საქმე №ა-3818-ა-23-2023 3 აგვისტო, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ალექსანდრე წულაძე
სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შპს „ტ.კ–ის“ განცხადების განსახილველად მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, საქმეზე – შპს „ტ.კ–ის“ სარჩელის გამო, ლ.ბ–სა და თ.ყ–ის მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საკუთრების უფლების აღდგენისა და მოვალის ნებისმიერ ქონებაზე აღსრულების მიქცევის თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით ლ.ბ–სა და თ.ყ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებები და შპს „ტ.კ–ის“ სარჩელი დარჩა განუხილველად.
2023 წლის 13 ივლისს შპს „ტ.კ–ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით შპს „ტ.კ–ის“ განცხადებაზე დადგინდა ხარვეზი; შპს „ტ.კ–ს“ დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული განაცხადის წარმოდგენა.
ზემოაღნიშნული განჩინებით მხარეს განემარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და 427-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას ვერ გამოიწვევდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი მოწესრიგების მხარის მიერ გაუზიარებლობა, არამედ განცხადების წარმოდგენისას განმცხადებელმა უნდა დაასახელოს კონკრეტული გარემოებები და წარმოადგინოს სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც, მისი მოსაზრებით, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა. განსახილველ შემთხვევაში კი, წარმოდგენილი განცხადება, ფაქტობრივად, შეიცავდა სამართლებრივ მოსაზრებას საკასაციო პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით; განმცხადებელი არ აზუსტებდა, კონკრეტულად რომელი ახალი გარემოება ან მტკიცებულება გახდა მისთვის ცნობილი, რომელთა სასამართლოში წარდგენაც შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა. განცხადებაში, ერთი მხრივ, მითითებული იყო სააღსრულებო წარმოების შეწყვეტაზე, რაც გახდა კიდეც 2023 წლის 27 ივნისის განჩინების მიღების საფუძველი და განჩინება შეიცავდა დასაბუთებას სარჩელის განუხილველად დატოვების სამართლებრივ წინაპირობებთან მიმართებით, მეორე მხრივ კი, წარმოდგენილი იყო ადმინისტრაციულ საქმეზე, სხვა მხარეებთან მიმართებით, სრულიად განსხვავებულ საკითხზე მიღებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის განჩინება.
შპს „ტ.კ–მა“ 2023 წლის 26 ივლისს და 2023 წლის 1 აგვისტოს წარმოადგინა განცხადებები ხარვეზის შევსების მიზნით, რომელსაც თან ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა მხარემ ამჯერადაც ვერ დაასახელა ახლად აღმოჩენილი გარემოება. განცხადებებით მხარე კვლავ არ ეთანხმება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით საკითხის გადაწყვეტას და წარმოდგენილი აქვს სამართლებრივი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის წარმოების განახლებას ვერ გამოიწვევს ის ფაქტი, რომ მხარე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება; საქმის წარმოების განახლების მექანიზმი არ გულისხმობს გადაწყვეტილების კიდევ ერთხელ გასაჩივრების შესაძლებლობას.
გარდა ამისა, მხარე კვლავ მიუთითებს, რომ მისთვის ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის ფაქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა არ წარმოადგენს ახალ გარემოებას, რადგან მის თაობაზე მიუთითებდა კასატორი (საკასაციო საჩივარი კი მოწინააღმდეგე მხარეს ჩაბარდა), უფრო მეტიც, სწორედ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა გახდა საკასაციო პალატის მიერ სარჩელის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, თუ მხარე აღმოფხვრის სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძვლებს, მან არა საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით უნდა მიმართოს სასამართლოს, არამედ - შეუძლია ხელახლა წარადგინოს სარჩელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ ვერ გამოასწორა ხარვეზი, ვერ წარმოადგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი, დასაბუთებული განცხადება და ვერ დაასახელა ახლად აღმოჩენილი გარემოება, რის გამოც, დასახელებული მუხლის მეორე ნაწილიდან და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, განცხადება განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე, 427-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ტ.კ–ის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ტ.კ–ის“ შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინების აღსრულების შეჩერების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
3. შპს „ტ.კ–ს“ (ს/კ ....) დაუბრუნდეს 2023 წლის 20 ივლისის №1689839060 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ა. წულაძე