საქმე №ას-1426-2022 27 ივნისი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მიმართ მოპასუხე) - მ-ნ ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ.მ. ო–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „მ–ი“
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა, წესდების გაუქმება, ახალი წესდების მიღება, უძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, ხელშეკრულებების გაუქმება, ქმედების განხორციელების დავალება, თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
მ-ე. ა–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ბმა „თ.მ.ო–ისა“ და შპს „მ–ის“ მიმართ, ხელშეშლის აღკვეთის, წესდების გაუქმების, ახალი წესდების მიღების, საწევრო გადასახდელების დაკისრების აკრძალვის, თანხის დაკისრების, უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვისა და ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით.
ბმა „თ.მ.ო–მა“ შეგებებული სარჩელი წარადგინა, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ-ე.ა–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ.მ.ო–ს“ და შპს „მ–ს“ აეკრძალათ ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული იმ ფართებით მოსარჩელის მიერ სარგებლობაში ხელშეშლა, რომელთა გამოყენებაც მოსარჩელისათვის აუცილებელია კუთვნილ ფართამდე (ს/კ №.......) მისასვლელად და ამ ფართზე შეუფერხებელი წვდომისთვის; ხსენებული ხელშეშლის აღკვეთა გავრცელდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ.მ.ო–ის“ სარგებლობაში არსებულ ლიფტზე, სადარბაზოზე, სხვენზე, ეზოზე და საერთო საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ სხვა ფართზე, რომლის გამოყენებაც აუცილებელია მ-ე ა–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მესაკუთრის შეუფერხებელი წვდომისთვის; დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ.მ.ო–ის“ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მ-ე.ა–ს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ.მ.ო–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ხარჯის - 2 720 ლარის ანაზღაურება; შეგებებული სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით მარი-ე.ა–ის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „თ.მ.ო–ის“ და შპს „მ–ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება.
2022 წლის 5 მაისს მ-ე.ა–ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული 7-დღიანი ვადის დარღვევით წარდგენის გამო. აღნიშნული განჩინება მ-ე.ა–მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო განჩინებით უკანონოდ და დაუსაბუთებლად იქნა მისი განცხადება განუხილველად დატოვებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მ-ე.ა–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს, განცხადების წარდგენის ვადის დარღვევის საფუძვლით, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განუხილველად დატოვების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამრიგად, კანონმდებელი დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით დადგენილი 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლის დაწყებას უკავშირებს გადაწყვეტილების ზეპირ სხდომაზე გამოცხადებას. „კანონის ამ დათქმას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ მხარე სასამართლო სხდომაზე მოისმენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და მყისიერად შეიტყობს, სასამართლომ იმსჯელა და პასუხი გასცა თუ არა მის ყველა მოთხოვნას. ასეთ ვითარებაში მხარე, რომელიც აღმოაჩენს, რომ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადების წარდგენის სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველ ნაწილში ასახული რომელიმე წინაპირობა, 7 დღეში მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს სასამართლოს მხრიდან გამოტოვებული საკითხის გადაწყვეტას“; გამონაკლისის სახით, „თუ გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განხილული იქნება ზეპირი მოსმენის გარეშე, სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით ზემოაღნიშნული საპროცესო ვადის ათვლა, უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების (განჩინების) მხარისათვის გადაცემის მომდევნო დღიდან... საკითხი ანალოგიურადაა რეგლამენტირებული ისეთ შემთხვევაში, როცა გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრება მხარე, რომლისათვის ცნობილი იყო გამოცხადების თარიღი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის №ას-1558-2022 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის საბოლოო განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2022 წლის 12 აპრილს; სხდომას კი ესწრებოდა მ-ე. ა–ის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ამდენად, დამატებითი გადაწყვეტილების მიღების 7-დღიანი ვადის ათვლა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, დაიწყო 2022 წლის 13 აპრილიდან და ამოიწურა 2022 წლის 19 აპრილს; დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით კი სასამართლოს მხარემ მხოლოდ 2022 წლის 5 მაისს მიმართა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მათი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ-ე.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე