საქმე №ა-3960-გან-24-2023 25 ივლისი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი– შპს "მ.ო–ი"
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტის განმარტება და 2023 წლის 16 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით:
1.1. სს „პ.ბ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.2. ი.ლ–ძის, გ.ჩ–ის, შპს „ე–სა“ და შპს „ო.გ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.3. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება შპს „მ.ო–ის“ სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელისა და სს „პ.ბ.ს–ოს“ შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
1.4. შპს „მ.ო–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
1.5. სს „პ.ბ.ს–ოს“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.6. მოპასუხე შპს „ო.გ–სა“ და ი.ლ–ძეს, მოსარჩელე სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ: 1) 2019 წლის 21 მაისის N 0004205.001-001 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 162 535.23 ევრო (ას სამოცდაორი ათას ხუთას ოცდათხუთმეტი ევრო და ოცდასამი ევროცენტი), საიდანაც 138 201.58 (ას ოცდათვრამეტრი ათას ორას ერთი ევრო და ორმოცდათვრამეტი ევროცენტი) კრედიტის ძირითადი თანხაა; 6 201.98 (ექვსი ათას ორას ერთი ევრო და ოთხმოცდათვრამეტი ევროცენტი) - დარიცხული საპროცენტო სარგებელი; 18 131.67 (თვრამეტი ათას ასოცდათერთმეტი ევრო და სამოცდაშვიდი ევროცენტი)- ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით; 2) 2021 წლის 4 მაისის N 0004205.001-002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 340 575.19 აშშ დოლარი (სამას ორმოცი ათას ხუთას სამოცდათხუთმეტი აშშ დოლარი და ცხრამეტი ცენტი), საიდანაც 283 300 (ორას ოთხმოცდასამი ათას სამასი) აშშ დოლარი კრედიტის ძირითადი თანხაა; 4 878.85 აშშ დოლარი (ოთხი ათას რვაას სამოცდათვრამეტი აშშ დოლარი და ოთხმოცდახუთი ცენტი) დარიცხული საპროცენტო სარგებელი, 52 396.34 აშშ დოლარი (ორმოცდათორმეტი ათას სამას ოთხმოცდათექვსმეტი აშშ დოლარი და ოცდათოთხმეტი ცენტი) ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლო;
1.7. ამ განჩინების 1.6 პუნქტით განსაზღვრული კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ, მოხდა იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაცია: შპს „მ.ო–ის“ (ს/ნ .....) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა .....; ქ. თბილისი, ქუჩა .....; საკადასტრო კოდი: ......, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 254 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები;
1.8. მოპასუხეებს შპს „ო.გ–“-ს და ი.ლ–ძეს, მოსარჩელე სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ N0004205.001-002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის - 283 300 აშშ დოლარის (ორას ოთხმოცდასამი ათას სამასი) წლიური 9 %-ის ოდენობით მიუღებელი შემოსავალის გადახდა, 2021 წლის 31 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე;
1.9. სს „პ.ბ.ს–ოს“ შეგებებული სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
1.10. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება (კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-8, მე-10, მე-14 პუნქტების სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დატოვების ნაწილში);
1.11. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინება (საქმე N 2/29009-21), რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს თამარ გეფერიძის მიერ 2021 წლის 7 ოქტომბერს გაცემული N 211122958 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება A21162437;
1.12. შპს "მ.ო–ის", სს "პ.ბ.ს–ოს" სასარგებლოდ, დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 20 000 ლარის გადახდა;
1.13. ი.ლ–ძეს, შპს "ო.გ–ს", გ.ჩ–ს და შპს "ე–ს", სს "პ.ბ.ს–ოს" სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 13 000 ლარის გადახდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2023 წლის 5 ივლისს, განცხადებით მომართა ი.ლ–ძის, შპს „ო.გ–ის“, შპს „ე–სა“ და გ.ჩ–ის წარმომადგენელმა დ.მ–ძემ და აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით შპს "ო.გ–ისა" და ი.ლ–ძისათვის სს "პ.ბ.ს–ოს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებული 9%-ის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნა წარმოადგენს უზრუნველყოფილ მოთხოვნას, ვინაიდან იგი გამომდინარეობს N 004205.001-002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან და მასთან პირდაპირ სამართლებრივ ბმაშია. განმცხადებლებმა მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტის განმარტება, კერძოდ N 0004205.001-002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 9%-ის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის სოლიდარულად დაკისრება შპს "ო.გ–ისა" და ი.ლ–ძისათვის, მიეკუთვნება თუ არა სს "პ.ბ.ს–ოს" უზრუნველყოფილ მოთხოვნებს.
3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2023 წლის 13 ივლისს, განცხადებით მომართა ი.ლ–ძემ და მოითხოვა, რომ უზენაესმა სასამართლომ განმარტოს - უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით შპს "ო.გ–ისა" და ი.ლ–ძისათვის სს "პ.ბ.ს–ოს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებული 9%-ის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნა წარმოადგენს თუ არა ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ მოთხოვნას.
3.1. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2023 წლის 21 ივლისს, განცხადებით მომართა შპს "მ.ო–ის" წარმოომადგენელმა ნ.ს–ამ და მოითხოვა, რომ უზენაესმა სასამართლომ განმარტოს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტი, რადგან განმცხადებელი მიიჩნევს, რომ N0004205.001-002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის - 283 300 აშშ დოლარის (ორას ოთხმოცდასამი ათას სამასი) წლიური 9 %-ის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის გადახდა, არ არის უზრუნველყოფილი მოთხოვნა.
4. შპს "მ.ო–ის" წარმომადგენელმა, ასევე, მოითხოვა საკასაციო სასამართლოს მიერ, 2023 წლის 16 ივნისს, გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ შპს "მ.ო–ის" განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას“.
6. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან (სხვა მრავალთა შორის შეად. სუსგ-ებს: N ას-1209-2022, 28.11.2022წ; N ა-6247-გან-27-202228.11.2022წ; N ა-1453-გან-6-2023, 10.04.2023წ; N ა-2274-გან-13-2023, 30.05.2023წ; N ას-2372-გან-26-2023, 16.06.2023წ.).
7. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტის განმარტების საფუძველი, სსსკ-ის 262-ე მუხლის თანახმად, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს წარმოდგენილი განცხადების მოთხოვნა.
8. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მხოლოდ მისი შინაარსის ბუნდოვანების გამო შეიძლება განიმარტოს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ ვლინდება. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით დადგენილია, რომ მოპასუხეებს შპს „ო.გ“-ს და ი.ლ–ძეს, მოსარჩელე სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ N0004205.001-002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის - 283 300 აშშ დოლარის (ორას ოთხმოცდასამი ათას სამასი) წლიური 9 %-ის ოდენობით მიუღებელი შემოსავალის გადახდა, 2021 წლის 31 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ N0004205.001-002 საკრედიტო ხელშეკრულება დადებულია სს "პ.ბ.ს–ოსა" და შპს "ო.გ–ს" შორის, ხსენებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება ს/კ ........ იპოთეკის ხელშეკრულებაში N0004205.001/01 (იპოთეკის საგანი - უძრავი ქონება ს/კ .......) მითითებულია, რომ იპოთეკით სრულად უზრუნველყოფილია იპოთეკარის მოთხოვნები, მათ შორის და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე: შემადგენელი საკრედიტო, საბანკო გარანტიების, აკრედიტივების, ოვერდრაფტების ხელშეკრულებებიდან, და სრულად უზრუნველყოფს მსესხებლის მიერ ათვისებული ძირითადი თანხების, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოების, პირგასამტეხლოს, ზიანის ანაზღაურების, ასევე სასამართლოს, არბიტრაჟის, აღსრულების, იპოთეკის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს წარმოშობილი 3.3 პუნქტში აღწერილი ძირითადი ხელშეკრულებიდან და მის ფარგლებში მოქმედი (ან მომავალში გასაფორმებელი) ხელშეკრულებებიდან (დაკავშირებული ხელშეკრულებები) რომლის მხარეებს, გარდა ბანკისა, წარმოადგენს/წარმოადგენენ ძირითადი ხელშეკრულების არსებული მხარეები (მსესხებელი/მსესხებლები) ან/და ის პირები, რომლებიც მომავალში გახდებიან სამომავლო მხარეები (მსესხებელი/მსესხებლები). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უძრავი ქონებით ს/კ ....... უზრუნველყოფილია, როგორც ძირითადი დავალიანება, ასევე, მისგან წარმოშობილი დავალიანებები, მათ შორის, ბუნებრივია, მოიაზრება მიუღებელი შემოსავალიც.
10. საკასაციო სასამართლო განმცხადებლს მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტი ბუნდოვანი არ არის და განმარტებას არ საჭიროებს. ხსენებული პუნქტით გარკვევით და ნათლად ჩანს, თუ ვის რისი გადახდა დაეკისრა. რაც შეეხება, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ფარგლებს, ამაზე მხარეთა შეთანხმება არსებობდა, რაც ამ განჩინების მე-9 პუნქტშია მოხმობილი. მიუღებელი შემოსავალი მოპასუხეებს დაეკისრათ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ორივე კრედიტის თანხა უზრუნველყოფილია იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებებით, შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გამოიყენება ყველა ის სანივთო და პირადი უზრუნველყოფის საშულებები, რომელიც ემსახურება გენერალური და მისგან გამომდინარე ხელშეკრულებების უზრუნველყოფას.
11. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (მათ შორის მე-9 პუნქტი) ნათლად და არაორაზროვნად არის ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს და არ არის გამოვლენილი მისი განმარტების წინაპირობები. აქედან გამომდინარე შპს "მ.ო–ის" განცხადება სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რის გამოც უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2023 წლის 7 და 17 ივლისის განჩინებებით, განცხადებლებს არაერთხელ მიეთითათ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტის განმარტების საფუძველი არ არსებობს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ დავის ერთ-ერთი მხარე მას არ ეთანხმება.
13. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტის განმარტებასთან დაკავშირებით მომავალში წარმოდგენილი ნებისმიერი სახის კორესპონდენცია (განცხადება, საჩივარი და ა.შ.) დარჩება რეაგირების გარეშე.
14. საკასაციო სასამართლო განმცხადებლის მოთხოვნას, რომ შეჩერებული იქნეს საკასაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 16 ივნისს გაცემული სააღსრულები ფურცლის მოქმედება, არ ეთანხმება, რადგან განმცხადებელს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია თუ რატომ უნდა შეჩერდეს მის წინააღმდეგ დაწყებული აღსრულება, იმ პირობებში, როდესაც საქმის განხილვა უკვე დასრულებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 262-ე, 264-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "მ.ო–ის" განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტის განმარტების და 2023 წლის 16 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
3.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური