საქმე №ას-923-2023 20 ივლისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ე.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.08.2022 წლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „თ.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „განმცხადებელი“, „საარბიტრაჟო მოსარჩელე“) განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით. განმცხადებლმა განმარტა, რომ იგი აპირებდა საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრას - ე.მ–ის (შემდეგში „საჩივრის ავტორი“, „მოპასუხე“) და მაია მთივლიშვილის (შემდეგში ტექსტში ერთად მოხსენიებული, როგორც „საარბიტრაჟო მოპასუხეეები“) მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების (კრედიტის ძირი თანხა - 10 595.24 ლარი, დარიცხული პროცენტი - 2 794.23 ლარი, პირგასამტეხლო - 1059.52 ლარი) სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.08.2022 წლის განჩინებით განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქალაქი გურჯაანი, ს/კ ........ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „უძრავი ნივთი“) გასხვისება და სანივთოსამართლებრივი უფლებებით დატვირთვა. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
2.1. სასამართლომ მიუთითა არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 191-ე მუხლზე და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გამახვილდეს სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. სასამართლო ამოწმებს, რამდენად შეუწყობს ხელს უზრუნველყოფის ღონისძიება მომავალი გადაწყვეტილების დაცვას შესაძლო დაბრკოლებებისაგან აღსრულების ეტაპზე. საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ ქონების გასხვისების ან იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში შესაძლებელია გართულდეს ან შეუძლებელი გახდეს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ შემდგომში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, რადგან შესაძლებელია მის საკუთრებაში აღარ აღმოჩნდეს რაიმე ქონება, რომლის რეალიზაციის გზითაც შესაძლებელი იქნება კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება იძულებითი სააღსრულებო წარმოებისას. ის გარემოება, რომ მესაკუთრე არ არის შეზღუდული ნებისმიერ დროს თავისუფლად განკარგოს ქონება, განაპირობებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას და გადაუდებლობას.
2.2. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ნივთი, რომელზეც განმცხადებელი მიუთითებს, არის მოპასუხის საკუთრება. სასამართლომ არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილებულიყო და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე აკრძალვოდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გასხვისება და სანივთოსამართლებრივი უფლებებით დატვირთვა.
3. 01.09.2022 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმცხადებელმა წარუდგინა შპს „მ.ა.მ–ის“ 26.08.2022 წლის დადგენილება, რომლითაც წარმოებაში იქნა მიღებული საარბიტრაჟო სარჩელი საარბიტრაჟო მოპასუხეების მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების თაობაზე (ს.ფ. 56-58).
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.08.2022 წლის განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივრით მიმართა მოპასუხემ. საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული ამავე სასამართლოს 26.09.2022 წლის განჩინებით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 07.04.2023 წლის განჩინებით საჩივარი ამავე სასამართლოს 22.08.2022 წლის განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
5.1. სასამართლომ მიუთითა არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტზე, ასევე სსსკ-ის 191-ე მუხლზე და განმარტა, რომ თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის პირობებში ლეგიტიმურია საარბიტრაჟო მოსარჩელის ინტერესი საარბიტრაჟო მოპასუხის საკუთრებაში ქონების შენარჩუნებაზე, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებს ემსახურება.
5.2. რაც შეეხება საჩივრის ავტორის მსჯელობას, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სარჩელი სადავო საკრედიტო ხელშეკრულების მოშლის, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის და ახალი ხელშეკრულების დადების თაობაზე და არბიტრაჟი არ არის უფლებამოსილი განიხილოს ამ ხელშკრულებებიდან გამომდინარე დავა თანხის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული გარემოება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 35613 მუხლზე და განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოებისთვის აწესებს არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის კონკრეტულ ფარგლებს და წესს. სასამართლო არ არის უფლებამოსილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხზე მსჯელობისას განიხილოს არბიტრაჟის კომპეტენციის საკითხი. სასამართლოს მითითებით, მხარეს შეუძლია სადავოდ გახადოს არბიტრაჟის კომპეტენცია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით (1. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საკუთარი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით. ამ მიზნით საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმებად, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე. ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას. 2. განცხადება იმის შესახებ, რომ არბიტრაჟს არ აქვს კომპეტენცია, შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნა ან არბიტრის დანიშვნაში მონაწილეობა არ ართმევს ამ მხარეს უფლებას, გააკეთოს ასეთი განცხადება. 3. განცხადება არბიტრაჟის მიერ საკუთარი კომპეტენციის გადაჭარბების შესახებ უნდა გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამისი გარემოების შეტყობიდან 7 დღის ვადაში. 4. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს. 5. არბიტრაჟი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე ან საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან ერთად. თუ არბიტრაჟი საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე დაადგენს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება, არბიტრაჟის ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში. არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. 6. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში არბიტრაჟი საკუთარი კომპეტენციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე ან საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან ერთად). ამდენად, მხარემ არბიტრაჟის კომპეტენციის თაობაზე პრეტენზიით უნდა მიმართოს არბიტრაჟს, საკითხზე უნდა იმსჯელოს არბიტრაჟმა და მის მიერ მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება) მხარემ კანონით დადგენილი წესით უნდა გაასაჩივროს სასამართლოში. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში არბიტრაჟის კომპეტენცია ვერ გახდება სასამართლოს განხილვის საგანი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
6. საქმე, საჩივართან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა 12.07.2023 წელს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
8. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და სანივთოსამართლებრივი უფლებებით დატვირთვა.
10. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სსსკ-ის 35618 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. წარმოდგენილი საარბიტრაჟო მოპასუხეებთან გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები შეიცავს საარბიტრაჟო შეთანხმებას/საარბიტრაჟო დათქმას.
11. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (სუსგ Nას-970-2019, 19.07.2019წ.).
12. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
13. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ N ას-587-2019, 20.02.2020წ.).
14. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (სუსგ Nას-1586-2018, 26.10.2018წ.). პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
15. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას (კაჟაშვილი გულიკო. საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა. დისერტაცია. თბილისი, 2018, გვ. 60).
16. მოცემულ შემთხვევაში, აღძრულია საარბიტრაჟო სარჩელი მიკუთვნებითი მოთხოვნით - თანხის დაკისრება. შესაბამისად, თუ საარბიტრაჟო სარჩელის განხილვამდე მოპასუხე განკარგავს უძრავ ქონებას, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. ~ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებისა და სანივთოსამართლებრივი უფლებებით დატვირთვის აკრძალვა სრულად უზრუნველყოფს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და, თავის მხრივ, შეუსაბამოდ არ ზღუდავს საარბიტრაჟო მოპასუხის უფლებებს, ანუ სარჩელთან მიმართებაში ადეკვატური და თანაზომიერია.
17. საჩივრის ავტორი პრეტენზიას აცხადებს არბიტრაჟის კომპეტენციაზე. როგორც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომაც მართებულად განმარტა, საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოებისთვის აწესებს არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის კონკრეტულ ფარგლებს და წესს (სსსკ-ის 35613 მუხლი). მხარეს შეუძლია სადავოდ გახადოს არბიტრაჟის კომპეტენცია არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით, კერძოდ, მხარემ არბიტრაჟის კომპეტენციის თაობაზე პრეტენზიით უნდა მიმართოს თავად არბიტრაჟს, რომელმაც უნდა იმსჯელოს საკითხზე და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ნებისმიერმა მხარემ შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში არბიტრაჟის კომპეტენცია სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება.
18. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, კანონიერი და საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ წინაპირობას. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.მ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.08.2022 წლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია