Facebook Twitter

საქმე №ას-832-2021 13 დეკემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ჭ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.გ–ია (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.გ–ია (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჭ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.05.2021 წლის გადაწყვეტილება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – I საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, II საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ი.გ–იამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, „შემკვეთი“ ან „მეორე კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ჭ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, „მენარდე“ ან „პირველი კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 7200 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 20.09.2018 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საირმის გორაზე საცხოვრებელ სახლში მეტალის ჭედური მოაჯირის ესკიზის საფუძველზე დამზადება, რომლის მოცულობა შეადგენს 90 კვ.მ-ს. ხელშეკრულების საფასური - 18000 აშშ დოლარს. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან სამი თვე - 21.12.2018 წლამდე.

2.2. მოპასუხეს ავანსად ჩაერიცხა 7200 აშშ დოლარი. სამუშაოები დღემდე არ დასრულებულა. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ გაწეული სამუშაოები არ შეესაბამება მხარეთა შორის შეთანხმებულ ესკიზს. მოპასუხე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და თავს არიდებს კომუნიკაციას. მოსარჩელე ითხოვს თანხის დაბრუნებას.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა დათქმულ ვადაში. მხარეები მოაჯირის ესკიზთან დაკავშირებით არ შეთანხმებულან, შესაბამისად, მითითება, რომ, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გაწეული სამუშაოები არ შეესაბამება მხარეებს შორის შეთანხმებულ ესკიზს, არ შეესაბამება სინამდვილეს.

3.2. მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულება დაიდო 20.09.2018 წელს და დასრულდა სამი თვის ვადაში, 20.12.2018 წელს. მოსარჩელემ სასამართლოს 24.03.2020 წელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 655-ე მუხლით დადგენილი, ხანდაზმულობის ვადის დარღვევით მიმართა.

4. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა შეგებებული სარჩელით მოპასუხისთვის, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ, 10800 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

5. შეგებებული სარჩელის საფუძვლები:

შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ 20.09.2018 წლის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შეგებებული სარჩელით მოპასუხეს თანხა სრულად არ გადაუხდია და თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას.

6. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია:

შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ სამუშაო შეასრულა არაჯეროვნად, რაც დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.10.2020 წლის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

7.2. 20.09.2018 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, საირმის გორაზე, კერძო საკუთრებაში არსებულ საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაემზადებინა მეტალის ჭედური მოაჯირები ესკიზის საფუძველზე. ნაკეთობის მოცულობა შეადგენდა 90 კვ.მ-ს.

7.3. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგნის საფასური 18000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარია. შემსრულებელს დამკვეთი გადაუხდის სამუშაოების საფასურს შეთანხმების საფუძველზე სამ ეტაპად: 1. შემსრულებელს შეთანხმებული თანხის 20% ჩაერიცხება ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში; 2. 40% - მინიმუმ 15 კვ.მ მოაჯირის დამონტაჟების შემდეგ; 3. დარჩენილი 40% - სამუშაოების დასრულების შემდგომ.

7.4. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, ნაკეთობა შემკვეთს უნდა ჩაჰბარდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში. ხელშეკრულება კი ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე.

7.5. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ჯამურად ავანსის სახით გადაუხადა 7200 აშშ დოლარი.

7.6. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ შემსრულებელმა უნდა დაამზადოს მეტალის ჭედური მოაჯირები ესკიზის საფუძველზე. ტერმინი „ესკიზი“ გულისხმობს არქიტექტურული პროექტის ან რაიმე დეტალის ხელით შესრულებულ ნახაზს, რომელშიც მოცემულია მის დასამზადებლად აუცილებელი ინფორმაცია. შესაბამისად, როცა მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტულ ესკიზზე, ლოგიკურია, გაეთვალისწინებინათ აღნიშნულის გრაფიკული გამოსახულება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს აწერს მოპასუხე მხარეც, მხარეთა ხელმოწერების შემდეგ მსგავსი გრაფიკული ნახაზი მოცემულია. ხელშეკრულებაზე ხელმოწერების ნამდვილობასა და ხელშეკრულების შინაარსს მოპასუხე სადავოდ არ ხდის. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ შესრულებული ნაკეთობა არ შეესაბამება ხელშეკრულებაში მოცემულ ესკიზს. მოპასუხე სადავოდ ხდის როგორც ხელშეკრულებაში მოცემული ესკიზის ნამდვილობას, ასევე - აღნიშნული ესკიზის საფუძველზე შედგენილ ექსპერტიზის დასკვნასაც და მიუთითებს, რომ ხელშეკრულებაში ჩანახატი ხელმოწერის შემდეგ არის შესრულებული, ამასთან, გაურკვეველია, როდის და ვის მიერ შესრულდა. თუმცა, მოპასუხეს რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც ის შეძლებდა მოსარჩელის პოზიციის გაბათილებასა და საკუთარის დადასტურებას, სასამართლოსათვის არ წარუდგენია. რაც შეეხება ფაქტების კონსტანტაციის შესახებ ოქმს, მითითებულ დოკუმენტში, რომელიც შექმნილია პროგრამა „ვაიბერში“ არსებული მიმოწერის საფუძველზე, მოცემულია რკინის მოაჯირის რამდენიმე ვარიანტი. შესაბამისად, თუ მხარეები ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგაც მართავდნენ მოლაპარაკებას ესკიზთან დაკავშირებით, აღნიშნული მტკიცებულებით არ დასტურდება, თუ რომელ ვარიანტზე შეთანხმდნენ მხარეები და, ზოგადად, შეიცვალა თუ არა შეთანხმებული ესკიზი ახლით. ამდენად, სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ ვერ შეძლო მტკიცების მისთვის დაკისრებული ტვირთის სრულყოფილად განხორციელება, ვერ წარმოადგინა კვალიფიციური შედავება, რის გამოც სასამართლომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება - 20.09.2018 წლის ხელშეკრულებაში მოცემული ესკიზის მხარეთა შორის შეთანხმების საგნად მიჩნევასთან დაკავშირებით, დადასტურებულად მიიჩნია.

7.7. მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხის მიერ გაწეული სამუშაო არ შეესაბამება მხარეებს შორის შეთანხმებულ ესკიზს. წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ნაკეთობა ხელშეკრულებაში მითითებულ ესკიზთან შეუსაბამოა. მოსარჩელის მითითებით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ არც შეცვალა და არც გამოასწორა მითითებული ნაკლი. შესაბამისად, მოსარჩელემ დაკარგა შესრულების მიმართ ინტერესი, რის გამოც უარს ამბობს ხელშეკრულებაზე და ითხოვს ხელშეკრულების შესრულების მიზნით გაცემულის (ავანსის) დაბრუნებას. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 327.1, 361.2, 629.1, 639-ე, 641-ე, 644-ე, 352-ე, 405-ე მუხლებით და მიუთითა, შემკვეთი უფლებამოსილი იყო, შეეწყვიტა ნარდობის ხელშეკრულება იმ მოტივით, რომ მენარდემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების ინტერესი დაკარგა. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება მოსარჩელემ მოშალა მართლზომიერად, რასაც უნდა მოჰყვეს ხელშეკრულების შესრულების მიზნით გადაცემული თანხის უკან დაბრუნება.

7.8. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სსკ-ის 655-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან.

7.9. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ შესრულების მიღება, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლის საფუძველიც არ არსებობს.

7.10. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, მოსარჩელის (შემკვეთის) სარჩელის დაკმაყოფილება სრულად გამორიცხავს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.

8. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ/შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.05.2021 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

9.2. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებიდან გასვლა და გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. მოსარჩელის მოთხოვნები ეფუძნება სსკ-ის 644-ე მუხლს, რომლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე; ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხიდან გადაუხდელი თანხის გადახდა. მისი მოთხოვნა ეფუძნება სსკ-ის 629-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

9.3. ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესრულების ნაკლის გამო მოთხოვნებზე სპეციალური ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება. სსკ-ის 655-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება – ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, ნაკეთობა შემკვეთს უნდა ჩაჰბარდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში. ხელშეკრულება კი ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე, ე.ი. 20.09.2018 წელს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, კიბის მეტალის ჭედური მოაჯირი ვიზუალურად არ შეესაბამება 20.09.2018 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ესკიზს. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის სპეციალური ერთწლიანი ვადა დაიწყო 20.12.2018 წელს, ხოლო მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა 24.03.2020 წელს, კანონით დადგენილი ერთწლიანი ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

9.4. პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სსიპ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, რითაც ხანდაზმულობის ვადა შეწყდა. პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ის 138-ე მუხლით განსაზღვრული შედეგის მიღწევისათვის მნიშვნელოვანია, კრედიტორმა მიმართოს უფლებამოსილ პირს. პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის არც ის განმარტება, რომ კიბის მეტალის ჭედური მოაჯირი წარმოადგენს ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილს და მასზე ვრცელდება სსკ-ის 655-ე მუხლით გათვალისწინებული ხუთწლიანი ვადა. აღნიშნული ნორმის თანახმად, ხუთწლიანი ვადა ვრცელდება მხოლოდ ნაგებობაზე, კიბის მეტალის ჭედური მოაჯირი კი ნაგებობად ვერ მიიჩნევა.

9.5. პალატამ არ გაიზიარა მენარდის მითითება, რომ წარმოდგენილი ესკიზი არ იყო მხარეებს შორის შეთანხმებული და ისინი შეჯერდნენ მხოლოდ იმ ესკიზზე, რა ნაკეთობაც არის დამზადებული. როგორც საქმის მასალებით დგინდება, 20.09.2018 წელს მხარეთა შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად, შემსრულებელს უნდა დაემზადებინა მეტალის ჭედური მოაჯირები ესკიზის საფუძველზე. ხელშეკრულება მოიცავს მეტალის ჭედური მოაჯირის გრაფიკულ ნახაზს. ამასთან, შემკვეთის მიერ წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ შესრულებული ნაკეთობა არ შეესაბამება ხელშეკრულებაში მოცემულ ესკიზს. მენარდე სადავოდ ხდის როგორც ხელშეკრულებაში მოცემული ესკიზის ნამდვილობას, ასევე - აღნიშნული ესკიზის საფუძველზე შედგენილ ექსპერტიზის დასკვნასაც და მიუთითებს, რომ ხელშეკრულებაში ხელმოწერის შემდეგ არის შესრულებული ჩანახატი, ამასთან, გაურკვეველია, როდის და ვის მიერ არის ის შესრულებული. საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად იგი მიუთითებს მხოლოდ ფაქტების კონსტანტაციის შესახებ ოქმზე, რომელიც შექმნილია პროგრამა „ვაიბერში“ არსებული მიმოწერის საფუძველზე, სადაც მოცემულია რკინის მოაჯირის რამდენიმე ვარიანტი, თუმცა აღნიშნულით არ დასტურდება, რომელ ვარიანტზე შეთანხმდნენ მხარეები და საერთოდ შეიცვალა თუ არა შეთანხმებული ესკიზი. მენარდემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საპირისპირო რელევანტური მტკიცებულებები, კერძოდ, მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის შეთანხმება მოიცავდა არა ხელშეკრულებაზე მოცემულ მეტალის ჭედური მოაჯირის გრაფიკულ ნახაზს, არამედ სწორედ ისეთ ესკიზს, რომელიც თავად დაამზადა. გარდა ამისა, მენარდემ სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა, რომ ხელშეკრულებაში ხელმოწერის შემდეგ არის ჩანახატი შესრულებული, რაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

10. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

10.1. პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ/შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

10.2. მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ/შეგებებული სარჩელით მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოდგენილი არ არის.

14. დადგენილია და საკასაციო საჩივრებით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:

14.1. 20.09.2018 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად:

14.1.1. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება საირმის გორაზე, საცხოვრებელ სახლში დაემზადებინა 90 კვ.მ მეტალის ჭედური მოაჯირი ესკიზის საფუძველზე (ს.ფ. 38-41).

14.1.2. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებად მიეთითა 18 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი (2.1. პუნქტი).

14.1.3. განისაზღვრა თანხის გადახდის წესი: 1. შემსრულებელს ჩაერიცხებოდა შეთანხმებული თანხის 20% ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში; 2. 40% - მინიმუმ 15 კვ.მ მოაჯირის დამონტაჟების შემდეგ; 3. დარჩენილი 40% - სამუშაოების დასრულების შემდგომ (2.2. პუნქტი).

14.1.4. ნაკეთობა შემკვეთს უნდა ჩაჰბარებოდა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში. ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე (4.1, 4.2. პუნქტები).

14.2. მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა თანხის ნაწილი - 7200 აშშ დოლარი(ს.ფ. 42-43).

14.3. სსიპ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 14.01.2020 წლის დასკვნის თანახმად, დამზადებული კიბის მეტალის ჭედური მოაჯირი ვიზუალურად არ შეესაბამება 20.09.2018 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ესკიზს (ს.ფ. 23-31).

15. მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან. ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსესუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი (სუსგ №ას-1166-2019, 06.04.2020წ.). სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

16. შემკვეთი მენარდის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაკლიან შესრულებაზე მითითებით, ხელშეკრულებიდან გასვლის გამო, უფლებრივი რესტიტუციის სახით ითხოვს მენარდისთვის გადახდილი 7200 აშშ დოლარის დაბრუნებას. აღნიშნულს არ ეთანხმება მენარდე, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და, თავის მხრივ, შემკვეთისაგან ითხოვს შეთანხმებული საზღაურის დარჩენილი ნაწილის - 10800 აშშ დოლარის ანაზღაურებას.

17. ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაბრუნების თაობაზე შემკვეთის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია:

სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი - ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური; 641-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დააამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას; 644-ე მუხლი - ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; 352-ე მუხლის პირველი ნაწილი - თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

რაც შეეხება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე მენარდის მოთხოვნას, იგი სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარეობს.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველია ორმხრივ ხელშეკრულებაში ვალდებულების დარღვევა. ამ დროს სახელშეკრულებო ურთიერთობა ქონებრივ ასპექტში უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას, ანუ ხდება შესრულებისა და სარგებლის უკუქცევა. ხელშეკრულებიდან გასვლის ინსტიტუტი იმის მაუწყებელია, რომ მხარეთა ნების თავისუფლება (ავტონომია) არ მთავრდება ხელშეკრულების დადებით და იგი ბოლომდე თან სდევს მის შესრულებას. ისევე, როგორც ხელშეკრულების დადება იყო მხარეთა ნებაზე დამოკიდებული, ასევე მისი შემდგომი არსებობაც მათ ნებაზეა დამოკიდებული. მართალია, მხარე ხელშეკრულებით შებოჭილია და იგი უნდა შესრულდეს, მაგრამ ხელშეკრულების მონაწილე ვერ შეიბოჭება მეორე მხარის ისეთი მოქმედებით, რაც მისთვის ზიანის მომტანია. დაუშვებელია ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც ერთი მხარისათვის თავისუფლება იქნება და მეორისათვის კი ამ თავისუფლების შეზღუდვა (ზოიძე ბ., ევროპული კერძო სამართლის რეცეპცია საქართველოში, 2005, გვ. 266). ამდენად, ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მხარეები ვალდებული არიან, შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს, გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე (შდრ. სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.2015წ; №ას-38-38-2018, 08.06.2018წ.). ვალდებულების დარღვევა იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.).

19. ხელშეკრულებიდან გასვლით მხარეები წყვეტენ სახელშეკრულებო ურთიერთობას რეტროაქტიული ეფექტით, რის შედეგადაც ორივე მხარეს წარმოეშობა შესრულებისა და მისგან მიღებული სარგებლის უკუქცევის ვალდებულება (სსკ-ის 352 I მუხლი) (ვაშაკიძე გ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, 2019, მუხლი 405, ველი 3).

20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შემკვეთის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობა შეიძლება იყოს მენარდის მიერ შეთანხმებული სამუშაოს არაჯეროვანი/ნაკლიანი შესრულება. ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაკლიანი შესრულების დადასტურების ტვირთი შემკვეთს ეკისრება (შდრ. სუსგ №ას-1324-2019, 12.03.2021წ; №ას-58-2020, 11.03.2020წ.). სსკ-ის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ამავე კოდექსის 641-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას. ნების ავტონომიის პრინციპის გათვალიწინებით, სამოქალაქო კოდექსი ნივთობრივი ნაკლის არსებობის დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას ნივთის თვისებების თაობაზე. ამდენად, მისი მახასიათებლები, ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში აისახება ცალკეული პირობის სახით და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ნივთის ხარისხი არ მოიცავს მხოლოდ ნივთის მახასიათებელ თვისებებს, არამედ ყველა იმ პარამეტრებს, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილ ექსპლუატაციას, მით უმეტეს, თუ შემკვეთს განსაზღვრული აქვს ამ ნივთის კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება. ამდენად, მხარეთა შეთანხმება ნივთის ხარისხის თაობაზე, წარმოადგენს ნივთის ნაკლოვანების პირველ შესამოწმებელ წინაპირობას (სუსგ №ას-1522-2019, 12.02.2021წ., პუნ. 35).

21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველმა კასატორმა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებას მენარდის მიერ დამზადებული ნაკეთობის მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ესკიზთან შეუსაბამობის (ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ნაკეთობას) თაობაზე. შესაბამისად, შემკვეთი უფლებამოსილია არ მიიღოს ნაკლიანი შესრულება და კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს საზღაურის გადახდილი ნაწილის დაბრუნება.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

23. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ: 20.09.2018 წლის ნარდობის ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, მენარდემ იკისრა მეტალის ჭედური მოაჯირების ესკიზის საფუძველზე დამზადების ვალდებულება (ს.ფ. 38); ხელშეკრულება მოიცავს მეტალის ჭედური მოაჯირის გრაფიკულ ნახაზს (ს.ფ.41); შემკვეთის მიერ წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ შესრულებული ნაკეთობა არ შეესაბამება ხელშეკრულებაში მოცემულ ესკიზს (ს.ფ. 23-31). საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მასალები ერთობლივად ქმნის საკმარის საფუძველს იმგვარი დასკვნისათვის, რომ მენარდემ შეკვეთილისაგან განსხვავებული ნაკეთობა დაამზადა. მოცემულ შემთხვევაში დამატებითი ვადის ცალკე დაწესების წინაპირობა არ არსებობს (სსკ-ის 405 II „ა“). მენარდე ყველა ეტაპზე უარყოფდა ესკიზის შესაბამისი მოაჯირის დამზადების ვალდებულებას და ერთმნიშვნელოვან უარს აცხადებდა მის შესრულებაზე. ამჟამადაც მისი საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და დამზადებული ნაკეთობის ღირებულების შემკვეთისათვის დაკისრება. ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე მენარდე არ უთითებს არც შემკვეთის სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში და არც შეგებებულ სარჩელში.

24. შემკვეთის სარჩელს მენარდემ დაუპირისპირა შემაფერხებელი შესაგებელი ხანდაზმულობაზე მითითებით. სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. აღნიშნული გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და შემკვეთის სარჩელი არ დაკმაყოფილდა სსკ-ის 655-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სპეციალური ერთწლიანი ვადის გაშვების საფუძვლით.

25. მეორე კასატორი არ ეთანხმება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნას. საკასაციო პალატა იზიარებს მეორე კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული უფლებაა და მისი თავისებურება ისაა, რომ ამისთვის არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა. ეს თავისებურება განაპირობებს იმასაც, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არის აღმჭურველი უფლება და მოთხოვნის უფლებებისაგან განსხვავებით მასზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა. იგი შეიძლება ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნებისმიერ დროს იქნეს გამოყენებული, თუკი არსებობს კანონით ამომწურავად განსაზღვრული ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლები და წესები (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები) (იხ: დამატებით: ლ. ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2001, მუხ. 352, გვ. 232; მ. თოდუა, ჰ. ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006, 54; შდრ. სუსგ №ას-1361-2020, 11.03.2021წ.; №ას-1565-2018, 30.04.2020წ; №ას-38-38-2018, 08.06.2018წ; №ას-1189-1119-2015, 23.03.2016წ.).

26. სსკ-ის 655-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება – ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, როდესაც საუბარია შესრულების ნაკლთან დაკავშირებული შემკვეთის მოთხოვნების ხანდაზმულობაზე, მხედველობაშია 642-ე (დამატებითი შესრულების მოთხოვნა), 643-ე (ნაკეთობის ნაკლის გამოსწორება შემკვეთის მიერ), 645-ე (საზღაურის შემცირება ნაკეთობის ნაკლის გამო) მუხლებით გათვალისწინებული მეორადი მოთხოვნის უფლებები. აღნიშნული ვადა არ ვრცელდება 644-ე მუხლით გათვალისწინებულ - ხელშეკრულებაზე უარი ნაკეთობის ნაკლის გამო - მეორადი მოთხოვნის უფლებაზე (ძლიერიშვილი ზ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 655, ველი 11, იხ. https://gccc.tsu.ge/; ძლიერიშვილი ზ., ნარდობის ხელშეკრულება (თეორია და პრაქტიკა), 2016, გვ. 426; სუსგ №ას-1324-2019, 12.03.2021წ., პუნ. 36). ამრიგად, შემკვეთის მოთხოვნაზე ვერ გავრცელდება სსკ-ის 655-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა და მენარდის მიერ ვალდებულების არაჯერონად შესრულების გამო მას უფლება აქვს, გავიდეს ხელშეკრულებიდან.

27. სსკ-ის 352-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი შედეგი რესტიტუციაა. ამ დროს თავდაპირველი ვალდებულებითი ურთიერთობის ადგილს იკავებს უკუქცევის შედეგად წარმოშობილ შესრულებათა უკან დაბრუნების ურთიერთობა, რაც ხელშეკრულების დადების შემდეგ შესრულებათა გაცვლამდე არსებული ვითარების აღდგენას გულისხმობს, ანუ ხელშეკრულებიდან გასვლით წარმოიშობა ახალი ვალდებულება (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულება) (შდრ. სუსგ №ას-667-634-2014, 16.10.2015წ., პუნ. 23). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 352-ე მუხლში იმპლემენტირებული სამართლებრივი შედეგის ფარგლებში მენარდემ, როგორც რესტიტუციის მოვალემ, შემკვეთს უნდა დაუბრუნოს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი 7200 აშშ დოლარი (შდრ. სუსგ №ას-625-625-2018, 31.10.2018წ., პუნ. 20).

28. ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაბრუნების თაობაზე შემკვეთის სარჩელის დაკმაყოფილება გამორიცხავს შეთანხმებული საზღაურის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრული მენარდის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას. მენარდემ ვერ დაადასტურა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ისეთი ფაქტობრივი გარემოების არსებობა, როგორიცაა - ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ჯეროვნად შესრულება. ამრიგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მენარდის შეგებებული სარჩელი, უნდა დარჩეს უცვლელად.

29. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.05.2021 წლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3, 5 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნეს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება 7200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში კი უნდა დარჩეს უცვლელად.

30. მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა მის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯების, მათ შორის - იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 5850 ლარის, მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება (ს.ფ. 8). სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება (სუსგ №ას-1054-2019, 30.09.2019წ; სუსგ №ას-316-316-2018, 07.05.2018წ.). მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის (იხ. საბანკო ქვითარი, ს.ფ. 22, მინდობილობა ს.ფ. 45-47) ასანაზღაურებლად უნდა დაეკისროს 288 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. მასვე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლოსგარეშე სხვა ხარჯების (სააპლიკაციო საფასური 100 ლარის ოდენობით, ს.ფ. 18, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ნახევარი (ექსპერტიზის დასკვნა არ შეეხება მხოლოდ წინამდებარე საქმის დავის საგანს), ს.ფ. 20) ანაზღაურება - ჯამურად 438.74 ლარი.

31. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1117 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ არ კმაყოფილდება მოპასუხის საკასაციო საჩივარი, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სრულად უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.10.2021 წლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟი 540 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. ამასთან, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უქმდება მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.02.2021 წლის განჩინებით თავის სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 288 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 432 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება, უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ი.გ–იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.05.2021 წლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3, 5 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

4. ი.გ–იას სარჩელი დაკმაყოფილდეს. ნ.ჭ–ძეს ი.გ–იას სასარგებლოდ დაეკისროს 7200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.05.2021 წლის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

6. ნ.ჭ–ძეს ი.გ–იას სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1117 ლარის ოდენობით.

7. ნ.ჭ–ძეს (პ/ნ: ......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.10.2021 წლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟი 540 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.

8. ნ.ჭ–ძეს (პ/ნ: ........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.02.2021 წლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 288 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.

9. ნ.ჭ–ძეს ი.გ–იას სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება 438.74 ლარისა და 288 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.

10. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია