Facebook Twitter

საქმე №ას-352-2023 20 ივლისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.შ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,პ.ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეთანხების ბათილად ცნობა, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.შ–ძემ (შემდეგ - მოსარჩელე, დასაქმებული, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,პ.ბ–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, დამსაქმებელი, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეთა შორის 2021 წლის 21 მაისს გაფორმებული შეთანხმება; აღდგეს მოსარჩელე გათავისუფლებამდე არსებულ ფიზიკური პირების ბიზნესმრჩევლის თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად კუთვნილი ხელფასის - 2200 (დაბეგრილი) ლარის ანაზღაურება 2021 წლის 26 მაისიდან სამსახურში აღდგენის დღემდე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით, დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის 2021 წლის 21 მაისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე მითითებით (რომლის თანახმად: ,,1. მხარეები წყვეტენ მათ შორის მოქმედ შრომით ხელშეკრულებას, ხელშეკრულების 7.2. პუნქტისა და საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 (ე) მუხლის საფუძველზე. 2. ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად ჩაითვალოს 2021 წლის 26 მაისი. 3. დამსაქმებელი ადასტურებს, რომ დასაქმებულმა სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულა დამსაქმებლის მიმართ არსებული ვალდებულებები წინამდებარე შეთანხმების დადებამდე და დადების მომენტში. 4. დასაქმებული ადასტურებს, რომ დამსაქმებელმა სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულა დასაქმებულის მიმართ არსებული ვალდებულებები, წინამდებარე შეთანხმების დადებამდე და დადების მომენტში. 5. დამსაქმებელი ვალდებულია, აუნაზღაუროს დასაქმებულს, მხოლოდ: 5.1. 2021 წლის 26 მაისის მდგომარეობით ხელზე ასაღები კუთვნილი ხელფასი, 1833,33 ლარის ოდენობით; 5.2. კომპენსაციის სახით, სამი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობა, არაუგვიანეს ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან, 30 კალენდარული დღის ვადაში; 5.3. დარჩენილი 2 გამოსაყენებელი საშვებულებო დღის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურება 244.44 ლარის ოდენობით, არაუგვიანეს ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან, 30 კალენდარული დღის ვადაში; 6. შეთანხმება დადებულია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 დოკუმენტად, ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელთაგან ერთი ინახება დამსაქმებელთან, ხოლო მეორე - დასაქმებულთან. დავის შემთხვევაში შეთანხმების ქართულ ვერსიას გააჩნია უპირატესი ძალა. 7. შეთანხმება დადებულია უშუალოდ მხარეთა მიერ, ყოველგვარი ძალდატანებისა და მოტყუების გარეშე. 8. შეთანხმება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან. 9. მხარეებმა სრულად წაიკითხეს წინამდებარე შეთანხმება, აღიარეს რომ ის სრულად გამოხატავს მათ ნებას და ხელი მოაწერეს მას’’) განმარტა, რომ როდესაც მოსარჩელე მის მიერ გამოვლენილი ნების ნაკლზე საუბრობს და შეთანხმებაზე ხელმოწერას მასზე იძულებისა და მოტყუების ფაქტს უკავშირებს, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ნების ფორმირებაზე ზემოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარდგენა მოსარჩელის ვალდებულება იყო, თუმცა ამ უკანასკნელმა საქმეში არსებული მტკიცებულებებით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმების მოტყუებით ან/და იძულებით დადება ვერ დაადასტურა.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სათაურში ნათლად და გარკვევითაა გადმოცემული ის, თუ რას ეხება მისი შინაარსი, მისი გაგება ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისათვის შესაძლებელია და არ საჭიროებს სპეციალურ განათლებას. სამართლებრივი შედეგი მოსარჩელისთვის გაუგებარი არ უნდა ყოფილიყო და მხოლოდ იმაზე მითითება, რომ მოულოდნელი და ემოციური იყო მისთვის, რის გამოც ბოლომდე ვერ გაიაზრა რა ხდებოდა, ვერ ადასტურებს შეთანხმების მოტყუების გზით დადებას. რაც შეეხება მოპასუხის მხრიდან გამოხატულ იძულებასა და ზეწოლას, სასამართლოს განმარტებით, აპელანტი მხოლოდ მითითებით შემოიფარგლება. მას ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მხოლოდ ზეპირი განმარტება ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მხრიდან.

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზეც და განმარტა, აპელანტის მტკიცების საწინააღმდეგოდ, მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ დასაქმებული შეთანხმებას გაეცნო, გარკვეული უზუსტობაც აღმოაჩინა ტექსტში, შესწორდა და შემდეგ მოაწერა ხელი, შესაბამისად, ვერ აღიქვა დოკუმენტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგი, გონივრულ მსჯელობას მოკლებულია.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და მოვლენათა ქრონოლოგიური განვითარების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ შეთანხმებაზე ხელის მოწერის დროს მოტყუების ან/და იძულების ფაქტი არ ვლინდებოდა, რისი გათვალისწინებითაც, გასაჩივრებული ბრძანება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ საფუძვლიანია და არ არსებობს მისი ბათილობის სამართლებრივი წინაპირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები არ იკვეთება.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. კასატორის მითითებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ 2021 წლის 21 მაისს, დასაქმებულს ხელი მოაწერინეს არამხოლოდ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე, არამედ ბანკის ოფიციალურ ცნობაზე. მას შეხვედრაზე აცნობეს, რომ ბანკი მასთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტდა და მაგიდაზე დაუდეს შეტყობინების/ცნობის ბლანკი, რომლის ქვემოთაც მოქცეული იყო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. დასაქმებულს წააკითხეს მხოლოდ ოფიციალურ ბლანკზე არსებული ცნობის ტექსტი, განუმარტეს, რომ ეს ორგვერდიანი ცნობა იყო და ჩაბარება ხელმოწერით უნდა დაედასტურებინა. პირველ გვერდზე ხელის მოწერა სთხოვეს, რომ გაეცნო და ჩაიბარა, ხოლო მეორეზე - უბრალოდ, ხელი მოეწერა, რაც კასატორმა შეასრულა. ოფიციალურ ბლანკზე არსებული შეტყობინების ტექსტში კი ეწერა, რომ 2021 წლის 26 მაისიდან ბანკი წყვეტდა მასთან შრომით ხელშეკრულებას.

10. კასატორის მითითებით, დასაქმებულმა რომ დაიჯერა, ცნობას აწერდა ხელს და მეორე გვერდის წაუკითხავად ხელი მოაწერა დოკუმენტს, განაპირობა სტრესულმა ვითარებამ, რომელშიც მოულოდნელად აღმოჩნდა. ამასთან, გარკვეულწილად ენდობოდა იმ პირებს, რომლებმაც დოკუმენტები მიაწოდეს და განუმარტეს, რომ ეს უბრალოდ ცნობა იყო, რადგანაც მასთან ერთად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობისას მეგობრული/კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონდა ჩამოყალიბებული. ვინაიდან საკუთარი თვალით წაიკითხა, რომ ბანკი წყვეტდა მასთან შრომით ხელშეკრულებას, დაიჯერა და მეორე გვერდს აღარ გასცნობია, რადგან ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად ივარაუდა, რომ ოფიციალურ ბლანკზე არსებული ინფორმაცია იყო მთავარი.

11. კასატორის მითითებით, ბანკი მიზანმიმართულად რომ ცდილობდა კასატორის მოტყუებას, სწორედ ამ ცნობით დასტურდება, კერძოდ, არსად აღნიშნულა ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით შეწყვეტის შესახებ. ცნობაში ერთმნიშვნელოვნადაა მითითებული ბანკის ცალმხრივი ნება. თუ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთშეთანხმებით წყდებოდა ხელშეკრულება 2021 წლის 21 მაისს, მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა, საერთოდ, რა საჭირო იყო ეს ცნობა. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოებაც, რომ, თუ მხარეთა შეთანხმებით დასრულდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რამ განაპირობა ერთი კვირის შემდგომ ბანკის გენერალური დირექტორისათვის წერილის მიწერა, სადაც დასაქმებული უთითებდა, რომ მას სამსახურიდან წასვლა არ უნდოდა.

12. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გარემოებათა შეფასებისას უნდა ეხელმძღვანელა შრომით ურთიერთობებში არსებული მტკიცების ტვირთის განაწილებით. სასამართლომ მტკიცების ტვირთი გადაიტანა მოსარჩელეზე და მას მოსთხოვა ისეთი გარემოებების დადასტურება, რისი დამტკიცებაც პირდაპირი მტკიცებულებით შეუძლებელია.

13. კასატორის განმარტებით, მოპასუხის მოწმეების ჩვენების თანახმად, კასატორი შეხვედრაზე დაბარებული იყო, რომ მისთვის ეთქვათ გათავისუფლების შესახებ. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო ხელმძღვანელობის მიერ, შესაბამისად, სასამართლოს უნდა შეეფასებინა, თუ დასაქმებულის გათავისუფლება უკვე გადაწყვეტილი იყო და აღნიშნულის შესახებ მას აცნობეს, ამ უკანასკნელს რა მოტივაცია უნდა ჰქონოდა და რის გამო უნდა დასთანხმებულიყო გათავისუფლებას ნებაყოფლობით. ამასთან, სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმე ქ.კ–ის ჩვენება, სადაც მოწმემ დაადასტურა, რომ კასატორი გააფრთხილეს შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე, მაგრამ არ უთქვამთ წინასწარ, თუ რა იყო შეხვედრის მიზეზი, ანუ დასაქმებული არ იყო მომზადებული, ადეკვატური პასუხები გაეცა წამოყენებული პრეტენზიებისათვის. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ დასაქმებულს არ მიეცა შესაძლებლობა, ესარგებლა იურისტის დახმარებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში გამორკვეულია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: მხარეთა წერილობითი შეთანხმება.

19. მოცემული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის დასრულებისას ყურადღება უნდა მიექცეს, რამდენად ინფორმირებულია დასაქმებული ამ ტიპის ხელშეკრულების შედეგებზე და ასევე, რამდენად აქვს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. მსგავსი შეთანხმებების საცილოობისას, ისევე, როგორც საკუთარი ნებით სამუშაოს დატოვებისას, ყურადღება უნდა მიექცეს, ხომ არ არის დასაქმებულის ნების გამოვლენა დამსაქმებლის მიერ განპირობებული ან ხომ არ უდევს მას საფუძვლად მუქარა, იძულება, გამოუვალი მდგომარეობა ან რაიმე ისეთი გარემოება, რაც სხვა შემთხვევაში დასაქმებულის სხვაგვარ ქცევას გამოიწვევდა. აღნიშნული წინაპირობები სასამართლომ უნდა შეამოწმოს მხოლოდ მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლების ფარგლებში (საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, 2017, გვ. 244).

20. მოსარჩელის მტკიცებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მის მიერ ხელმოწერილია მოტყუების შედეგად, რაც გამოიხატა იმით, რომ ბანკის უფლებამოსილმა თანამშრომელმა ხელი მოაწერინა ფურცელზე, რომელიც, მისივე განმარტებით, იყო მტკიცებულება, რომ ბანკი წყვეტდა მასთან შრომით ხელშეკრულებას. დასაქმებულმა მხოლოდ იურისტთან კონსულტაციის შემდეგ გადაამოწმა ხელშეკრულების შინაარსი და აღმოჩნდა, ხელი მოაწერინეს გათავისუფლების შესახებ მხარეთა შეთანხმებაზე.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუება გარიგებაში ხელყოფს ერთი მხარის ნდობას მეორე მხარის კეთილსინდისიერ ქცევასთან მიმართებით. მოტყუებისას ნების ნაკლი განპირობებულია გარიგების მეორე მხარის განზრახი სამართლებრივად გასაკიცხი მოქმედებით, რომლის მიზანიც ნების გამომვლენისათვის არასწორი წარმოდგენის შექმნაა. განსხვავებით თვალთმაქცური გარიგებისაგან, რომელიც დადებულია ისე, რომ მხარეებს ამ გარიგებიდან გამომდინარე შედეგი არ სურთ, მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევაში, ორივე მხარეს ნებავს ხელშეკრულებით დასახული მიზნის მიღწევა, თუმცა, მოტყუებულის თავისუფალი გადაწყვეტილებით არ არის განპირობებული და მოტყუების შედეგია. მოტყუებასა და გარიგების დადებას შორის მიზეზობრივი კავშირის განზრახვის, ისევე, როგორც მართლწინააღმდეგობის ცალკეული წინაპირობების მტკიცების ტვირთი მოტყუებულს, ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს აწევს (შდრ. სუსგ: №ას-1382-2018, 25.01.2019წ.).

22. პალატის მითითებით, მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ №ას-182-171-2014, 16 ივნისი, 2014 წელი; №ას-1117-1051-2015, 20 იანვარი, 2016 წელი). მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობის მოთხოვნის შემთხვევაში, მხარემ უნდა ამტკიცოს არასწორი ცნობების მიწოდების ფაქტი. ამასთან, სსკ-ის 81-ე მუხლი მოტყუების გამო გარიგების ბათილობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნება მოტყუების საფუძველზე ჩამოყალიბდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო. ასეთ შემთხვევაში მოტყუებულის ნდობა დაცვას არ იმსახურებს.

23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნები, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით. ამასთან, გასაჩივრებული განჩინებით სწორად არის განსაზღვრული დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრე, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე (დასაქმებული) ვალდებული იყო, დაედასტურებინა შეთანხმების მოტყუებით დადების ფაქტი, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეთა შეთანხმების არსებობის პირობებში, მოქმედებს აღნიშნულ დოკუმენტში მხარის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის პრეზუმფცია. საწინააღმდეგოს დადასტურება კი იმ მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რომელიც აღნიშნულ განცხადებას სადავოდ ხდის. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ნების ფორმირებაზე ზემოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა მოსარჩელის ვალდებულებაა (იხ. საქმე №ას-649-616-2014, 2014 წლის 5 ნოემბრის განჩინება), რაც ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.

24. პალატა აღნიშნავს, როდესაც წარმოდგენილია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეთა მიერ წერილობით გაფორმებული შეთანხმება, სადაც ნათლად არის აღწერილი მხარეთა შორის შრომის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, პრეზუმირებულია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას იცოდა, თუ რა ნებას ავლენდა, რა გადაწყვეტილებას იღებდა, შესაბამისად, სწორედ ამ უკანასკნელს უნდა ემტკიცებინა ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გამორიცხავდა მისი ნების ნამდვილობას, კერძოდ, უნდა დაემტკიცებინა, ხელშეკრულების კონტრაჰენტმა გადადგა ისეთი ნაბიჯები, რითაც მოატყუა მოსარჩელე და შეთანხმება მოტყუებით დაადებინა.

25. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელემ სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა სსკ-ის 81-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობა. კასატორმა, გარდა საკუთარი განმარტებებისა, ვერც ფაქტობრივ ნაწილში ვერ წარადგინა დასაბუთებული და სარწმუნო მტკიცება ისევე, როგორც - შესატყვისი მტკიცებულებები, რითაც დაამტკიცებდა შეთანხმების მოტყუებით დადების ფაქტს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ხელმოწერილი დოკუმენტით დგინდება მხარეთა ურთიერთშეთანხმება შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, რასაც ადასტურებს მოწმეთა ჩვენებებიც, მეტიც, მოწმე თ.ტ–ის (ადამიანის რესურსების მართვის სპეციალისტი) ჩვენების თანახმად, დასაქმებულმა შეთანხმების გაცნობისას გარკვეული უზუსტობა აღმოაჩინა გათავისუფლების თარიღსა და ასანაზღაურებელ თანხასთან დაკავშირებით, რაც გასწორდა და შემდეგ მოეწერა ხელი შეთანხმებას.

26. ამდენად, კასატორის მტკიცების საწინააღმდეგოდ, მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ დასაქმებული შეთანხმებას გაეცნო, გარკვეული უზუსტობაც აღმოაჩინა ტექსტში, მითითებით შესწორდა და შემდეგ მოაწერა ხელი, შესაბამისად, დამსაქმებელს რომ ვერ აღექვა რა ეწერა შეთანხმებაში, თარიღსა და ასანაზღაურებელ თანხასთან დაკავშირებით, უზუსტობას ვერ შეამჩნევდა, რისი გათვალისწინებითაც, ის ფაქტი, რომ ბანკის მიერ მოტყუებით გაფორმდა შეთანხმება დამაჯერებელ საფუძველს მოკლებულია. ამასთან, მოსარჩელის მხრიდან იმაზე მითითება, რომ აღელვების გამო არ გაეცნო შეთანხმებას, ამასთან, ენდობოდა ბანკის თანამშრომლებს, რომელებმაც განუმარტეს, რომ ხელს აწერდა იმას, რომ ბანკმა მასთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, არადამაჯერებელია, მით უფრო, კასატორის მიერ დაკავებული თანამდებობის გათვალისწინებით, რომელიც ფიზიკური პირების მრჩეველს წარმოადგენდა, ოფიციალურ დოკუმენტებთან ჰქონდა შეხებდა და ეკისრებოდა გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების ვალდებულება.

27. ამდენად, პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ დასტურდება სადავო შეთანხმების დადების მიზნით, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის ამ საფუძვლით გარიგების შეცილების უფლების წარმომშობი მოტყუების ფაქტი, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა. რაც შეეხება შეთანხმების იძულებით დადგებას, აღნიშნული მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან არცერთი კონკრეტული მტკიცებუკლება არ მოიპოვება რაც აღნიშნულს დაადასტურებდა. ამ კუთხით არც დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია აქვს კასატორს წარმოდგენილი.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

29. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

32. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-463-463-2018, 2020 წლის 14 იანვრის განჩინება; №ას-1355-2019, 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება; №ას-767-2021, 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება).

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.შ–ძის საკასაციო საჩივრი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ნ.შ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (ტერმინალის №337 / ოპერაციის კოდი 30181867/ გადახდის თარიღი 18.04.2023), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

რევაზ ნადარაია

თეა ძიმისტარაშვილი