Facebook Twitter

საქმე №ზ-564-გან-25-2023 1 აგვისტო, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ო.მ–ა

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინების დაზუსტება/განმარტება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების მოთხოვნის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით:

1.1. ო.მ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

1.2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და აღსასრულებლად მიექცა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, კოპტევსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება N 2-66/2022, რომლითაც ლ.ა. ძე მ–ს არასრულწლოვან შვილებთან, 2014 წლის 28 ივნისს დაბადებულ მ.ლ. ძე მ–თან და 2016 წლის 25 ივლისს დაბადებულ, თ.ლ. ასულ მ–ასთან, მიმართებით მშობლის უფლებები შეეზღუდა და არასრულწლოვანი შვილები მამისაგან აღსაზრდელად დედას - ო.მ–ას გადაეცა.

2. საკასაციო სასამართლოს, 2023 წლის 31 ივლისს, განცხადებით მომართა ო.მ–ამ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინების დაზუსტება/განმარტება მოითხოვა. განმცხადებლის მითითებით, უზენაესი სასამართლოს განჩინება აღსრულებული არ არის, ბავშვები მამასთან იმყოფებიან, მამა კი უარს ამბობს შვილების დედისათვის დაბრუნებაზე. მეურვეობის ორგანოებმა ლ. მ–ს ადმინისტრაციული პასუხისმგელობა დააკისრეს, თუმცა მამას მშობლის უფლებები არ შეზღუდვია და არასრულწლოვანი შვილები დედას არ გადასცემია.

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი ნაწილის თანახმად, „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას“.

4. განმცხადებელი მოითხოვს უზენაესმა სასამართლომ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს, თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოს და ვინ, სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ლ. მ–ისათვის მშობლის უფლებების შეზღუდვის და არასრულწლოვანი შვილების დედისათვის გადაცემის შესახებ.

5. ო.მ–ას განცხადებას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები: სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის, ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 2023 წლის 27 ივნისის დადგენილება ლ. მ–ისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ; თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 16 ივლისის განჩინება ლ. მ–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ, თბილისის მთავარ სამმართველოში კვირაში ერთხელ გამოცხადების შესახებ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის აკრძალვის შესახებ და დაზარალებულთან, ო.მ–ასთან სოციალური მუშაკის ან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების დასწრების გარეშე მიახლოების აკრძალვის შესახებ; 2023 წლის 14 ივლისის დადგენილება ო.მ–ას დაზარალებულად ცნობის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ო.მ–ას განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში) თანახმად, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან (სხვა მრავალთა შორის შეად. სუსგ-ებს: N ას-1209-2022, 28.11.2022წ; N ა-6247-გან-27-202228.11.2022წ; N ა-1453-გან-6-2023, 10.04.2023წ; N ა-2274-გან-13-2023, 30.05.2023წ; N ას-2372-გან-26-2023, 16.06.2023წ.).

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მის მიერ 2023 წლის 30 მარტს მიღებული განჩინების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და აღსასრულებლად მიექცა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს იმას, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შუამდგომლობის განხილვის სამართალწარმოებას ახასიათებს გარკვეული სპეციფიკა, რომლის თაობაზეც ვრცელი განმარტება მიეწოდათ საკასაციო სასამართლოს სხდომაზე თავიანთ ადვოკატებთან ერთად გამოცხადებულ მხარეებს და რაც ასახულია საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 30 მარტის განჩინებაში (სუსგ N ა-641-შ-19-2019). საკასაციო სასამართლო ასეთ შემთხვევაში არ წარმოადგენს საქმის არსებითად განმხილველ სასამართლოს და მისი შემოწმების ფარგლები საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობისა (აღიარების) და აღსრულების ნაწილში მკაფიოდ არის შემოფარგლული „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე, შუამდგომლობისა და საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების სუბიექტებიდან გამომდინარე, გამოყენებულია „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ მრავალმხრივი კონვენცია (შემდეგში: „მინსკის კონვენცია“), რომლის მონაწილეები არიან საქართველო და რუსეთი, როგორც უცხო ქვეყანა, რომლის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება იყო მოთხოვნილი საქართველოს ტერიტორიაზე.

8. საკასაციო სასამართლო განმცხადებელს მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანი არ არის და განმარტებას არ საჭიროებს. განჩინების ბუნდოვანებაზე ვერც თავად განმცხადებელი მიუთითებს. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტის განმარტების საფუძველი, რის გამოც სსსკ-ის 262-ე მუხლის თანახმად, არ უნდა დაკმაყოფილდეს წარმოდგენილი განცხადების მოთხოვნა.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა (მუხლი 59.3) და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის საფუძველზე „1. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებისაგან და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები. 2. მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულოობა „კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს“. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს აღსრულებას ქვემდებარე აქტების ჩამონათვალს. ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის N 01-16/ნ ბრძანებით დამტკიცებულია ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების წესი.

10. საქართველოში მოქმედი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, აღიარებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭებას (მუხლი 5), შესაბამისად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება (5.1). ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას გაითვალისწინება მისი ოჯახურ გარემოში პიროვნული განვითარების უფლება, ბავშვის სოციალური და კულტურული მახასიათებლები, მის მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დამოუკიდებლად რეალიზების შესაძლებლობა და ბავშვის მოსაზრებები (5.2). ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას (5.3). სამართლის ნორმის განმარტებისას გამოყენებული უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე მეტად შეესაბამება, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად (5.4).

11. საკასაციო სასამართლო განცხადებელს განუმარტავს, რომ სასამართლო არ არის აღჭურვილი სააღსრულებო უფლებამოსილებით და მისი კომპეტენცია სადავო სამართალურთიერთობების განხილვით შემოიფარგლება, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე შუამდგომლობათა/განცხადებების განხილვა კანონმდებლობით საქართველოს უზენაეს სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, რომლის ფარგლები ასევე კანონითაა განსაზღვრული (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი), შესაბამისად, განმცხადებლის მოთხოვნის ადრესატი არ არის საქართველოს უზენაესი სასამართლო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 262-ე, 264-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო.მ–ას განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ.ზამბახიძე

ნ. ბაქაქური