საქმე №ას-277-2021 28 აპრილი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ღ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.02.2021 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.06.2020 წლის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“, „სამინისტრო“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თ.ღ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მაძიებელი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4400 ლარის, ასევე პირგასამტეხლოს გადახდა 2000 ლარის ოდენობით.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხარეებმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.02.2021 წლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 880 ლარის გადახდა. სარჩელს უარი ეთქვა პირგასამტეხლოს სახით 7920 ლარის და სწავლის საფასურის დაკისრების ნაწილში. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 13.01.2015 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს (მაძიებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანსაც მოპასუხისათვის დიპლომისშემდგომი განათლების, რეზიდენტურის სრული კურსის დაფინანსება წარმოადგენდა, კერძოდ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება მოპასუხის რეზიდენტურის სრული კურსი დაეფინანსებინა, ხოლო მაძიებელმა იკისრა ვალდებულება დიპლომისშემდგომი განათლების წარმატებით დასრულებისა და შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შემდეგ, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა განეხორციელებინა ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, არანაკლებ სამი კალენდარული წლის განმავლობაში.
3.2. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მაძიებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისას, სამინისტროს უფლება ჰქონდა ხელშეკრულება შეეწყვიტა და მოპასუხისთვის დასაფინანსებლად გადახდილი თანხის ორმაგი ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება დაეკისრებინა. 4.3.1, 4.3.2 და 4.3.3 პუნქტების თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობას ადგილი ექნებოდა, მაძიებლის მიერ სწავლის თვითნებურად შეწყვეტის, სამინისტროს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტში დასაქმებაზე უარის თქმის და დასაქმების შემთხვევაში საქმიანობის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევებში.
3.3. სწავლის დაფინანსება ხდებოდა ეტაპობრივად, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად. ჯამურად მოპასუხის სწავლის დაფინანსებისათვის გაიცა 4400 ლარი.
3.4. მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა მესტიის მუნიციპალიტეტში უნდა განეხორციელებინა, რასაც მოპასუხე დათანხმდა. მოპასუხესა და შპს „მ.ს.ა.გ–ას“ შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება.
3.5. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, საკუთარი განცხადების საფუძველზე, შეწყვიტა სექიმო საქმიანობა, რაზეც სამინისტროს ინფორმაცია მიაწოდა სამედიცინო დაწესებულებამ.
3.6. სამინისტრომ მოპასუხეს წერილობით შეატყობინა მის მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევის შესახებ და განუმარტა თანმდევი სამართლებრივი შედეგები. ამავე შეტყობინებით, მოპასუხეს მიეცა ერთთვიანი ვადა დიპლომისშემდგომი განათლების დაფინანსებისათვის გაწეული ხარჯის - 4400 ლარისა და ვალდებულების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს - 8800 ლარის ასანაზღაურებლად, რაც მას არ გადაუხდია.
3.7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი განათლების მიღების ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულება გამორიცხავს მოპასუხისთვის 4400 ლარის დაკისრების ფაქტობრივსამართლებრივ საფუძველს. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 316-ე, 317-ე, 327-ე მუხლებზე, ასევე ამავე კოდექსის 50-ე, 52-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ნების განმარტება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარემოებები, ასევე, მხარეთა განმარტებები ერთ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიდეს და ობიექტური დამკვირვებლისთვის, განვითარებულ ფაქტებსა და გამოხატულ ნების განმარტებას შორის დადგენილი კანონზომიერება, მოულოდნელი/გაუგებარი არ იყოს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეების მიერ ორი დამოუკიდებელი ვალდებულება შეთანხმდა. პირველი იყო განათლების მიღება/მისი დაფინანსება, კურსის წარმატებით დასრულება და სახელმწიფო სერტიფიკატის აღება, ხოლო მეორე - ხელშეკრულების დანართ N1-ში განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, არანაკლებ სამი წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა. ის გარემოება, რომ მოპასუხემ წარმატებით დაასრულა რეზიდენტურის სასწავლო კურსი და სახელმწიფო სერტიფიკატიც აიღო, სადავო არ გამხდარა, შესაბამისად, ამ ნაწილში მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა, რაც სწავლის დაფინანსებისთვის გადახდილი თანხის - 4400 ლარის უკან დაბრუნების შესაძლებლობას გამორიცხავს. გარდა ამისა, მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულებით მისი სანქცირება მარტოოდენ პირგასამტეხლოთი იყო გათვალისწინებული და ხელშეკრულება არ შეიცავდა მის სასარგებლოდ გადახდილი სწავლის საფასურის უკან დაბრუნების ვალდებულებას, თუ წარგზავნის ადგილას მოპასუხე საექიმო საქმიანობის შესრულებაზე უარს განაცხადებდა.
3.8. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით არ დგინდება, მოპასუხის მიერ რეგიონში საექიმო საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმა უპირობოდ, პირადი შეხედულების, თუ ობიექტური გარემოებებით იყო გამოწვეული. უდავოა, რომ მოპასუხემ ქ. მესტიაში საექიმო საქმიანობის დაწყებიდან ერთ თვეში პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვა საქმიანობაზე. მოპასუხე ვალდებულების დარღვევას არ უარყოფდა, თუმცა, მიუთითებდა, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა სამინისტროს მიერ საკუთარი უფლებამოსილების არაჯეროვანი განხორციელების შედეგი იყო, კერძოდ, კლინიკასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით მას, როგორც ექიმს, თითქმის ასპროცენტიანი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, თუმცა საქმიანობის ჯეროვნად განხორციელებისთვის საჭირო პირობები (შესაბამისი საექიმო აღჭურვილობა) კლინიკაში არ არსებობდა. სააპელაციო პალატის განმარტებით, ყველა იმ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ პროგრამის დაფინანსება მხოლოდ რჩეული სტუდენტების ხვედრია და კონკურსის ფარგლებში შერჩეულ მაძიებელთაგან ერთ-ერთი სწორედ მოპასუხე იყო. მოპასუხემ იცოდა, რომ მის მიერ მიღებული განათლების რეალიზება ხელშეკრულების დანართ N1-ში განსაზღვრული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მოუწევდა, რასაც დაეთანხმა კიდეც. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებაც, რომ საექიმო საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რეზიდენტურის დასრულების შემდეგ, თავად ახალბედა ექიმის ინტერესებშია საექიმო საქმიანობის დაწყების შესაძლებლობის გამოყენება, რათა მან მიღებული ცოდნის პრაქტიკული რეალიზება შეძლოს და იმ საბოლოო მიზანს მიაღწიოს, რასაც ექიმის პროფესია ისახავს მიზნად. შესაბამისად, გონიერი ადამიანის გადმოსახედიდან, გაუგებარია, ობიექტური მიზეზების არარსებობის პირობებში, რატომ იტყოდა უარს მოპასუხე საექიმო საქმიანობის განხორციელებაზე და გარისკავდა მისთვის საკმაოდ სოლიდური პირგასამტეხლოს დაკისრებას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მეორე მხარე სახელმწიფოა, საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმისას მხოლოდ პირადი მოტივების არარსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთს სასამართლო მარტოოდენ მოპასუხეს ვერ დააკისრებს. იმ პირობებში, როდესაც წარმატებული რეზიდენტი უარს აცხადებდა საექიმო საქმიანობის განხორციელებაზე მესტიის მუნიციპალიტეტში, სამინისტროს უნდა გამოეყენებინა მისთვის ხელშეკრულებით მინიჭებული უფლება და საექიმო საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის მიზეზების მოკვლევა ჩაეტარებინა, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. სასამართლო ითვალისწინებს რა მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტს, მიიჩნევს, რომ მოპასუხე იყო ვალდებული, წარმოედგინა მტკიცებულება, თუ რა პირობებში უწევდა საექიმო საქმიანობა, ამგვარი მტკიცებულების არარსებობა კი მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას სრულად არ გამორიცხავს, ხოლო რაც შეეხება მის ოდენობას, იგი შესაფასებელია სამინისტროს შემხვედრი პასუხისმგებლობის მხედველობაში მიღებით.
3.9. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 420-ე მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს არა უბრალოდ მაღალი, არამედ მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება განათლების მიღების, რეზიდენტურის წარმატებით დასრულებისა და სახელმწიფო დიპლომის აღების თაობაზე ჯეროვნად შეასრულა, იგი სამინისტროს პირველივე შეთავაზებას დათანხმდა და მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დამოუკიდებელი საქმიანობის განხორციელება დაიწყო, ამასთან, ვინაიდან ხელშეკრულების ძლიერი მხარის - სახელმწიფოს მიერ ვერ დადასტურდა მოპასუხის აშკარა, ბრალეული ქმედების არსებობა, პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და იგი მხოლოდ მოვალის დასჯას ისახავს მიზნად, რაც გაუმართლებელია. პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოს ორმაგი ოდენობით (8 800 ლარი) დაკისრების საფუძვლები და მისი ოდენობა, კეთილსინდისიერებისა და მხარეთა უფლებების თანაბარზომიერი დაცვის ვალდებულების გათვალისწინებით უნდა განსაზღვრულიყო 880 ლარით.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სწავლის საფასურის დაკისრებაზე უარის თქმის და პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება.
9. 13.01.2015 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს (მაძიებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანსაც მოპასუხისათვის დიპლომისშემდგომი განათლების, რეზიდენტურის სრული კურსის დაფინანსება წარმოადგენდა. სამინისტრომ აიღო ვალდებულება მოპასუხის რეზიდენტურის სრული კურსი დაეფინანსებინა, ხოლო მაძიებელმა იკისრა ვალდებულება დიპლომისშემდგომი განათლების წარმატებით დასრულებისა და შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შემდეგ, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა განეხორციელებინა ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ სამი კალენდარული წლის განმავლობაში. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მაძიებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისას, სამინისტროს უფლება ჰქონდა ხელშეკრულება შეეწყვიტა და მოპასუხისთვის დასაფინანსებლად გადახდილი თანხის ორმაგი ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა მოეთხოვა. 4.3.1, 4.3.2 და 4.3.3 პუნქტების თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობას ადგილი ექნებოდა, მაძიებლის მიერ სწავლის თვითნებურად შეწყვეტის ან დიპლომისშემდგომი განათლების /რეზიდენტურის პროგრამიდან გარიცხვის, სამინისტროს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტში დასაქმებაზე უარის თქმისა და დასაქმების შემთხვევაში საქმიანობის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევებში. ანუ საუბარია, ერთი მხრივ, განათლების მიღების ვალდებულებაზე და, მეორე მხრივ, კონკრეტულ პერიოდში განსაზღვრულ მუნიციპალიტეტში დასაქმების ვალდებულებაზე.
10. სსკ-ის 52-ე მუხლი ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს, კერძოდ: ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ნების გონივრული განსჯა” ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე (სუსგ Nას-894-2021, 23.12.2021წ., პ.58). გათვალისწინებით იმისა, რომ მოპასუხემ კურსი წარმატებით დაასრულა და სახელმწიფო სერტიფიკატი მიიღო, განათლების მიღების ვალდებულება ჯეროვნადაა შესრულებული. შესაბამისად, არ არსებობს მისთვის სწავლის დაფინანსებაზე დახარჯული თანხის (4400 ლარის) დაკისრების საფუძველი.
11. რაც შეეხება მეორე ვალდებულებას - განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასაქმება არანაკლებ სამი წლის განმავლობაში, მან ვადის ამოწურვამდე პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვა საქმიანობის განხორციელებაზე, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველია. მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულებით მისი სანქცირება მარტოოდენ პირგასამტეხლოთი იყო გათვალისწინებული და ხელშეკრულება არ შეიცავდა მის სასარგებლოდ გადახდილი სწავლის საფასურის უკან დაბრუნების ვალდებულებას, თუ წარგზავნის ადგილას მოპასუხე საექიმო საქმიანობის შესრულებაზე უარს განაცხადებდა.
12. სწავლის საფასურის დაკისრება ვერ მოხდება ვერც 13.01.2015 წლის ხელშეკრულების 4.5. პუნქტის (სამინისტროსა და მაძიებელს შორის ხელშეკრულების ურთიერთშეთანხმებით შეწყვეტის შემთხვევაში, მაძიებელმა უნდა აანაზღაუროს მის დასაფინანსებლად სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯი) საფუძველზე. იმ პირობებში, როცა სწავლის ვალდებულება შესრულებულია ჯეროვნად, დარღვეულია განსაზღვრული დროით დასაქმების ვალდებულება და სამინისტროს ხელშეკრულებით განსაზღვრული აქვს მაძიებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, ხელშეკრულების ამ დათქმის სხვაგვარი გაგება ეწინააღმდეგება მხარეთა კეთილსინდისიერებისა (სსკ-ის მუხლი 8.3 - სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი) და სამართლიანობის (სსკ-ის მუხლი 325.1 - თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე) პრინციპებს.
13. განათლების მიღება პირის პიროვნული განვითრებისა და თვითგამორკვევის უფლების შემადგენელი ნაწილია, რაშიც მოპასუხეს 13.01.2015 წლის ხელშეკრულების ფარგლებში დაეხმარა სახელმწიფო. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო საჩივარში მოცემული მსჯელობა, რომ არსებობს სსკ-ის 352-ე მუხლის (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება)) საფუძველზე ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული შესრულებისა და სარგებლის რესტიტუციის წინაპირობა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვერ მოხდება განათლების დაფინანსებისათვის გადახდილი თანხის უპირობოდ უკან დაბრუნება.
14. მოსარჩელის მიერ ანაზღაურებული სწავლის საფასური ასევე ვერ შეფასდება მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით მისთვის მიყენებულ ზიანად. შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი ვერ დაკმაყოფილდება ვერც სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების საფუძველზე.
15. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია საკასაციო პრეტენზია სწავლის საფასურის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.
16. რაც შეეხება დაკისრებული პირგასამტეხლოს (სსკ-ის 417-ე მუხლით - პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.; №ას-1056-2021, 17.12.2021წ.). სსკ-ის 420 მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) საფუძველზე მისი შემცირების მართებულობის საკითხზე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).
17. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას მასზე, რომ, იმ პირობებში, როდესაც წარმატებული რეზიდენტი უარს აცხადებდა საექიმო საქმიანობაზე მესტიის მუნიციპალიტეტში, სამინისტროს უნდა გამოეყენებინა მისთვის ხელშეკრულებით მინიჭებული უფლება და საექიმო საქმიანობაზე უარის თქმის მიზეზების მოკვლევა ჩაეტარებინა, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. სასამართლო ითვალისწინებს რა მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტს, მიიჩნევს, რომ მოპასუხე იყო ვალდებული, წარმოედგინა მტკიცებულება, თუ რა პირობებში უწევდა საექიმო საქმიანობა, ამგვარი მტკიცებულების არარსებობა კი მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას სრულად არ გამორიცხავს, ხოლო რაც შეეხება მის ოდენობას, იგი შესაფასებელია სამინისტროს შემხვედრი პასუხისმგებლობის მხედველობაში მიღებით.
18. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ). საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე და მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად შეამცირა სწავლის საფასურის ორმაგი ოდენობით განსაზღვრული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი (იხ. მსგავს სასამართლო დავაზე პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობის თაობაზე სუსგ Nას-1642-2022, 16.03.2023წ). კრედიტორის და მოვალის მტკიცების ფარგლების, მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებებისადმი დამოკიდებულების და ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ადეკვატური და გონივრულია. შესაბამისად, ასევე დაუსაბუთებელია საკასაციო პრეტენზია პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
20. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (იხ. სუსგ Nას-1268-2022, 15.11.2022წ., Nას-1642-2022, 16.03.2023წ). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
თეა ძიმისტარაშვილი