Facebook Twitter

საქმე №ას-484-2023 16 მაისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „გ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.უ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.02.2023 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.03.2022 წლის გადაწყვეტილებით ნ.უ–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ბ.გ–იას“ (ამჟამად შპს „გ–ია“) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კერძო საჩივრის ავტორი“) 08.05.2020 წლის N GGBM-000314 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 08.05.2020 წლიდან 17.12.2020 წლამდე (8 თვე და 7 სამუშაო დღე), ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით. სარჩელი, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის 17.12.2020 წლიდან მის აღდგენამდე პერიოდისათვის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

2. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.02.2023 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.03.2022 გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 372-ე, 387-ე, 229-ე მუხლებით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიუთითა: იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით და მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოსთვის უცნობია, უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა და მოპასუხის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.02.2023 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 13.02.2023 წლის სხდომაზე კომპანიის წარმომადგენლების, მარიამ გრძელიშვილისა და ლ.ხ–ის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მარიამ გრძელიშვილი 06 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით იმყოფებოდა მივლინებაში, ხოლო ლ.ხ–ი 13 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით იყო ავად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია აპელანტის გამოუცხადებლობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი.

8. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

9. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას.

10. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (სუსგ №ას-1668-2019, 28.02.2020წ; №ას-1380-2019, 24.12.2019წ.). მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

12. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

13. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში 13.02.2023 წელს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 27.01.2023 წელს (იხ. შეტყობინება გზავნილის ჩაბარების თაობაზე, ს.ფ. 176).

14. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება, შეუძლია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალის გარდა მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში/კერძო საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ №ას-1410-1330-2017, 30.01.2018წ.).

15. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

16. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა:

1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. სასამართლომ რომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა (სუსგ Nას-780-780-2018, 22.10.2019წ.).

17. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ კომპანიის წარმომადგენელი ლ.ხ–ი 13 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით იყო ავად და სხდომაზე ვერ გამოცხადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, აღნიშნულის დასტურად წარმოდგენილია სს „დ.ს.კ ი–ოს“ ოჯახის ექიმის ცნობა მასზე, რომ ლ.ხ–ი არის ავად და ესაჭიროება მკურნალობა ბინაზე 13.02.2023 წლიდან 15.02.2023 წლის ჩათვლით (ს.ფ. 223). ცნობა არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას პაციენტის ჩივილების, ჩატარებული თუ ჩასატარებელი მკურნალობის ან სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციების შესახებ. მით უფრო, მასში არ არის აღნიშნული წოლითი რეჟიმის საჭიროების და პაციენტისთვის გადაადგილების აკრძალვის თაობაზე. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული სამედიცინო ცნობით ვერ დასტურდება სხდომაზე წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი - ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რაც შეუძლებელს ხდიდა მის გამოცხადებას სასამართლო პროცესზე ან/და სასამართლოს ინფორმირებას გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ (შდრ. სუსგ-ებები: Nას-1510-2022, 31.03.2023წ.; Nას-783-2020, 2.07.2021წ.; Nას-623-2020, 11.11.2020წ.).

18. განჩინების გაუქმების საფუძვლედ ვერ შეფასდება 09.02.2023 წლიდან 15.02.2023 წლის ჩათვლით მოპასუხის ერთ-ერთი იურისტის, მარიამ გრძელიშვილის მივლინება (ს.ფ.212). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა, რომ ამა თუ იმ თანამშრომლის მივლინებაში ან შვებულებაში ყოფნამ/ავადმყოფობამ არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება. სათანადო მენეჯმენტის არქონა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან (სუსგ Nას-152-148-2016, 03.06.2016 წ.; სუსგ Nას-780-780-2018, 22.10.2019წ., სუსგ Nას-274-2021, 07.07.2021წ.).

19. იურიდიულ პირს შესაძლებლობა აქვს უზრუნველყოს სასამართლო პროცესზე სხვა წარმომადგენლის (თანამშრომლის) გამოცხადება. მოპასუხეს სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია, რატომ არ ჰქონდა შესაძლებლობა უზრუნველეყო გამოცხადება სასამართლო სხდომაზე სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული ორი წარმომადგენლის გარდა 13.02.2023 წლისათვის მოპასუხის წარმომადგენლობის უფლებამოსილება ჰქონდა სხვა პირებსაც (ს.ფ. 202).

20. მოპასუხე ასევე ვერ უთითებს, რატომ ვერ მოახერხა სასამართლოს ინფორმირება წარმომადგენლების სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხეს უნდა დაესაბუთებინა, რატომ იყო შეუძლებელი პროცესზე გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოს ინფორმირება, თუმცა მოპასუხემ აღნიშნული ტვირთი სათანადოდ ვერ გასწია, რაც გამორიცხავს აპელანტის გამოუცხადებლობის საფუძვლით მიღებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ–იას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.02.2023 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია