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს მინიჭებული აქვს მისი შემცირების უფლებამოსილება. „პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის №ას-186-2021 განჩინება).
16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე სახელშეკრულებო ვალდებულებას დაგვიანებით ასრულებდა, რის გამოც ადმინისტრაციულმა ორგანომ მოითხოვა მისთვის პირგასამტეხლოს სახით 4669.27 ლარის დაკისრება. პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა 1167.31 ლარამდე შეამცირეს.
17. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების შინაარსზე, სიმძიმეზე, დამდგარ ფაქტობრივ შედეგებზე, გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას არ წარმოადგენდა, რის გამოც არ არსებობდა მისი შემცირების წინაპირობა. დამატებით გასათვალისწინებელია, რომ „სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება და ამ მიზნით მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაში სასამართლოს ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება იმ სუსტი კონტრაჰენტის ინტერესების დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულების იმედით თანხმდება მისთვის თუნდაც მიუღებელ პირგასამტეხლოს განაკვეთს და, მეორე მხრივ, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და ვალდებულების დარღვევის თანამდევად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოსალოდნელ სამართლებრივ და ეკონომიკურ ეფექტს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ნოემბრის №ას-1417-2018 გადაწყვეტილება). ამდენად, „როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის №ას-189-2022 გადაწყვეტილება). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლო უსაფუძვლოდ შეამცირეს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოპასუხის სტატუსის, სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილებისა და დარღვევის რაოდენობის გათვალისწინებით, თანაზომიერ, საპირწონე და გონივრულ ოდენობად უნდა ჩაითვალოს.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა და საქმეზე, იმავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება - შპს „ა–ს“ კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 4669.27 ლარის ოდენობით.
19. რაც შეეხება საპროცესო ხარჯის განაწილებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების 3%-ს; სააპელაციო საჩივრისათვის - 4%-ს; საკასაციო საჩივრისათვის - 5%-ს. ამასთან, იმავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს; ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორი (მოსარჩელე) სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი ჯამში - 280 ლარი.
III სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ა–ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 4669.27 ლარის გადახდა;
5. შპს „ა–ს“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში - 280 ლარის გადახდა;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე