Facebook Twitter

საქმე №ას-666-2023 24 ივლისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - ლ.ა–ი კიზი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ტ.კ–ი“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ტ.კ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ლ.ა–ი კიზის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ტ.კ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ლ.ა–ი კიზს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: 2019 წლის 12 აპრილის საკრედიტო ბარათით (ერთგულის) სარგებლობის ხელშეკრულებიდან არსებული დავალიანების - 836.09 ლარის გადახდა (საიდანაც ძირითადი თანხაა 498.65 ლარი, პროცენტი - 287.44 ლარი და პირგასამტეხლო - 50 ლარი); 2018 წლის 15 მაისის სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან არსებული დავალიანების გადახდა 352 ლარის ოდენობით (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 312 ლარი, პირგასამტეხლო - 40 ლარი); 2018 წლის 21 ივნისის სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან არსებული დავალიანების - 828.25 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 728.25 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი).

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ლ.ა–ი კიზმა სააპელაციო საჩივრით მხოლოდ პირგასამტეხლოსა და პროცენტის დარიცხვის ნაწილში გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინებით ლ.ა–ი კიზის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე, 373-ე და 374-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნა, რომ ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს, სასამართლო ლ.ა–ი კიზის სააპელაციო საჩივარს წარმოებაში ვერ მიიღებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინება ლ.ა–ი კიზმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო განჩინებით უკანონოდ და დაუსაბუთებლად შეეზღუდა საქმის სამი ინსტანციის სასამართლოში განხილვის უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ლ.ა–ი კიზის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 365-ე მუხლიდან გამომდინარე კი, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობა დავის საგნის ღირებულებას უკავშირდება, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ლ.ა–ი კიზს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2016.34 ლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა მან გადაწყვეტილება მხოლოდ პირგასამტეხლოსა და პროცენტის, სულ 477.44 ლარის დარიცხვის ნაწილში გაასაჩივრა. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება 477.44 ლარს შეადგენს. შესაბამისად, სადავო ქონებრივ-სამართლებრივ დავაზე სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, რაც გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებას.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებით ილახება დავის ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ განხილვის შესაძლებლობა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მართლაც მოიცავს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას, თუმცა „სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა არ არის ხსენებული უფლების აბსოლუტურად დაცული კომპონენტი და დასაშვებია, შეიზღუდოს ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად თანაზომიერი საშუალებების გამოყენებით... ყველა საქმეზე სააპელაციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლების დადგენა მნიშვნელოვნად გააუარესებს ზემდგომი სასამართლოების საქმიანობის ეფექტურობას... პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების, ისევე როგორც ზოგადად სამართლიანი სასამართლოს უფლების, მიზანია, უზრუნველყოს პირის ამა თუ იმ უფლების დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირის ინტერესი, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, პირდაპირ არის დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული უფლების ინტენსივობაზე. რაც უფრო ინტენსიურია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მომდინარე უფლების შეზღუდვა, მით უფრო მაღალია ხსენებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების ინტერესი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10, 24, 25). სწორედ დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, მხარის უფლებების შეზღუდვის ინტენსივობის მხედველობაში მიღებით, კანონმდებლობით სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება 2000 ლარზე ნაკლები ღირებულების მქონე ქონებრივ-სამართლებრივ დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილება, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს კონსტიტუციის დარღვევად და ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მათი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ა–ი კიზის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე