საქმე №ას-682-2023 24 ივლისი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - ი.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ბ–ი“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
სს „ბ–მა“ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ი.მ–ძის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ბ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი.მ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 8576.48 ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება ი.მ–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და აპელანტს დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ იყო დასაბუთებული), სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერი პირის - ე.გ–ის სახელზე გაცემული მინდობილობის (სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით) ან აპელანტის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის, ასევე, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება ი.მ–ძეს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა მის მეუღლეს 2023 წლის 26 აპრილს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინებით ი.მ–ძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ზემოაღნიშნული განჩინება ი.მ–ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების თაობაზე საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ შეიტყო, რადგან სადავო პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, სამაშველო ღონისძიებაზე იმყოფებოდა.
კერძო საჩივრის ავტორი, ასევე, აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით გამოსწორებული აქვს ხარვეზი, სახელმწიფო ბაჟი კი არ აქვს გადახდილი, რადგან მისი გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში, საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-3-მე-5 ნაწილის დაცვით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარს არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და საჩივარზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები, სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და მხარეს განუსაზღვრა ათდღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის დაცვით, „ხარვეზის დადგენის შესახებ“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება აპელანტს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და მის მეუღლეს 2023 წლის 26 აპრილს ჩაბარდა.
საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2021 წლის 27 აპრილიდან დაიწყო ხარვეზის შევსების ათდღიანი ვადის ათვლა და ვინაიდან მეათე დღე უქმე დღეს დაემთხვა, ამოიწურა 2023 წლის 8 მაისს (ორშაბათს), 24:00 საათზე ისე, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით; ხოლო ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუვსებლობისას, იმავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად რჩება. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით აპელანტი ინფორმირებული იყო ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სადავო პერიოდში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა - სამაშველო ღონისძიებაზე იმყოფებოდა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივარზე დართულ სტატიებიდან ამონარიდებზე, რომლებითაც დასტურდება, რომ 2023 წლის 5 მაისს სოფელ ნაქალაქევში მიმდინარეობდა მამაკაცის ძებნა, რომელიც იმ დღეს დაიკარგა. ამდენად, საპროცესო ქმედების შინაარსის, მის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადისა და სამაშველო ღონისძიების მიმდინარეობის თარიღის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ ვერ დაადასტურა დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შეუძლებლობა. დამატებით საგულისხმოა, რომ საპროცესო ვადის გასვლიდან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე (2023 წლის 16 მაისამდე) პერიოდშიც კი არ აქვს მას წარდგენილი განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე ან ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილეს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებაზე, რომ მან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა, ხოლო ხარვეზის დადგენის სხვა საფუძვლები დღეის მდგომარეობით გამოსწორებულია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი.მ–ძემ, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლიდან გამომდინარე, ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის/გართულების დამადასტურებელი მტკიცებულებები; მეორე მხრივ კი, იმავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, ვინაიდან საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 368-ე მუხლების მიხედვით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას ქმნიდა. ამრიგად, არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე