Facebook Twitter

საქმე №ას-233-2023 26 ივლისი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ე.დ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე.ჯ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე.დ–ის სარჩელი ე.ჯ–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინებით კასატორს დაევალა, ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია.

ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის, ე.დ–ის ბიზნეს პარტნიორს მ.გ–ძეს ჩაბარდა 2023 წლის 27 მარტს.

კასატორის წარმომადგენელმა ნოდარ ყეინაშვილმა, 2023 წლის 31 მარტს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება, ვინაიდან კასატორი იმყოფება საზღვარგარეთ, ხოლო რწმუნებულების ვადის გასვლის გამო წარმომადგენელს არ აქვს ხარვეზის გამოსწორების უფლებამოსილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 4 აპრილის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა 10 დღით.

აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის, ე.დ–ის ბიზნეს პარტნიორს მ.გ–ძეს ჩაბარდა 2023 წლის 7 აპრილს.

2023 წლის 18 აპრილს, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოს მომართა ნოდარ ყეინაშვილმა და ითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება, ვინაიდან კასატორმა ვერ შეძლო ისრაელიდან დაბრუნება დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემის გამო, რომელთა დამზადებასაც 7-9 დღე სჭირდება. მისი განცხადებით, საჭირო დოკუმენტების მიღებისთანავე დაბრუნება საქართველოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინებით კასატორს 10 დღით გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადა.

ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი, კასატორის მინდობილ პირს, მ.გ–ძეს ჩაბარდა 2023 წლის 3 ივლისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის განჩინებით კასატორს 10 დღით გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადა.

საქმეში არსებული საფოსტო ქვითრით დასტურდება რომ ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი, კასატორის მინდობილ პირს, მ.გ–ძეს ჩაბარდა 2023 წლის 3 ივლისს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 4 ივლისს და ამოიწურა 2023 წლის 13 ივლისს (ხუთშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი გამოესწორებინა 2023 წლის 13 ივლისის ჩათვლით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.დ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი