Facebook Twitter

საქმე №ას-1585-2022 27 ივლისი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – სს "პ.ბ.ს–ო"

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტის განმარტება და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით:

1.1. სს „პ.ბ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

1.2. ი.ლ–ძის, გ.ჩ–ის, შპს „ე–სა“ და შპს „ო.გ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

1.3. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება შპს „მ.ო–ის“ სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელისა და სს „პ.ბ.ს–ოს“ შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

1.4. შპს „მ.ო–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

1.5. სს „პ.ბ.ს–ოს“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

1.6. მოპასუხე შპს „ო.გ–სა“ და ი.ლ–ძეს, მოსარჩელე სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ: 1) 2019 წლის 21 მაისის N 0004205.001-001 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 162 535.23 ევრო (ას სამოცდაორი ათას ხუთას ოცდათხუთმეტი ევრო და ოცდასამი ევროცენტი), საიდანაც 138 201.58 (ას ოცდათვრამეტრი ათას ორას ერთი ევრო და ორმოცდათვრამეტი ევროცენტი) კრედიტის ძირითადი თანხაა; 6 201.98 (ექვსი ათას ორას ერთი ევრო და ოთხმოცდათვრამეტი ევროცენტი) - დარიცხული საპროცენტო სარგებელი; 18 131.67 (თვრამეტი ათას ასოცდათერთმეტი ევრო და სამოცდაშვიდი ევროცენტი)- ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით; 2) 2021 წლის 4 მაისის N 0004205.001-002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 340 575.19 აშშ დოლარი (სამას ორმოცი ათას ხუთას სამოცდათხუთმეტი აშშ დოლარი და ცხრამეტი ცენტი), საიდანაც 283 300 (ორას ოთხმოცდასამი ათას სამასი) აშშ დოლარი კრედიტის ძირითადი თანხაა; 4 878.85 აშშ დოლარი (ოთხი ათას რვაას სამოცდათვრამეტი აშშ დოლარი და ოთხმოცდახუთი ცენტი) დარიცხული საპროცენტო სარგებელი, 52 396.34 აშშ დოლარი (ორმოცდათორმეტი ათას სამას ოთხმოცდათექვსმეტი აშშ დოლარი და ოცდათოთხმეტი ცენტი) ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლო;

1.7. ამ განჩინების 1.6 პუნქტით განსაზღვრული კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ, მოხდა იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაცია: შპს „მ.ო–ის“ (ს/ნ .....) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ........; ქ. თბილისი, ქუჩა ........; საკადასტრო კოდი: ........., არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 254 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები;

1.8. მოპასუხეებს შპს „ო.გ“-ს და ი.ლ–ძეს, მოსარჩელე სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ N0004205.001-002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის - 283 300 აშშ დოლარის (ორას ოთხმოცდასამი ათას სამასი) წლიური 9 %-ის ოდენობით მიუღებელი შემოსავალის გადახდა, 2021 წლის 31 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე;

1.9. სს „პ.ბ.ს–ოს“ შეგებებული სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

1.10. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება (კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-8, მე-10, მე-14 პუნქტების სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დატოვების ნაწილში);

1.11. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინება (საქმე N 2/29009-21), რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს თამარ გეფერიძის მიერ 2021 წლის 7 ოქტომბერს გაცემული N 211122958 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება A21162437;

1.12. შპს "მ.ო–ის", სს "პ.ბ.ს–ოს" სასარგებლოდ, დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 20 000 ლარის გადახდა;

1.13. ი.ლ–ძეს, შპს "ო.გ–ს", გ.ჩ–ს და შპს "ე–ს", სს "პ.ბ.ს–ოს" სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 13 000 ლარის გადახდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2023 წლის 26 ივლისს, განცხადებით მომართა სს "პ.ბ.ს–ოს" წარმომადგენელმა და მოითხოვა, რომ საკასაციო სასამართლომ განმარტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტი და გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, იურიდიული მომსახურების ხარჯების საკითხზე. განმცხადებლის განმარტებით, მას 2023 წლის 25 ივლისს ჩაჰბარდა უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის განჩინება 2023 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებაში და მის საფუძველზე 2023 წლის 16 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე. აღნიშნულმა განცხადებამ ცხადყო, რომ 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით დაკისრებული 20 000 და 13 000 ლარი არის სახელმწიფო ბაჟის თანხა და საკასაციო სასამართლოს იურიდიული მომსახურების ხარჯის განაწილებაზე არ უმსჯელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

3. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში.

4. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია წინამდებარე განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვა.

5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს განმცხადებლის მითითებას, რომ კანონით დადგენილ 7 დღის ვადაში წარმოადგინა განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა კასატორის წარმომადგენელი. შესაბამისად, სს "პ.ბ.ს–ოს" წარმომადგენლისათვის 2023 წლის 12 ივნისს უკვე ცნობილი იყო, რომ სასამართლოს მხარეთა შორის იურიდიული ხარჯები არ გაუნაწილებია (იხ. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის სხდომის ოქმი, ასევე იხ. იგივე სხდომის ოქმი - ტ.6, ს.ფ. 696-699). გარდა ამისა, ბანკის წარმომადგენელმა 2023 წლის 15 ივნისს ჩაიბარა სააღსრულებო ფურცელი საქმეზე, რომელშიც ასახულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (იხ. ტ.6, ს.ფ. 720). რაც შეეხება უსწორობის გასწორების შესახებ განმოტანილ განჩინებას, საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტში მითითებული 20 000 ლარი არის, ბანკის სასარგებლოდ ,თავდაპირველი მოსარჩელის- შპს „მ.ო–ისთვის“ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი -20 000 ლარი, ხოლო მე-13 პუნქტში ასევე სახელმწიფო ბაჟის თანხა- 13 000 ლარი დაეკისრათ ბანკის შეგებებული სარჩელის მოპასუხეებს და აქ გამორჩენილი სიტყვები „სახელმწიფო ბაჟი“ გასწორდა შემდეგ უსწორობის განჩინებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბანკის მოპასუხეებს 8118 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ (იხ. სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტი - ტ.3, ს.ფ.152). აქედან გამომდინარე, განმცხადებელს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა 2023 წლის 12 ივნისის შემდეგ 7-დღიან ვადაში უნდა წარმოედგინა. განცხადება წარმოდგენილია 2023 წლის 26 ივლისს, ხოლო კასატორის მითითება, რომ მისთვის უსწორობის გასწორების განჩინების ჩაბარების შემდეგ გახდა ცნობილი საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი და ფარგლები, დაუსაბუთებელია და წარმოდგენს მცდელობას, საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ვადის გაშვების გამო, მოხდეს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც ეწინააღმდეგება სსსკ-ის 261-ე მუხლს და ამის გამო მოთხოვნა უარყოფილია.

6. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (მათ შორის მე-11 პუნქტი) ნათლად და არაორაზროვნად არის ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს და არ არის გამოვლენილი მისი განმარტების წინაპირობები. აქედან გამომდინარე სს "პ.ბ.ს–ოს" განცხადება სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რის გამოც უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

7. განცხადების პასუხად, საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება ეხება თავდაპირველი სარჩელის სრულად უარყოფას და შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აისახა სააპელაციო სასამართლოს განჩინების შეცვლილი ნაწილი, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩა. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სს "პ.ბ.ს–ოს" სასარგებლოდ მოპასუხეთათვის დაკისრებული იურიდიული მომსახურების ხარჯს, მისი მიღების მიზნით, განმცხადებელმა საქალაქო სასამართლოს უნდა მიმართოს, რადგან საკასაციო სასამართლოს არ შეუცვლია სააპელაციო სასამართლოს განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული იურიდიული მომსახურების ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 262-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "პ.ბ.ს–ოს" განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტის განმარტებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური