Facebook Twitter

საქმე №ას-655-2020 27 ივლისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

თარჯიმანი - თ.ც–ი

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ხ–ნი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.შ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.შ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ხ–ნი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.03.2020 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა (ძირითად სარჩელში), საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა (შეგებებულ სარჩელში)

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.02.2019 წლის გადაწყვეტილებით ა.ხ–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი ს.შ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე (მდებარე - ქ. თბილისი, ......., ს/კ: ........, შენობა №1, მე-2 სართული: 36.24 კვ.მ ფართი, 76.41 კვ.მ სხვენი და 8.26 კვ.მ საზაფხულო ფართი) მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნასთან მიმართებით არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ........ №36-ში (ს/კ: ........) მდებარე საცხოვრებელ სახლში მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის, კერძოდ, მე-2 სართულზე განლაგებული 37.24 კვ.მ ფართის მქონე საცხოვრებელი და დამხმარე ოთახების, მანსარდის სართულზე განლაგებული 82.53 კვ.მ ფართისა და 5.08 კვ.მ სარდაფის მესაკუთრედ, მოსარჩელისთვის 31 403.7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (83 658 ლარი) გადახდის სანაცვლოდ. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.03.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, ხოლო მოპასუხემ - შეგებებული საკასაციო საჩივარი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

4. 27.07.2023 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

6. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.; №ას-714-2019, 14.06.2022წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.

7. მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ.: თამთა მამაიაშვილი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.18, 25).

8. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.

9. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. შესაბამისად, არ არსებობს მათთვის სახელმწიფო ბაჟის სსსკ-ის 49-ე მუხლის საფუძველზე დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება, ერთის მხრივ, ა.ხ–ნსა (საკასაციო საჩივრის ავტორი/მოსარჩელე/შეგებებული სარჩელით მოპასუხე) და, მეორეს მხრივ, ს.შ–ს (შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი/მოპასუხე/შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) შორის, შემდეგი პირობებით:

1) მხარეები ადასტურებენ, რომ ს.შ–ი წარმოადგენს ქალაქ თბილისში, ........ მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი .......) ფარგლებში N1 შენობა-ნაგებობაში ა.ხ–ნის საკუთრებად რეგისტრირებული სხვენის - საერთო ფართი 85.02 კვ.მ. (მათ შორის, საზაფხულო ფართი 8.61 კვ.მ.) და II სართულზე რეგისტრირებულ 109.76 კვ.მ. ფართში შემავალი 36.24 კვ.მ. ფართის მოსარგებლეს, რომელთა მფლობელობის უფლება მას წარმოშობილი აქვს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2) მხარეები შეთანხმდნენ, რომ ს.შ–ს ა.ხ–ნისთვის 52000 (ორმოცდათორმეტი ათასი) აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაეცეს ქალაქ თბილისში, ....... მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ........) ფარგლებში N1 შენობა-ნაგებობის II სართულზე ა.ხ–ნის საკუთრებად რეგისტრირებულ 109.76 კვ.მ. ფართში შემავალი 36.24 კვ.მ. ფართი და სხვენის სახით რეგისტრირებული 85.02 კვ.მ. ფართი (მათ შორის, საზაფხულო ფართი 8.61 კვ.მ.).

3) მხარეები ადასტურებენ, რომ მორიგების აქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხა მოიცავს ს.შ–ის მიერ ა.ხ–ნის სასარგებლოდ საქართველოს საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე დეპონირებულ თანხას, რაც 31304.70 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენს და რომლის დეპონირება განხორციელებულია ვალუტებს შორის გაცვლითი კურსის მიხედვით, 83658 ლარის ოდენობით. ს.შ–ი თანახმაა, რომ აღნიშნული თანხა (83658 ლარი), ამ მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების საფუძველზე, საქართველოს საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშიდან გადაირიცხოს ა.ხ–ნის საბანკო ანგარიშზე, რომლის რეკვიზიტები მოცემულია ამ მორიგების აქტის მე-4 პუნქტში. შესაბამისად, წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში ს.შ–ის მიერ ა.ხ–ნისთვის გადასახდელი თანხის დარჩენილი ოდენობა 20695.30 აშშ დოლარს შეადგენს, რომლის ანგარიშსწორების ვადა განისაზღვრება 21 (ოცდაერთი) დღით, მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინების ძალაში შესვლის მომენტიდან.

4) მხარეები შეთანხმდნენ, რომ მორიგების აქტის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ა.ხ–ნის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშზე, რომლის რეკვიზიტებია: GE65TB7108745064300031 ან ნაღდი ანგარიშსწორებით, რა შემთხვევაშიც მხარეები ვალდებულნი არიან თანხის ანგარიშსწორების ფაქტის დასადასტურებლად გააფორმონ წერილობითი და სანოტარო წესით დამოწმებული აქტი.

5) მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტით პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით შეთანხმებული პირობების საფუძველზე ს.შ–ი ცნობილ იქნას ქალაქ თბილისში, ...... მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი .......) ფარგლებში N1 შენობა-ნაგებობის II სართულზე ა.ხ–ნის საკუთრებად რეგისტრირებულ 109.76 კვ.მ. ფართში შემავალი 36.24 კვ.მ. ფართის და სხვენის სახით რეგისტრირებული 85.02 კვ.მ. ფართის (მათ შორის, საზაფხულო ფართი 8.61 კვ.მ.) მესაკუთრედ. შესაბამისად, წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება და ამ მორიგების აქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის სრულად გადახდა წარმოადგენს ქალაქ თბილისში, ...... მდებარე უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი .......) შემადგენელი N1 შენობა-ნაგებობის II სართულზე ა.ხ–ნის საკუთრებად რეგისტრირებულ 109.76 კვ.მ. ფართში შემავალ 36.24 კვ.მ. ფართზე და სხვენის სახით რეგისტრირებულ 85.02 კვ.მ. ფართზე (მათ შორის, საზაფხულო ფართი 8.61 კვ.მ.) ს.შ–ის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უპირობო საფუძველს (უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს). საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში საკმარისია წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლო განჩინებისა და მორიგების აქტის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ანგარიშსწორების დამადასტურებელი, მორიგების აქტის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტის (უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში - საბანკო ტრანზაქციის ამსახველი დოკუმენტი, ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში - სანოტარო აქტი) წარდგენა.

6) მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლო განჩინების აღსრულებამდე საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

7) მორიგების აქტით გათვალისწინებული რომელიმე პირობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მხარე, რომლის სასარგებლოდაც უნდა შესრულდეს შესაბამისი პირობა, უფლებამოსილია მოითხოვოს სააღსრულებო ფურცლის გაცემა და ამ უკანასკნელის საფუძველზე იძულებითი სააღსრულებო პროცედურების განხორციელება. შესაბამისად, ამ ვალდებულების შესრულებაზე დამოკიდებული საპასუხო პირობა, რომელიც გათვალისწინებულია მორიგების აქტით, შესრულდება (აღსრულდება) მხოლოდ სანაცვლო (შეუსრულებელი) ვალდებულების შესრულებისთანავე.

2. გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

3. შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-655-2020.

4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

რევაზ ნადარაია