Facebook Twitter

საქმე №ას-249-2023 21 მარტი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „ე-პ.ჯ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „გ–ტა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.01.2023 წლის განჩინება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თმენისათვის კომპენსაციის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 15.04.2016 წლის გადაწყვეტილებით სს „გ–ტას“(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი სს „ე-პ.ჯ–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა თმენის კომპენსაცია 130 424.67 ლარი.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.05.2018 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

4. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.03.2021 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.05.2018 წლის განჩინების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 01.09.2012 წლიდან 01.01.2014 წლამდე ელექტროენერგიის გატარების თმენის კომპენსაციის სახით 28350.15 ლარის გადახდა; საქმე მოპასუხის მიმართ 01.01.2008 წლიდან 01.09.2012 წლამდე ელექტროენერგიის გატარებისათვის თმენის კომპენსაციის დაკისრების ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს; საქმე მოპასუხის მიმართ 01.01.2014 წლიდან 01.09.2015 წლამდე ელექტროენერგიის გატარებისათვის თმენის კომპენსაციის (გატარების საფასური) დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.12.2022 წლის განჩინებით მხარეთა შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე დაკმაყოფილდა და სამოქალაქო საქმეზე №2ბ/1348-21 მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დამტკიცდა მორიგება. მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 15.04.2016 წლის გადაწყვეტილება. შეწყდა წარმოება სამოქალაქო საქმეზე №2ბ/1348-21.

7. 26.12.2022 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა და მოითხოვა მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესახებ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა. განმცხადებლის მითითებით, მოპასუხის მიმართ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაძლებელია გახდეს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი. მოპასუხე იყო აპელანტი და მის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 5217 ლარი.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.01.2023 წლის განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დარჩა განუხილველად. პალატის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე 13.12.2022 წელს, რომელსაც ესწრებოდნენ მხარეები. ამრიგად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისათვის კანონით დადგენილი სასამართლოსათვის მიმართვის 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 14.12.2022 წელს, განჩინების გამოცხადების მომდევნო კალენდარული დღიდან და ამოიწურა 20.12.2022 წელს. დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს განცხადებით მომართა 26.12.2022 წელს (ფოსტას ჩაჰბარდა 23.12.2022 წელს), ანუ სსსკ-ის 261-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი შვიდდღიანი ვადის დარღვევით. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე განცხადება წარდგენილი რომც ყოფილიყო კანონით დადგენილ 7-დღიან ვადაში, აღნიშნული მაინც ვერ გახდებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლო წინამდებარე საქმეზე იხილავდა მხოლოდ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარს ხაშურის რაიონული სასამართლოს 15.04.2016 წლის გადაწყვეტილებაზე. მოპასუხის ნაწილში გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.01.2023 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დარჩა განუხილველად.

13. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. სსსკ-ის 261-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. პალატა მიუთითებს, რომ 7-დღიანი ვადით კანონმდებელმა შემოსაზღვრა როგორც მხარეთა, ისე სასამართლოს შესაძლებლობა, ამავე ნორმით დადგენილი წინაპირობების შემთხვევაში, სასამართლომ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, რადგან დაადგინა, რომ ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება (სუსგ №ას-1670-2019, 21.05.2020წ.).

14. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7-დღიანი ვადის დენის დაწყებას კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას (შდრ. სუსგ-ებები: №ას-225-217-2012, 25.06.2012წ; №ას-385-366-2015, 14.05.2015წ.), რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც ითვალისწინებს სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი. შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი (სუსგ №ას-1670-2019, 21.05.2020წ; №ას-920-870-2015, 09.06.2016წ.), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

15. საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 13.12.2022 წლის სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მხარეები (ტ.4, ს.ფ. 21-22). დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მოპასუხის განცხადება ფოსტის მეშვეობით წარდგენილ იქნა სასამართლოში 26.12.2022 წელს (განცხადება ფოსტას ჩაჰბარდა 23.12.2022 წელს) (ტ.4, ს.ფ. 42-46), სსსკ-ის 261-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული 7-დღიანი ვადის დარღვევით. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 63-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება), სააპელაციო პალატამ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის განცხადება. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე განცხადება წარდგენილი რომც ყოფილიყო კანონით დადგენილ 7-დღიან ვადაში, აღნიშნული მაინც ვერ გახდებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან იმ ეტაპზე სააპელაციო სასამართლოში იხილებოდა მხოლოდ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი.

16. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა მოპასუხისთვის 01.01.2008 წლიდან 01.09.2015 წლამდე პერიოდში მისი ელექტროქსელით სარგებლობისათვის კომპენსაციის სახით 694 913.64 ლარის გადახდის დაკისრება. ხაშურის რაიონული სასამართლოს 15.04.2016 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 01.09.2012 წლიდან 01.01.2014 წლამდე ქსელით სარგებლობისათვის თმენის კომპენსაცია 130 424.67 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.05.2018 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა კვლავ ორივე მხარემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.03.2021 წლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ უზენაესმა სასამართლომ მოპასუხის საკასაციო საჩივრის ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილი იყო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, მიიღო გადაწყვეტილება, კერძოდ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის საკასაციო საჩივარი და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 01.09.2012 წლიდან 01.01.2014 წლამდე ელექტროენერგიის გატარების თმენის კომპენსაციის სახით 28 350.15 ლარის გადახდა (ნაცვლად ხაშურის რაიონული სასამართლოს 15.04.2016 წლის გადაწყვეტილებით დაკისრებული 130 424.67 ლარისა). მოპასუხის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და შესულია კანონიერ ძალაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.03.2021 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოს საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა მხოლოდ მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ნაწილში, კერძოდ, მოპასუხისთვის 01.01.2008 წლიდან 01.09.2012 წლამდე და 01.01.2014 წლიდან 01.09.2015 წლამდე ელექტროენერგიის გატარებისათვის თმენის კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, რასაც შეეხებოდა მხოლოდ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ უნდა ემსჯელა მხოლოდ მოსარჩელის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით (იხ: 11.10.2022 წლის განჩინება მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ (აპელანტი - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე - მოპასუხე) ტ.4, ს.ფ.5,6; 08.11.2022 წლისა და 13.12.2022 წლის სასამართლო სხდომის ოქმები, ტ.4, ს.ფ.13-17; 21-28). ამრიგად, ამ ნაწილში მხარეთა მორიგების გამო საქმის შეწყვეტისას, პალატამ მართებულად იმსჯელა მხოლოდ მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ე-პ.ჯ–ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.01.2023 წლის განჩინება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია