გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-223-46-გ-03 13 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: სასამართლოთა შორის განსჯადობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 1 აგვისტოს ა. მ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ფინანსთა მინისტრის 2003წ. 4 ივლისის ¹5-411 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და თანამდებობიდან გათავისუფლების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ფინანსთა მინისტრის 2003წ. 6 მაისის ¹5-200 ბრძანების საფუძველზე ა. მ-ა დაინიშნა ლანჩხუთის რაიონული საგადასახადო ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე, ხოლო მუშაობას პრაქტიკულად შეუდგა ამავე წლის 12 მაისიდან. ფინანსთა მინისტრის 2003წ. 24 ივნისის ¹5-366 ბრძანების საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის მას გამოეცხადა შენიშვნა, მაშინ როდესაც დაკავებულ თანამდებობაზე ერთი თვეც კი არ ჰქონდა ნამუშევარი. 2003წ. მაისის თვე გამოირჩეოდა დასვენების დღეების სიმრავლით, რის გამოც აღნიშნულ თვეში გართულდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, ამიტომ ხსენებული დისციპლინური სახდელის გამოყენება საფუძველს მოკლებულია.
მოსარჩელის განმარტებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის 2003წ. 4 ივლისის ¹5-411 ბრძანებით სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევისათვის 2003წ. 3 ივლისიდან ა. მოქია გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო ფინანსთა მინისტრთან 2003წ. 3 ივლისს გამართული თათბირის ოქმი ¹8, რომლის მიხედვით, ა. მ-ას სამსახურიდან გათავისუფლების მთავარ მიზეზად დასახელდა ის გარემოება, რომ მან ვერ შეასრულა 2003წ. ივნისის თვის გეგმა, აგრეთვე, საფუძვლად მიეთითა საგადასახადო კოდექსის 42-ე თავის მოთხოვნებზე, მაშინ, როდესაც ხსენებულ თავში აღნიშნული უფლება-მოვალეობები ეხება არა რაიონულ, არამედ _ საოლქო საგადასახადო ინსპექციას.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 აგვისტოს განჩინებით ა. მ-ას სასარჩელო განცხადება განსჯადობის მიხედვით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს იმ მოტივით, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტის თანახმად, აღნიშნული დავა თბილისის საოლქო სასამართლოს განსჯადი იყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2003წ. 15 აგვისტოს განჩინებით მიიჩნია, რომ ა. მ-ას სარჩელი იყო არა საოლქო, არამედ რაიონული სასამართლოს განსჯადი იმ მოტივით, რომ ფინანსთა მინისტრის სადავო ბრძანება წარმოშობილია ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტიდან და არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული გარიგების დადებასთან ან შესრულებასთან. თბილისის საოლქო სასამართლომ ა. მ-ას სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განჩინებების საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ა. მ-ას სარჩელი განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. მ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ფინანსთა სამინისტროს 2003წ. 4 ივლისის ბრძანება ფიზიკურ პირ ა. მ-ასა და ადმინისტრაციულ ორგანო ფინანსთა სამინისტროს შორის შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას ეხება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული გარიგების დადება-შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერებაზე დავები კომპლექსურად, ერთიანობაში უნდა იქნეს განხილული, როგორც ადმინისტრაციული გარიგების დადება-შეწყვეტასთან დაკავშირებული დავა. ამიტომ ამგვარი ბრძანების კანონიერების განხილვისას არ უნდა იქნეს გამოყენებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავის _ «ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის» შესაბამისი ნორმები. სასამართლომ უნდა იმსჯელოს ბრძანების, არა როგორც ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის კანონიერებაზე და მის შესაბამისობაზე «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონთან, «შრომის კანონთა კოდექსთან» და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 თავთან.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ» პუნქტისა და მე-5 თავის თანახმად, განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს, როგორც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის, აგრეთვე, «შ.-ს» საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ პირთან დადებული საჯარო შრომითი ხელშეკრულება (გარიგება).
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო სამართლებრივი ურთიერთობა არის ადმინისტრაციული გარიგება _ ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირს შორის არსებული საჯარო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. დავის საგანია, არა ადმინისტრაციული აქტის _ ფინანსთა სამინისტროს ბრძანების _ კანონიერება, არამედ ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, რადგანაც მოსარჩელე ფიზიკური პირი ა. მ-ა, ხოლო მოპასუხე _ ადმინისტრაციული ორგანო, ფინანსთა სამინისტრო, ამიტომ სადავო სამართალურთიერთობის არსისა და დავის საგნის მიხედვით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტისა და მე-6 მუხლის თანახმად, ა. მ-ას სარჩელი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. მ-ას სარჩელი მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მიმართ, ამავე სამინისტროს 2003წ. 4 ივლისის ¹5-411 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, მიუღებელი ხელფასისა და პენსიის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.