გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-220-45-გ-03 23 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა ზ. ქ-ის სარჩელის განსჯადობის თაობაზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 29 ივლისს ზ. ქ-მა სარჩელი აღძრა ფინანსთა სამინისტროს მიმართ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის, შკკ-ს და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე მოითხოვა:
1. ზ. ქ-ის გათავისუფლების შესახებ ფინანსთა სამინისტროს 2003წ. 4 ივლისის ¹5-401 ბრძანების გაუქმება და დაკავებულ თანამდებობაზე, კერძოდ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის .... თანამდებობაზე აღდგენა;
2. სამსახურში იძულებით არყოფნის პერიოდის ხელფასის ანაზღაურება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 აგვისტოს განჩინებით ზ. ქ-ის სარჩელი განსჯადობის გადაიგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში, საქართევლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” პუნქტის საფუძველზე, როგორც საქართველოს სამთავრობო დაწესებულების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე დავა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსაზრებას ზ. ქ-ის სარჩელის თბილისის საოლქო სასამართლოში განსჯადობით გადაგზავნის შესახებ არ დაეთანხმა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია და 2003წ. 14 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კოლეგიის აზრით, განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტის კანონიერება, არამედ დავის საგანია ზ. ქ-სა და ფინანსთა სამინისტროს შორის ადმინისტრაციული გარიგების – შრომითი ურთიერთობის მოშლა, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტით დადგენილია, რომ საოლქო სასამართლო პირველი ინსტანციის წესით განიხილავს სარჩელს ადმინისტრაციული გარიგების დადება-შესრულების თაობაზე, თუ სარჩელის ფასი 500000 ლარს აღემატება, ხოლო სხვა შემთხვევაში ადმინისტრაციული გარიგების თაობაზე დავა, ამავე კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, განიხილება რაიონულ სასამართლოში. ვინაიდან განაცდურის ოდენობა ზ. ქ-ის სარჩელის მიხედვით არ აღემატება 500000 ლარს, განსახილველი დავა წარმოადგენს რაიონული სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, განსჯადობის თაობაზე რაიონულ და საოლქო სასამართლოთა განჩინების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ქ-ის სარჩელი განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე ზ. ქ-ი ითხოვს სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ფინანსთა სამინისტროს 2003წ. 4 ივლისის ¹5-401 ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო ბრძანება მოსარჩელე ზ. ქ-ის სამსახურიდან დათხოვას ე.ი. ადმინისტრაციული გარიგების – შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას ეხება, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება.
ფინანსთა სამინისტროს სადავო ბრძანება, მართალია, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ზოგიერთ ელემენტს: ბრძანება ადმინისტრაციული ორგანოს _ ფინანსთა მინისტრის მიერ მიღებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის საფუძველზე; არის ინდივიდუალურ სამართლებრივი ხასიათის და კონკრეტულად ზ. ქ-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ სამინისტროს შორის ადმინისტრაციული გარიგების _ საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას ეხება, მაგრამ ვინაიდან ბრძანების სამართლებრივი შედეგია საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, ამიტომ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტების მიხედვით (2002წ. 21 ოქტომბრის განჩინება, საქმე ¹3გ-ად-23გ-02) არ არის ადმინისტრაციული აქტი, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივი ნების გამოვლენაა, რომელიც მიმართულია საჯარო შრომითი სამართალურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, თანახმად სკ-ს 50-ე მუხლისა. აღნიშნულიდან გამომდინარე ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერებაზე დავები კომპლექსურად, ერთიანობაში უნდა იქნეს განხილული, როგორც ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტასთან დაკავშირებული დავა და სასამართლომ უნდა იმსჯელოს ბრძანების, არა როგორც ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონთან შესაბამისობაზე.
მოსარჩელე ზ. ქ-ი ადმინისტრაციული გარიგების უკანონო შეწყვეტის, სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების გამო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსაგან ითხოვს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავაა. რადგან იძულებითი განაცდურის ოდენობა არ აღემატება 500000 ლარს, ამიტომ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტისა და მე-5 მუხლის საფუძველზე, საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც იზიარებს საოლქო სასამართლოს განჩინებას ზ. ქ-ის სარჩელის განსჯადობით რაიონული სასამართლოსათვის დაქვემდებარების შესახებ.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, განსახილველ შემთხვევაში რადგან სადავო სამართლებრივი ურთიერთობაა ადმინისტრაციული გარიგება _ ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირთან საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა; დავის საგანიაAარა ადმინისტრაციული აქტის _ მინისტრის ბრძანების, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერება; მოპასუხეა ადმინისტრაციული ორგანო _ ფინანსთა სამინისტრო; ხოლო მოსარჩელე _ ფიზიკური პირი ზ. ქ-ი, ამიტომ პროცესუალური სუბიექტების, სადავო სამართალურთიერთობის არსისა და დავის საგნის მიხედვით, სარჩელი არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის «ბ» და “გ” პუნქტით გათვალისწინებული, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავა და ამავე კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ქ-ის სასარჩელო განცხადება განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს;
2. სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.