Facebook Twitter

საქმე №ას-546-2023 24 ივლისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „G. ჯ–ი“

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

I აღწერილობითი ნაწილი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე შპს „G. ჯ–ის“ მიმართ, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლოს - 13448.99 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ პირგასამტეხლოს შემცირება მოითხოვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „G. ჯ–ის“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 1165.65 ლარის გადახდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. 2018 წლის 30 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემსყიდველი) და შპს „G. ჯ–ის“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება №68, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული კაკაოს, ტყემლის საწებლის, მარილის, ძმარის (ღვინის), საკმაზ-სანელებლების და ჩურჩხელის მიწოდების ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 94378.85 ლარით; მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით;

4.2. მიმწოდებელმა 2018 წლის ნოემბერსა და დეკემბერში რამდენჯერმე დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდების ვადა.

5. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას და ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, იმავე კოდექსის 420-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მართალია, მიმწოდებელმა ვადის დარღვევით შეასრულა ვალდებულება, რაც ხელშეკრულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი გახდა, თუმცა პირგასამტეხლო უნდა გამოანგარიშებულიყო ვალდებულების მხოლოდ შეუსრულებელი ნაწილის საფასურის შესაბამისად. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 13448.99 ლარი შეუსაბამოდ მაღალი იყო. აქედან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევის ხარისხის და შედეგად ზიანის მიყენების მოსალოდნელობის გათვალისწინებით, სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა 1165.65 ლარამდე შეამცირა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ადმინისტრაციულმა ორგანომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

10. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ვალდებულება შესრულდა 95 დღის დაგვიანებით, შესაბამისად, არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა, თუმცა მისი ოდენობა უნდა გამოანგარიშებულიყო ვალდებულების მხოლოდ შეუსრულებელი ნაწილიდან - 24556.07 ლარიდან. ამასთან, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას პირგასამტეხლოს განაკვეთის 0.05%-მდე შემცირების თაობაზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს სახით 1165.65 ლარის დაკისრება მართებულად მიიჩნია.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინება ადმინისტრაციულმა ორგანომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

12. კასატორი აღნიშნავს, რომ, მართალია, კანონი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა სასამართლომ ყველა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. კასატორის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში უსაფუძვლოდ იქნა შემცირებული მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად; მხარეებს განემარტათ, რომ საჩივარი განიხილებოდა მათი დასწრების გარეშე.

II სამოტივაციო ნაწილი:

14. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხელშეკრულების ჯეროვნად შეუსრულებლობისთვის მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს მიერ შემცირების მართებულობა.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამრიგად, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მხარეებს შეუძლიათ, გაითვალისწინონ პირგასამტეხლო და განსაზღვრონ მისი ოდენობა, თუმცა თუკი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს მინიჭებული აქვს მისი შემცირების უფლებამოსილება. „პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის №ას-186-2021 განჩინება).

17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება - შემსყიდველისთვის საკვები პროდუქციის მიწოდება 95 დღის დაგვიანებით განხორციელდა, რის გამოც ადმინისტრაციულმა ორგანომ მოითხოვა მოპასუხისთვის 13448,99 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება (ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე). აღნიშნული ოდენობა ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა 1165.65 ლარამდე შეამცირეს, რადგან პირგასამტეხლო გამოთვალეს მხოლოდ ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობიდან და განაკვეთიც შეამცირეს.

18. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების, არამედ ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით. მსგავსი მიდგომა შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის №ას-164-160-2016 გადაწყვეტილება; 2019 წლის 31 ივლისის №ას-581-2019 და 2022 წლის 25 ნოემბრის №ას-1157-2022 განჩინებები). განსახილველ შემთხვევაში, მოვალის მიერ ვადაგადაცილებული ვალდებულებების ღირებულება შეადგენდა 24556.07 ლარს. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოანგარიშებაც სწორედ ამ თანხიდან მართებულად მოხდა.

19. რაც შეეხება პირგასამტეხლოს შეთანხმებული განაკვეთის შემცირებას, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების შინაარსზე, სიმძიმეზე, დამდგარ ფაქტობრივ შედეგებზე, გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას არ წარმოადგენდა, რის გამოც არ არსებობდა მისი შემცირების წინაპირობა. დამატებით გასათვალისწინებელია, რომ „სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება და ამ მიზნით მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაში სასამართლოს ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება იმ სუსტი კონტრაჰენტის ინტერესების დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულების იმედით თანხმდება მისთვის თუნდაც მიუღებელ პირგასამტეხლოს განაკვეთს და, მეორე მხრივ, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და ვალდებულების დარღვევის თანამდევად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოსალოდნელ სამართლებრივ და ეკონომიკურ ეფექტს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ნოემბრის №ას-1417-2018 გადაწყვეტილება). ამდენად, „როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის №ას-189-2022 გადაწყვეტილება). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოპასუხის სტატუსის, სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილებისა და დარღვევის რაოდენობის გათვალისწინებით, თანაზომიერ, საპირწონე და გონივრულ ოდენობად უნდა ჩაითვალოს.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა და საქმეზე, იმავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება - შპს „G. ჯ–ის“ კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 3499.24 ლარის ოდენობით (ვადაგადაცილებული ვალდებულების - 24556.07 ლარის 0.15% ვადაგადაცილებულ 95 დღეზე).

21. რაც შეეხება საპროცესო ხარჯის განაწილებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების 3%-ს; სააპელაციო საჩივრისათვის - 4%-ს; საკასაციო საჩივრისათვის - 5%-ს. ვინაიდან კასატორი (მოსარჩელე) სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის ოდენობის (26%) პროპორციულად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი ჯამში - 419.6 ლარი.

III სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „G. ჯ–ის“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 3499.24 ლარის გადახდა;

5. შპს „G. ჯ–ის“ (ს/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში - 419.6 ლარის გადახდა;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე