საქმე №ას-453-2023 24 ივლისი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „კ.ბ.ს.გ–ი“
დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
I აღწერილობითი ნაწილი:
1. შპს „კ.ბ.ს.გ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „კ.ბ.ს.გ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; შემცირდა 2021 წლის 4 თებერვლის №02.01/30/43 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა მოპასუხის მიერ 2021 წლის 26 აპრილის №14-01211163610 წერილით განსაზღვრული სამუშაოთა ფაქტობრივი ღირებულების - 58653 ლარის 0.02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 961.91 ლარს;
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2021 წლის 4 თებერვალს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს „კ.ბ.ს.გ–ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02.01/30/43 ხელშეკრულება, რომლის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა თბილისის მასშტაბით რკ/ბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 477776.56 ლარით. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2021 წლის 4 თებერვლიდან და განისაზღვრა, რომ ძალაში იქნებოდა 2024 წლის 25 მარტის ჩათვლით. სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრა ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2021 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებით შეთანხმდა ნაკისრი ვალდებულებების ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.06%-ის ოდენობით;
3.2. მერიის 2021 წლის 26 აპრილის №14-01211163610 მიმართვით, მოსარჩელეს დაევალა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ მისამართებზე ვალდებულების შესრულება, მათ შორის, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირის მხარეს რკ/ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოთა შესრულება. აღნიშნულ მისამართზე სამუშაოთა შესრულების ვადად მოსარჩელეს განესაზღვრა 2021 წლის 25 მაისის ჩათვლით დროის მონაკვეთი. პროექტის დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ განისაზღვრა 2021 წლის 31 ოქტომბერი. პროექტზე შესრულებულ სამუშაოთა მიღების შესახებ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის შედგა 2022 წლის 14 მარტს. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ამ მისამართზე შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივმა ღირებულებამ 58652.99 ლარი შეადგინა;
3.3. 2022 წლის 13 იანვარს კომპანიამ მერიას მიმართა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირის მხარეს, რკ/ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოთა შესრულების ვადის გადაცილების გამო ვადაგადაცილების იმ ეტაპისათვის დასარიცხი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების მოთხოვნით, რაზეც კომპანიას უარი ეთქვა მოპასუხის 2022 წლის 7 თებერვლის მიმართვით.
4. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას და ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, იმავე კოდექსის 420-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მართალია, მიმწოდებელმა ვადის დარღვევით შეასრულა ვალდებულება, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს ქმნიდა, თუმცა პირგასამტეხლო უნდა გამოანგარიშებულიყო ვალდებულების მხოლოდ შეუსრულებელი ნაწილის საფასურის შესაბამისად. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.06% შეუსაბამოდ მაღალი იყო და უნდა შემცირებულიყო 0.02%-მდე.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
9. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირგასამტეხლო უნდა გამოანგარიშებულიყო ვალდებულების მხოლოდ შეუსრულებელი ნაწილიდან; ამასთან, დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს პოზიციას პირგასამტეხლოს განაკვეთის, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის, შემცირების თაობაზე.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინება ადმინისტრაციულმა ორგანომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
11. კასატორი აღნიშნავს, რომ, მართალია, კანონი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა სასამართლომ ყველა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. კასატორის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში უსაფუძვლოდ იქნა შემცირებული მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად; მხარეებს განემარტათ, რომ საჩივარი განიხილებოდა მათი დასწრების გარეშე.
II სამოტივაციო ნაწილი:
13. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხელშეკრულების ჯეროვნად შეუსრულებლობისთვის მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს მიერ შემცირების მართებულობა.
15. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამრიგად, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მხარეებს შეუძლიათ, გაითვალისწინონ პირგასამტეხლო და განსაზღვრონ მისი ოდენობა, თუმცა თუკი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს მინიჭებული აქვს მისი შემცირების უფლებამოსილება. „პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის №ას-186-2021 განჩინება).
16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ სახელშეკრულებო ვალდებულების ნაწილი - ლიფტის მონტაჟის სამუშაო 82 კალენდარული დღის დაგვიანებით შეასრულა, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების სრული ღირებულების 0.06%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ჯამში 171104.66 ლარს შეადგენს. ხსენებული ოდენობა, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შეამცირეს.
17. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა განხორციელდეს არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების, არამედ ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით. მსგავსი მიდგომა შესაბამისობაშია უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკასთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის №ას-164-160-2016 გადაწყვეტილება; 2019 წლის 31 ივლისის №ას-581-2019 და 2022 წლის 25 ნოემბრის №ას-1157-2022 განჩინებები). ამდენად, ვინაიდან ვადაგადაცილებული სამუშაოს ღირებულება 58653 ლარს შეადგენს, პირგასამტეხლოს გამოანგარიშებაც მითითებული თანხიდან უნდა მოხდეს.
18. რაც შეეხება პირგასამტეხლოს განაკვეთის ცვლილებას, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების შინაარსზე, სიმძიმეზე, დამდგარ ფაქტობრივ შედეგებზე, გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთის ოდენობა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას არ წარმოადგენდა, რის გამოც არ არსებობდა მისი შემცირების წინაპირობა. დამატებით გასათვალისწინებელია, რომ „სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება და ამ მიზნით მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაში სასამართლოს ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება იმ სუსტი კონტრაჰენტის ინტერესების დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულების იმედით თანხმდება მისთვის თუნდაც მიუღებელ პირგასამტეხლოს განაკვეთს და, მეორე მხრივ, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და ვალდებულების დარღვევის თანამდევად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოსალოდნელ სამართლებრივ და ეკონომიკურ ეფექტს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ნოემბრის №ას-1417-2018 გადაწყვეტილება). ამდენად, „როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის №ას-189-2022 გადაწყვეტილება). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლოს განაკვეთი უსაფუძვლოდ შეამცირეს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.06% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოპასუხის სტატუსის, სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილებისა და დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით, თანაზომიერ, საპირწონე და გონივრულ ოდენობად უნდა ჩაითვალოს.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა და საქმეზე, იმავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შემცირდება 2021 წლის 4 თებერვლის №02.01/30/43 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება მოპასუხის მიერ 2021 წლის 26 აპრილის №14-01211163610 წერილით განსაზღვრული სამუშაოთა ფაქტობრივი ღირებულების - 58653 ლარის 0.06%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ჯამში 2885.73 ლარს შეადგენს.
20. რაც შეეხება საპროცესო ხარჯის განაწილებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმავე ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს საპროცესო ხარჯი მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების 3%-ს; სააპელაციო საჩივრისათვის - 4%-ს; საკასაციო საჩივრისათვის - 5%-ს. ვინაიდან კასატორი (მოსარჩელე) სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილებული მოთხოვნის ოდენობის გათვალისწინებით, მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (5050 ლარიდან) 1683.33 ლარის ანაზღაურება, ამასთან, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი ჯამში - 259.71 ლარი.
III სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „კ.ბ.ს.გ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. შემცირდეს 2021 წლის 4 თებერვლის №02.01/30/43 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს მოპასუხის მიერ 2021 წლის 26 აპრილის №14-01211163610 წერილით განსაზღვრული სამუშაოთა ფაქტობრივი ღირებულების - 58653 ლარის 0.06%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ჯამში 2885.73 ლარს შეადგენს;
5. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/კ .....) შპს „კ.ბ.ს.გ–ის“ (ს/კ ......) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1683.33 ლარის ანაზღაურება;
6. შპს „კ.ბ.ს.გ–ს“ (ს/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში - 259.71 ლარის გადახდა;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე