Facebook Twitter

საქმე №ას-759-2023 24 ივლისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ნ.ბ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი.რ–ი

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

ი.რ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ნ.ბ–ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი.რ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ.ბ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა თბილისში, …….., მე-4 სართულზე მდებარე №7 ბინა (ს/კ ……); დადგინდა უძრავი ნივთის ი.რ–ისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ.ბ–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინებით ნ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება ნ.ბ–ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, ვინდიკაციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სასამართლომ არასწორად დაადგინა მოპასუხის მიერ სადავო ფართის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობის ფაქტი. გარდა ამისა, კასატორს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ნ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს მოპასუხის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის გამოთხოვა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამრიგად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის №ას-577-2019 და 2018 წლის 20 მარტის №ას-246-246-2018 განჩინებები).

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისში, ........... ქუჩა №6-ში, მე-4 სართულზე მდებარე №7 ბინა (ს/კ ……….) ი.რ–ის საკუთრებას წარმოადგენს.

საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთს ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე. მართალია, კასატორის განმარტებით, ის ნივთს მართლზომიერად ფლობს, თუმცა ხსენებული არგუმენტის დამადასტურებელ გარემოებებზე საკასაციო საჩივარი მითითებას არ შეიცავს, ასევე, კასატორმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო სასამართლოსთვის სადავო ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.

რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, ხსენებული გარემოება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და სხივი საკუთრების უფლების შეზღუდვას ვერ გამოიწვევს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის წინაპირობების არსებობას, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამდენად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განსახილველ დავაზე შეადგენს 150 ლარს. იმავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, ვინაიდან კასატორს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 200 ლარის ოდენობით, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი 50 ლარი და დარჩენილი თანხის (150 ლარის) 70% - 105 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინება;

3. ნ.ბ–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ძ–ის (პ/ნ ......) მიერ 2023 წლის 7 ივნისის №32401978 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე