საქმე №ას-476-2023 8 ივნისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.კ.უ–ფა” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ხ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლება, მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.03.2022 წლის გადაწყვეტილებით შპს „ა.ხ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მიმწოდებელი“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელე გათავისუფლდა შპს „ს.კ.უ–ფის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შემსყიდველი“, „კასატორი“) სასარგებლოდ 12.02.2020 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დარიცხული პირგასამტეხლოდან 27 230 ლარიდან ნაწილის - 21 784 ლარის გადახდისაგან. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 21 784 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. 12.02.2020 წელს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N1202/01, საქონლის (ძროხის) დარბილებული ხორცის შესყიდვის თაობაზე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული CON200000019 სატენდერო დოკუმენტაციით, დანართით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული პირობებითა და ფასით. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საორიენტაციო ღირებულება შეადგენდა 2 723 000 ლარს.
1.2. ხელშეკრულების დანართი N1-ის მიხედვით, მისაწოდებელი საქონლის ტექნიკური აღწერილობაა: „ხორცი უნდა იყოს ძროხის, ახალი, გაციებული, ძვალგამოცლილი, ორგანოლეპტიკურად (ფერი-ვარდისფერი, მოწითალო, სუნი -დამახასიათებელი ა.ხ–ისათვის, კონსისტენცია და სხვა) დამაკმაყოფილებელი. სისხლისგან დაწრეტილი, მშრალი, სისხლძარღვების გარეშე, დრეკადი და ელასტიური (თითის დაჭერით ხორცზე უნდა წარმოიშვას ღრმული, რომელიც სისხლით არ უნდა აივსოს და მყისიერად უნდა გასწორდეს), ხორცის ახალი განაჭერი - სველი, მაგრამ არა წებვადი. არ უნდა შეიცავდეს ძარღვებს, ნეკნებშორის ამონაჭრებს, ხრტილებს, ქონს, ანათლებს...“.
1.3. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის შეუფერხებლად მიწოდებას, იგი იძლევს გარანტიას, რომ საქონელი შეესაბამებოდა ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მიწოდებული იქნება სათანადო მდგომარეობაში, შეფუთვა არ იქნებოდა დაზიანებული, ხოლო წარწერები საქონელსა და ეტიკეტზე იქნება კითხვადი.
1.4. 15.07.2020 წლის მიღება-ჩაბარების აქტით მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2020 წლის 26 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით მიმწოდებელმა შემსყიდველს გადასცა 244 127.14 ლარის ღირებულების საქონელი.
1.5. 17.02.2020 წელს მიწოდებულ პროდუქტზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარების მიზნით შემსყიდველის მოთხოვნით მოხდა ორი ნიმუშის აღება, მცხეთის სასადილოდან (ა.ხ–ი საქონლის უძვლო N1 და ა.ხ–ი საქონლის უძვლო N2). აღებული ნიმუშების კვლევის საფუძველზე, შედგენილია ოთხი გამოცდის ოქმი, ერთ-ერთი ოქმის თანახმად, კერძოდ, ოქმი N302-224, შპს „ნორმა“, პროდუქტი: ა.ხ–ი საქონლის უძვლო N1, (2.350კგ (დამზადების თარიღი 16.02.2020, ანალიზის ჩატარების თარიღის დაწყება 17.02.2020, დამთავრება 26.02.2020) პროდუქტის წარმოდგენილი ნიმუში ერთიან მასაში შეიცავდა ნეკნთაშორის ქსოვილს.
1.6. 15.05.2020 წელს მიმწოდებელმა შემსყიდველისგან მიიღო შეტყობინება, რომლითაც ეცნობა, რომ პროდუქტის შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, მას დაეკისრა პირგასამტეხლო 27 230 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.7. პუნქტის შესაბამისად. პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლად მითითებულია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, კერძოდ, ა.ხ–ი საქონლის უძვლო N1 დამზადების თარიღი: 16.02.2020, არ შეესაბამება ტექნიკური სპეციფიკაციის მოთხოვნებს, შეიცავდა ერთიან მასაში ნეკნებშორის ქსოვილს.
1.7. მოსარჩელე არ დაეთანხმა მისთვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს და აპელირებდა შემდეგ გარემოებაზე: იმისთვის, რომ მოსარჩელეს პირგასამტეხლო დაეკისროს, კვლევის ობიექტის ნებისმიერი პარამეტრი/მონაცემი არ უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, სტანდარტებს, ან/და ხელშეკრულებას. როგორც მოპასუხის წერილიდან ირკვევა, N301ნ ბრძანებით და ხელშეკრულებით განსაზღვრულია ტექნიკური სპეფიციკაციის მოთხოვნები, რომლის თანახმად, კვლევის ობიექტი არ უნდა შეიცავდეს ძარღვებს, ნეკნებშორის ამონაჭრებს, ხრტილებს, ქონს ან ანათლებს. მიწოდებული პროდუქტი, ა.ხ–ი საქონლის უძვლო N1, როგორც გამოცდის ოქმშია აღნიშნული, შეიცავდა ერთიან მასაში ნეკნთაშორის ქსოვილს. თუმცა, მოპასუხის დასკვნა, რომ მიწოდებული პროდუქტი არ შეესაბამება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, სტანდარტებს, ან/და წინამდებარე ხელშეკრულებას, არ არის დასაბუთებული.
1.8. 16.07.2020 წელს მოპასუხემ მოსარჩელეს ჩაურიცხა 216 897.14 ლარი, ხოლო გადასახდელი 27 230 ლარი გაქვითა პირგასამტეხლოს ანგარიშში.
1.9. ხელშეკრულების 10.7. პუნქტის მიხედვით, „უარყოფითი ლაბორატორიული დასკვნის (უარყოფითად ჩაითვლება ლაბორატორიული დასკვნა, სადაც კვლევის ობიექტის (პროდუქტის) ნებისმიერი პარამეტრი/მონაცემი არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, სტანდარტებს, ან/და წინამდებარე ხელშეკრულებას) წარმოდგენის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით“.
1.10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული ა.ხ–ი, საქონლის უძვლო N1 (2.350კგ) დამზადების თარიღი: 16.02.2020, არ შეესაბამებოდა შემსყიდველის ტექნიკური სპეციფიკაციის მოთხოვნებს, შეიცავდა ერთიან მასაში ნეკნებშორის ქსოვილს. სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი გამოკვლევის ოქმიდან (N302-59-224) ცალსახად დასტურდება, რომ ხორცი ერთიან მასაში შეიცავდა ნეკნებშორის ქსოვილს, რაც არ შეესაბამება ხელშეკრულების ტექნიკური სპეციფიკაციის მოთხოვნებს, რომლის მიხედვით, ხორცი არ უნდა შეიცავდეს ძარღვებს, ნეკნებშორის ამონაჭრებს, ხრტილებს, ქონს ან ანათლებს. ამდენად, მოსარჩელის მიერ მიწოდებული ხორცის ლაბორატორული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კონკრეტული მონაცემი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ლაბორატორიული დასკვნა უარყოფითია.
1.11. პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 317-ე, 327-ე, 316-ე, 361-ე, 477-ე, 442-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით და განმარტა, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მიწოდებული საქონელი შესაბამოსობაში უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც მოპასუხის მიერ დარღვეულია. შესაბამისად, არსებობს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები.
1.12. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონმდებელი განსაზღვრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლოს განმარტებით, შეუსაბამოდ მაღალია პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც განსაზღვრულია ხელშეკრულების სრული ღირებულებიდან. ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ვალდებულების დარღვევის ხასიათი, აქედან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევის გამო შემსყიდველისათვის მოსალოდნელი ზიანის ოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით დარიცხული პირგასამტეხლო 27 230 ლარი შემცირებულიყო 5-ჯერ და მისი ოდენობა განსაზღვრულიყო 5446 ლარით.
1.13. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 442.1 მუხლზე და აღნიშნა, რაკი მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან შემსყიდველს მიმწოდებლისათვის არა აქვს გადახდილი 27 230 ლარი, ხოლო მიმწოდებელს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ეკისრება შემსყიდველის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 5446 ლარის გადახდა, მოთხოვნები უნდა გაიქვითოს და სხვაობა - 21784 ლარი, უნდა დაეკისროს მოპასუხეს ნასყიდობის ღირებულების გადაუხდელი ნაწილის ასანაზღაურებლად.
2. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი და შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების, მისი გონივრულ ოდენობამდე შემცირების და შესაბამისად - მოპასუხისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულების გადაუხდელი ნაწილის დაკისრების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ პირგასმატეხლოს შემცირების საფუძვლიანობასთან მიმართებაში დამატებით განმარტა, რომ თუ გავითვალისწინებთ ხორცის იმ პარტიის მთლიან მოცულობას (49.95 კგ - ხელშეკრულების საერთო მოცულობის 0.04%), რომლის მხოლოდ მცირე ნაწილში (2.350 კგ-ში) აღმოჩნდა საქონლის ტექნიკური სპეციფიკაციის მოთხოვნებთან შეუსაბამო ე.წ. „ნეკნებშორისი ქსოვილი“, ნათელია, რომ შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ შემსყიდველმა მიწოდებული საქონელი გამოიყენა (რაიმე სახის ზიანის ან ზიანის საფრთხის არსებობაზე შემსყიდველს არ მიუთითებია), რაც კიდევ უფრო ცხადს ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სსკ-ის 420-ე მუხლზე დაყრდნობით პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერებას.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. სსკ-ის 477-ე მუხლის (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) საფუძველზე მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ გააჩნია ნასყიდობის ფასის გადაუხდელი ნაწილის მოთხოვნის უფლება. ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის მოსარჩელის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი (მიწოდებული საქონლის ნაწილი იყო ნაკლიანი და არ შესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს), რაც მოპასუხეს სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით წარმოუშობს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. სადავო არ არის, რომ როგორც მიმწოდებლის, ასევე შემსყიდველის მოთხოვნების ვადა დამდგარია, შესაბამისად, არსებობს სსკ-ის 442.1 (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) მუხლით გათვალისწინებული ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძველი.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულია შემსყიდველის მიერ და შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავოა მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობა. კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1 %-ის ოდენობით განსაზღვრული პირგასამტეხლო - 27 230 ლარი, უსაფუძვლოდ შეამცირა ხუთჯერ და განსაზღვრა 5446 ლარით.
10. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვის პროცესში ბალანსი, თანაზომიერება დასაცავია, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების (შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების) გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).
12. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
13. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.).
14. კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.). ამდენად, რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).
15. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ნაწილის არაჯეროვნად შესრულებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. სუსგ №ას-164-160-2016, 28.07.2016წ., სუსგ ას-971-2019, 28.10.2019წ.; სუსგ №ას-603-2021, 14.12.2021წ.). განსახილველ შემთხვევაში თუ გავითვალისწინებთ ხორცის იმ პარტიის მთლიან მოცულობას (49.95 კგ - ხელშეკრულების საერთო მოცულობის 0.04%), რომლის მხოლოდ მცირე ნაწილში (2.350 კგ-ში) აღმოჩნდა საქონლის ტექნიკური სპეციფიკაციის მოთხოვნებთან შეუსაბამო ე.წ. „ნეკნებშორისი ქსოვილი“, ნათელია, რომ შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე და მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად შეამცირა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშებული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლომ კრედიტორის და მოვალის მტკიცების ფარგლების, არაჯეროვანი შესრულების და ამით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით პირგასამტეხლო განსაზღვრა გონივრული და სამართლიანი ოდენობით და აღნიშნულის გათვალისწინებით დააკისრა მოპასუხეს ნასყიდობის ფასის ნაწილის ანაზღაურება.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 1089.20 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 762.44 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.კ.უ–ფის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ს.კ.უ–ფას” (ს/ნ: ....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1089.20 ლარის (საგადასახადო დავალება #1680770783, გადახდის თარიღი 06.04.2023წ.) 70% – 762.44 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია